საფრანგეთში განათლება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული და კარგად დაფინანსებული დარგია და ამდენად, აქ მიღებული განათლება საკმაოდ პრესტიჟულად ითვლება და კონკურენტუნარიანიცაა. თუმცა განათლების სფეროს ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ არქაული საუნივერსიტეტო სისტემა, შეიძლება, ფრანგული განათლების ნაკლად მივიჩნიოთ.
აქ შევეცდებით, ჩამოვთვალოთ ფრანგული განათლების დამახასიათებელი შტრიხები:
☑️🔹 ბავშვები სწავლას 6 წლის ასაკში იწყებენ, დაწყებითი სკოლა (ღcole primaire) ოთხწლიანია, შემდეგ სწავლას აგრძელებენ არასრულ საშუალო სკოლაში (college, 11-15 წელი) და საშუალო სკოლაში (lycღe,15-18 წელი).
☑️🔹 თუ ბავშვი სათანადო შეფასებას ვერ იღებს, კლასში კიდევ ერთი წლით რჩება, რაც ფრანგულ სკოლებში საკმაოდ ხშირია.
☑️🔹 ფრანგული სკოლები უფასოა. მშობლები ყიდულობენ სასწავლო დაზღვევას, რომელიც 10-35 ევრო ღირს და ფარავს სასკოლო ექსკურსიებს, სპორტულ და კლასგარეშე აქტივობებს, ასევე ნებისმიერ ზარალს, რომელიც შეიძლება ბავშვმა სკოლის საკუთრებას მიაყენოს.
☑️🔹 სასკოლო ნივთებს, გარდა სახელმძღვანელოებისა, მშობლები ყიდულობენ, თუმცა ისინი ყოველწლიურ დახმარებას იღებენ ყოველ ბავშვზე, სასკოლო ნივთების შესაძენად.
☑️🔹 ფრანგულ სკოლებში არ არიან დირექტორები — მასწავლებლები პასუხს აგებენ რეგიონულ საგანმანათებლო ხელისუფლებასთან. სკოლას მართავს ადმინისტრატორი, რომელიც არ ასწავლის.
☑️🔹 კერძო სკოლები ნაკლებად პოპულარულია — კათოლიკური სკოლები კერძო სკოლებად ითვლება, თუმცა მასწავლებლებს სახელმწიფო უხდის, სწავლის გადასახადი კი სემესტრში 100 ევროა. გარდა ამისა, არის ძვირადღირებული კერძო სკოლების ძალზე პატარა ქსელი.
სკოლაში სიარული ფრანგული კანონითაა დადგენილი
ფრანგი მშობლები მოზარდ შვილებს ამას ახსენებენ, თუკი ისინი წუწუნს იწყებენ, სკოლას გავაცდენო.
ფრანგულ სკოლებში ძველი მეთოდებია შემორჩენილი
ცვლილებები არის, მაგრამ „ეროვნული განათლება“ ძალიან ხისტი ორგანიზაციაა, რომელიც ნელა იცვლება. მასწავლებლები ისევ მთელი კლასის წინაშე წერენ ნიშნებს და სასჯელად გადაწერას იყენებენ.
მათემატიკა პრიორიტეტია
უფროს კლასებში შერჩევა მათემატიკას და საბუნებისმეტყველო საგნებს ეფუძნება. საფრანგეთში საუკეთესო მოსწავლეებად ითვლებიან ისინი, ვინც მათემატიკასა და ფიზიკაშია წარმატებული.
ფრანგული სკოლები საეროა
კანონის მიხედვით, სახელმწიფო სკოლებში რელიგიური ატრიბუტიკა აკრძალულია. ეს დროდადრო კამათს იწვევს, განსაკუთრებით მწვავედ დადგა ეს საკითხი მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ აიკრძალა მუსლიმური თავსაბურავების ტარება.
მთავარი მასწავლებელია
ფრანგულ სკოლებსა და კლასებს მასწავლებელი წარმართავს; ახალგაზრდა მასწავლებლები, სულ უფრო და უფრო ხშირად, ასწავლიან უფრო თანამედროვე მეთოდებით და უკეთ აკვალიანებენ მოსწავლეს.
გრძელი სასწავლო დღე
სწავლა 8 საათზე ან 8. 30-ზე იწყება და დაახლოებით 17 საათზე მთავრდება. მოსწავლეების უმეტესობა სკოლაში, ოთხშაბათს, მხოლოდ დილით დადის, თუმცა შაბათსაც სწავლობენ — დილით.
კლასგარეშე აქტივობები მცირეა
კლუბები არც ისე პოპულარულია. ფრანგები მიიჩნევენ, რომ ორგანიზებული დასვენება ამერიკული კონცეფციაა.
საკლასო ოთახები ცარიელია
ამერიკული საკლასო ოთახებისგან განსხვავებით, სადაც კედლები სავსეა სამოტივაციო პლაკატებით, მოსწავლეების ნამუშევრებით და სასწავლო დამხმარე ბანერებით, საფრანგეთში საკლასო ოთახებში ვერ ნახავთ ერთმანეთზე ახონხლილ ბავშვურ ორნამენტებს. აქ კედლები შიშველია.
ქულების 20-ბალიანი სისტემა
უმაღლესი ქულა 20-ია და ამის მიღება თითქმის შეუძლებელია. 10 ქულა ნიშნავს, რომ საგანი ჩაბარებულია, 12 — კარგია, 17-ზე მეტი თითქმის არასდროს იწერება. ნიშნები საჯაროდაა გამოფენილი ვესტიბიულში, მთელმა სკოლამ რომ ნახოს.
არდადეგების სიუხვე
სასკოლო კალენდარი, მოსწავლეების გულგასახარად, ყოველი 6 ან 7 კვირის მერე, ორი კვირით წყდება. ფრანგ სტუდენტებს მოსწონთ ყველა წმინდანის არდადეგები, საშობაო არდადეგები, ზამთრის და სააღდგომო არდადეგები. ამას ორთვიანი საზაფხულო არდადეგები ემატება.
ორსაათიანი შესვენება სადილისთვის
სკოლის კაფეტერიებში მშვენიერი არჩევანია — ახალი პური, სხვადასხვანაირი ყველი, ხორცი და სეზონური ხილი. არაჯანსაღი საკვების ავტომატები აკრძალულია. ეს „საბავშვო“ საჭმელი არ არის. ერთადერთი ხელმისაწვდომი სასმელი წყალია. მოსწავლეებს ეკრძალებათ სახლიდან საჭმლის მოტანა, თუმცა ბევრი სახლში მიდის საჭმელად.
ენების სწავლება
ინგლისურის და სხვა ენის სწავლას მე-6 კლასიდან იწყებენ. თუმცა, კერძო სკოლებში უცხო ენების გაკვეთილები უფრო ადრეულ ასაკში იწყება. საფრანგეთში ბევრი ორენოვანი სკოლააა, ძირითადად, ინგლისური, მაგრამ ასევე არის კატალონური სკოლები, სადაც ადგილობრივ მემკვიდრეობას ინარჩუნებენ.
უნივერსიტეტები ხელმისაწვდომია
სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, რომლის საფასურს მოსწავლეები ლამის მთელი სიცოცხლე იხდიან, ფრანგული უნივერსიტეტები, ძირითადად, რამდენიმე ასეული ევრო ღირს წელიწადში. თუმცა, ფრანგმა სტუდენტებმა, დიპლომის მისაღებად, საკმაოდ რთული გამოცდები უნდა ჩააბარონ.
მოამზადა ნინო მეტრეველმა Frenchly Publicite-ს მასალების მიხედვით