თამუნა გრიგოლია
სსიპ ოტია იოსელიანის სახ. ქ. წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლაში ყველა მნიშვნელოვანი დღე აქტივობით, ღია გაკვეთილითა თუ შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნება. 145 წლის ძირძველ სკოლას შემოქმედებითი ღონისძიებების ჩატარების დიდი კულტურა და ტრადიცია აქვს. ამ ცოდნის კერაში ცხოვრება დუღს და სიცოცხლე ხარობს. შესაბამისად, სწავლა-სწვლების პროცესიც პოზიტიურ გარემოში მიმდინარეობს და ფორმალურ განათლებასთან ერთად არაფორმალური განათლებაც მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს. გამონაკლისი არც 15 აპრილი იყო. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, სალომე ქობალიამ, საგაკვეთილო თემას შემოქმედებითობა დაუკავშირა და, სკოლაში მიმდინარე დედაენის კვირეულის ფარგლებში, სიყვარულის დღის აღსანიშნავი საჩვენებელი ღონისძიება ჩაატარა, სახელწოდებით: „სიყვარულს დავარქვი მე შენი სახელი“ გიორგი ლეონიძის ნაწარმოების „მარიტას“ მიხედვით.
ლიტერატურულ-თეატრალურ წარმოდგენაში მონაწილეობდნენ VIIIბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი — თათია ივანიშვილი; ქართულის მასწავლებელი – სალომე ქობალია). მათ შთამბეჭდავად წარმოადგინეს „მარიტას“ სიუჟეტი და ტექსტში გადმოცემული ამბავი ცეკვებითა და სიმღერებით გაამრავალფეროვნეს. საჩვენებელი ღონისძიების მიზანი იყო: მოსწავლეთათვის გიორგი ლეონიძის შემოქმედების გაცნობა და უკეთ შესწავლა; მოსწავლეების მიერ პროზაული ნაწარმოების გააზრება და გათავისება; ავტორის შეხედულების ამოცნობა სიყვარულთან დაკავშირებით; ნაწარმოების გამომეტყველებითი კითხვით წაკითხვა, გაანალიზება და იმპროვიზება; მოსწავლეებს მხატვრული ტექსტის გაანალიზებით ემსჯელათ ადამიანის პიროვნულ თვითშეგნებასა და ბრბოს ფსიქოლოგიაზე, შესწავლილი კი დაეკავშირებინათ თანამედროვეობასთან; გაეცნობიერებინათ ფორმალურ განათლებაში არაფორმალური განათლების (მუსიკის, ცეკვის) როლი და მოსწავლეებში განმტკიცებულიყო ემპათიის გრძნობა. ღონისძიების შედეგი – ლიტერატურულ-თეატრალური კომპოზიციის შექმნა და აუდიტორიის წინაშე წარდგენა.
15 აპრილის ღონისძიება იყო ყველა ქართველი ადამიანის სულისა და გულის გამოძახილი, სიყვარულის საგალობელი და იმის სათქმელი, რომ „ყველაფერი ძველდება მზისქვეშეთში, მტვრად და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წიაღს“, მაგრამ მარადიულია სიყვარული. ის „არასოდეს არ გადავა“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, სასწავლო ნაწილის გამგე დალი სილაგაძე, სკოლის პედაგოგები, მოწვეული სტუმრები და სხვადახვა კლასის მოსწავლეები. ქალბატონმა ფაქიზომ და მოწვეულმა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს შემოქმედებითი წარმოდგენა და საუკეთესოს ტიტულიც უბოძეს.