26 აპრილი, პარასკევი, 2024

სასწავლო აქტივობები არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლის“ მიხედვით

spot_img
ჯეირან ზაქარაძე
შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

თანამედროვე ცხოვრებამ განათლების მიღების, მისი განზოგადების, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების ახალი მოთხოვნები წარმოშვა. დღეისათვის მხოლოდ თეორიული ცოდნა წარმატების მისაღწევად საკმარისი არ არის. მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში გარკვევით წერია, რომ სკოლამ მოსწავლეებს ის უნარ-ჩვევები უნდა განუვითაროს, რომლებიც მათ დაეხმარება ყოფით ცხოვრებაში. ეს უნარებია: კრიტიკული აზროვნება, პრობლემური საკითხების გააზრება და მათი გადაჭრის გზების ძიება, არგუმენტირებული მსჯელობა, ლოგიკური აზროვნება, შემოქმედებითი უნარის განვითარება, შემწყნარებლობა, კომუნიკაბელურობა და სხვა.

აღნიშნულ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ ის აქტივობები, რომლებიც გამოვიყენე მეექვსე კლასში, არჩილ სულაკაურის მოთხრობა „ბიჭი და ძაღლის“ შესწავლისას. შევეცდები, დავასაბუთო თითოეული აქტივობის როლი საგაკვეთილო პროცესში, მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით.

აღნიშნული მოთხრობა ერთ-ერთი საყრდენი ტექსტია მეექვსე კლასში შესასწავლ მასალათა შორის. ნაწარმოებში მთავარ პრობლემად წარმოგვიდგება ძალადობის თემა, ე.წ. ბულინგი. „ბულინგი“ ინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩაგვრას ნიშნავს. ეს არის არასასურველი, აგრესიული სახის ქცევა, რომელიც, უმეტესად, სკოლის ასაკის ბავშვებში ვლინდება. პრობლემა აქტუალურია მთელ მსოფლიოში, ბულინგის ბევრი სახეობა არსებობს და რთულია მასთან ბრძოლა.

ნაწარმოებში სკოლის ასაკის თანატოლი ბიჭები ჩაგრავენ მთავარ პერსონაჟს როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად. ბიჭი დათრგუნული და სევდიანია. მოთხრობაში ძალადობა იკვეთება ცხოველთა სამყაროშიც. ძალადობა ვლინდება სახელმწიფო სტრუქტურისგან და ჩანს საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულება უსამართლობის მიმართ.

ვფიქრობ, რომ აქტივობების სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია სასურველი შედეგის მისაღწევად.

გაკვეთილის დაგეგმვისას, გავიაზრე რა იყო ამ მოთხრობის შესწავლის მიზანი.

  1. პირველი – რა თქმა უნდა, ის, რომ მოსწავლეებს ღრმად გაეაზრებინათ საკითხის არსი.
  2. დაესახელებინათ მოთხრობაში არსებული პრობლემები და ემსჯელად მათი გადაჭრის გზებზე.
  3. მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით, განევითარებინათ შემდეგი უნარ-ჩვევები: შემოქმედებითი, წერის, დასაბუთებული მსჯელობის უნარი.

საკითხს კომპლექსურად მივუდექი და რამდენიმე მიმართულება ავირჩიე. გაკვეთილი დავიწყე გონებრივი იერიშით – დაფაზე დავამაგრე ბულინგის ამსახველი რამდენიმე ფოტომასალა და ვთხოვე მოსწავლეებს, ესაუბრათ რას ხედავდნენ სურათზე. მათ გამოთქვეს აზრი, რომ დაუცველ ბავშვებს ამცირებენ, ჩაგრავენ. ამ აქტივობის გამოყენებით, კლასი თავად მივიდა იმ საკითხთან, რომელზეც მინდოდა საუბარი. დავსვი კითხვა, თუ რა არის ბულინგი? რა არის ძალადობა? ამ საკითხებზე დისკუსია გაიმართა. ამ აქტივობის შედეგად, მოსწავლეებმა იმსჯელეს თემის ირგვლივ, დაასახელეს არგუმენტები, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.

გამოვიყენე ასევე კოგნიტური სქემები – პერსონაჟის დახასიათების, პრობლემის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენის, მთავარი თემისა და დეტალების გარჩევის და სხვა. აღნიშნული სქემები განსაკუთრებით ავითარებს აზროვნებას და მოსწავლეები ვიზუალურად იმახსოვრებენ საკითხს.

ერთ-ერთი აქტივობა იყო გააგრძელე მოთხრობა და წარმოიდგინე. ამ აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებს უვითარდებათ შემოქმედებითი წერისა და წარმოსახვითი ტექსტის შექმნის უნარი – მთავარი პერსონაჟის ადგილზე წარმოიდგინეს თავი და შექმნეს წარმოსახვითი მოთხრობა. ასევე, თავიანთი ფანტაზიით შეავსეს ტექსტი თუ როგორ მოხვდა აქ ძაღლი, რა გამოიარა და მოთხრობის უფრო კეთილი დასასრული შექმნეს.

აქტივობა ცხელი სკამი – ამ აქტივობის ფარგლებში ერთი მოსწავლე თავს მოთხრობის ერთ-ერთ პერსონაჟად წარმოიდგენს და კლასის შუაში ჯდება, „ცხელ სკამზე“, დანარჩენი მოსწავლეები კი მის ირგვლივ სხდებიან და უსვამენ შეკითხვებს. ეს აქტივობა ავითარებს შემოქმედებით, არტისტულ და ასევე კრიტიკულ აზროვნებას. კარგად გამოჩნდა თუ რამდენად ღრმად იცოდნენ მოსწავლეებმა ტექსტი.

აქტივობა დახატე სიუჟეტი – მოსწავლეები ირჩევენ მათთვის სასურველ სიუჟეტს და ხატავენ. ჩემ შემთხვევაში, მოსწავლეებმა მთელი მოთხრობა, ყველა სიუჟეტი გადაიტანეს ფურცელზე და კლასში პრეზენტაცია გააკეთეს.

მნიშვნელოვანია გრამატიკული უნარის განვითარება. ამისათვის გამოვიყენე აქტივობა გაასწორე, დააკომენტარე. ამ აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები ასწორებენ და აკომენტარებენ ერთმანეთის ესეებს. მათ გამოავლინეს გრამატიკული შეცდომები და განმარტეს თუ რა ისწავლეს კლასელისგან. ეს აქტივობა არა მარტო გრამატიკული უნარის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ურთიერთსწავლების, თანამშრომლობის, რჩევის გაზიარების უნარსაც ავითარებს.

კრიტიკული და დასაბუთებული მსჯელობის განვითარებისთვის, საშინაო დავალებად, მივეცი არგუმენტირებული ესე: რა არის ძალადობა? როგორ ვებრძოლოთ მას?

ბოლო ეტაპზე, კლასში ვისაუბრე ორგანიზაცია იუნესკოსა და „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ შესახებ. მოსწავლეები სამ ჯგუფად დავყავი და მივაწოდე სამი მუხლი კონვენციიდან. ვთხოვე, წაეკითხათ და გაეაზრებინათ აღნიშნული მუხლები. ესენია: მუხლი 12 – ბავშვს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი ისეთ საკითხებზე, რომლებიც მას ეხება; მუხლი27 – ყველა ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს ისეთ პირობებში, რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისთვის; მუხლი 29 – განათლება მიმართული უნდა იყოს ბავშვის გონებრივი განვითარებისკენ, სკოლამ უნდა მოამზადოს ბავშვი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. თითოეულმა ჯგუფმა სამივე მუხლის შესახებ გააკეთა პრეზენტაცია და გავმართეთ დისკუსია: როგორ დაირღვა ბავშვთა უფლებები არჩილ სულაკაურის მოთხრობაში „ბიჭი და ძაღლი“.

ამრიგად, აქტივობები, რომლებიც გამოვიყენე, ვფიქრობ, საინტერესო და მრავალფეროვანია. უწყობს ხელს იმას,რომ პრობლემაზე ორიენტირებული და მათი გადაჭრის გზებზე გააზრებული იყოს გაკვეთილი. მთავარია, რომ მცირეა  შანსი,  ამ ბავშვებმა ბულინგი გამოავლინონ სხვა ბავშვების მიმართ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები