2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

სპორტული სიახლეები

spot_img

მურღვლიანის წარმატება

მექსიკურ გვადალახარაში, 20-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატში, დიდი წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა – 9-კაციანმა გუნდმა 10 მედალი მოიპოვა. აქედან 5 მედალი – 1 ოქრო და 4 ბრინჯაო ორჭიდზე მოდის, დანარჩენი კი ე.წ. მცირე მედლებია, ანუ ცალკეულ მოძრაობებში მოპოვებული მედლები, რომელთა ჯამიც განსაზღვრავს ორჭიდის შედეგს. თუმცა, საერთო ჩათვლაში მათი შედეგები არ შედის, მხოლოდ ორჭიდისა აღირიცხება.

ჩვენს გუნდში ყველაზე უკეთ მარიამ მურღვლიანი (87) გამოვიდა – 102 კილოგრამი აიტაცა, 123 აჰკრა და ორივე მოძრაობაში მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. ბუნებრივია, ორჭიდში ჩემპიონობასაც ვერავინ შეეცილა – 225 კილოგრამი. საბა ასანიძისა (81) და ზურაბ მსხალაძის (89) ბრინჯაოს მედლებზე წინა წერილშიც გაცნობეთ, მას შემდეგ კი ჩვენი გუნდიდან კიდევ ორმა მოიპოვა ორჭიდში ბრინჯაო – გურამ ვეკუამ (102) და გიორგი კირვალიძემ (109). „მცირე ბრინჯაოებიც“ ამათზე მოდის.

ქალთა ძიუდოში, ასაკობრივ ნაკრებებში, უკვე რამდენჯერმე მოხდა, როცა შედეგით გოგონებმა ბიჭებს აჯობეს, ახლა კი იგივე ქალთა ძალოსნობაშიც განმეორდა… ბუნებრივია, არაფერი გვაქვს ბიჭების წარმატების საწინააღმდეგო, თუმცა, ამჯერად, გოგონებს მაინც გამორჩეულად ვქომაგობთ – ბიჭებისგან ასეთ წარმატებებს მიჩვეული ვართ, ქალებში კი სპორტის ეს სახეობები – ძიუდოც და ძალოსნობაც – ახლა ვითარდება, პირველ ნაბიჯებს დგამს და მათ პირველ წარმატებებსაც ამიტომ ვქომაგობთ გამორჩეულად.

18 მედალი სომხეთიდან

ერევანში ჩატარდა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ სტილში მოჭიდავე 15-წლამდელ ჭაბუკთა შორის, სადაც საქართველოდან 2 გუნდი გამოვიდა – თბილისისა და ქუთაისის. საერთო ჯამში, მათ პირად პირველობაში 18 მედალი მოიპოვეს. აქედან 13 თბილისელთა მონაგარია – 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაო, ქუთაისელებმა კი 5 ჯილდო ირგუნეს – თითო ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ამასთან, ტურნირის ბოლოს, ჩატარდა გუნდური პირველობა, სადაც ჩვენები უკვე ერთ გუნდად გამოვიდნენ და გაიმარჯვეს.

თბილისელთაგან ჩემპიონები გახდნენ: ბიძინა ჯინჭარაძე (57), ლუკა მაისურაძე (62), რატი რევაზიშვილი (68) და დათო გორგაძე (75); მეორეზე გავიდნენ: დავით მძევაშვილი (44), თემურ თუთარაშვილი (48) და გიორგი აბრამიშვილი (85); ბრინჯაოს მედლებს კი დაეუფლნენ: დაჩი ბარბაქაძე (41), ნიკოლოზ ბარათაშვილი (48), დაჩი ფილიშვილი (52), გიორგი კოტორაშვილი (57), რომან ჯიბუტი (62) და ლუკა შარიქაძე (85).

ქუთაისელთაგან ოქრო მათე ონიანმა (85) მოიპოვა, მან ფინალში თბილისელი გიორგი აბრამიშვილი დაამარცხა, ვერცხლი – იოანე სხილაძემ (52), მესამეზე გუგა მაჭარაშვილი (52), ბექა ქუნთელია (57) და ტარიელ ჩალაძე (68) გავიდნენ.

გუნდურ შეჯიბრებაში ჩვენები მასპინძელ სომხეთს დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა არსებულ წონებს კიდევ ერთი დაამატეს – 35 კილოგრამი, სადაც მონაწილე არ გვყავდა და ეს პაექრობა თავიდანვე 0:1 ჩამორჩენით დავიწყეთ. ამის მიუხედავად, ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ჩვენმა გუნდმა 6:5 მოიგო.

 დიდი სტუმრიანობა ჩოჩხათში

21 ნოემბერს, ლანჩხუთის მუნციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლას, დიდი სტუმრიანობა ჰქონდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან – სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი და ლეგენდარული სპორტსმენი, ტყვიის სროლაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, აწ უკვე მე-10 ოლიმპიადის მონაწილე ნინო სალუქვაძე და სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარე, კარატეში ევროპის ორგზის ჩემპიონი გოგიტა არქანია. მასპინძლის როლში, სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად, იყო ლანჩხუთის მერია, რომლის პირველი პირი – ალექსანდრე სარიშვილი ესწრებოდა ღონისძიებას.

სეოკ-ისთვის მსგავსი მისიები უცხო არაა, პერიოდულად სტუმრობენ ხოლმე ქვეყნის რეგიონებს, ამჯერად კი შეირჩა სკოლა და სოფელი, რომელიც ფრიად დააზარალა ცოტა ხნის წინანდელმა სტიქიამ და ღვარცოფულმა მოვლენებმა – სოფელი ჩოჩხათი ერთ-ერთია გურიის იმ სოფლებიდან, შემოდგომისპირის სტიქიამ უღვთოდ რომ გადაუარა. ამას ისიც დაემატა, რომ ჩოჩხათიდანაა და, წლების წინ, სწორედ ეს ლამის 150-წლიანი სკოლა დაამთავრა თავად ზენაიშვილმა (ცნობისათვის: აქედანაა ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვახტანგ ბლაგიძეც).

ბუნებრივია, ასეთმა სტუმრობამ მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, შეხვედრები ჰქონდათ სამივე სტუმართან. სალუქვაძემ და არქანიამ მათ თავიანთი მდიდარი გამოცდილებაც გაუზიარეს, ესაუბრნენ კარიერის საინტერესო მომენტებზე, ცხოვრების ჯანსაღ წესზე და წარმატებები უსურვეს სწავლასა თუ სპორტში.

სტუმრებმა სკოლას საჩუქრად სპორტული ინვენტარი და ოლიმპიურ თემატიკაზე შექმნილი წიგნები გადასცეს, რომელთა უმეტესობას სპორტის სხვადასხვა სახეობის ცნობილ ათლეტთა ავტოგრაფები ამშვენებდა. კალათბურთის, ფეხბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, ფრენბურთის, ბადმინტონის და სპორტის სხვა სახეობათა ინვენტართან ერთად, სკოლას საჩუქრად გადაეცა, ნონა გაფრინდაშვილის ხელმოწერითა და მიძღვნით დამშვენებული, რამდენიმე საჭადრაკო კომპლექტი. აქტიური სპორტული ცხოვრებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზი მიიღო თავად სკოლამაც, რომელიც დირექტორმა, ია ღლონტმა ჩაიბარა. სპეციალური პრიზი გადაეცა ქალაქის მერსაც.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა სპორტული ვიქტორინა. გამარჯვებულმა ბავშვებმა დამატებითი პრიზები მიიღეს.

ირაკლი თავაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები