პირველად ბავშვების ჰიპერაქტიურობაზე საუბარი, 1798 წელს, შოტლანდიელმა ექიმმა, სერ ალექსანდრ კრეიტონმა დაიწყო. მან შენიშნა, რომ ზოგიერთ ადამიანს ადვილად ეფანტება ყურადღება და ვერ ახერხებს აქტივობაზე ბოლომდე კონცენტრირებას. იგი მივიდა დასკვნამდე, რომ მათ ეს სიმპტომები ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაეწყოთ.
ადრეულ კვლევებში, ასევე, ვხვდებით სერ ჯორჯ ფრედერიკ სთილის 1902 წელს ჩატარებულ ლექციებს, რომელიც ეხებოდა ისეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, როცა ბავშვებს შენარჩუნებული აქვთ ნორმალური ინტელექტი, მაგრამ, სხვა ბავშვებთან შედარებით, ისინი იმპულსურები არიან, აქვთ ყურადღების შენარჩუნებისა და თვითკონტროლის სირთულეები. მან გამოიკვლია 15 შემთხვევა ბიჭებში და ხუთი — გოგონებში. მოგეხსენებათ, რომ „ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი“ უფრო მეტად ბიჭებში გვხვდება, ვიდრე გოგონებში.
1932 წელს გერმანელმა ექიმმა, ჰანს კრამერმა აღწერა დაავადება „ჰიპერკინეტიკურის“ სახელით, რომელიც ხასიათდებოდა ბავშვების ერთ ადგილზე გაჩერებისა და მოსვენების სირთულეებით, წესების დაცვის, სხვა ბავშვებთან ურთიერთობის სირთულეებით და დასწავლის პრობლემებით.
„ამერიკის ფსიქიატრიულმა ასოციაციამ“ მხოლოდ 1960 წელს აღიარა იგი ფსიქიკურ აშლილობად, ხოლო 1980-იან წლებში დაავადებამ უკვე კარგად ნაცნობი სახელი მიიღო — „ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობის სინდრომი“.
თანამედროვე განმარტებით „ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობის სინდრომი“ ნეირობიოლოგიურ დარღვევადაა მიჩნეული. იგი ხასიათდება სამი ძირითადი მახასიათებლით: ყურადღების კონცენტრაციის სირთულით, იმპულსურობით და ჰიპერაქტიური ქცევით. მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე, სინდრომი შესაძლოა სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს ბავშვებში.
დღესდღეობით, გამოიყოფა ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის 3 ფორმა:
♦ მხოლოდ უყურადღებო ქვეტიპი – რომელიც გულისხმობს, რომ ბავშვი შესაძლოა სრულიად მშვიდი და წყნარი იყოს, მაგრამ ჰქონდეს ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები, ასევე, მეხსიერების პრობლემებიც. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი საკუთარი ქცევით ნაკლებად იქცევენ სხვის ყურადღებას, ამ ფორმის დროულად ამოცნობა რთულია.
♦ ჰიპერაქტიურ-იმპულსური ქვეტიპი – ამ ფორმის დროს, ბავშვების ქცევის მართვა საკმაოდ რთულია, ისინი ნაკლებად ასრულებენ მიღებულ წესებს, უჭირთ იმპულსების გადავადება და ემოციების თვითრეგულაცია, მაგრამ ყურადღების სირთულეები არ ახასიათებთ.
♦ კომბინირებული ქვეტიპი – ამ ფორმის დროს, ბავშვებს ახასიათებთ როგორც ჰიპერაქტიური და იმპულსური ქცევა, ასევე, ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები. აღნიშნული ფორმა ყველაზე მეტადაა გავრცელებული.
მოდი, განვმარტოთ, რას ვგულისხმობთ თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებელში.
√ ჰიპერაქტიურობის ნიშნები: ბავშვს უჭირს ერთ ადგილას გაჩერება, გაუჩერებლად მოძრაობს, ცდილობს ყველაფერს მოკიდოს ხელი, საუბრობს გაუჩერებლად, უჭირს მშვიდად ჯდომა, კვების და საყვარელი აქტივობის დროსაც კი.
√ იმპულსურობის ნიშნები: მოუთმენელია, უჭირს ჯერის/რიგის დაცვა, თავშეკავების გარეშე ავლენს ემოციებს, იქცევა/ან წამოიძახებს სიტუაციის შეუსაბამო პასუხებს.
√ ყურადღების დეფიციტის ნიშნები: გულმავიწყია, უჭირს დეტალებზე ორიენტირება, ნებისმიერი აქტივობა მალევე ბეზრდება, უჭირს აქტივობის დაწყება/დასრულება, ხშირად კარგავს ნივთებს, უჭირს მარტივი ინსტრუქციების შესრულება, ხშირად გარშემომყოფებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ბავშვი არ უსმენთ.
ხშირად მშობელს „ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი“ შეუმჩნეველი რჩება ადრეულ ასაკში, რადგან ასეთ ბავშვს, უმეტესად, „ცელქ ბავშვად“ მოიხსენიებენ. აი, როცა უკვე სკოლაში შედის ბავშვი ან წინასასკოლო მზაობის წრეზე იწყებს სიარულს, შესამჩნევი ხდება ყველა ის სირთულე, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ.
ვეცდები, ჩამოვთვალო ყველა ის მახასიათებელი, რაც ამ სინდრომის შემჩნევას წინასასკოლო ასაკშიც გაგვიადვილებს:
1) მითითებების გარეშე უჭირს მოქმედება – ჩაცმა, დალაგება და ა.შ;
2) ხშირად აიგნორებს მითითებას ან ბოლომდე არ მიჰყავს დავალება;
3) უჭირს ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობა;
4) მოძრაობს და საუბრობს შეუფერებელ სიტუაციებში;
5) უჭირს ერთი საქმიანობიდან მეორეზე გადართვა;
6) სიფრთხილის დეფიციტი;
7) ხშირად საჭიროებს შეხსენებას;
8) დაუკითხავად იღებს ნივთებს;
9) უჭირს დალოდება;
10) დიდ დროს საჭიროებს პატარა დავალებებზეც კი.
დაიმახსოვრეთ, იმისათვის, რომ გაგვიჩნდეს ეჭვი აღნიშნული სინდრომის შესახებ, ეს მახასიათებლები ბოლო 6 თვის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს და იდენტური იყოს 2-3 სხვადასხვა გარემოში.
√ ვის მივმართოთ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში?
დიაგნოზს სვამს ფსიქიატრი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუ, მაგალითად, „აუტიზმის“ შემთხვევაში, დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება კონკრეტული ინსტრუმენტი „ადოსი“, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის შემთხვევაში, ასეთი ინსტრუმენტი არ არსებობს და ფსიქიატრი სხვადასხვა წყაროდან და ბავშვთან დაკავშირებული ახლო პირებიდან ცდილობს ინფორმაციის შეგროვებას, ოჯახური სამედიცინო ისტორიის გაცნობას, ბავშვის განვითარების შესახებ ინფორმაციის მოგროვებას. ხორციელდება დაკვირვება ბავშვის ქცევაზე და ხშირად, დიაგნოსტირების დროს, დიდი წვლილი შეაქვს პროცესში ნეიროფსიქოლოგების, კლინიკური ფსიქოლოგებისა და ნეიროპედიატრების ჩართულობას.
√ დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, როგორია ინტერვენციის ფორმა?
1) მედიკამენტოზური, რომლის გადაწყვეტილებას იღებს ფსიქიატრი;
2) ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიები;
3) მშობლის, ბაღის ან სკოლის პედაგოგის ჩართვა.
ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ „ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის“ დროს ბავშვებს ისეთი „აღმასრულებელი ფუნქციების“ გამოყენების მხრივაც აქვთ სირთულეები, როგორიცაა: დაგეგმვა, ორგანიზება, დროის მენეჯმენტი, დავალების დაწყება/დასრულების შესრულება, თვითკონტროლი, ადაპტაცია/მოქნილობა, მიზანმიმართული ყურადღება/შეუპოვრობა.
გარდა სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნებისა, პარალელურად, შესაძლოა, ბავშვს სხვა სირთულეებიც ჰქონდეს, როგორიცაა: აკადემიური სირთულეები, სენსორული ინტეგრაციის დარღვევა, უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების განვითარების დეფიციტი, ყოველდღიური უნარები და აქტივობების შესრულება (ჩაცმა, გახდა, კვება, ტუალეტის უნარ-ჩვევები, ქცევითი პრობლემები, თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემები, ოპოზიციურ-დევიანტური ქცევითი აშლილობა ან ქცევითი აშლილობა).
√ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ბავშვთან ინტერვენცია კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით ხორციელდება, მაგალითად, ჰიპერაქტიურობის შემთხვევაში, ვიყენებთ შემდეგ სტრატეგიას:
1) აქტივობები სახლის გარეთ;
2) ცეკვა და სიმღერა;
3) ბუნებაში ხშირი გასვლა;
4) ეზოს თამაშები;
5) ცურვა.
ეს აქტივობები ბავშვს აძლევს საშუალებას, განიტვირთოს და დახარჯოს მოჭარბებული ფიზიკური ენერგია.
⇒ შეგიძლიათ ბავშვი სახლშიც დატვირთოთ, სახლის საქმეების დროს. მოგეხმაროთ საკვების მომზადების დროს, ერთად დაალაგეთ სახლი ან გარეცხეთ მისი საყვარელი ნივთები.
⇒ როცა ატყობთ, რომ ბავშვი არამიზანმიმართულ მოძრაობებს იწყებს, ასეთი თამაში მოიფიქრეთ – დამალეთ ნივთები სახლში და მერე ერთად ეცადეთ, იპოვოთ.
⇒ დაალაგეთ სხვადასხვა ფერის ფურცლები სახლში, გარკვეული ტრაექტორიით და ისე მიდით ერთი ადგილიდან მეორემდე, რომ მხოლოდ ფურცლებზე იხტუნაოთ.
⇒ გააბით ეზოში თოკი და ეცადეთ გადაახტეთ მას სხვადასხვა სიმაღლეზე, ითამაშეთ ასკინკილა თამაშები.
√ როცა იმპულსურობის სირთულეებთან გვაქვს საქმე, გამოიყენეთ შემდეგი თამაშები:
დაალაგეთ სკამები წრიულად და დაიწყეთ მათ გარშემო სიარული, მუსიკის თანხლებით, უცებ, მოულოდნელად, გამორთეთ მუსიკა და სცადეთ, ერთმანეთს დაასწროთ სკამზე დაჯდომა. ეს ბავშვს საკუთარი სხეულისა და იმპულსების შეკავება/გადავადებას და მართვას ასწავლის.
კიდევ ერთი აქტივობა, რომელიც იმპულსურობის მართვაში დაგეხმარებათ, ცნობილია სახელით „შუქნიშანი“ – ეზოში სწრაფად დაიწყეთ სიარული და ჩამოთვალეთ შუქნიშნის ფერები, ბავშვი კი შესაბამის ფერზე უნდა გადავიდეს, შეჩერდეს ან დაელოდოს ფერს.
ხშირად შეუქმენით ბავშვს სიტუაციები, სადავ მოუწევს ლოდინი, ოღონდ აუცილებლად მცირე დროით დაიწყეთ და ნელ-ნელა გაზარდეთ. ითამაშეთ სწრაფი/ნელი თამაშები, რომლებიც ერთმანეთის მონაცვლეობით მიმდინარეობს, მიეცით სათამაშოები ან რესურსები შეზღუდული რაოდენობით, სადაც დასჭირდება საკუთარი ჯერის/რიგის დალოდება.
√ ხოლო ყურადღების დეფიციტის დროს, შეგიძლიათ შემდეგი აქტივობები გამოიყენოთ:
- აჩვენეთ სხვადასხვა საგანი და იპოვოს ორი ერთნაირი ან პირიქით, გარკვეული კანონზომიერებით ჩამწკრივებულ საგნებში იპოვოს რომელია ზედმეტი.
- აჩვენეთ ბავშვს რაიმე საგნის ფოტო და ეცადოს ამ საგნის პოვნა მრავალფეროვან რესურსებში.
- თამაში „ლაბირინთი“ – ეს თამაში ორგვარად შეგიძლიათ დაგეგმოთ:
3.1. იატაკზე, ფერადი ხაზებით ან ქაღალდებით, გარკვეული ტრაექტორიის გზა ან ლაბირინთი შექმენით, რომელზეც ბავშვი საყვარელ სათამაშოს ატარებს და მიჰყვება ლაბირინთს;
3.2. თვითონ ბავშვს გაუკეთეთ სათამაშო ლაბირინთი, სადაც მოუწევს ყურადღების კონცენტრაცია და გარკვეული გზით თამაშის ბოლომდე მისვლა, წინაღობების გადალახვა.
- ყურადღების კონცენტრაციისთვის, ასევე, კარგია სხვადასხვა ფაზლების, ასაწყობი სათამაშოების გამოყენება, სადაც ბავშვი თითოეულ დეტალს მიაქცევს ყურადღებას.
დაბოლოს, პატარა რეკომენდაციები მშობლებს:
♦ იყავით მომთმენი;
♦ ყურადღება გაამახვილეთ ბავშვის ძლიერ მხარეებზე;
♦ ყურადღება გაამახვილეთ ბავშვის ძალისხმევაზე და არა შედეგებზე;
♦ არ შეადაროთ სხვას.
სოფო მელაძე
ბავშვთა ადრეული განათლების
სპეციალისტი,
განათლების ფსიქოლოგი