17 მაისი, პარასკევი, 2024

ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელების დეტალები განიხილეს

spot_img

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში გაიმართა შეხვედრა, სადაც მხარეებმა ახლად დაფუძნებული ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორი მარკ ელიოტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის დირექტორი რავი აბდელალი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრა ვაკრო, ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი სტივენ ჯონსი და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში მყოფი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

როგორც ცნობილია, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერებად და ცოდნის გამავრცელებლებად მოგვევლინებიან.

ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებას ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში დაიწყებს, ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას. პროგრამაში გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც.

ქართველოლოგიის პროგრამაში ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აკადემიური და სამეცნიერო კვლევების და სასწავლო გაცვლის შესაძლებლობებზე, ასევე საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების განხორციელებაზე. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებსა და არქივებში, კვლევითი და კოლაბორაციული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით, ქართველი და ამერიკელი მეცნიერები და მკვლევრები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას.

ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია, ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში, 2021 წლის 22 სექტემბერს გაიმართა, განხორციელება 2022 წლის თებერვლიდან დაიწყება. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს, რომელიც 40 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართველოლოგიის მიმართულებით და საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები