20 მაისი, ორშაბათი, 2024

სპმთპ-ის პრეზიდენტის განმარტება დირექტორობის მსურველთა კონკურსთან დაკავშირებით!

spot_img

თავს უხერხულად ვგრძნობ გავაკეთო დეტალური განცხადება, სხვადასხვა კონკურსებში სპმთპ-ის წარმომადგენლების მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩვენს მიმართ გამოთქმულ კრიტიკასა და ბრალდებებზე. მათ, ვისაც ეს პროცესი ეხება, ვთხოვ ყურადღებით წაიკითხონ ჩვენი განმარტებები. მათ, ვინც იციან პროფკავშირის როლისა და ფუნქციის შესახებ, ბოდიშს ვუხდი!

პირველ რიგში, მინდა განვმარტო, რას ნიშნავს კონკურსი: ,,შეჯიბრება, რომლის მიზანია გამოავლინოს მონაწილეთა შორის საუკეთესონი (პრემიის მისაღებად, თანამდებობის დასაკავებლად, სასწავლებელში შესასვლელად და სხვ.)“. კონკურსის ამოცანაა: ,,საუკეთესო კანდიდატების შერჩევა ვაკანტური პოზიციებისათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილებისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე“.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, კონკურსის ყველა მონაწილე შეგუებული უნდა იყოს იმ აზრს, რომ ყველა გამარჯვებული ვერ იქნება და ისრების გადატანა პროფკავშირზე, არასამართლიანია! ,,პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ,,პროფესიული კავშირი იცავს და წარმოადგენს პროფკავშირის წევრთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და ინტერესებს“, რომლის შესაბამისად, სპმთპ-ის წესდებაში ვრცლად არის განმარტებული პროფკავშირის მიზნები და ამოცანები.

იქნებ, ჩვენი კრიტიკოსებიდან ვინმემ განმიმარტოს, როგორ უნდა დაიცვას პროფკავშირმა ყველა კონკურსანტის უფლებები, რასაც მოითხოვენ პირადად ჩემგან და ჩვენი ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებისგან?!

კომისიებში ჩვენი მონაწილეობა განსაზღვრულია შემდეგი ვალდებულებებით: ვიცავთ კომისიის ობიექტური მუშაობის პრინციპებს და ვაფასებთ თითოეულ კონკურსანტს ინდივიდუალურად. იმის გამო, რომ კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი შეფასება ამა თუ იმ კონკურსანტის მიმართ, არ არის გაზიარებული კომისიის სხვა წევრების მხრიდან. ,,რატომ გვაკრიტიკებენ?“ ,,რა არის ჩვენ მიმართ კრიტიკის მიზანი?“

რატომ არ ვიცავთ ყველა კონკურსანტის უფლებას?! აქ პასუხი მარტივია: თუ კონკურსანტს ეჭვი შეეპარა შეფასების ობიექტურობაში და დაირღვა მისი უფლებები, უნდა მოგვმართოს წერილობით, რის საფუძველზეც დავიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას. ასე ვხედავთ ჩვენ როლს! დავიცვათ ერთი კონკურსანტის ინტერესები და დავაზარალოთ მეორე, ჩვენთვის მიუღებელია!

რაც შეეხება საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს: იგი მოიცავს სერტიფიცირებასა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას. ტესტირებაში მონაწილეობას ვერ ვიღებთ. გვაქვს შემთხვევები, როდესაც მასწავლებლებმა მოგვმართეს საგნის საგამოცდო ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით. მასწავლებლებს აღმოვუჩინეთ სამართლებრივი დახმარება, სასამართლო პროცესში ჩავრთეთ ექსპერტები და 5 მასწავლებლის შემთხვევაში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელთა სასარგებლოდ.

დირექტორთა საგამოცდო ნამუშევრების შეფასების არაობიექტურობაზე არ მოუმართავს არცერთ აპლიკანტს.

მე, როგორც სპმთპ-ის პრეზიდენტი, ვარ სერტიფიცირების მეორე ეტაპის – დირექტორობის მსურველთა გასაუბრების კომისიის წევრი. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მთლიანობაში, კომისიის მუშაობა მიმდინარეობდა კანონის მოთხოვნების სრული დაცვით. ჭორები იმის შესახებ, რომ კომისიას წარმოგვიდგინეს სიები, სრული სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება! სამწუხაროდ, ყველა აპლიკანტის გასაუბრების პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია, შესაბამისად, ხელი მოვაწერე მხოლოდ იმ შეფასებებს, რომელშიც ვმონაწილეობდი. კომისიის ობიექტურ მუშაობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ პროფკავშირის კრიტიკოსებმა მიიღეს სერტიფიკატი და გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე. არის შემთხვევები, როდესაც სერტიფიცირების გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახეს პროფკავშირის აქტიურმა წევრებმა, ლიდერებმა, მხარდამჭერებმა და ა. შ.

რაც შეეხება სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას, ამ პროცესში სპმთპ არ მონაწილეობდა, ვინაიდან ის სცილდება პროფკავშირის კომპეტენციის ფარგლებს.

გამოვთქვამთ მზადყოფნას, კონკურსში მონაწილე ყველა პირს, ვინც მოგვმართავს, აღმოვუჩინოთ იურიდიული დახმარება, თუ იქნება სამართლებრივი საფუძვლები.

ვეთანხმები და ვიზიარებ იმ მოთხოვნას, რომ შესაძლებელი იყო განათლების სამინისტროს წარედგინა ასარჩევად რამდენიმე კანდიდატურა და სკოლის სამეურვეო საბჭოს გაეკეთებინა არჩევანი.

ასევე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, სამინისტრომ განუმარტოს სერტიფიცირებულ კანდიდატებს იმ ნაკლოვანებების შესახებ, რატომ არ არიან წარდგენილები სკოლებში და აქვთ, თუ არა უფლება მონაწილეობა მიიღონ წარდგენების მომდევნო ეტაპში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროცესების სამართლიანად წარმართვა, განურჩევლად იმისა, კონკურსანტი პროფკავშირის წევრია თუ კრიტიკოსი. ცნობისათვის, სკოლებში წარდგენილნი არ არიან ჩვენი ორგანიზაციის ზოგიერთი ლიდერი და აქტივისტი, რომელთაც წარმატებით გაიარეს დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, დავიცავთ ყველას ინტერესებს, ვინც მოგვმართავს ინდივიდუალურად და სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით დავიწყებთ სასამართლო პროცესებს.

ვერ მივიღებთ კრიტიკას უაპელაციოდ და ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ დირექტორთა შესარჩევ მთლიან პროცესს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე!

მაია კობახიძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები