26 აპრილი, პარასკევი, 2024

შეუძლებელი შესაძებლად რომ ვაქციოთ  

spot_img

ჩემს პატარა მეგობარს, ნიკას, რომელთან ერთადაც ამ ზაფხულს ხელახლა წავიკითხე ეს წიგნი…

ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ კიდევ ერთხელ გადავავლებთ ხოლმე  გონების თვალს, რას და როგორ ვაკეთებდით და იმაზეც დავფიქრდებით, რას გავაკეთებთ, რას შევცვლით ან არ შევცვლით ჩვენს ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო საქმიანობაში… ასეთ დროს ერთი წიგნი მახსენდება ხოლმე – ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“ , რომელიც 2017 წელს გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ და მას შემდეგ, თუ სადმე რამე თქმულა ამ წიგნის შესახებ, ყველგან მეორდებოდა ეს ფრაზა: „თევზი ხეზე“ არის წიგნი, რომელიც ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს“. ალბათ, ბევრი წიგნის შესახებ გვსმენია ამგვარი შეფასება, მაგრამ, ჩემი მოკრძალებული აზრით, „თევზი ხეზე“ უდავოდ იმსახურებს ამ სიტყვებს, რადგანაც ძალიან ბევრ რამეზე დააფიქრებს მკითხველს (ე.წ. „შეზღუდული შესაძლებლობები“, დისლექსია, ბავშვების დამოკიდებულება საკუთარი თავისა და ირგვლივ მყოფებისადმი, დახმარების თხოვნა, როგორც ყველაზე დიდი სიმამაცე, მარტოობა და მარტოსულობა, შეუძლებელი და შესაძლებელი, საკუთარი ადგილის პოვნა გულგრილ სამყაროში და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი საჭირბოროტო საკითხია აქ დასმული!), მაგრამ ამჯერად მხოლოდ მასწავლებელზე ვილაპარაკებ. ეს წიგნი ხომ, იმ ბავშვებთან ერთად, „რომლებიც პოულობენ შინაგან ძალას, ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდნენ“, იმ მასწავლებლებსაც ეძღვნებათ, „რომლებიც მოსწავლეში, უპირველეს ყოვლისა, ბავშვს ხედავენ; რომლებიც გვახსენებენ, რომ თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული; რომლებიც ხელს გვიწყობენ, ვიყოთ გამორჩეულები და არ ვეცადოთ, ერთმანეთს დავემსგავსოთ.“

ნაწარმოების პირველ თავში მისთვის შეუძლებლად ქცეულ დავალებას შეჭიდებული ელი ნიკერსონი, რომელსაც ვერ წარმოუდგენია „რა უნდა იყოს საკუთარი თავის დახასიათებაზე უარესი“, ცდილობს, თავი დააღწიოს მასწავლებელს, რომელიც არ ეშვება და დავალების დაწერას სთხოვს. ელი მხოლოდ ერთადერთ სიტყვას წერს პირველი სტრიქონიდან გვერდის ბოლომდე – „რატომ“? ამ სიტყვას იმიტომ, რომ , როგორც თვითონ ამბობს, ,,ჯერ ერთი , იცის, როგორ იწერება, მეორეც – იმედი აქვს, რომ ბოლოს და ბოლოს ვინმე გასცემს პასუხს.“

საბედნიეროდ, ელის ცხოვრებაში გაჩნდა ასეთი ადამიანი – ახალი მასწავლებელი, მისტერ დენიელსი. ჩვენი მოსწავლეების ცხოვრებაში თუ არიან (ვართ) მისტერ დენიელსის მსგავსი ადამიანები, რომლებიც შეუძლებლის შესაძლებლად ქცევაში ეხმარებიან (ვეხმარებით) მოსწავლეებს?

მაინც ვინ არის მისტერ დენიელს, რატომ იპყრობს მკითხველთა განსაკუთრებულ ყურადღებას და საერთოდაც, რითია განსაკუთრებული და გამორჩეული? წიგნის წაკითხვისა და ამ გმირზე დაკვირვების შედეგებს თუ ერთად მოვუყრით თავს, მისტერ დანიელსს მოკლედ ასე დავახასიათებთ: იგი ის ადამიანია, რომელმაც იცის, რომ „მეორეკლასელმაც შეიძლება თავი დამცირებულად იგრძნოს“ (რაც ძალიან ხშირად გვავიწყდება ხოლმე უფროსებს); იცის როგორ გადააქციოს ბავშვებისათვის „ხის ხუთცენტიანის დღე“ „ვერცხლის დოლარის დღედ“; სხვა მასწავლებლებისაგან განსხვავებით, არ იღლება მისი „მუდმივად აღმაშფოთებელი საქციელით“; არასოდეს ეტყვის მშობელს: „თქვენი შვილი სხვებთან შედარებით ყველაფერს ნელა სწავლობს და მისგან ბევრს არ უნდა ელოდოთო“; მის მოსწავლეს „სკოლაში გასატარებელ კვირაზე ფიქრისას“ ისეთი შეგრძნება არ ეუფლება, თითქოს „კლიტის ჭუჭრუტანაში საბურავი უნდა გააძვრინოს“; მისთვის ყველა ბავშვი „ფანტასტიკურია“ და შეუძლია ყველა დაარწმუნოს იმაში, რომ თითოეულს ძალუძს, „შეუნთოს სამყაროს ცეცხლი“; არ ჰგავს სხვა მასწავლებლებს, რომლებიც , ელის აზრით, ასეთები არიან: „თუ დიდხანს არ უპასუხებ, შენ მაგივრად იწყებენ ლაპარაკს და თავისსავე კითხვებს პასუხობენ“; არა, მისტერ დანიელსი იცდის, ელოდება, აკვირდება, ეხმარება, ყველას მოსაზრება აინტერესებს, ყველას მატებს თავდაჯერებულობას, არწმუნებს შესაძლებლობების უსაზღვროებაში; თავადაც უყვარს კითხვა და ბავშვებსაც აყვარებს; ასწავლის იმას, რომ მთავარი ნიშანი არაა („ჩვენ ნიშნებს საერთოდ არ დავწერთ… მთავარი ურთიერთობაა, საკუთარი თავის გამოხატვა და არა – შეფასება“. როგორ არ გაგახსენდეს ნიშანზე დაფეთებული და საკუთარი შვილის კი არა, სხვათა შეფასებებით უფრო დაინტერესებული ბევრი მშობელი…); გულწრფელია თვითონ, ამასვე ითხოვს ბავშვებისაგან და არასოდეს ავიწყდება მადლიერების გამოხატვა მათი გულწრფელობის ნახვისას; მუსიკის მასწავლებელ მისის მულდონივით („დანაღმულ მულდონს“ რომ ეძახიან) მოულოდნელად არ ფეთქდება ხოლმე; მოწონებას, აღფრთოვანებას სხვა მასწავლებლებისაგან განსხვავებულად გამოხატავს – ხელს წევს და გაშლილ ხელისგულს ბავშვის ხელს ურტყამს; აინტერესებს, რას ფიქრობენ ბავშვები, თან ეუბნება მათ, რომ „არ არსებობს სწორი და არასწორი შეხედულება“; სხვა მასწავლებლებივით „სისხლს არ ადენს“, ანუ წითლად არ აჭრელებს ნაწერებს და ბავშვს, რომელსაც თავისი დისლექსიის გამო ოცნებად გადაქცევია, იყოს ისეთივე, როგორიც ყველაა, არწმუნებს, რომ სხვა ადამიანებისაგან განსხვავებულად აზროვნებს, ეს კი სულაც არაა ცუდი, რადგან სწორედ ასეთი ადამიანები ცვლიან სამყაროს უკეთესობისაკენ; არ ჰგავს იმ მასწავლებლებს, „უტვინოს ქუდს“ რომ ჩამოაფხატებენ ხოლმე, ცუდად რომ იქცევიან, იმ მოსწავლეებს; შეუძლია, დაეხმაროს დისლექსიით დაავადებულ გოგონას, დამატებითი გაკვეთილები ჩაუტაროს, ოღონდ ეს ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, თითქოს ელის დარჩენა დამატებით გაკვეთილებზე თავად მასწავლებელს სჭირდება, რადგან ხარისხი უნდა მოიპოვოს „ინკლუზიური განათლების კუთხით“; ასწავლის მოსწავლეებს, იყვნენ ისინი, ვინც არიან; არც ბოდიშის მოხდას, პატიების გულწრფელად თხოვნას თაკილობს, როცა ეშლება; არწმუნებს ბავშვებს იმაში, რომ „ჩვენ ყველანი სხვადასხვანაირები ვართ, უნდა შევეცადოთ და ერთმანეთი მივიღოთ მაშინაც კი, თუ არ ვეთანხმებით ერთმანეთს“; არასოდეს ავიწყდება, აღნიშნოს მოსწავლის პატარა წარმატებაც კი: „ელი, შესანიშნავია, ვამაყობ შენით!“ (ელი ვერც კი იხსენებს, რომ რომელიმე მასწავლებელს ასეთი რამ უთქვამს მისთვის ოდესმე); შეუძლია, დააფასოს ელის გამბედაობა, არ გამოეპაროს მხედველობიდან, ელი რომ კაფეტერიაში სულ მარტო ზის ხოლმე, ყველასაგან გარიყული და თავისთან მიიწვიოს, ალბერტი რომ დალურჯებული დადის ხოლმე და სკოლის ფსიქოლოგთან დააკავშიროს; როცა საჭიროა, შეუძლია საყოველთაოდ მიღებულ წესსაც გადაუხვიოს ხოლმე და პასუხი ადგილიდან წამოაძახებინოს ბავშვებს (პატარები ამასაც ამჩნევენ ხოლმე); საოცარი ტაქტით, გულისხმიერებით აუხსნას ელის, რას ნიშნავს „დიფერენცირებული სწავლება“: „სახლში ველოსიპედით რომ მიდიხარ, მხოლოდ ერთი გზით შეგიძლია წასვლა, თუ სხვა გზებიც არსებობს? ზუსტად ისე, როგორც შენს სახლამდე მისასვლელად რამდენიმე გზა არსებობს, ასევე არსებობს სხვადასხვა გზა, რომ ინფორმაციამ გონებამდე მოაღწიოს“.

კიდევ უამრავი რამის თქმა შეიძლება მისტერ დენიელსზე. ალბათ, გეჩვენებათ, რომ მხოლოდ ამ ჩამონათვალით იხატება კარგი მასწავლებლის სახე. წიგნი სწორედ იმითაა საინტერესო, რომ ავტორი თითოეულ ეპიზოდში ხატავს მისტერ დენიელსის საქმედ ქცეულ სიტყვას და ყველანი ვხედავთ ნაწარმოების ბოლოს, რა შეუძლია ამგვარ მასწავლებელს – დაარწმუნოს საკუთარ შესაძლებლობებში ელი, შეაძლებინოს საკუთარი ნიჭის, ღირსებების წარმოჩენა, შემატოს თავდაჯერება, დაარწმუნოს იმაში, რომ „ოდესმე აუცილებლად შეუნთებს სამყაროს ცეცხლს“, აუცილებლად იპოვის საკუთარ ადგილს ამ სამყაროში და შეუძლებელი გახდება შესაძლებელი.

იცით, რამდენი რამ დამრჩა უთქმელი? თავად ელიზე, ელის დედ-მამაზე, ძმაზე, ალბერტზე, კეიშაზე, შეიზე, ოლივერზე, ჯესიკაზე, მისის ჰოლიზე, მისის სილვერზე, მაგრამ თავიდანვე ვთქვი, რომ მხოლოდ მასწავლებელზე ვისაუბრებდი. ელი ერთ ასეთ ფრაზას ამბობს მისტერ დენიელსზე: „თითქოს ხედავს, რა ხდება ჩემს გონებაში, იცის, როგორი სევდიანი ვარ და ასე მგონია, ფანარს მაწვდის ბნელ ოთახში“. როგორ მინდა, ასეთები ვიყოთ მასწავლებლები – მისტერ დენიელსის მსგავსად, ბნელ ოთახში დარჩენილი მარტოსული ბავშვებისთვის ფანრის მიმწოდებლები…

ლეილა ხონელიძე

სსიპ ქ.ფოთის ილ.ჭავჭავაძის სახელობის N5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები