4 მაისი, შაბათი, 2024

სასკოლო კვების კვირეული დაიწყო

spot_img

სასკოლო კვების საკითხის აქტუალიზებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, განათლების კოალიცია და ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ 14 მარტს, სასკოლო კვების საერთაშორისო დღეს, პირველად საქართველოში სასკოლო კვების კვირეულს მართავენ.

კვირეული, სასკოლო კვების ფორუმით გაიხსნა, რომელმაც გააერთიანა სასკოლო კვებით დაინტერესებულ ადამიანები და ჯგუფები. ფორუმზე განათლების კოალიციამ წარმოადგინა რეგიონული ფოკუს ჯფუფების ანგარიში, ხოლო პანელური დისკუსიების ფორმატში გაიმართა მსჯელობა, როგორც არსებული გამოწვევების, ასევე მისი გადაჭრის ალტერნატიული გზების შესახებ. ფორუმზე საერთაშორისო კოალიციამ წარმოადგინა ინფორმაცია, როგორც სასკოლო კვების ქსელის შესახებ, ასევე, მასში საქართველოს გაწევრიანებისა და არსებული ვალდებულებების თაობაზე.

„განათლების კოალიცია, სხვა ჯგუფებთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ეწევა სასკოლო კვების ადვოკატირების კამპანიას. ამ დროის მანძილზე მოვახერხეთ და ეს საკითხი დავაყენეთ როგორც საზოგადოების ისე პოლიტიკის დღის წესრიგში. შესაბამისად, საზოგადოებრივი მოთხოვნა იზრდება, რაც ძალიან გვახარებს და იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ და ვაიძულებთ გადაწყვეტილების მიმღებებს, რომ მოკლე დროში დაიწყონ ეფექტიანი სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა ჩვენს ქვეყანაში. სასკოლო კვების საერთაშორისო დღე საქართველოში პირველად აღინიშნება და რეალურად სწორად ამ მიზანს ემსახურება. ფორუმზე, მშობელთა ასოციაციასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, კიდევ ერთხელ განვიხილეთ ისეთი პრობლემები რაც დაკავშირებულია სასკოლო კვების უქონლობასთან, მაგალითად, სიღარიბე, მოსწავლეთა შიმშილი, ჩამორჩენა აკადემიურ მოსწრებაში, არაფორმალური განათლების სიმწირე და ბევრი სხვა.“– განაცხადა განათლების კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ.

კვირეულის ფარგლებში 17 მარტს, 15:00 საათზე, გაიმართება აქცია #საზოგადოება “სასკოლო კვების მხარდასაჭერად”, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზატორები და მოხალისეები ერთი საათის განმავლობაში მოქალაქეებს გააცნობენ კვების პროგრამის იდეას და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

ასევე, 14-19 მარტს, 20-ზე მეტი  სათემო და საგანმანათლებლო ორგანიზაცია, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასკოლო კვების პროგრამის მხარდასაჭერად სხვადასხვა თემატურ ღონისძიებას გამართავენ. ასევე, კვირეულს ვიდეო გზავნილებით შემოუერთდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

განათლების კოალიცია აწარმოებს სასკოლო კვების ადვოკატირების კამპანიას. პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები