„დაიცავით საუნჯე ესე დიდფასი“ – გაიოზ რექტორი
„ეს სკოლა განძია, ეს ისტორიაა! მას გაფრთხილება და მოვლა-პატრონობა უნდა“ – ილია II
დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეფის, სასახლის ჩრდილო-დასავლეთით, ციხე-გალავნის შიგნით, „ბატონის ციხის“ უნიკალურ კომპლექსში, დგას ერეკლე II-ის სახელობის თელავის №1 საჯარო სკოლის შენობა, სადაც 264 წელია სასკოლო ზარი ირეკება. ეს ზარი, გადმოცემით, პირველად თავად მეფე ერეკლემ აახმიანა იმ იმედით, რომ აქ „სათნოდ კაცად აღიზრდებიან შვილნი და შვილიშვილნი თქვენნი და მომავალნი ნათესავნი“. პირველი სკოლის შენობის კედელზე განთავსებული მემორიალური დაფები გადასულ დღეთა მემატიანედ ქცეულა. თითოეული დაფა წარსულში გვაბრუნებს და გვახსენებს, რომ 1758 წლის 26 ოქტომბერს, მეფე ერეკლე მეორისა და ანტონ I-ის თაოსნობით, აქ ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლა გახსნილა. იგი აკურთხა XVIII საუკუნის გამოჩენილმა მოაზროვნემ, ნეკრესელმა ეპისკოპოსმა დოსითეოზ ჩერქეზიშვილმა. მისი გადმოცემით: „ირაკლიმ შეამზადა სკოლა თვისსა პალატასა შინა სახელსა ზედა წმიდისა მღვდელმთავრისა ვასილ კესარიელისასა წელთა მეფობისა თვისისათა 14-სა, ქრისტეს აქეთ 1758 წელს თუესა ოკდომბერსა 26, ხსენებასა დიდსა მოწამისა დიმიტრისსა, დღესა კვირიაკესა, ჟამსა მესამესა. იკურთხა ჩემს მიერვე, მდაბლისა ნეკრესელ ეპისკოპოსისასა დოსითეოსისაგან და შეკრიბნა ყრმანი საბრძანებლისა თვისისანი და ინება განმარტებად კეთილმეცნობისა. იწყო სწავლებად… მოსწავლეთა, რომელთა ინებეს და ეტრფიალნეს სიბრძნის მაყუარებასა“.
თელავში გახსნილი სკოლის დირექტორად და მასწავლებლად ერეკლე მეორემ თბილისიდან მოიწვია ფილიპე ყაითმაზაშვილი, რომელიც იყო დიდად განათლებული და სკოლაში მუშაობის მდიდარი გამოცდილება ჰქონდა. მან „მრავალნი მოწაფენი განსწავლა“. როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, თელავის სკოლაში, ფილოსოფიასთან ერთად, ისწავლებოდა გრამატიკა, ლოგიკა, ფიზიკა, ღვთისმეტყველება. XVIII საუკუნის II ნახევრის საქართველოს სკოლებში, ძირითადად, არისტოკრატიის და სასულიერო წრის წარმომადგენლები სწავლობდნენ, თელავის სკოლაში კი სწავლა შეეძლოთ „სხუათაცა, ვინც ინება და ეტრფიალა სიბრძნის მოყვარესა“. თელავის ფილოსოფიური სკოლის კედლებში მიიღო საუკეთესო სწავლა-განათლება და აღზრდა სამშობლოს მოჭირნახულე, საუკეთესო დიპლომატმა, მეფე ერეკლეს მეგობარმა, მსაჯულმა და მდივანმა, სოლომონ ლიონიძემ.
თელავის ფილოსოფიურმა სკოლამ 1782 წლამდე იარსება. ამავე წელს, 1782 წლის 28 მაისს, მისი რეორგანიზაციის შემდგომ, აქ სემინარია გაიხსნა. მისი პირველი რექტორი იყო გაიოზი (გაიოზ რექტორი), შემდეგ მისი ძმა – დავითი. მათ მოსკოვის სასულიერო აკადემია ჰქონდათ დამთავრებული. თელავის სემინარიამ 1801 წლამდე იარსება. შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ თელაველი ღვაწლმოსილი პედაგოგის, მიხეილ ცაკაშვილის ნაშრომში ვკითხულობთ: თელავის სემინარიამ დიდხანს იარსება, ვიდრე თბილისის სემინარიამ. მან არსებობა შეწყვიტა 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აღებისა და განადგურების შემდეგ. თელავის სემინარიამ კიდევ იარსება 1801 წლამდე, ე.ი. იმ წლამდე, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო შეუერთდა რუსეთს. 1801 წლიდან 1817/18 წლამდე საქართველოში არ არსებობდა სკოლები, სწორედ ამიტომაც, მხოლოდ 1818 წელს მოხერხდა თელავის სასულიერო სასწავლებლის გახსნა იმავე შენობაში, სადაც ადრე იყო ფილოსოფიური სკოლა (1758წ) და სემინარია (1782წ). თელავის სასულიერო სასწავლებლის წარმატებული კურსდამთავრებულები თბილისის სემინარიაში იგზავნებოდნენ გამოცდების ჩასაბარებლად.
გადიოდა წლები… დროის შესაფერისად იცვლებოდა ამ უძველესი სკოლის ისტორია… დადგა ახალი საუკუნე და 1917 წელს, თელავის სასულიერო სკოლის ბაზაზე, გაიხსნა ვაჟთა გიმნაზია, რომელიც 1921 წელს შრომის საშუალო სკოლად გადაკეთდა, რომელსაც ორი განხრა ჰქონდა: პედაგოგიური და აგრონომიული. ერთხანს აქ საქარხნო-საფაბრიკო სკოლაც ყოფილა, რომელიც 1932 წელს ათწლიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლად გადაკეთდა, შემდეგ პედაგოგიურ ტექნიკუმად. 1939 წლიდან კი ამ შენობაში თელავის პირველმა საშუალო სკოლამ დაიდო ბინა. ყველაზე დიდხანს, 1962 წლიდან 1989 წლამდე, მას ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი დარია ბოჭორიძე, რომელმაც ფასდაუდებელი ამაგი გასწია სკოლის აღორძინებისა და ავტორიტეტის ამაღლებისათვის. 1998 წელს იუნესკომ პირველი სკოლა (დირექტორი — დარეჯან ჭანკოტაძე) ძეგლად აღიარა და შეიყვანა ძეგლებზე ზრუნვის სატიტულო სიაში. იმ დღიდან მოყოლებული იგი მონაწილეობს იუნესკოს ეგიდით ჩატარებულ ასოცირებული სკოლების ყველა ღონისძიებაში, კონფერენციაში, კონკურსში, გამოფენაში.
საუკუნეების, ათეული წლების განმავლობაში, სკოლის ისტორიაში უამრავი საამაყო, მნიშვნელოვანი, საინტერესო ფურცელი ჩაიწერა… შთამბეჭდავია მხოლოდ ჩამონათვალიც კი ადამიანებისა, რომელთა ცხოვრება-მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ამ ძირძველ სკოლასთან. არსებობის ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, გამოჩენილი ხელმძღვანელები ჰყავდა: ფილიპე ყაითმაზაშვილი, გაიოზ რექტორი, დავით მესხიშვილი, ნ. მთვარელიშვილი, კ. გეგელიძე, დ. თურდოსპირელი, ქ. პეტრიაშვილი, დ. მატარაძე, მ. გაჩეჩილაძე, ა. ნადაშვილი, დ. კირვალიძე, ი. ქოჩლაძე, დ. ბოჭორიძე და სხვ. სკოლაში მოღვაწეობდნენ ღვაწლმოსილი პედაგოგები: ი. და ა. ხელაშვილები, ვ. ბარნოვი, ქრ. და ი. ზარაფიშვილები, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, გ. მელითაური, ია ეკალაძე, ელ. ნანობაშვილი, კ. ობოლაძე, ეკ. ჩიჩუა, ნ. ყაზახაშვილი, დ. გეგელიძე, ნ. კუხიანიძე, ლ. მატინოვა, ზ. პაატაშვილი და სხვ.
ამავე დროს, სკოლის კედლებში აღიზარდნენ ცნობილი ადამიანები, აკადემიკოსები: ივანე ბერიტაშვილი, ანდრია ბენაშვილი, ნიკოლოზ ხომიზურაშვილი, ვახტანგ ბოჭორიშვილი, ლევან ბუიშვილი, თემურ ლეჟავა, ზურაბ ცხაკაია, ზაზა ალექსიძე, ირაკლი ზურაბიშვილი და სხვ.
სკოლადამთავრებულ საზოგადო მოღვაწეებიდან აღსანიშნავია: დავით ბატონიშვილი, თეიმურაზ ბატონიშვილი, სოლომონ ლიონიძე, ვაჟა-ფშაველა, პოეტი იროდიონ ევდოშვილი, ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა), კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი, რეჟისორი სანდრო ახმეტელი, თელავის მემატიანე ივანე პაატაშვილი, ფეხბურთელი გივი ჩოხელი, კომპოზიტორები: გივი მუნჯიშვილი, შოთა დავითაშვილი და სხვ.
დღეს სკოლა ღირსეულად ატარებს დიდი ერეკლე მეფის სახელს და იწოდება – ერეკლე II-ის სახელობის თელავის 1 საჯარო სკოლა (დირექტორი – მაია ოთარაშვილი, მოადგილე – მაია ცაცაშვილი) და აგრძელებს იმ დიდ ეროვნულ, საგანმანათლებლო საქმეს, რომელსაც 264 წლის წინ საფუძველი ჩაუყარეს ერეკლე მეფემ და ანტონ I-მა კათალიკოსმა.
♦♦♦
2013 წელს ფართო მასშტაბით აღინიშნა სკოლის დაარსების 255 წლის იუბილე.
სკოლა ჩართულია სხვადასხვა პროექტში. ფორმალური განათლების გარდა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს არაფორმალური განათლების მიმართულებითაც. ფუნქციონირებს სამოქალაქო, ეკო და სპორტული კლუბები, რომლებიც არაერთ პროექტში არიან გამარჯვებულები. პროექტში მონაწილე მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ მოპოვებული გრანტებით სკოლა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა; მეფის სკოლას ყოველ წელს ჰყავს წარჩინებული მოსწავლეები დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე.
2023 წელს სკოლა იუბილარია, დაარსებიდან 265 წელი უსრულდება. აქედანვე მიმდინარეობს მზადება გრანდიოზული ღონისძიებისთვის.
სკოლის კურსდამთავრებულები არ ივიწყებენ მშობლიურ სკოლას. ბიოლოგს, მეცნიერს, პედაგოგს, გენეტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელს, ბატონ თეიმურაზ ლეჟავას დაწესებული აქვს სტიპენდია, რომელსაც ყოველწლიურად, ერთჯერადად, გადასცემს გამორჩეულ მოსწავლეებს; მარიამ კუკუნაშვილი და დავით ბეჟუაშვილი ფონდის „ახალი სიცოცხლე“ დამფუძნებლები არიან. ისინი, უკვე მე-6 წელია, სტიპენდიას უნიშნავენ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს.
სკოლის ხელმძღვანელობას, პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად, გააზრებული აქვს ის დიდი პასუხისმგებლობა, ის დიდი მოვალეობა, რომელიც მათ აკისრიათ და რასაც მათ სკოლის უძველესი კედლები, უძველესი ტრადიციები, ამ სკოლაში აღზრდილი დიდი ადამიანების სულები ავალდებულებენ.
…264 წელი გასულა!
…და კვლავ რეკავს სკოლის ზარი!
…და კვლავ ისმის მასწავლებელთა შეგონებები!
…და კვლავ დადიან ამ სკოლაში თვალებანთებული ბავშვები!
დარეჯან გამტკიცულაშვილი – სსიპ მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მაია ოთარაშვილი – სსიპ მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის №1 საჯარო სკოლის დირექტორი