საქართველოში ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხი ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. საზოგადოების აღქმაში, ხშირად, სტერეოტიპულად, ის ქვემო ქართლის რეგიონსა და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების თემებს უკავშირდება. ამ საკითხებზე არაერთი კვლევაა ჩატარებული, თუმცა, მსგავსი ვიწრო ფოკუსით, ეს პირველი მცდელობაა. კვლევის მიზანი იყო ადრეულ ასაკში ქორწინების მხარდამჭერი მშობლების მოსაზრებების და მათი გადაწყვეტილებების სიღრმისეული შესწავლა; სახელმწიფო უწყებების, ფოკუს ჯგუფების, თემის წევრების განწყობები და შეხედულებები. ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე, ანგარიში მომზადდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, პლატფორმა „სალამთან“ თანამშრომლობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
ვფიქრობთ, კვლევის შედეგები მრავალმხრივ საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის, რადგან მასში იკითხება ის ტენდენცია და დინამიკა, რაც რეალურად არსებობს ჩვენს საზოგადოებაში ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების თაობაზე.
📌ადგილობრივი და სახელმწიფო უწყებების განწყობები და სამუშაო პრაქტიკები
კვლევის ფარგლებში, შეხვედრები ჩატარდა ქვემო ქართლის შვიდივე თვითმმართველ ერთეულთან/თვითმმართველი ერთეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებთან. საბჭოს წევრების აბსოლუტურ უმრავლესობას უჭირს პასუხი გასცეს შეკითხვას, თუ როგორ მუშაობენ ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ძირითად შემთხვევებში, გამოვლენილი სტერეოტიპული ხედვა გვაფიქრებინებს, რომ სათანადოდ ვერც ხედავენ საკითხზე მუშაობის საჭიროებას. მოსახლეობა არც არის ინფორმირებული გენდერული თანასწორობის საბჭოების არსებობის შესახებ და შესაბამისად, არ მიმართავენ მათ, ასეთი ფაქტი არც ერთ თვითმმართველობაში არ ფიქსირდება. თავად საბჭოს წევრების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს პრაქტიკა (ადრეულ ასაკში ქორწინება) დაკავშირებულია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ტრადიციებთან და მათი ცნობიერების დაბალ დონესთან. მათივე თქმით, საჭიროა უფრო ძლიერი სადამსჯელო მექანიზმები, რათა მშობლებს შეეშინდეთ და შეეშვან საკუთარი შვილების ადრეულ ასაკში დაოჯახებას. ამბობენ, რომ ამ მიმართულებით „ბევრი არაფერი შეუძლიათ“ და თავიანთ როლს მხოლოდ საინფორმაციო შეხვედრებში ხედავენ. საბჭოს წევრთა უმრავლესობა არ ფლობს სათანადო ინფორმაციას რეფერირების პროცედურების შესახებ, ნაკლებად თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან, პრობლემურია უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობაც.
📌 შსს-ს ქვემო ქართლის რაიონული სამმართველოების წარმომადგენლებთან გასაუბრების შედეგები
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე მომუშავე შსს-ს თანამშრომლების უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია. მათი აზრით, ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების პრაქტიკა, ძირითადად, ეთნიკური უმცირესობებისთვისაა დამახასიათებელი და მათი ტრადიციებიდან და კულტურიდან მომდინარეობს, ასევე, მიუღებელ ნორმად მიაჩნიათ პოლიციისათვის მიმართვა. მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეთნიკურ უმრავლესობებში ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შეცვლა შეუძლებელია და აქედან გამომდინარე, რეაგირების საჭიროებასაც ვერ ხედავენ – ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე არასათანადო რეაგირებაც მათ შეხედულებებსა და განწყობებს უკავშირდება. ასეთი ფრაზაც ითქვა „სოციალური სიდუხჭირე არაა მიზეზი, სისხლში აქვთ ეს ტრადიციები, ყარაჯალაში ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეა“.
რესპონდენტები იმასაც ამბობენ, რომ კონტროლითა და სადამსჯელო მექანიზმებით პრობლემა ვერ მოგვარდება. საჭიროა დამატებითი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს უმცირესობათა წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში; პოლიციელებმა ხაზგასმით ისაუბრეს სოციალური მუშაკების საჭიროებაზე. მათი მოსაზრებით, ადრეულ ასაკში ქორწინება „ეკონომიკური სარგებლის მიღების ან ეკონომიკური ტვირთის მოშორების“ სურვილითაა გამოწვეული.
სისტემურ პრობლემებზე საუბრის დროს, პოლიციელები თითქმის არ საუბრობენ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე, უმცირესობების წინაშე არსებულ ბარიერებზე და უპერსპექტივობის განცდაზე; თვალშისაცემია პოლიციელების მიერ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების იერარქიზების პრაქტიკა, რეგიონების მიხედვით. ერთ-ერთი პოლიციელის აზრით, „მარნეულში მეტად განვითარებული მოსახლეობაა, რადგან განათლებას უფრო მიაქციეს ყურადღება, დმანისი უფრო შორია და ნაკლებად ექცევა ყურადღება განათლებას“.
📌 საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან გასაუბრების შედეგები
ბუნებრივია, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია პრობლემის მოგვარებისთვის. მათთან შეხვედრამ აჩვენა, რომ ადრეული ქორწინების მიზეზად, ისე როგორც სხვა უწყებები, რესურსცენტრის თანამშრომელთა უმრავლესობაც ტრადიციებსა და რელიგიას მიიჩნევს. „მათ ასე ესმით“ – ამბობენ ისინი.
შეხვედრისას ისიც აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, ადრეული ქორწინების შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო. ახლა სკოლის გაცდენის და მიტოვების საფუძველი ხშირად საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლაა… ამიტომაც, რესპონდენტების აზრით, საჭიროა სტატისტიკის წარმოება, რეფერირების დოკუმენტს ყველა მასწავლებელი უნდა იცნობდეს და მასზე პასუხისმგებელი სკოლის დირექტორია და არა რესურსცენტრი.
რესურსცენტრების თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ხშირად ადრეულ ასაკში ბავშვთა ქორწინების წამახალისებლები თავად მშობლები არიან, ამიტომ „საჭიროა მშობლებთან საუბრები და მათთან მუშაობა, რადგან სწორედ მშობელია მთავარი რგოლი“. რესპონდენტები, მშობლების ამ დამოკიდებულებას მათი მწირი განათლებითა და მენტალობით ხსნიან, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები და სიღარიბე, მათი აზრით, პრობლემის მთავარი მიზეზი არ არის.
კიდევ ერთი, მათი აზრით, მნიშვნელოვანი ნაწილი ამ საზიანო პრაქტიკისგან თავის დასაღწევად 1+4 პროგრამის კრიტიკული როლია, რომელიც უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. კონკრეტულად რა პოზიტიურ როლს შეასრულებენ ისინი ამ პროცესში, გამოკვეთილად, ამის შესახებ არ საუბრობენ; ვერ იხსენებენ, ბოლო წლებში, განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილ ვერც ერთ აქტივობას, გარდა ტრენინგების ჩატარებისა და საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვისა, მათ უჭირთ კონკრეტული ნაბიჯების დასახელება.
📌 სოციალურ მუშაკებთან გასაუბრების შედეგები
ამ შეხვედრის მონაწილენი ეთნიკურად ქართველები იყვნენ. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობისას ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა ექმნებათ. ხშირად სოციალური მუშაკები სოფლებში დამოუკიდებლად ჩასვლასაც კი ერიდებიან. მათი აბსოლუტური უმრავლესობა, სხვა უწყებების მსგავსად, არსებულ პრობლემას აზერბაიჯანულ თემში, მათი კულტურითა და ტრადიციებით ხსნის, ნაწილი მიიჩნევს, რომ „საჭიროა არა მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული მუშაობა, არამედ შესაბამისი ორგანოების და უწყებების (სკოლა, თვითმმართველობა, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ა.შ.) ცნობიერების ამაღლება“; სოციალური მუშაკების ნაწილი სპეციალური გზამკვლევი დოკუმენტის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც მათ ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხზე მუშაობაში დაეხმარება. ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, მათივე დაკვირვებით, მშობლებთან და ოჯახებთან ამ საკითხზე პრაქტიკული მუშაობა ხშირად იწვევს დადებით შედეგებს განწყობებში, თუმცა ისეთ შემთხვევებსაც ასახელებენ, როცა გოგონები თავად ცდილობენ, ადრეულ ასაკში ქორწინებით, თავი დააღწიონ მშობლებთან არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, სიღარიბესა და უპერსპექტივობას; ასახელებენ ასევე არაქართულენოვან სკოლებში განათლების დაბალ დონეს, პედაგოგთა არასათანადო კვალიფიკაციას; აქვთ განცდა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მშობლები გოგონებს შვილადაც არ მიიჩნევენ – „მათ ბიჭი შვილი უფრო უყვართ, ვიდრე გოგო, რადგან გოგო მალე წავა სახლიდან და ბიჭი რჩება“; რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ საწყის ეტაპზე, სოციალური მუშაკების ჩართულობა პრობლემის მოგვარებაში, მშობლების მხრიდან, მათი ოჯახის საქმეში ჩარევად აღიქმებოდა. ქალები ამბობენ, რომ ეს მათი წინაპრების ტრადიციაა, მამაკაცები აგრესიულები ხდებიან. სკოლის დირექტორები და პედაგოგები მალავენ მსგავს შემთხვევებს, რადგან ამავე თემის წარმომადგენლები არიან.
რაც შეეხება სოცმუშაკების თავად ბავშვებთან მუშაობას, ისინი ამბობენ, რომ ხშირად მოზარდებს უძნელდებათ ქორწინების იდენტიფიცირება, გოგონები აცხადებენ, რომ მათ ოჯახმა შეურჩია საქმრო და პრეტენზია არ აქვთ, რადგან ბავშვობიდან შეგუებული არიან ამ რეალობასთან.
📌 ადრეულ ასაკში ქორწინების გამოცდილების მქონე თემის წევრთა განწყობები
ადრეულ ასაკში ქორწინების გამოცდილების მქონე პირები მიიჩნევენ, რომ ამგვარი პრაქტიკა მათ გარშემო ჯერ კიდევ ძლიერია, თუმცა, ბოლო წლებში, საგრძნობლად იკლო. მათივე აზრით, ადრეულ ასაკში ქორწინების ძირითადი გამომწვევი მიზეზები სიღარიბე, განათლების გამოწვევები/უპერსპექტივობა, პატრიარქატი და ცრუ ტრადიციებია.
- ერთ-ერთი რესპონდენტის თანახმად: „ხშირად გოგონები ძალიან მკაცრ და ჩაკეტილ გარემოში არიან გაზრდილნი და აქედან გათავისუფლება უნდათ. ძალიან რომანტიზებულია ქორწილი და მისი შემდეგი პერიოდიც. უცნაურია, მაგრამ შენ თავს უფრო ღირებულად გრძნობ, იმიტომ, რომ საზოგადოება სხვანაირად გიყურებს, შენ აზრს გეკითხებიან. ასევე, პედაგოგების მიდგომა ახალგაზრდებთან ურთიერთობებში, მე მგონია, რომ პრობლემურია. მოზარდში განათლების მიღების სურვილს ხშირად ვერ აყალიბებენ მასწავლებლები და განათლებას რომ არ იღებს ან ვერ იღებს, მაშინ დაქორწინება მეორე გარდაუვალი ალტერნატივა ხდება“ (სიღრმისეული ინტერვიუ ადრეულ ასაკში ქორწინების გამოცდილების მქონე პირთან, 20 წლის);
- ადრეული ქორწინების ჯერ კიდევ არსებული შემთხვევები სახელმწიფოს არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია: „მე ვიცოდი, რომ იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ვცხოვრობ, პოლიციელების საკმაოდ დიდი ნაწილი ნათესავია. ამიტომ, რომც დამერეკა პოლიციელთან, ვიცოდი, რომ ის სანათესაო კავშირი ყველაფერს ისე მოაგვარებდა, როგორც მათ მოუნდებოდათ. ვიცოდი, რომ ჩემი ხმა და ჩემი აზრი არასოდეს მოისმინებოდა. ამიტომ, რა აზრი ჰქონდა დარეკვას, ვინ დამიცავდა?! ბოლოს მე მექნებოდა ცუდი შვილის დაღი. ამ საკითხში, სამწუხაროდ, რაც არ უნდა ძლიერი იყოს კანონი, შენი ოჯახის კავშირები მაინც იმდენად ძლიერი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ამ კანონს გვერდი აუაროს“ (სიღრმისეული ინტერვიუ ადრეულ ასაკში ქორწინების გამოცდილების მქონე პირთან, 22 წლის);
- სკოლის როლსა და მნიშვნელობაზე საუბრისას, ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს: „ჩვენს სკოლაში არ მახსოვს ჩატარებულიყო რაიმე საინფორმაციო შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით. პირიქით, თავად სკოლაც თვალს ხუჭავს ამ ფაქტებზე. მე-9 კლასში ვიყავი, სკოლა რომ მივატოვე, არავინ დაინტერესებულა მიზეზით. ის კი იცოდნენ, რომ გამათხოვეს, მაგრამ რამე ნაბიჯი არ გადადგმულა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, არა და როგორი იმედი მქონდა. თან ჩემი სკოლა ვითომ ქალაქის სკოლაა“ (სიღრმისეული ინტერვიუ ადრეულ ასაკში ქორწინების გამოცდილების მქონე პირთან, 22 წლის).
ადრეულ ასაკში ქორწინების გამოცდილების მქონე ყველა რესპონდენტი ნეგატიურად აფასებს ამ პრაქტიკას და, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, სურთ შეეწინააღმდეგონ მას. „მე 15 წლის ასაკში გამათხოვეს. სიმართლე გითხრათ, მაშინ მიხაროდა კიდეც, ხოლო ჩემს მშობლებს ალბათ ნამდვილად ეგონათ, რომ ჩემთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას იღებდნენ. შემდეგ იყო ოჯახის მძიმე ტვირთი, ბავშვები, ჩემი მეუღლეც ძალიან ახალგაზრდა იყო. მძიმეა ადრეულ ასაკში ქორწინება. ახლა გადაწყვეტილი მაქვს, რომ სხვა შესაძლებლობებიც არსებობს და არ ვაპირებ, რომ ჩემი შვილი ადრეულ ასაკში გავათხოვო, უნდა ვასწავლო, ვხედავ, რომ ბევრი რამ სხვანაირადაც შესაძლოა მოხდეს. ჩემს ბავშვობაში, არც მე და არც ჩემი მშობლები, სხვა შესაძლებლობებს ვერ ვხედავდით“ (სიღრმისეული ინტერვიუ ადრეულ ასაკში ქორწინების გამოცდილების მქონე პირთან, 30 წლის).
📌 ახალგაზრდების განწყობები
ფოკუსჯგუფების მონაწილე თითქმის ყველა ახალგაზრდა უარყოფითად აფასებს ადრეულ ასაკში ქორწინების მავნე პრაქტიკას. მათი აზრით, ეს არის პრობლემა, რომელსაც ყველაზე მეტად ეჯახებიან გოგონები, მათ გაუჭირდათ ადრეულ ასაკში დაქორწინებული ბიჭის გახსენება. რეგიონებში ადრეული ქორწინების ფაქტების აღკვეთის კუთხით უარყოფითად აფასებენ ადგილობრივი პოლიციის საქმიანობას. შეშფოთებას გამოხატავენ იძულებით გატაცების ფაქტებზე პოლიციის რეაგირებასთან დაკავშირებით; გოგოზე სექსუალური ძალადობის შემთხვევისას პოლიციელი მხარეების შერიგებას ელოდება. ფოკუსში მონაწილე ახალგაზრდები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ პოლიციელის ნდობა. „პოლიციელის როლს და ძალას, ამ კუთხით, საერთოდ ვერ ვხედავ და არ ვენდობი… ჩვენს სოფელში გვყავს პოლიციელი, რამდენიმე შემთხვევა მოხდა ადრეული ქორწინების, მან იცოდა ამის შესახებ, მაგრამ სოფლის მოსახლეობასთან ურთიერთობის არგაფუჭების მოტივით არანაირი რეაგირება არ მოახდინა ამ შემთხვევებზე, მეტიც, ის წავიდა და 14 წლის გოგოს ქორწილში კარგად ჭამა და დალია“….
რესპონდენტები ასევე პრობლემურად აფასებენ, ამ საკითხთან მიმართებით, სკოლის როლსაც. ახალგაზრდების ფოკუსჯგუფებში და ადრეული ქორწინების გამოცდილების ქალებში გამოითქვა მოსაზრება, რომ სკოლის ადმინისტრაცია, სხვადასხვა მიზეზით, თვალს ხუჭავს ბავშვთა ქორწინების ფაქტებზე.
„ჩემი და მე-10 კლასიდან გაათხოვეს და ქორწილი გადაუხადეს, სკოლამ ამ ფაქტზე არა თუ თვალი დახუჭა, სკოლის დირექტორმა უკმაყოფილებაც გამოხატა, რომ ქორწილში არ დაპატიჟეს“ — ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი. ასევე გამოითქვა აზრი, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების გამომწვევი მიზეზები შესაძლოა, რელიგიასა და კულტურაშიც იყოს. თუმცა ახალგაზრდების ორივე ფოკუს ჯგუფში თანაბრად ძლიერი იყო მოსაზრება, რომ ამ პრაქტიკას კავშირი არ აქვს მათ რელიგიასთან. „მგონია, ეს დამოკიდებულება რელიგიის მიმართ პირიქით, ცუდ როლს თამაშობს ამ საკითხის მოგვარებაში“ (ფოკუს ჯგუფის მონაწილე, 21 წლის ახალგაზრდა).
📌 მშობლების განწყობები
მშობლების ფოკუს ჯგუფების მონაწილეები ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკას სრულიად ნეგატიურად არ აფასებენ და მას წინაპრებისგან შემორჩენილ წესად განიხილავენ. მათი აზრით, ოჯახის შექმნა ნებისმიერ ასაკში მძიმე ტვირთია და რაც უფრო ადრეულ ასაკში შევა ადამიანი ამ სივრცეში, მით მალე იწყებს საკუთარი პასუხისმგებლობების გააზრებას. ყველა მათგანმა იცის, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება საქართველოში დაუშვებელი და აკრძალულია. თუმცა, იმასაც ხედავენ, რომ ხშირად, არავინ ისჯება ამის გამო. ამასთანავე, ზოგიერთი ფოკუს ჯგუფის მონაწილე მშობელი სადამსჯელო მექანიზმებს ნეგატიურად აღიქვამს. „არა მგონია, რომ პოლიციას და სახელმწიფოს უფრო მეტად უყვარს ჩემი შვილი, ვიდრე მე და ჩემზე მეტად უნდა, რომ ჩემი შვილი ბედნიერი იყოს. ამიტომ, ვერავინ ამიკრძალავს, თუ როგორ უნდა მოვიქცე მე ჩემს ოჯახში და ჩემს შვილებთან. როცა გვიჭირს, ვინ მოდის და ვინ გვეხმარება? სულ დაჭერაზე რომ იყურებიან“ (ფოკუს ჯგუფის მონაწილე მშობელი, 48 წლის).
თუმცა ამ პირობებშიც, შეხვედრების დროს, ადრეული ქორწინების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ქალი მშობლები, ხშირად ამჟღავნებენ რადიკალურ მოსაზრებებს. „მე უნდა მოვკვდე, რომ შეძლონ ჩემი ქალიშვილის დაქორწინება ადრეულ ასაკში. მე თავად ვიყავი ბავშვი პატარძალი. 14 წლის ასაკში დამაქორწინეს, ცხოვრების, ოჯახის აღქმა არ მქონდა ჩამოყალიბებული და არ ვიცოდი, რა მელოდა წინ. ახლაც მაწუხებს ინტიმური ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები. ამიტომ ჩემს სამივე შვილს ამ საკითხებზე აქტიურად ვესაუბრები, მათი პატარა ასაკის მიუხედავად. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დედის მხრიდან მკაცრი პოზიციის დაჭერა“ (ფოკუს ჯგუფის მონაწილე მშობელი, 33 წლის).
ხშირად მშობლები უსაფრთხოებისა და შვილებზე ზრუნვის საკითხებზეც საუბრობენ. მშობლების ფოკუს ჯგუფების მონაწილეების დისკუსიების მიხედვით, ხშირად ისეთი ბაზისური საკითხებიც კი, როგორიცაა სოფლებში ტრანსპორტის და გარე განათების არარსებობა, ადამიანის უსაფრთხოების დაცვაზე სახელმწიფოს არასათანადო ზრუნვის შედეგია. აცხადებენ, რომ მართალია, დღეს სიტუაცია შედარებით შეიცვალა, თუმცა პრობლემები მაინც რჩება. ერთ-ერთი მშობელი აცხადებს, რომ ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, სამივე შვილს ვერ ასწავლის. შესაბამისად, არჩევანი მხოლოდ ერთ შვილზე უნდა გააკეთოს, ხოლო დანარჩენები უნდა დასაქმდნენ და დაქორწინდნენ და საკუთარ თავს მიხედონ. „როგორ ვასწავლო ყველას? სად მაქვს ამისი ფული? მეც ხომ ადამიანი ვარ? თქვენ იცით, რა ჯდება თბილისში ერთი ბავშვის სწავლება, მისი ქირა, გზა, ჭამა, სმა და ა.შ.“ (ფოკუს ჯგუფის მონაწილე მშობელი, 41 წლის).
განსხვავებულია, დაახლოებით, ამავე ასაკის მშობლის მოსაზრება: „მე მგონია, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება ჩვენი ადათია და არა რელიგია… მე მაქვს წაკითხული ყურანი. იქ ქალი პატივცემულია. ისლამი სამართლიანობის რელიგიაა. ეს ჩვენი ხალხის ბრალია, რადგანაც არ გვაქვს განათლება და არ ვიცით კანონები“ – ამბობს ის.
♦ ♦ ♦
კვლევის ფარგლებში გამოვლენილი ძირითადი მიგნებების საფუძველზე, შემუშავებულია შესაბამისი დასკვნა და რეკომენდაციები მონაწილე უწყებებისა თუ ფოკუს ჯგუფებისათვის. პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, გამოსავლის გზების ძიების პროცესში, სახელმწიფო ვალდებულია, სიღრმისეულად შეისწავლოს და სწორად გაიაზროს პრობლემის საფუძვლები. პრევენციული თუ რეაქციული ღონისძიებების დაგეგმვა პრობლემის ეფექტიან გადაჭრას უნდა უწყობდეს ხელს და არა ეთნიკური ჯგუფების მიმართ სტერეოტიპებისა და ცრურწმენების გაღრმავებას.
მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა