3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

სამინისტრო საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვის მატებას საყურადღებოდ მიიჩნევს და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 2020-2021 წლის მეორე სემესტრის დასრულება სკოლის შენობაში, ბუნებრივ გარემოში შეძლონ.

ამასთან დაკავშირებით, ეკატერინე დგებუაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვირუსის თავიდან ასაცილებლად, სამინისტრო კვლავაც მაქსიმალურს გააკეთებს იმისათვის, რომ სკოლებში ჯანსაღი გარემო შენარჩუნდეს და სასწავლო პროცესი კვლავ უსაფრთხოდ წარიმართოს. კერძოდ, გარდა იმისა, რომ სამინისტრო სკოლებს ხელს შეუწყობს საჭირო რესურსით აღჭურვაში,  შემთხვევით შერჩევის პრინციპით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, ზოგადი განათლების დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრები სკოლებში  სისტემატურ მონიტორინგს კვლავ განახორციელებენ. ამავდროულად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ, უწყვეტად გაგრძელდება პედაგოგთა და სკოლის წარმომადგენელთა ტესტირება.

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სკოლები ზედმიწევნით იცავენ ჯანდაცვის სფეროს მიერ დაწესებულ პროტოკოლს. ამის დასტურია ყოველკვირეული სტატისტიკა, რომელსაც სამინისტრო საზოგადოებისთვის პროაქტიულად აქვეყნებს. სწავლის განახლებიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე, ინფექციის გავრცელების პროცენტულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა მინიმალურია და არ სცდებოდა 0.1%-ს. თუმცა, მიმდინარე კვირის მონაცემებით,  სხვადასხვა პარამეტრი ოდნავ გაზრდილია, რაც ეკატერინე დგებუაძის თქმით, ძალიან საყურადღებოა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მოუწოდა თითოეულ მოქალაქეს, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 2020-2021 წლის მეორე სემესტრის დასრულება სასკოლო სივრცეში შეძლონ. ეკატერინე დგებუაძის თქმით, როგორც მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა არაერთხელ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შედეგი – მოსწავლეებმა სწავლა განაგრძონ ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახებში.

უკანასკნელი ერთი კვირის მონაცმებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა. 2085 საჯარო სკოლიდან, სრულ დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასი.  ხოლო 218 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზეა 2 სკოლა და 17 ცალკეული კლასი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები