31 ოქტომბერი, პარასკევი, 2025

საჯარო სამსახურში ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმების ახალი რეგულაციები

2025 წლის პირველი ნოემბრიდან, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სამსახურში (გამონაკლისის გარდა) ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება დაუშვებელი იქნება. კერძოდ, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს არ ექნებათ უფლება დაიკავონ სხვა ანაზღაურებადი სამუშაო სხვა საჯარო სამსახურებში.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპებსა და სახელმწიფო საწარმოებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს უფლება ექნებათ, ასრულებდნენ რაიმე სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, ეკავოთ აკადემიური თანამდებობა ან იღებდნენ სხვა სარგებელს მხოლოდ ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტარმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, 2 პოზიციაზე დასაქმებულ საჯარო მოხელეს ანაზღაურების დააბრუნება მოუწევს: „თუკი ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების მიუხედავად, პირი არის დასაქმებული ორ ანაზღაურებად სამსახურში კანონის საწინააღმდეგო, ვალდებული იქნება გათავისუფლდეს ორივე სამსახურიდან, 2 წლის განმავლობაში აეკრძალება სხვა საჯარო სამსახურში დასაქმება და ვალდებული იქნება ანაზღაურება, რომელსაც კანონის დარღვევის პერიოდში იღებდა, დააბრუნოს ბიუჯეტის სასარგებლოდ“.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განმარტებით: „სიახლე ვრცელდება განათლების სექტორზეც. კერძოდ, ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას, საჯარო მოსამსახურე და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირი, მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობით შეძლებს – ხელმძღვანელის თანხმობას ერთწლიანი ვადა აქვს.

რაც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებას, ამ შემთხვევაშიც, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობაა საჭირო, რომელიც კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაიცემა.

საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს (მათ შორის, სსიპ-ში, საჯარო ა(ა)იპ-ში ან შპს-ში) პარალელურად შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს კერძო სექტორში მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობით. თანხმობას ამ ერთწლიანი ვადა აქვს.

თანხმობების გაცემაზე გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში მიიღება და მისი გასაჩივრება კანონის მოქმედებას არ აჩერებს“.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, ისიც ითქვა, რომ „მთავრობას ექნება შესაძლებლობა, შექმნას ე.წ. დეფიციტური პროფესიების სია და იმ უწყებების ჩამონათვალი, რომელზეც არ გავრცელდება კანონის ეს განაწესი“.

ასეთი გამონაკლისია სამეცნიერო, პედაგოგიური, სემოქმედებითი და სპორტული საქმიანობა, ასევე საქართველოს თავდაცვისძალების რეზერვში საქმიანობა.

გთავაზობთ განათლების სფეროში დასაქმებულთა ჩამონათვალს, ვის მიენიჭა უფლება, პარალელურად იმუშაოს საჯარო სამსახურში:

ა) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტი;

გ) ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი;

დ) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი;

ვ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი;

ზ) ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი;

თ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი;

ი) სააპელაციო საბჭოს წევრი;

კ) ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებათა სახელმძღვანელოს რეცენზენტი/ტექნიკური რეცენზენტი;

ლ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დასაქმებული აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი;

მ) ადრეული, სკოლამდელი აღზრდისა და არაფორმალური განათლების დაწესებულებასი დასაქმებული აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი;

ნ) ტესტების/საგამოცდო მასალების შემქმნელი;

ო) საგამოცდო პროცესის მეთვალყურე;

პ) საგამოცდო პროცესის რეგისტრატორი;

ჟ) ბრაილის ოპერატორი; ბრაილის კორექტორი; ბრაილის ტესტების რედაქტორი; ბრაილის ექსპერტი;

რ) გამსწორებელი;

ს) ტესტური დავალების ლაპარაკის ნაწილის შერჩევის სპეციალისტი;

ტ) ზეპირგამომცდელი (KET, PET, CAE, YLE და FCE გამოცდები);

უ) განათლების ექსპერტი: პროფესიული განათლების ექსპერტი/დარგობრივი/მეთოდოლოგიური ექსპერტი, კვალიფიკაციების შემუშავებაში/განვითარებასი ჩართული დარგის ექსპერტები და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის სპეციალისტები;

ფ) ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი;

ქ) ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებათა სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შემქმნელი;

ღ) პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი;

ყ) ინკლუზიური განათლების სპეციალისტი;

შ) საგანმანათლებლო სფეროში სოციალური მუშაკი;

ჩ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური;

ც) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი (მათ შორის, სპეციალიზებული საკონსულტაციო მიმართულებითა და ქცევის სირთულეების მიმართულებით);

ძ) საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორი;

წ) პროფესიული ზედამხედველი (ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების, ფსიქოლოგიური, სოციალური მუშაობის მიმართულებით).

მსგავსი სიახლეები

აქტუალური თემები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

პროფესიული განათლება