ლაშა ზივზივაძე
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი
სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმატებული საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, 2022 წელს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შეირჩა და სხვადასხვა ქვეყნებს შორის, მას მიენიჭა პრიორიტეტი, რომ 2023 წლის, 20-21 აპრილს, მასპინძლობა გაეწია ENQA-ს წევრების ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმისთვის. ფორუმის ჩატარება დაიგეგმა ქალაქ თბილისში.
საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა მიიღეს, ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნიდან, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრის (EQAR), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA), ევროპის სტუდენტთა ასოციაციის (ESU), ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელებმა და მათმა წარმომადგენლებმა, სულ, ჯამში, დაახლოებით, 110-მა მონაწილემ.
უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 20 აპრილს, ფორუმის გახსნით ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მახარაშვილმა, ENQA-ს პრეზიდენტმა, დუგლას ბლექსტოკმა და ENQA-ს დირექტორმა, ანა გოვერმა.
ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმზე, მონაწილეებმა განიხილეს ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების პოლიტიკასთან და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტუალური საკითხი და მსოფლიოში არსებული ტენდენციები, მათ შორის:
⇑⇓ ციფრული ტრანსფორმაცია და ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურების განვითარება. ნიშადობლივია, რომ ხარისხის განვითარების ევროპული სააგენტოები მუდმივად მუშაობენ თავიანთი საქმიანობის განვითარებაზე, მათ შორის, შიდა საინფორმაციო სისტემების შემუშავებასა და მის გაუმჯობესებაზე, რომლებსაც გააჩნიათ მათი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის პოტენციალი, რომ უკეთ გამოიყენონ მონაცემები და ანალიტიკა და მხარი დაუჭირონ დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციას და ჩართულობას. ფორუმის მონაწილეებმა გაცვალეს და გააზიარეს მოსაზრებები ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობებზე და შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდაც გააგრძელებენ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობას, თუ როგორ შეიძლება ციფრულმა ტექნოლოგიებმა გააუმჯობესოს ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურები უმაღლესი განათლების მიმართულებით.
⇑⇓ ხარისხის უზრუნველყოფა და კვლევა. კვლევითი საქმიანობის ხარისხის შეფასება ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რომელსაც სააგენტოები მიმართავენ თავიანთი გარე შეფასების პროცესებში. ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს, თუ რა როლი აკისრიათ სააგენტოებს კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მხარდასაჭერად, მათი კომპეტენციისა და არსებული კონტექსტიდან გამომდინარე.
⇑⇓ ხარისხის უზრუნველყოფა ევროპული უნივერსიტეტების ალიანსში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დიდი რაოდენობა ჩართულია ევროპის საუნივერსიტეტო სხვადასხვა ალიანსში. რამდენადაც მეტი უნივერსიტეტების ალიანსი გეგმავს მდგრად თანამშრომლობაზე გადასვლას და კიდევ უფრო მეტ კოორდინაციას, მათი ხარისხის უზრუნველყოფის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდება სამომავლოდ.
⇑⇓ გზა ტირანაში გასამართ მინისტერიალამდე: ENQA-ს მონაწილეობა ბოლონიის პროცესში. ფორუმზე განიხილეს ENQA-ს პოზიცია და წვლილი ბოლონიის პროცესში განხილულ ძირითად საკითხებში, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული უმაღლესი განათლების საზოგადოება ელოდება დაგეგმილ მინისტრთა კონფერენციას, რომელიც გაიმართება ქალაქ ტირანაში, 2024 წლის გაზაფხულზე. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ბოლონიის პროცესის ხუთ სამუშაო ჯგუფშია წარმოდგენილი და აქტიურად მონაწილეობს ხუთივე ჯგუფში, ესენია: კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარების თემატური სამუშაო ჯგუფი, ლისაბონის აღიარების კონვენციის შესახებ თემატური სამუშაო ჯგუფი, ხარისხის უზრუნველყოფის თემატური სამუშაო ჯგუფი, სწავლისა და სწავლების სამუშაო ჯგუფი და სოციალური განზომილების სამუშაო ჯგუფი. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ბოლონიის პროცესის კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარების თემატური ექსპერტული ჯგუფის (TPG A on QF) ფარგლებში, საქართველო წარმოდგენილია, როგორც თანათავმჯდომარე ქვეყანა.
⇑⇓ უმაღლესი განათლების შესახებ სამომავლო საკითხების განხილვა. ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ და ChatGPT-ის პოპულარიზაციამ მრავალი კითხვა გააჩინა უმაღლესი განათლების საზოგადოებაში, მათ შორის, აღსანიშნავია მისი გავლენა შეფასების პრაქტიკაზე და აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე. ამასთან, ფორუმზე, განხილულ იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოწვევები და შესაძლებლობები, ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების როლი მათ მხარდაჭერაში და პოტენციური ზეგავლენა ხარისხის უზრუნველყოფაზე.
⇑⇓ ფორუმის ფარგლებში, სხვადასხვა სესიაზე, ასევე, განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საკითხები უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით, მათ შორის, შიდა ხარისხის სისტემების განვითარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კოორდინირებული შეფასება – ახალი ხედვა უმაღლესი განათლების შეფასების მიმართულებით, აკრედიტაციისა და რეაკრედიტაციის გამოცდილება ლიბანის კონტექსტის გათვალისწინებით, ხარისხის უზრუნველყოფის მდგრადობა და მოქნილობა საომარი მდგომარეობისა და სხვა გადაუდებელი გარემოებების პირობებში, სწავლა/სწავლების როლის გაძლიერება უმაღლეს განათლებაში და ასევე, მდგრადობის გათვალისწინებით.
⇑⇓ ფორუმის ბოლო დღეს, გაიმართა გენერალური ასამბლეა ENQA-ს წევრებს შორის.
ENQA-ს მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მასპინძლობა გაეწია ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმისთვის, კიდევ ერთხელ, იმის დადასტურებაა, რომ ბოლო პერიოდში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკა შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015). ფორუმის საქართველოში ჩატარება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს ცნობადობის ზრდას უმაღლესი განათლების ხარისხის მიმართულებით, გააძლიერებს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინტერნაციონალიზაციას, მეტად დააახლოებს საქართველოს ევროპულ ღირებულებებთან და დააჩქარებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 მაისს ცენტრმა მიიღო ENQA-ს პრეზიდენტის, დუგლას ბლექსტოკის ოფიციალური მადლობის წერილი, რომლითაც იგი ცენტრსა და მის თითოეულ თანამშრომელს მადლობას უხდის ფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. წერილში აღნიშნულია, რომ ფორუმი, როგორც ლოგისტიკური, ისე შემოქმედებითი თვალსაზრისით, შესანიშნავად იყო დაგეგმილი და ჩატარებული. პერსონალურად ENQA-ს პრეზიდენტი და ფორუმის თითოეული მონაწილე აღფრთოვანებული დარჩა ცენტრის თანამშრომლების პროფესიონალიზმითა და საქმისადმი დამოკიდებულებით. მადლობის წერილში ასევე აღნიშნულია ცენტრის თანამშრომლების ეფექტური კომუნიკაცია ENQA-ს სამდივნოსთან და ფორუმის მონაწილეებთან.