4 მაისი, შაბათი, 2024

უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები 2023/2024

spot_img

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, მარტის დასაწყისში, გამოაქვეყნა ინფორმაცია 2023/2024 სასწავლო წლის უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლების შესახებ.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები

ირკვევა, რომ 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში, 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 – სახელმწიფო და 43 – კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, დაახლოებით, ორი მესამედი თბილისშია. საერთო ჯამში, მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 54.3 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებმა – 32.4 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებმა – 21.9 ათასი. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, სტუდენტთა მიღება 8.4%-ით გაიზარდა.

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 177.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 10.2%-ით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 59.1%, ხოლო კერძოში – 40.9%. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 51.2% ქალია, ხოლო 48.8% – კაცი.

დიაგრამაზე წარმოდგენილია სტუდენტების რიცხოვნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2019/2020-2023/2024 სასწავლო წლებში

სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, 2.1%-ით მეტმა სტუდენტმა დაამთავრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და მათი რაოდენობა 26.3 ათასია. საკმაოდ განსხვავებულია მაჩვენებლები გენდერულ ჭრილში, კურსდამთავრებულებიდან 60.1% ქალია, ხოლო 39.9% – კაცი. ასევე განსხვავებულია კურსდამთავრებულთა მაჩვენებლები სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების მიხედვით – სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 1.7-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.

რაც შეეხება უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობას, 30.7 ათასი შეადგინა, რაც 22.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

დღევანდელი მონაცემებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, წინა წელთან შედარებით, 5.9%-ით მეტი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული (11.2 ათასი).

2023 წელს, უნივერსიტეტებში მიღებული დოქტორანტების რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 6.4%-ით გაიზარდა და 930 პირი შეადგინა. დოქტორანტების საერთო რაოდენობა კი 1.9%-ითაა შემცირებული და 3 569-ს შეადგენს.

პროგრამების მიხედვით, 2023 წელს, ყველაზე მეტი დოქტორანტი სოციალური მეცნიერებებისა და ხელოვნების მიმართულებით იყო – 1664, შემდეგ მოსდევს ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება – 653 სტუდენტით და მესამე ადგილზეა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულება – 435 სტუდენტით.

გასული წლის მონაცემებით, ასევე მცირედით, 3.0 პროცენტით შემცირდა დოქტორანტის კურსდამთავრებულთა რიცხოვნობაც და 521 პირი შეადგინა.

დოქტორანტის კურსდამთავრებულთა განაწილება პროგრამების მიხედვით

 
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები

2023 წლის ბოლოსთვის, საქართველოში, 96 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 54 – საჯარო, ხოლო 42 – კერძო. 2023 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 15.5 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 47.9% ქალია, ხოლო 52.1% – კაცი. 2022 წელთან შედარებით, სტუდენტების მიღების მაჩვენებელი 9.9%-ითაა გაზრდილი.

რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით, ლიდერობს თბილისი (38.1%), რომელსაც მოსდევს აჭარა (17.2%), იმერეთი (10.4%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (9.7%), კახეთი (4.8%) და ქვემო ქართლი (7.8%). 2023 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 264 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 35.2% ქალია, ხოლო 64.8% – კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისში (42.4%), მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი (10.2%).

2023 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 8.1 ათასი შეადგინა, რომელთაგან 48.3% ქალია, ხოლო 51.7% – კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (26.4%), მომსახურებების (19.2%), ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (13.1%) პროგრამებზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები