სწავლა და სწავლება შვედეთში
შვედეთში სწავლების სისტემის საფუძველია იდეა, რომ ყველას – განურჩევლად ეროვნებისა, რწმენისა, ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობისა – აქვს სრულიად უფასოდ სწავლის უფლება. ქვეყანაში სულ რამდენიმე ფასიანი სკოლაა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ სკოლაში, იქნება ეს რელიგიური, კერძო თუ სახელმწიფო, მოსწავლეები უფასოდ სწავლობენ და იღებენ ყველაფერს, რაც აუცილებელია სასწავლო წლის განმავლობაში. სკოლა არ არიგებს ზურგჩანთებს, მაგრამ არიგებს მაკრატლებს, ქაღალდებს, ფანქრებს, აიპადებს, ნოუთბუქებს და ა.შ. გარდა ამისა, მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ჯანსაღი, გემრიელი საკვებით; ზოგი მუნიციპალიტეტი, დამატებით, ხილსაც არიგებს საუზმეზე.
შვედი ბავშვები სკოლაში 7 წლის ასაკში მიდიან, თუმცა საერთაშორისო სკოლებში, სადაც უცხოელი ბავშვები სწავლობენ, არის სკოლამდელი პროგრამები და აქ ბავშვებს 4-5 წლის ასაკიდან შეუძლიათ სწავლის დაწყება. თავიდან სასწავლო დღე 6-საათიანია, 11 წლის ასაკში ეს განრიგი შეიძლება, შეიცვალოს. 12 წლამდე ნიშნები არ იწერება. მასწავლებლები ვრცელ ანგარიშს წერენ იმის თაობაზე, რა იცის ბავშვმა და რა პრობლემები აქვს, თუმცა ეს შეფასების სისტემას არ უკავშირდება.
15 წლის ასაკში ბავშვები ირჩევენ, რომელ სკოლაში განაგრძონ სწავლა. ამ სკოლებში ყველა ძირითად საგანს ასწავლიან, მაგრამ ამასთანავე აქ მოსწავლეები მომავალი პროფესიისთვის ემზადებიან. მაგალითად, თუკი მოსწავლე მედიკოსობას აპირებს, ის გიმნაზიაში (საშუალო სკოლაში) შედის, რომელსაც ამთავრებს, როგორც კურსდამთავრებული და როგორც მედდის თანაშემწე. ბევრი სპეციალობა მთელ ქვეყანაშია გადანაწილებული, ამიტომ, ზოგი მოსწავლე ამ დროს შინიდან დადის ან ირჩევს გიმნაზიას, რომელიც ამავდროულად პანსიონიცაა.
შვედეთში საუნივერსიტეტო განათლებაც უფასოა, ასე რომ, ბევრი მოსწავლე, გიმნაზიის დასრულების შემდეგ, პირდაპირ უნივერსიტეტში შედის.
სასკოლო კალენდარი
სწავლა აგვისტოში იწყება და ივნისში მთავრდება. წლის განმავლობაში სამი გრძელი არდადეგებია: ოქტომბერში – ყველას რომ შეეძლოს თბილ ქვეყნებში მოგზაურობა; თებერვალში, რომელსაც სპორტულ არდადეგებს უძახიან და ყველას შეუძლია, ალპებში გაემგზავროს სათხილამუროდ; და აპრილში, სააღდგომო არდადეგები, ისევ უფრო თბილ ქვეყანაში გასამგზავრებლად. გარდა ამისა, ორკვირიანი არდადეგებია საშობაოდ და ექვსკვირიანი – ზაფხულში.
სკოლები ისვენებენ 12-ივე „წითელ დღეს“ – ეროვნულ დღესასწაულებზე: ასეთია შვედეთის ეროვნული დღე და რელიგიური დღესასწაულები, როგორიცაა ამაღლება, აღდგომა, შობა… სახელწოდება „წითელი დღეები“ იმ პერიოდიდან მოდის, როცა კალენდარზე უქმეები წითელი შრიფტით იყო აღნიშნული.
სანტა-ლუსია ყველაზე მნიშვნელოვანი შვედური დღესასწაულია, მაგრამ უქმე არ არის, ამიტომ ამ დღეს სკოლები და დაწესებულებები მუშაობს. ამ დღეს ოჯახში უფროსი ქალიშვილი ვიქტორიანული სტილის საღამურ პერანგში გამოეწყობა, თავზე ელემენტებით მომუშავე სანთლების გვირგვინი ადგას. ის და მისი და-ძმები მშობლებს საგანგებო, ზაფრანიანი ფუნთუშით ესალმებიან და ტრადიციულ სიმღერას მღერიან. ამ დღეს ყველა სკოლაში ლუსიების მსვლელობა ეწყობა, რომელსაც წინ მთავარი ლუსია და მისი ამალა მიუძღვება. გოგონებს სანთლების გვირგვინები ადგათ, ბიჭებს ვარსკვალავიანი ქუდები ახურავთ – ჯადოქრებივით. სასკოლო პროცესიისთვის მთავარ ლუსიას სკოლაში ირჩევენ, მშობლებისთვის ეწყობა ნახევარსაათიანი კონცერტი, სადაც სრულდება ტრადიციული შვედური საშობაო სიმღერები და სანტა-ლუსიას სიმღერები. ამის მერე ყველას ლუსიას ტრადიციულ ფუნთუშებს ურიგებენ.
შვედეთში სასკოლო დღის ხანგრძლივობა სკოლაზე, მოსწავლეების ასაკსა და მუნიციპალიტეტზეა დამოკიდებული. ძირითადად, ექვს-საათიანი დღეა, თუმცა ბევრი მოსწავლე სკოლაში, ყოველდღე, სხვადასხვა დროს დადის. ინდივიდუალური მეცადინეობები 40-60 წუთს გრძელდება, კლასები რაოდენობრივად განსხვავებულია. მშობლებს შეუძლიათ ნებისმიერი სკოლა აირჩიონ საკუთარ მუნიციპალიტეტში, ამიტომ კლასში შეიძლება, 35 მოსწავლეც იყოს, თუმცა ასეთ კლასებში მასწავლებელს თანაშემწე ჰყავს.
სასწავლო პროცესი
პედაგოგთა მთავარი მიზანი – გამოავლინონ და განავითარონ თითოეული ბავშვის ნიჭი, ასწავლონ მიზნის დასახვა და მიღწევა. პედაგოგს მკაცრი, მითითებების გამცემი მასწავლებლის კი არა, დამხმარის როლი ენიჭება. მაინც, რა არის შვედური წარმატებული განათლების სისტემის მახასიათებლები?
🔎ინდივიდუალური მიდგომა და პატივისცემა ადრეული ასაკიდან
საგანმანათლებლო პროცესი ფორმალურად ბაგაში იწყება: ბავშვების უმრავლესობა ბაგაში 1,5-2 წლის ასაკში მიდის. სკოლამდელი განათლება შვედური სისტემის განუყოფელი ნაწილია და ყველასთვის მისაწვდომია – ნებისმიერი შემოსავლის მქონე ოჯახისთვის. შვედური სკოლამდელი განათლება ბავშვის განვითარების პროცესში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თამაშს. გენდერული განათლება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, მისი მიზანია, ცხოვრებაში ყველა ბავშვს თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს, სქესის მიუხედავად. 6 წლის ასაკში ყველა ბავშვი უზრუნველყოფილია ადგილით მოსამზადებელ კლასში, სადაც ისინი ზოგადი განათლების პირველ საფეხურებს ეცნობიან.
ბავშვის პიროვნულობა და ღირსება ხელშეუხებელია. შვედეთში ბავშვებს ისეთივე პატივისცემით ექცევიან, როგორც მოზრდილებს.
ამდენად, იმის მიუხედავად, რომ კლასების უმეტესობა ჯგუფურად მეცადინეობს, მასწავლებელი არასდროს აძლევს თავს უფლებას, საჯაროდ, ერთი შეაქოს და მეორე დატუქსოს. ბავშვის მდგომარეობა ან ქცევა სკოლაში ინდივიდუალურად განიხილება, ბავშვთან და მის მშობლებთან. სკოლაში საგნის მასწავლებლებს და კლასის გარეთ მომუშავე მასწავლებლებს სპეციალიზებული ტრენინგები უტარდებათ და სერტიფიკატი მოეთხოვებათ.
🔎 არავითარი ნიშნები მეექვსე კლასამდე
VI კლასამდე მოსწავლეებს ნიშნები არ ეწერებათ. შვედები მიიჩნევენ, რომ ამან შეიძლება, გავლენა იქონიოს ინდივიდუალურ განვითარებაზე და შეჯიბრი ან სტრესი გამოიწვიოს. ბოლო ასი წლის განმავლობაში შვედეთმა ცოდნის შეფასების არაერთი სისტემა მოსინჯა. 2011 წელს სამქულიანი შეფასებიდან ექვსქულიანზე გადავიდნენ: A (სამაგალითო), B (საუცხოო), C (კარგი), D (დამაკმაყოფილებელი), E (მისაღები), F (ჩაჭრილი).
მოსწავლის შეფასების სისტემა პოლიტიკოსებსა და სკოლის თანამშრომლებს შორის გაუთავებელი, ცხარე კამათის საგანია. შვედები მიიჩნევენ, რომ დაანგარიშებაზე დაფუძნებული ნებისმიერი სისტემა ყოველთვის არასრულყოფილია და უსამართლო. ამდენად, შეფასების სისტემისადმი ახლებური დამოკიდებულება გამუდმებული განხილვის საგანია პარლამენტსა და მუნიციპალურ ხელისუფლებაში.
🔎 განათლება თამაშით
I-III კლასებში სასწავლო პროგრამა მოიცავს მათემატიკას, შვედურს, მეოჯახეობას, სოციალურ გაკვეთილებსა და ბუნებისმეტყველებას. გაკვეთილებს, ძირითადად, თამაშის ფორმა აქვს. 7-10 წლის ასაკში ბავშვები აქტიურად ერთვებიან სოციალური მეცნიერების გაკვეთილებში და განიხილავენ, რა ხდება მსოფლიოში. მაგალითად, ერთად უყურებენ ახალი ამბების პროგრამას ბავშვებისთვის, რომელიც ყოველდღიურად გადაიცემა შვედეთის ტელევიზიით და მარტივად და ნათლად აცნობს ბავშვებს შვედეთში თუ მსოფლიოში მომხდარ ახალ ამბებს. ამის შემდეგ მსჯელობენ ნანახსა და მოსმენილზე.
III კლასიდან ბავშვები ინგლისურის სწავლას იწყებენ. ჯერ გრამატიკასა და დაზეპირებაზე არავინ აწუხებთ. სწავლობენ მარტივ სიმღერებს, დათვლას, თამაშისას სწავლობენ რამდენიმე სიტყვას და გამოთქმას.
ცხრილში არის ფიზიკური აღზრდაც, ოღონდ, უმეტესად, მობილური თამაშებით და თუ შესაფერისი ამინდია, ბუნებაში გასვლით. ბავშვებს, ყველაზე მეტად, მეოჯახეობის გაკვეთილები უყვართ. ბიჭები და გოგონები ერთად სწავლობენ კერვას და ქსოვას, თავისი ხელით აკეთებენ სათამაშოებს და მარტივ საოჯახო ნივთებს, კერძებს ამზადებენ და აცხობენ მარტივი რეცეპტებით.
შემდგომში საგრძნობლად იზრდება როგორც დატვირთვა, ასევე ცოდნისა და უნარების მოთხოვნები. მეტი საშინაო დავალება აქვთ, შესაძლებლობა ეძლევათ, დამოუკიდებლად აირჩიონ საგნები. მაგალითად, VI კლასიდან შეუძლიათ, ინგლისურის გარდა, კიდევ ერთი ენის არჩევა. ყველაზე პოპულარული ენებია გერმანული, ფრანგული და ესპანური. ბოლო წლებში, სასწავლო პროგრამებში, მეტი ყურადღება ექცევა თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებასა და გამოყენებას.
🔎 ფსიქოლოგიური კომფორტი პრიორიტეტია
ბავშვების ფსიქოლოგიური სიჯანსაღე შვედურ სკოლებში პრიორიტეტია. ყველა სკოლაში არის ზედამხედველი, რომელსაც ბავშვები მიმართავენ სალაპარაკოდ ნებისმიერ თემაზე – აკადემიური მოსწრების პრობლემებზე, სირთულეებზე ოჯახში თუ თანატოლებთან. გარდა ამისა, მასწავლებლებს რეგულარულად აქვთ ინდივიდუალური საუბრები ყოველ ბავშვთან, რომლის დროსაც ცდილობენ, გაარკვიონ, რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს ბავშვი კლასში, თანაკლასელთა შორის, აქვს თუ არა დრო სამეცადინოდ, მშობლებს დამატებითი დახმარება ხომ არ სჭირდებათ.
ყოველი სასწავლო წლის დასაწყისსა და ბოლოს მოსწავლეები ფასდებიან ინდივიდუალურად, ბავშვსა და მშობლებთან გასაუბრების შემდეგ. ამ საუბრის მიზანია, ბავშვის დახმარება, სწავლისას პრობლემური სფეროების დადგენა და იმის გაგება, რაზე უნდა იმუშაოს მომავალში. მასწავლებელი მხოლოდ მოდერატორია, მიმართულებას აძლევს კითხვებით, ეხმარება ბავშვს აზრის ჩამოყალიბებაში, მაგრამ თავს არ ახვევს საკუთარ შეხედულებას.
🔎 პასუხი თუ იცი, დაასაბუთე
პრობლემის გადაწყვეტისას, მაგალითად, მათემატიკაში, ფიზიკაში ან ქიმიაში, შვედური სკოლა ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ აზროვნებს, როგორ აანალიზებს ბავშვი საკითხს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებითია არა მარტო სწორი პასუხის გაცემა, არამედ იმის ჩვენება, თუ როგორ მივიდა მოსწავლე ამ გადაწყვეტამდე.
🔎 განათლება ყველასთვის
მოსწავლეები, რომლებსაც უჭირთ კითხვა და/ან წერა, უზრუნველყოფილი არიან მასწავლებლის დამატებითი, ინდივიდუალური დახმარებით. ზოგიერთი ბავშვისთვის შეიძლება, გამოწვევა იყოს ფოკუსირება მასწავლებლის ნათქვამზე. სტატისტიკურად, ყველა კლასში არის ბავშვი ADHD (ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიური აშლილობა) დიაგნოზით. ამ ბავშვებს სპეციალური ხელშეწყობა სჭირდებათ, რათა ისწავლონ კონცენტრირება, როგორ არ გადაიტანონ ყურადღება სხვა რამეზე. მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მუშავდება, რათა თანატოლებს არ ჩამორჩნენ და სრულად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
♦ ♦ ♦
შვედეთი საუცხოო ქვეყანაა სწავლისა და სწავლებისთვის. მასწავლებელი თავად ირჩევს, რა და როგორ ასწავლოს, სკოლა კი დროს გამოჰყოფს პედაგოგების აქტიური თანამშრომლობისთვის. ქვეყანაში ბევრი მინი-სკოლაა, რომლებსაც მუნიციპალიტეტი განაგებს. ეს სკოლები მასწავლებლებს სასწავლო პროგრამების გაუმჯობესებაში ეხმარება. მაგალითად, მასწავლებლები იძახებენ „ბუნების სკოლას“ და უხსნიან, რა ტიპის გაკვეთილის ჩატარება უნდათ, „ბუნების სკოლის“ მასწავლებლები კი ამ გაკვეთილის ორგანიზებას კისრულობენ და ბავშვები სასწავლად ბუნებაში გაჰყავთ. არის „კულტურის სკოლები“, სადაც ტარდება მეცადინეობები ცეკვაში, მუსიკასა და დრამატულ ხელოვნებაში. გაკვეთილებზე იყენებენ ყუთებს არტეფაქტებით; ყველა ეს რესურსი ხელმისაწვდომია და მასწავლებლებს ბავშვების დაინტერესებაში ეხმარება.
The ESL Nexus-ისა და Daily Scandinavian-ის მასალების მიხედვით
მოამზადა ნინო მეტრეველმა