USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა პარტნიორ სკოლებს დახმარებას უწევს სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერებაში. ბათუმის №16 საჯარო სკოლა, უკვე მეორე წელია, ჩართულია პროგრამაში, რომლის მიზანი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდაა. ბუნებრივია, ამ პროცესებში გადამწყვეტად მნიშვნელოვანია სამოქალაქო განათლების მასწავლებლების როლი და შეიძლება ითქვას, ერთგვარი გამართლებაა ისეთი მასწავლებლები, როგორიც მე-16 საჯარო სკოლას ჰყავს. ახალგაზრდა პედაგოგები, ინგა გეგეშიძე და თამაზ დავითაძე, პირველ რიგში, კარგად აცნობიერებენ, რომ მოსწავლის სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბება სკოლაში ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს და სწორედ არაფორმალურ განათლებაში აქტიური მონაწილეობით.
პროექტის ფარგლებში, სკოლაში დემოკრატიული კულტურა ვითარდება, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირება, მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერება და მხარდაჭერა ხდება. საბოლოო შედეგს, რასაც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართვით ელოდებიან, „სასკოლო თემში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერების ხელშეწყობა – კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, თანასწორობა და სამოქალაქო მონაწილეობა, მოსწავლეების წახალისება კრიტიკულად იფიქრონ სოციალურ საკითხებზე, გააანალიზონ ინფორმაცია და ჩამოაყალიბონ კარგად გააზრებული შეხედულებები. ეს მოიცავს მედიაწიგნიერების ხელშეწყობასა და ინფორმაციის სანდო და არასანდო წყაროების გარჩევის უნარს. ასევე, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სურვლის გაჩენას მოსწავლეებში, მათ მოტივირებას აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესში, იქნება ეს მოხალისეობით, საზოგადოებრივი საქმიანობით თუ სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობით,“ – ამბობს ინგა გეგეშიძე.
პროექტები, რომლებსაც სკოლაში ახორციელებენ, მრავალფეროვანი და განსხვავებულია თავისი შინაარსით და საზოგადოებრივი პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული. „ეს განსხვავებულობა, ვფიქრობ, ძალიან კარგია, რადგან ჩვენ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ და ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღეს გამოცდილება ამ კუთხით, – გვიყვება ინგა გეგეშიძე, – მაგალითად, შემიძლია გავიხსენო ბრაილის შრიფტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის მიზანი იყო ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება თემში.
მნიშვნელოვანია, ბავშვებმა გააცნობიერონ, რომ არსებობს განსხვავებები სამყაროს აღქმის და იცოდნენ განსხვავებული საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესახებ. ასევე, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კვირეული „ვიცოდეთ, ეს ჩვენი უფლებაა!“ ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს უკავშირდებოდა და მისი მიზანი ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის უფლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა. ამ ეტაპზე სკოლაში ძალიან საინტერესო პროექტები ხორციელდება, ქალთა მიმართ ძალადობისა და მოხალისეობის კვირეული აქტიურ ფაზაშია და მიმდინარეობს საინტერესო სამუშაო პროცესი“.
თამაზ დავითაძე, ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ხაზს უსვამს მოქალაქის როლს დემოკრატიულ სახელმწიფოში და მიიჩნევს, რომ ასეთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე მსჯელობისას „აუცილებლად უნდა განვიხილოთ, თუ რა არის ზოგადად მოქალაქეობა, დემოკრატია და რა კავშირშია ისინი ერთმანეთთან. საჭიროა, გვახსოვდეს, რომ დემოკრატია არა მხოლოდ უფლებას და შესაძლებლობას გულისხმობს, არამედ ის თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა და, რომ მოქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი როლი სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობაა.
მოქალაქემ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა ამოწუროს, რადგან სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობა და მაღალგანვითარებულობა სწორედ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებზეა დამყარებული. „ნუ იკითხავთ, რა შეუძლია გააკეთოს ქვეყანამ თქვენთვის, იკითხეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ მისთვის“.
მისივე აზრით, ამის გაცნობიერება მოქალაქემ ადრეული სასკოლო ასაკიდან უნდა დაიწყოს, არაფორმალურ განათლებაში აქტიური მონაწილეობით.
თამაზ დავითაძე: „არაფორმალური განათლება, როგორც ცნება, გულისხმობს ბავშვების, მოზარდების განვითარებაზე ზრუნვას სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, სპეციალურად მომზადებული გეგმითა და სივრცით, რომლის მთავარი მიზანია საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავება, მოქალაქეობრივი აზროვნებისა და თვალსაწიერის გაფართოება და მზადება სრულყოფილ მოქალაქედ რეალიზებისთვის. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ არაფორმალური განათლება სულაც არ გულისხმობს ფორმალური განათლებისგან მოწყვეტას, უფრო მეტიც, იგი პირდაპირ აისახება სასწავლო დაწესებულებებში მისაღწევი შედეგების გაუმჯობესებაზე. მისი უპირატესობა ისიცაა, რომ შედარებით უფრო დეტალურად და ამომწურავად ხერხდება გარკვეული ცოდნის მიწოდება კონკრეტული საკითხის ირგვლივ. არაფორმალური განათლება ინდივიდუალური, ესთეტიკური და შემოქმედებითი მიდრეკილებების გამოვლენას უწყობს ხელს, რაც შემდგომში მოსწავლეს უვითარებს ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემის გადაჭრის, სისტემური აზროვნების, სოციალურ და თანამშრომლობით უნარებს. სწავლა-სწავლების პროცესში ჩართულობით მოსწავლე ახერხებს თეორიული ცოდნის მიღებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწას.
არაფორმალური განათლება მოიაზრებს არაფორმალური სივრცის არსებობას. შესაბამისად, არაფორმალურად შექმნილ ინსტიტუტებში, როგორიცაა საკლუბო წრეები სკოლებში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, მათ უნდა გამოავლინონ კომუნიკაციური, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი უნარები. ბავშვები კმაყოფილი არიან საკუთარი შედეგებით, ხდებიან საკუთარ თავში დარწმუნებულნი, თავს გრძობენ რეალიზებულად და აანალიზებენ სახელმწიფოს განვითარებაში აქტიური მოქალაქის როლს“.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლების საინტერესო პროექტებს შორის, მკითხველის ყურადღებას სწორედ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ერთ პროექტზე შევაჩერებთ – „ფრთხილად, პიროტექნიკა სათამაშო არ არის!“ რადგან წინასაახალწლო პერიოდში თემა განსაკუთრებით აქტუალურია, გვინდა, მოსწავლეების მიერ ჩატარებულ კვლევასა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას პრობლემის მასშტაბურობა და საფრთხეები, რომელიც, სამწუხაროდ, საახალწლო დღეების თანმდევ პროცესებად იქცა ჩვენს ქვეყანაში. ამ პროექტის შექმნის მიზანიც სწორედ ეს იყო – საინფორმაციო კამპანიის წარმოება და თანატოლებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება პიროტექნიკის პოტენციური საფრთხის შესახებ, თუმცა, პროექტის მონაწილეები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლნენ და აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართეს პეტიციით „პიროტექნიკის თავისუფალი წვდომის აკრძალვისა და ხარისხზე მკაცრი კონტროლის დაწესების შესახებ“.
გიგა მარგალიტაძე, მოსწავლე: „წინასაახალწლო დღეებში მოსწავლეებს გვსურდა, განგვეხორციელებინა საკლუბო აქტივობა, რომელიც სათემო პრობლემის აღმოფხვრისკენ იქნებოდა მიმართული. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის მხრიდან არაპროფესიონალურად გამოყენებული უხარისხო პიროტექნიკა ძალიან ბევრ ეკოლოგიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს. იდეის განხილვამ გვიჩვენა, რომ ახალი წლის წინა დღეებში ჩვენი თანატოლები უპასუხისმგებლოდ იყენებდნენ პიროტექნიკას. ამან შთაგვაგონა, გვეფიქრა პრობლემის გადაწყვეტაზე. ამიტომ, განვახორციელეთ პროექტი „ფრთხილად, პიროტექნიკა სათამაშო არ არის!“ მოსწავლეებმა დაიწყეს კვლევა და, სტატისტიკაზე დაკვირვებით, დავრწმუნდით პრობლემის მასშტაბურობაში, თუ რამდენად საშიშია ის და რამხელა ძალისხმევა სჭირდება მის მოგვარებას“.
ზურაბ ბერიძე, მოსწავლე: „პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ აქტივობები, რომლებიც ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში თუ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ პიროტექნიკის არასწორი გამოყენებით. საინფორმაციო კამპანიის დახმარებით, გავუზიარეთ ინფორმაცია სასკოლო საზოგადოების წევრებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მოვისმინეთ მათი აზრი და მოვაწყვეთ დისკუსიები. დავბეჭდეთ საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც დავიტანეთ პიროტექნიკით დაშავებულთა სტატისტიკა და ის პირველი დახმარება, რომელიც შესაძლებელია დაშავებულებს გავუწიოთ. გვსურდა, ჩვენი პროექტისთვის მეტად მასშტაბური სახე მიგვეცა, ამიტომ, აჭარის უმაღლესი საბჭოს პლატფორმაზე chaerte.sca.ge-ზე შევიტანეთ პეტიცია „პიროტექნიკის თავისუფალი წვდომის აკრძალვისა და ხარისხზე მკაცრი კონტროლის დაწესების შესახებ“. დავიწყეთ პეტიციის მხარდამჭერთა მობილიზება, რაც ჩვენი და მედიის აქტიური ჩართულობით შეგროვდა. პეტიციის განხილვაზე კლუბის წევრები უმაღლესი საბჭოს იურიდიული და ჯანდაცვისა და სოციალური კომიტეტების სხდომაზე მიგვიწვიეს, სადაც პრობლემის აქტუალურობასა და პეტიციის საჭიროებაზე ვისაუბრეთ. საბოლოოდ, უმაღლესმა საბჭომ ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა – რადგან მსგავსი საკანონმდებლო საკითხის დარეგულირება ადგილობრივ დონეზე არ ხდება, საკითხი სარეკომენდაციოდ საქართველოს პარლამენტს გადაეცა“.
ვიოლა მუტაფიანი, მოსწავლე: „რადგანაც ახალ წლამდე ვერ მოხერხდება ახალი საკანონმდებლო ცვლილების მიღება, გადავწყვიტეთ პროექტის გაგრძელება, საზოგადოებას ისევ უნდა დავანახოთ ამ თემის აქტუალურობა. გვინდა, შევახსენოთ, რომ პიროტექნიკის არასათანადო განოყენების გამო მრავალი ადამიანი ზიანდება. ის წარმოქმნის ბევრ მავნე ნივთიერებას, რომელიც ავნებს ჯანმრთელობასა და გარემოს, ამიტომ საზოგადოებას თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ. უხარისხო ან დაბალი ხარისხის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებისას, მომხმარებლების მიერ, არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. ამის გამო, ზიანი ადგება მათ გარშემომყოფებს და ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც ქმნის ბავშვებსა და მოხუცებში“.
მარიამ გოგოლიშვილი, მოსწავლე: „პროექტის საშუალებით გვსურს, ჩვენს თანატოლებს პიროტექნიკის პოტენციური საფრთხის შესახებ ვესაუბროთ, უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენებისკენ მოვუწოდოთ, რადგან, სტატისტიკის მიხედვით, სწორედ ბავშვები ზარალდებიან ყველაზე მეტად. პიროტექნიკის საშუალებების გამოყენება საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ფრინველებისა და ქუჩაში მცხოვრები ცხოველებისთვის. თუ გვსურს, რომ პიროტექნიკით რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი და ცხოველი დაზიანდეს, უნდა შევწყვიტოთ მათი გამოყენება“.
გასული სასწავლო წლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე და სამოქალაქო განათლების კლუბის „იდეატორი“ საპროექტო მიმართულების ლიდერი ანრი მელაძე ჩვენთან პრაქტიკული განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს, რომელსაც სკოლა, თეორიული ცოდნის პარალელურად, უნდა იძლეოდეს. მისი აზრით, სწორედ ამ დროს ყალიბდება და ვითარდება ის საჭირო უნარ-ჩვევები, რომელიც ახალგაზრდებს მომავალში გამოადგებათ. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას კი, მადლობას უხდის მხარდაჭერისა და იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც სკოლებს შესთავაზა. ამბობს, რომ დამატებითი მოტივაციაც კი გააჩინა როგორც მოსწავლეებში, ისე მასწავლებლებში სამოქალაქო განათლების სწავლების მიმართულებით.
ანრი მელაძე, მოსწავლე: „ჩემთვის წარმოუდგენელია სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესი სიმულაციური თამაშებისა და პრაქტიკული პროექტების გარეშე. ეს ის პროცესია, რომელიც გვეხმარება ჩვენ, მოსწავლეებს, ჩამოვყალიბდეთ აქტიურ მოქალაქეებად. ბუმერანგის პრინციპია, სახელმწიფოს სასიკეთოდ უბრუნდებიან ასეთი ძლიერი და ჩამოყალიბებული მოქალაქეები. სწორედ ამას უწყობს ხელს სასკოლო კლუბები და მოსწავლეთა თვითმმართველობა. ზოგადად, მოსწავლეთა თვითმმართველობა ხომ მოსწავლეების მმართველობაა, რომელიც მიმართულია მათი პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისკენ, სხვადასხვა პროექტის მეშვეობით. გასულ სასწავლო წელს ჩვენი მთავარი სამუშაო თემა იყო უფრო მეტი მოსწავლის ჩართვა სასკოლო აქტივობებში და მათი ინტეგრირება სასკოლო თემის წევრებთან. რამდენიმე პროექტს გავიხსენებ, რომელიც სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ დაინიცირდა: „ბიბლიოთეკის როლი სკოლის ცხოვრებაში“, რომლის მიზანი მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვივება, ასევე, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა იყო.
პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კამპანიის შედეგად, მოსწავლეებმა შეაგროვეს წიგნები, სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ლიტერატურა და შეიქმნა მინი-ბიბლიოთეკა, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკაში გამოყოფილ სტენდზე განთავსდა. მოსწავლეთა ინიციტივას საჯარო ბიბლიოთეკამაც დაუჭირა მხარი და გადასცა წიგნები. ამ მინი-ბიბლიოთეკით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროექტის შედეგად გაიზარდა წიგნის მკითხველთა რაოდენობა.
ასევე, თვითმმართველობის ინიციატივით, ხშირად იმართება სასკოლო ჩემპიონატები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ჩვენი ინიციატივით, სკოლაში მოვიწვიეთ „წითელი ჯვრის საზოგადოება“ და მოსწავლეებმა პირველი დახმარების გაწევის შესახებ მიიღეს ინფორმაცია“.
♦♦♦
ვეთანხმები ანრის სიტყვებს – „ბუმერანგის პრინციპია“ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მართლაც სასიკეთოდ დაუბრუნდებიან ქვეყანას, როგორც ძლიერი და ჩამოყალიბებული მოქალაქეები. სამოქალაქო განათლების მთავარი მიზანიც ხომ ეს არის და არა მხოლოდ სამოქალაქო განათლების.
ლალი ჯელაძე
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International – საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით