ქიმია
მე-10 კლასის მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნები შესაბამისობაშია ეროვნული სასწავლო
გეგმის მიზნებთან. სახელმძღვანელოში სამიზნე ცნებებთან დაკავშრებული საკითხები დაწერილია მოსწავლისა და მასწავლებლისთვის გასაგები ენით.
მასწავლებლის წიგნი განკუთვნილია X კლასის ქიმიის მასწავლებლებისთვის. წიგნი არის დამხმარე მასალა, რომელიც მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში დაეხმარება.
მასწავლებლის წიგნში მოცემულია:
⇒ მე-10 კლასის ქიმიის სახელმძღვანელოს კონცეფცია;
⇒ წლიური სასწავლო პროგრამის/სასკოლო კურიკულუმის აგების პრინციპები;
⇒ ქიმიის როგორც საბუნებისმეტყველო საგნის, სწავლების სპეციფიკური მიდგომები;
⇒ კოგნიტური უნარები და სწავლების სტრატეგიები;
⇒ თემატური მატრიცები, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი კომპლექსური დავალებების ნიმუშები თემების მიხედვით და მათი განხორციელების ეტაპები;
⇒ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების ნიმუშები შესაბამისი შეფასების რუბრიკებით;
⇒ დამატებითი საგანმანათლებლო რესურსები.
ვფიქრობთ, წიგნში მოცემული მასალა მასწავლებელს დაეხმარება წლის განმავლობაში განსახორციელებელი მიზნების რეალიზებაში. წარმოდგენილ ნიმუშებში დეტალურადაა აღწერილი კვლევა-ძიებაზე დაფუძნებული სწავლების მაგალითები, რაც მათ თითოეული თემის გაკვეთილების შესაბამისი აქტივობების უკეთ დაგეგმვას გაუადვილებს.
მოსწავლის წიგნში წარმოდგენილი მასალა ჰარმონიულად ეწყობა ერთმანეთს და დაწერილია მოსწავლისა და მასწავლებლისთვის გასაგები ენით. მოსწავლის წიგნის შექმნისათვის გამოყენებულია კონცეპტუალური მიდგომა, რომელიც გულისხმობს სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვას ყოფა-ცხოვრებასა და გარემოსთან მჭიდრო კავშირში. სახელმძღვანელო ისეა აგებული, რომ მოსწავლეებს მაქსიმალურად მიეცეთ დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა.
მოსწავლის სახელმძღვანელოში მოცემული ყოველი მომდევნო პარაგრაფი დაფუძნებულია უკვე არსებულ ცოდნაზე, გამომდინარეობს წინა პარაგრაფიდან. თითოეულ პარაგრაფს ახლავს კითხვები და დავალებები, რომლებიც აგებულია კონსტრუქტივიზმის პრინციპების გათვალისწინებით. თემის ბოლოს მოცემულია განვლილი მასალის შეჯამება, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, ერთიან ჭრილში გაიაზროს განვლილი თემა. თემის ბოლოს წარმოდგენილია მრავალფეროვანი შემაჯამებელი სავარჯიშოები, რომლებიც გათვლილია ცოდნის სამივე კატეგორიაზე — დეკლარატიულზე, პროცედურულსა და პირობისეულზე. სახელმძღვანელოში ასევე წარმოდგენილია რუბრიკა „ეს საინტერესოა“, რომელიც მოსწავლეებს აქტუალურ თემებზე აწვდის ინფორმაციას, თემის მკვიდრ წარმოდგენებთან კავშირში. მოსწავლის წიგნში მოცემული პირობითი აღნიშვნები და მრავალფეროვანი დავალებები ხელს შეუწყობს სწავლის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიც არის დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.
ფიზიკა
ავტორთა ჯგუფი წარმოგიდგენთ ფიზიკის X კლასის (I ნაწილის) ახალგრიფირებულ სახელმძღვანელოს, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით მოხვდა სახელმწიფო შესყიდვებში. ეს ნიშნავს, რომ 2022-2023 სასწავლო წელს როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, X კლასის I სემესტრში ფიზიკა ამ სახელმძღვანელოთი ასწავლონ.
აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოს ოთხივე თანაავტორი, მრავალი წელია, თბილისის სხვადასხვა სკოლაში ვეწევით პედაგოგიურ მოღვაწეობას, რამაც დაგვანახა ფიზიკის სწავლა-სწავლების მრავალი პრობლემა. სწორედ ამან გააჩინა იდეა, შეგვექმნა ფიზიკის სახელმძღვანელოთა სერია. გასულ სამ წელიწადში უკვე შევქმენით ფიზიკის სახელმძღვანელო VII, VIII და IX კლასელთათვის, ეს სახელმძღვანელო კი რიგით მეოთხეა.
მოგეხსენებათ, ფიზიკა საინტერესო, მაგრამ მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი „უხერხული“ საგანია. ჩვენ მიზნად დავისახეთ, ეს იარლიყი ფიზიკისათვის ნაწილობრივ მაინც მოგვეხსნა. ამიტომ მოსწავლის წიგნში მასალა ისეა წარმოდგენილი, რომ იგი მოსწავლეთა რაც შეიძლება ფართო წრისათვის გასაგები და საინტერესო იყოს.
ყოველი პარაგრაფი იმგვარადაა აგებული, რომ მისი დასაწყისი ინფორმაციულია, ტექსტს თხრობითი ხასიათი აქვს, კითხვები კი, ძირითადად, პარაგრაფის მეორე ნახევარშია გადატანილი. მასალის ასეთი მიწოდება მოსწავლეს უადვილებს თემის დამოუკიდებლად დამუშავებას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როცა მოსწავლე გაკვეთილს ვერ ესწრება.
სახელმძღვანელო შედგება სამი თავისგან: I თავი – ელექტრული მოვლენები (6 პარაგრაფი); II თავი – ელექტრული ველი (5 პარაგრაფი) და III თავი – ელექტრული ველის ენერგია (9 პარაგრაფი). ყოველი პარაგრაფის ბოლოს ცალკეა გამოყოფილი პარაგრაფიდან გამომდინარე დასკვნები (მკვიდრი წარმოდგენები) და საკონტროლო კითხვები, რომლებიც მიუთითებენ მოსწავლეს, თუ რაზე გაამახვილოს ყურადღება ამ პარაგრაფში ასევე განხილულია მრავალი ცდა, რაც ხელს უწყობს მოსწავლეს საკითხის უკეთ გააზრებაში. პარაგრაფების ბოლოს გარჩეულია საშუალო სიძლიერის ამოცანა („ერთად ამოვხსნათ ამოცანა“), ხოლო შემდეგ, დავალების სახით, მოცემულია კიდევ 10 ამოცანა, წიგნის ბოლოს კი 40 შემაჯამებელი ამოცანაა. სულ სახელმძღვანელოში 227 ამოცანაა, ამიტომ მოსწავლეებისთვის, დამატებით, ამოცანათა კრებულის საჭიროება არ არის, რაც მათთვის მოხერხებულიცაა. სახელმძღვანელო გათვლილია დასახული მიზნის მიღწევაზე შედარებით მოკლე გზით, მისი ენა ასაკის შესაბამისი და გასაგებია.
სახელმძღვანელოს თან ერთვის მასწავლებლის წიგნი, რომელიც კარგი გზამკვლევია მასწავლებელთათვის. მასში ყურადღება გამახვილებულია გაკვეთილის დაგეგმვაზე, საკითხების მკვიდრ წარმოდგენებზე, გაცემულია პასუხი სახელმძღვანელოში დასმულ ყველა კითხვაზე, დაწვრილებითაა ამოხსნილი ყველა ამოცანა, მოცემულია სამი კომპლექსური დავალება, რომელიც მოიცავს საშუალო საფეხურის ყველა სამიზნე ცნებას და ზუსტ თანხვედრაშია განათლების სამინისტროს „ახალი სკოლის მოდელის“ მოთხოვნებთან. აღნიშნული კომპლექსური დავალებებით შესაძლებელია შევქმნათ ინდივიდუალური სასკოლო-სასწავლო გეგმა — კურუკულუმი.
არჩევანის გაკეთებამდე, წიგნის უკეთ გაცნობის მიზნით, განზრახული გვაქვს, უმნიშვნელო შემოკლებით, ის ელექტრონული სახით მოგაწოდოთ. არჩევანი კი თქვენზეა!
მერაბ ტუღუში
შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ ფიზიკის მასწავლებელი;
თეიმურაზ შენგელია
არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის „მერმისი“ ფიზიკის მასწავლებელი;
თემურ შენგელია
ქართულ-ამერიკული სკოლის ფიზიკის მასწავლებელი;
ოთარ ღონღაძე
ვ. კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.
♦ დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუკგვერდზე ან დაუკავშირდით გამომცემლობა „საქართველოს მაცნეს“
პროექტული სწავლება მუსიკაში
სერია მოიცავს ელექტრონულ რესურსებს – აუდიო და ვიდეოფაილებს და მასწავლებლის წიგნს, რომელიც შედგება 6 პროექტისგან:
პროექტი 1. თემა – ეროვნული იდენტობისა და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში.
პროექტი 2. თემა – 80-90-იანი წლების ალტერნატიული მუსიკა – ანდერგრაუნდი – ქართული და დასავლური პარალელებით.
პროექტი 3. თემა – მუსიკათერაპია და პიროვნების სოციალიზაცია.
პროექტი 4. თემა – აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ხალხური ჩვეულება „ფიხონი“.
პროექტი 5. თემა – ბავშვთა კურნების რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
პროექტი 6. თემა – შრომის რიტუალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.