სოფელი ნიგორზღვა სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, რაიონული ცენტრიდან 15-20 კილომეტრითაა დაშორებული, მთაგორიანი სოფელია და ზამთარიც შედარებით მკაცრია ხოლმე, ვიდრე ბარის სოფლებში, თუმცა, მაღალმთიანი სოფლის სტატუსით არ სარგებლობს. ზოგადად, სამტრედიის სოფლებს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი არ აქვთ მინიჭებული. ნიგორზღვას სკოლის შენობა კომუნისტების დროს, 1978 წელს აშენდა, მანამდე კი, სასწავლო პროცესი ორ ფიცრულ ნაგებობაში მიმდინარეობდა.
სკოლის ახლანდელი დირექტორი გრიგოლ კიკვაძე, პირველი ნაკადის კურსდამთავრებული, იხსენებს, რომ მაშინდელი „თანამედროვე სტანდარტებით“ აშენებული სკოლის შენობაც მცირეკონტინგენტიანი სკოლის მოდელზე იყო მორგებული და კლას-კომპლექტები ფუნქციონირებდა. თვითონაც კლას-კომპლექტში სწავლობდა. ნიგორზღვას სკოლაში სასწავლო პროცესი ახლაც კლას-კომპლექტებში მიმდინარეობს, თუმცა, მისი აზრით, ეს არც მშობლისთვის და არც მოსწავლისთვის მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვთ – მასწავლებელს ხელფასი ხომ უნდა გადაუხადო, მცირებიუჯეტიანი სკოლა კი, სადაც ყოველი თეთრი გათვლილია, ყველა კლასისთვის ცალკე მასწავლებელს ვერ დაიქირავებს, ფინანსები ვერ გასწვდება, თანაც მცირე საათებზე, ხშირად, აღარც მასწავლებლები ჩერდებიან სკოლაში.
სოფელში უგზოობასაც უჩივიან, მიუხედავად იმისა, რომ დაწყებულია გზების შეკეთება, ასფალტის საფარი მაინც მცირე მონაკვეთზეა, უმეტესად კი, გრუნტიანი ოღრო-ჩოღრო გზაა. სკოლამდე მისასვლელი გზაც ცუდია, თუმცა, ბავშვებს სკოლის ავტობუსი ემსახურება. მოსწავლეების ტრანსპორტით გადაადგილების აუცილებლობა იმითაც არის განპირობებული, რომ სოფელი მეწყერსაშიშ ზონად ითვლება და მოკლე ბილიკებით სკოლაში მისვლა საფრთხის შემცველია.
ზამთარში შეშის ღუმელებით თბებიან, რადგან მცირებიუჯეტიანი სკოლა ცენტრალური გათბობის ხარჯებს ვერ წვდება და არჩევანიც არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი აირის მილსადენი სკოლის ჭიშკრამდე, დაახლოებით, 40 მეტრშია მიყვანილი. სკოლას ოქტომბრიდან ათბობენ, აბა, ბავშვებს ხომ ვერ შევაცივებთო, ამბობს დირექტორი. შეშასაც სკოლის ხარჯით, კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე, ყიდულობენ. შემდეგ სტანდარტულად დახერხილ შეშას თვითონ ჩეხავენ, რადგან სოფელში მუშახელის შოვნაც კი ჭირს.
საბაზო განათლების სკოლამ, წელს, ერთი პირველკლასელი – გვანცა ნიქაცაძე მიიღო, საერთო ჯამში კი, ამჟამად, 14 მოსწავლე ჰყავთ, გოგონები ჭარბობენ. მესამე, მეექვსე და მერვე კლასი არ ფუნქციონირებს, ბავშვები დანარჩენ კლასებში არიან გადანაწილებული და მოსწავლეთა ყველაზე დიდი რაოდენობა მეცხრე კლასშია – წელს სამი მეცხრეკლასელი ჰყავთ. დანარჩენ კლასებში კი, პირველი კლასის გარდა, ძირითადად, ორ-ორი ბავშვია. თუმცა, ასეთი მცირეკონტინგენტიანი სკოლისთვის ეს არც გასაკვირია და არც პირველი შემთხვევაა. მეტიც, ხშირად, სკოლის და კლასის გადასარჩენად, ბავშვები სხვა სოფლიდან ან ქალაქიდანაც კი მოჰყავთ. ასე მოიქცა, წლების წინ, თავად დირექტორიც – 7 წლის წინ, უფროსი შვილი, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი სამტრედიაში ცხოვრობდა, პირველ კლასში თავის სკოლაში შეიყვანა და დღესაც იქ აგრძელებს სწავლას.
სამაგიეროდ, სკოლას, კადრების თვალსაზრისით, პრობლემა არ აქვს. ბატონი გრიგოლი ამბობს, რომ პედაგოგთა უმეტესობა სერტიფიცირებულია, თან ყველა მასწავლებელი იმ საგნის მიმართულებით ასწავლის, რომელიც ჩაბარებული აქვს. მხოლოდ ერთს უწევს ორი საგნის – ხელოვნება და მუსიკა – შეთავსება, რადგან გამოცხადებულ ვაკანსიაზე, მცირე საათების გამო, არავინ მივიდა.
ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტებული სკოლის კოლექტივი სულ ათი ადამიანისგან შედგება. საჯავახოს საკრებულო, ერთმანეთს 6-7 კილომეტრით დაშორებულ, სამ სოფელს აერთიანებს, ამიტომ მასწავლებლებს მეზობელი სოფლებიდან სიარული არ უჭირთ, მაგალითად, ერთ-ერთი ჭოგნარიდანაა. ათკაციან კოლექტივში შედის დირექტორიც და ერთი სპეცმასწავლებელიც. სტატუსის ამაღლება მხოლოდ დაწყებითი საფეხურის ორმა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა ვერ შეძლო და კანონის მიხედვით, ისე როგორც დანარჩენ სკოლებში, მათ ხელშეკრულება იანვრამდე გაუგრძელდათ. ბატონი გრიგოლი კადრების დეფიციტს არც იანვრის შემდეგ ელოდება, როცა მათ ადგილზე ვაკანსიის გამოცხადება დასჭირდება, რადგან სკოლაში ჰყავს პედაგოგები, რომლებიც ამ ვაკანსიას შეითავსებენ. „ჩვენთან პრობლემა ძალიან მარტივად მოგვარდება – დავტვირთავთ სკოლაში მყოფ კვალიფიციურ მასწავლებლებს. ისინი სერტიფიცირებულები არიან როგორც დაწყებით საფეხურში, ასევე მაღალ კლასებშიც. აქედან გამომდინარე, კანონიერი უფლება აქვთ, ჩაატარონ გაკვეთილები როგორც დაწყებით, ისე საბაზო ან საშუალო კლასებში. ასე შევავსებთ ვაკანტურ ადგილებს და ჩვენს მასწავლებლებს აღარ მოუწევთ, შეთავსებით, სხვა სოფლის სკოლაში მუშაობა,“ – ამბობს ბატონი გრიგოლი.
რაც შეეხება სკოლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და სასწავლო რესურსებს, დირექტორს მიაჩნია, რომ პერიოდულად სასურველია გაუმჯობესება და განახლება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1978 წელს აშენებულ სკოლის შენობას, ბუნებრივია, სარემონტო სამუშაოებიც სჭირდება. „ცოტა ხნის წინ, შენობის სახურავი შეიცვალა და ამ მხრივ დაცულები ვართ, გარდა ამისა, ჩასმულია მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები და ბავშვებს არ სცივათ,“ – ამბობს ბატონი გრიგოლი, თუმცა, წუხს, რომ შელახულია სკოლის ფასადი და რამდენიმე ოთახსაც სჭირდება მეტლახით მოპირკეთება. საჭიროება ბევრია – არ აქვთ სპორტული დარბაზი და ლაბორატორიების საცავები/სათავსოები, სადაც მოსწავლეებს ქიმიასა და ფიზიკაში უნდა ჩაუტარდეთ ცდები (ამისთვის სკოლაში კომბინირებული ოთახია გამოყოფილი), ზოგადად, ოთახების უკმარისობაც აქვთ: „არ გვყოფნის საკლასო ოთახები, რადგან დაგვემატა კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ახლა მანდატურისთვისაც გახდა საჭირო ოთახის გამოყოფა (ჩვენი ერთ-ერთი პედაგოგი გადაამზადეს და შეუთავსეს მანდატურის ფუნქცია), იძულებული ვარ, ჩემი ოთახი დავუთმო და მე სამასწავლებლოში გადავიდე, რადგან ფიზიკურად არ გვაქვს სხვა ოთახი.“
თუმცა, იქვე დასძენს, რომ ეს არაფერს ნიშნავს, მთავარია, მოსწავლეებისთვის იყოს სათანადო გარემო, სადაც განვითარებას შეძლებენ. „მაშინაც კი, როცა სკოლა დისტანციურ რეჟიმზე იყო გადასული, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ გაკვეთილები ჩაგვეტარებინა და მოსწავლეები სასწავლო პროცესის მიღმა არ დაგვეტოვებინა. ცხადია, იყო პრობლემებიც, თუმცა, შეძლებისდაგვარად ვაგვარებდით. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თიმსში ვერ ერთვებოდნენ, ამიტომ მასწავლებლები მათ მობილურით უკავშირდებოდნენ (ტელეფონი ოჯახში თითქმის ყველას ჰქონდა, რომ ბავშვი ჩართულიყო გაკვეთილზე) და სატელეფონო გაკვეთილებს უტარებდნენ. რადგან კლასში მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა, მაგალითად, ორმოსწავლიან ჯგუფში, იოლია, მასწავლებელმა ჯერ ერთს დაურეკოს და 20 წუთის შემდეგ – მეორეს. უკუკავშირსაც ვახერხებდით, ბავშვებს შესრულებული დავალებები მასწავლებელთან მიჰქონდათ ან, როგორც კი ჩაუვარდებოდათ მომენტი, სურათს უღებდნენ და ისე უგზავნიდნენ. საერთოდ, სკოლაში ბოჭკოვანი ინტერნეტი გვაქვს შემოყვანილი.“
თავის დროზე, სკოლას 100 მოსწავლეც ჰოლია. ბატონი გრიგოლის დირექტორობის პერიოდშიც კი, 62 მოსწავლე დადიოდა სკოლაში. კონტინგენტის ასე მკვეთრად შემცირებას დირექტორი მიგრაციას უკავშირებს, რაც მეწყერსაშიშმა ზონამ და უგზოობამ განაპირობა. „სოფელში, უმეტესად, ასაკოვანი მოსახლეობა დარჩა, თითქმის დაცლილია ახალგაზრდებისგან, ქალაქში მიდიან და მერე აღარავინ ბრუნდება. შობადობაც ძალიან შემცირდა – თუ ვინმე დარჩა და აქ შეირთო ცოლი, ორ შვილზე მეტი არავის ჰყავს.“ ფიქრობს, თუკი სკოლა ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება, გაუმჯობესდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, იქნებ ამით მოხერხდეს ახალგაზრდების სოფლიდან გადინების შეჩერება და ამით სოფლისა და სკოლის გადარჩენაც.
აქვს თუ არა უპირატესობა ერთ ან ორმოსწავლიან კლასებთან მუშაობას? ამ კითხვაზე ბატონი გრიგოლი პასუხობს, რომ არის საგნები, რომელთა სწავლებაც მოსწავლეთა გარკვეულ რაოდენობას მოითხოვს და ხანდახან მათი სიმცირე ხელის შემშლელიც კია. მაგალითად, სპორტი. „ეს ისეთი საგანია, რაც მეტი მოსწავლე გყავს, მით უკეთ ტარდება გაკვეთილი. ამის გარდა, ერთ ან ორ ბავშვს შეჯიბრებაზეც ვერ გაიყვან, როცა დებულება ითხოვს, ასაკის მიხედვით, მოსწავლეთა გარკვეულ რაოდენობას, მაგალითად, ოთხი გოგო და ოთხი ვაჟი. არადა, ამდენი მოსწავლე, შეიძლება, სკოლას საერთოდ არ ჰყავდეს, არათუ კონკრეტული ასაკის. სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ, მოეცათ ახლომდებარე სკოლებთან გაერთიანების შესაძლებლობა და ერთიანი გუნდით მიგვეღო მონაწილეობა, მაგალითად, მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ მოსწავლეები არ დაგვეჩაგრონ. ერთ შემთხვევას მოგიყვებით – როცა დირექტორად დავინიშნე, მაგიდის ჩოგბურთისთვის დავდგი დერეფანში მაგიდა, რადგან დარბაზი არ გვაქვს. ბავშვები, დილის 8 საათზე, უკვე სკოლაში იყვნენ ხოლმე, რომ ჩოგბურთი ეთამაშათ. ისეთი გუნდი ჩამოყალიბდა, რომ რაიონულ შეჯიბრში, რაიონის მასშტაბით, მეორე ადგილი აიღეს. თუმცა, ახლა მათი ინტერესები ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა და, ეზოში ბურთის თამაშს, ტელეფონში თამაში ურჩევნიათ. ამას ისიც ემატება, რომ ბავშვებს, არაფორმალური განათლების კუთხით, ნაკლები ხელშეწყობა აქვთ. სოფელში არც სპორტული და არც სახელოვნებო წრეები ფუნქციონირებს. ვისაც სურვილი აქვს და მშობლებს — შესაძლებლობა, რაიონში დაჰყავთ, თუმცა, ესეც გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ჩემს ერთ მოსწავლეს ისე უნდოდა ფეხბურთზე სიარული, რომ ველოსიპედით დადიოდა რაიონულ ცენტრში, ფეხბურთის სექციაზე. კიდევ ერთი რამ, რაც სოფელში მცხოვრებ მოსწავლეებს ქალაქელი თანატოლებისგან განასხვავებს, საოჯახო საქმეების კეთებაა – სკოლიდან წასულ ბავშვებს მშობლების დახმარება უწევთ, პირუტყვის მოვლა ან სხვა საქმის კეთება, რაც თავისთავად რთულია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ამ ბავშვებს განსაკუთრებული პირობები და ხელის შეწყობა სჭირდებათ. ჩვენ მართლა არაფერს ვიშურებთ მათთვის.“
ერთი რამ კი მათ სხვებისგან გამოარჩევს – აქ ყველა ერთმანეთის ახლობელია, ერთმანეთზე ზრუნავს და ძალიან უფრთხილდება. დირექტორი ამბობს, რომ ამის გამო მათი ბავშვები დაცული არიან ბულინგისგან: „სკოლაში საოცარი ატმოსფეროა, ბავშვებს ერთმანეთი უყვართ და მეგობრობენ. რადგან ბუფეტი არ გვაქვს, მშობლები ატანენ ხოლმე საკვებს და ისეთი ამაღელვებელია იმის ყურება, როგორ უნაწილებენ ერთამანეთს საკუთარ ულუფას. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ისინი თანადგომას, ურთიერთობას სწავლობენ.“
ნათია ნაცვლიშვილი – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:
სამი წელია, რაც ამ პროფესიაში შევდგი ფეხი და ამ სკოლაში აღმოვჩნდი. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, გადავწყვიტე ბედი მეცადა, საგნობრივი კომპეტენცია დამედასტურებინა და აკ. წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა გამევლო. გამომივიდა – მოვიპოვე პედაგოგის კვალიფიკაცია და ამჟამად მეხუთე, მეშვიდე და მეცხრე კლასებს ვასწავლი. სამტრედიაში ვცხოვრობ და ნახევარი საათი მჭირდება ნიგორზღვის სკოლამდე მისასვლელად. ჩემი მეუღლე სკოლის დირექტორია და ჩემი შვილებიც ამ სკოლაში სწავლობენ. უფროსი შვილი, პირველ კლასში, აქ იმის გამო შევიყვანეთ, რომ სკოლას სჭირდებოდა, ახლა უკვე მეშვიდე კლასშია. წლების განმავლობაში, მას მხოლოდ შაბათ-კვირას ვნახულობდი. ახლა უმცროსიც აქ გადმოვიყვანე, მას შემდეგ, რაც მასწავლებლად დავიწყე მუშაობა.
ბუნებრივია, მასწავლებელი უფრო მეტად იხარჯები, როცა გაკვეთილზე ორი მოსწავლე გიზის, ერთგვარად, კერძო მასწავლებლის სტატუსი გაქვს შეთავსებული. მრავალრიცხოვან კლასში ბავშვის ყოველდღე გამოკითხვა თითქმის შეუძლებელია, ჩვენ ამის „ფუფუნება“ ნამდვილად გვაქვს. ჩემი მასწავლებლობის დასაწყისი ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა, პანდემიიდან გამომდინარე. არ მინდოდა, პირველივე წელს ისე ჩაევლო, რომ რაიმე პროექტი არ გამეკეთებინა. ამიტომ, მაქსიმალურად ვეცადე – ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მერვე კლასთან, დავით კლდიაშვილს გავდიოდი, ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ მწერლით; დავუკავშირდი კლდიაშვილის სახლ-მუზეუმს, ქალბატონ ლალი ღვინეფაძეს და ჩემი ჩანაფიქრი გავაცანი – მუზეუმში გაკვეთილის ჩატარება. ძალიან გაიხარა. ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა ბავშვებისთვის მწერლის შესახებ პროექტის პრეზენტაცია მის სახლ-მუზეუმში და მისივე ოჯახის წევრის (ქალბატონი ლალი დავით კლდიაშვილის შთამომავალია) მიერ მოყოლილი ამბებიც.
ჩვენი მოსწავლეები თავიანთი თანატოლების კონკურენტუნარიანები არიან. ჩემი აზრით, როგორც არ არსებობს ზღვარი კვალიფიციურ, კომპეტენტურ მასწავლებლებს შორის, მიუხედავად იმისა, სად ასწავლიან – ბარში თუ მთაში, ასევეა მოსწავლეების შემთხვევაშიც. რა მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური პედაგოგი მაღალმთიანი სოფლის სკოლაში ჩაატარებს გაკვეთილს თუ დიდი ქალაქის ცენტრში მდებარე სკოლაში? სწორედ ამიტომ, ჩემი შვილების განათლებაც ამ სკოლას ვანდე, იმ პროფესიონალებს, ვინც აქ ასწავლიან.
რა თქმა უნდა, სოფლის სკოლებს მეტი ხელშეწყობა სჭირდება, მაგალითად, უკეთესი გზა. მნიშვნელოვანია, რომ უფროსები – მშობლები იყვნენ დასაქმებულები, რაც, თავისთავად, ბავშვის განვითარებაზეც უკეთ აისახება. მშობლის გადმოსახედიდან დედას, რომელიც მთელი დღე გასულია ნაკვეთში და ფიზიკურად შრომობს, რომ შვილს საზრდო მიუტანოს, მის განათლებაზე ზრუნვისთვის ნაკლები დრო რჩება, რეალურად არ აქვს დრო, საჭიროების შემთხვევაში, გვერდით დაუჯდეს და მიეხმაროს. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს, ეს მხოლოდ სოფლის პრობლემა არ არის, ქალაქელი ბავშვებიც განიცდიან მშობლების დეფიციტს.
ირინა ხაბეიშვილი – ისტ-ის მასწავლებელი:
დისტანციურმა სწავლებამ კიდევ უფრო წამოწია ისტ-ის საჭიროება სკოლებში და წელს, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, დაემატა ამ საგნის სწავლება. რასაკვირველია, სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ტექნოლოგიების სამყაროში ბავშვები, ამ უნარების გარეშე, დაიჩაგრებიან. მათი მხრიდან ინტერესიც დიდია, უმცროსკლასელებისთვის საინტერესო თემებია შემოტანილი. სკოლაში კომპიუტერების გარკვეული რაოდენობა გვაქვს და ისტ-ის კლას-კაბინეტიც ფუქნქციონირებს, მაგრამ, პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ სწავლება უმჯობესია, რადგან რეგულაციების დაცვა კლასში უფრო რთულია. თუმცა, ჩვენ ცოტა ბავშვი გვყავს და ამას კარგად ვახერხებთ. კლას-კომპლექტს ვასწავლი — I-II კლასებს. ამ ეტაპზე, მათ ბუკები არ სჭირდებათ, უფრო თეორიულ მასალას ვასწავლით, იმ უნარ-ჩვევებს განუვითარებთ, რამაც პატარები კომპიუტერის მოხმარებამდე უნდა მიიყვანოს. 25 წელია, რაც სკოლაში გეოგრაფიას ვასწავლი, ისტ-ს კი — 10. როგორც ისტ-ის პედაგოგი, ყველაზე დიდ საჭიროებად, ცხადია, უფრო ხარისხიან ინტერნეტს დავასახელებდი.
მარიკა ლაპარტყავა – ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი:
25 წელია, ნიგორზღვას სკოლაში ქიმია-ბიოლოგიას ვასწავლი, სერტიფიცირებული მასწავლებელი ვარ. მცირეკონტინგენტიან სკოლებში, ზოგადად, მასწავლებლები კიდევ უფრო მეტად ვართ ორიენტირებულები იმაზე, რომ არაფერი დავაკლოთ ბავშვებს – სწავლების ახალ მეთოდებსაც ვიყენებთ, პატარა დაკვირვებებსა და ექსპერიმენტებსაც ვატარებთ, თვალსაჩინოებასაც ვიყენებთ, რაც სკოლაში გვაქვს და ელექტრონულ რესურსებსაც, კომპიუტერიდან მოსაძიებელ ინფორმაციებსაც ვაძლევთ ბავშვებს და ისინიც ხალისით ერთვებიან ამ პროცესში, პრეზენტაციებსაც მართავენ. რა თქმა უნდა, გარკვეული აქტივობებისთვის, უმჯობესი იქნებოდა კლასში არა ორი, არამედ მეტი მოსწავლე რომ გვყავდეს, ეს მოსწავლეთა უფრო მეტად ჩართულობასაც შეუწყობდა ხელს. სამწუხაროდ, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში, საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესი ნაკლებია და პროფესიადაც ძალიან მცირე ნაწილი ირჩევს ამ მიმართულებებს. ცხადია, ეს პრობლემა მცირეკონტინგენტიან სკოლას არ უკავშირდება, უფრო გლობალურია. თუმცა, მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, ალბათ, თანამედროვე ლაბორატორიები გადამწყვეტ როლს ითამაშებდა.
25 წელია, ნიგორზღვას სკოლაში ქიმია-ბიოლოგიას ვასწავლი, სერტიფიცირებული მასწავლებელი ვარ. მცირეკონტინგენტიან სკოლებში, ზოგადად, მასწავლებლები კიდევ უფრო მეტად ვართ ორიენტირებულები იმაზე, რომ არაფერი დავაკლოთ ბავშვებს — სწავლების ახალ მეთოდებსაც ვიყენებთ, პატარა დაკვირვებებსა და ექსპერიმენტებსაც ვატარებთ, თვალსაჩინოებასაც ვიყენებთ, რაც სკოლაში გვაქვს და ელექტრონულ რესურსებსაც, კომპიუტერიდან მოსაძიებელ ინფორმაციებსაც ვაძლევთ ბავშვებს და ისინიც ხალისით ერთვებიან ამ პროცესში, პრეზენტაციებსაც მართავენ. რა თქმა უნდა, გარკვეული აქტივობებისთვის, უმჯობესი იქნებოდა კლასში არა ორი, არამედ მეტი მოსწავლე რომ გვყავდეს, ეს მოსწავლეთა უფრო მეტად ჩართულობასაც შეუწყობდა ხელს. სამწუხაროდ, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში, საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესი ნაკლებია და პროფესიადაც ძალიან მცირე ნაწილი ირჩევს ამ მიმართულებებს. ცხადია, ეს პრობლემა მცირეკონტინგენტიან სკოლას არ უკავშირდება, უფრო გლობალურია. თუმცა, მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, ალბათ, თანამედროვე ლაბორატორიები გადამწყვეტ როლს ითამაშებდა.
თამუნა თარგამაძე – დაწყებითი სწავლების პედაგოგი:
წელს ერთი პირველკლასელი მყავს და მინდა გითხრათ, რომ სოფლის სკოლებისთვის სულაც არ არის უცხო, ერთი ან ორი ბავშვისთვის კლასის გახსნა. ისეთი წლებიც გვახსოვს, როცა საერთოდ არ გვყოლია პირველკლასელი. რაც შეეხება სწავლებას, მნიშვნელობა არ აქვს კლასში რამდენი მოსწავლე ზის, ის ისეთივე ცოდნას იღებს, როგორიც, შეიძლება, 20-მოსწავლიან კლასში მიიღოს. ერთადერთი დანაკლისია ის, რომ მას კლასელები არ ჰყავს და ისეთ აქტივობებს ვერ შევთავაზებთ, რომელიც ბავშვების გარკვეულ რაოდენობას მოითხოვს. რადგან ჩვენთან კლას-კომპლექტია, ჩემი პირველკლასელი მთლად მარტოობასაც ვერ გრძნობს, მის გვერდით, მართალია, მეორეკლასელები, მაგრამ თანატოლები მაინც არიან… მერე, დასვენებაზე, ყველანი ერთად თამაშობენ.
სკოლისთვის ძალიან სასიხარულოა ხოლმე, თუნდაც ერთი ბავშვი მაინც რომ არის სკოლაში შემომსვლელი. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სკოლა შევინარჩუნოთ, სკოლის შენარჩუნება კი, დიდწილად, სოფლის გადარჩენასაც ნიშნავს. სწორედ სკოლა ამაგრებს სოფელს — სკოლის გარეშე დარჩენილი სოფლები, ფაქტობრივად, უიმედოდ რჩებიან, კანტიკუნტად შემორჩენილ ადამიანებსაც უცრუვდებათ გული და სოფელს ტოვებენ. ადრე ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა მშობელს უარი უთქვამს შვილის პირველ კლასში მოყვანაზე, ეცოდებოდა, კლასში მარტო რომ უნდა ყოფილიყო. ამას ერთგვარი გამართლება აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, ასე ხომ შეიძლება საერთოდ დაიცალოს და წაიშალოს სოფელი. პედაგოგები თავს არ ვზოგავთ, ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ ჩვენი ბავშვებისთვის და ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ სკოლისა და სოფლის არსებობაში.
გვანცა ნიქაცაძე – პირველი კლასის მოსწავლე
სკოლა ძალიან მომეწონა. თავიდან მითხრეს, რომ კლასში მარტო ვიქნებოდი, მაგრამ მარტო არა ვარ, მეორეკლასელებთან ერთად მიტარდება გაკვეთილები, სამნი არიან, ერთი გოგო და ორი ბიჭი, ერთად კარგად ვთამაშობთ და მომწონს მათთან ყოფნა, მაგრამ კიდევ უკეთესი იქნებოდა, კლასელები რომ მყავდეს.
მათემატიკა ყველაზე მეტად მიყვარს. მინდა, ტანვარჯიშზეც ვიარო, დედამ მითხრა, რომ აუცილებლად მატარებს, ჩვენი სოფლიდან მოშორებითაა. სახლში რომ მოვდივარ, გაკვეთილებს ვსწავლობ, მერე მეზობელ ბავშვებთან დახუჭობანას ვთამაშობ. ჩემს ძაღლთანაც ბევრს ვთამაშობ, მაქსი ჰქვია, კატაც მყავს სახლში, ძალიან მიყვარს ცხოველები.
ძალიან მომწონს ექიმობა, შეიძლება ექიმი გამოვიდე. ყველაზე მეტად ვოცნებობ იმაზე, რომ გასართობ ცენტრში წამიყვანონ, დედა დამპირდა, რომ წამიყვანს.
ქრისტინა თარგამაძე – მეცხრე კლასის მოსწავლე:
პირველივე კლასიდან ამ სკოლაში ვსწავლობ, ორი თანაკლასელი მყავს, გურანდა გაგუა და რუსუდან ახალაძე. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, სულ ერთად ვთამაშობთ, მაგრამ მინდა, მეტი თანაკლასელი და მეგობარი მყავდეს. კიდევ ძალიან მინდა, სკოლაში მუსიკის წრე რომ გვქონდეს, სიამოვნებით ვივლიდი. სულ მქონდა სურვილი მუსიკის შესწავლის, მაგრამ რაიონში ვერ ვახერხებდი სიარულს. მომავალში, აუცილებლად ვივლი.
პროფესია ჯერ არ ამირჩევია, საერთოდ კი, ძალიან მომწონს ქართულის გაკვეთილები და კარგადაც ვსწავლობ. სახლში საბავშვო წიგნებიც მაქვს და ვკითხულობ ხოლმე. ძალიან მიყვარს პოეზია და გალაკტიონი. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების წაკითხვას ვაპირებ.
ირაკლი კიკვაძე – მეხუთე კლასის მოსწავლე:
მომწონს აქ სწავლა, კლასში ორი ბავშვი ვართ, მე და ჩემი მეგობარი ანა შანიძე, მაგრამ სულ მინდა, მეტნი ვიყოთ, უკეთ ვითამაშებდით და გავერთობოდით. ადრე უფრო მეტნი ვიყავით, მაგრამ სხვა სკოლაში გადავიდნენ და ახლა ორნი დავრჩით. გაკვეთილების მერე, სახლში ვვარჯიშობ ხოლმე ორძელზე, რაიონშიც დავდივარ სპორტულ წრეებზე — ტანვარჯიშსა და ძიუდოზე. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი.
წიგნებსაც ვკითხულობ ხოლმე, ბოლოს, დედასთან ერთად, ორი წიგნი წავიკითხე, უფრო მეტად მომეწონა „ბალადა გატეხილ ცხვირზე“, ერთი სპორტსმენი ბიჭის შესახებაა. კიდევ წავიკითხე „ხოჭო ბიჭი“, ესეც საინტერესო წიგნია — ხოჭო ბიჭის მამა სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაქრა.
საერთოდ, უფრო კარგად ვსწავლობ ქართულს და მათემატიკას. ვიდრე ამ სკოლაში გადმოვიდოდი, ქალაქის სკოლაში ვსწავლობდი. იქ უფრო მომწონდა იმიტომ, რომ კლასშიც და სკოლაშიც ბევრნი ვიყავით. მერე, როცა ცხრა კლასს დავამთავრებ, ისევ დიდ სკოლაში გავაგრძელებ სწავლას. ისე, ჩვენი სოფელი მომწონს.
ლალი ჯელაძე