2021 წლის 21 მაისს, სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფ. ლეძაძამეს საჯარო სკოლის IX კლასში (კლასის ხელმძღვანელი – მარინე ჯიმშელეიშვილი), ჩატარდა საველე, ინტეგრირებული, ექსკურსია-გაკვეთილი ბიოლოგია-გეოგრაფიაში. გაკვეთილი ჩაატარა ჩვენი სკოლის დირექტორმა, წამყვანმა მასწავლებელმა, ბატონმა გიორგი ხურცილავამ. გაკვეთილის თემა: ბიომრავალფეროვნება.
გაკვეთილი მიმდინარეობდა სოფელ ბერთემში (სენაკის მუნიციპალიტეტი), მდინარე ტეხურის ხეობაში, თერმული წყლების მიმდებარე ტერიტორიაზე.
მრავალფეროვანი გეოგრაფიული გარემო და თანამედროვედ მოწყობილი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა გვაძლევდა საშუალებას, სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და ხალისიანი ყოფილიყო. გაკვეთილი წისასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა და გაყოფილი იყო 2 ნაწილად: სასწავლო და გასართობ-შემეცნებითი. ჩვენ მიერ შექმნილ და გამოყეებულ რესურსებს საკმაოდ ამდიდრებდა ბტკ-ში არსებული ბიომრავალფეროვნების ელემენტები.
მკაფიოდ განსაზღვრული გაკვეთილის თემა, მასწავლებლის მიერ გასაგებად გაცემული ინსტრუქცია, შესანიშნავი მიკროფლორა და ფაუნა, გვაძლევდა საშუალებას, გაკვეთილის ყველა ფაზაზე, მიზნობრივი აქტივობებით, აქტიურად და მოტივირებულად ვყოფილიყავით ჩართული. საპრეზენტაციო დაფა, უხვად წარმოდგენილი რესურსები, კოლხური ომახიანი ხმის ტონი და ინტონაცია, ხეობაში მყოფ ყველა ტურისტსა და დამსვენებელს ცნობისმოყვარეობას უღვივებდა.
გაკვეთილის ბოლოს, ობიექტურად წარიმართა თვითშეფასება და ურთიერთშეფასება, ამას დაემატა ჩვენი სკოლის უფროსი მასწავლებლების: ლია ხელაიას და ხვიჩა ძაძამიას მიერ გაკეთებული დადებითი უკუკავშირი.
გაკეთილის მეორე ნაწილიც პოზიტიურ გარემოში მიმდინარეობდა: თოკების ატრაქციონი, „ზიპლაინი“, ოლიმპიური აუზი, ნებისმიერი ადამიანისათვის, გასართობთან ერთად, სანახაობრივიცაა. ეს ადგილი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ადრენალინის გამოსაყოფად. ჟანგბადით გაჯერებულ მრავალიარუსიან ტყეში, ცაში ატყორცნილი ხეების ქვეშ, ვიწრო ბილიკზე სეირნობისას, ოლიმპიურ აუზში გაგრილება გადავწყვიტეთ.
გაკვეთილი შეაჯამა ბატონმა გიორგი ხურცილავამ, მოგვცა განმსაზღვრელი უკუკავშირი და კომპლექსური დავალება.
დასასრულს, მოვაწყვეთ პიკნიკი, ფოტო-ვიდეო გადაღება. საველე პირობებში თანამშრომლობით-კონსტრუქტივისტული მეთოდით ჩატარებული გაკვეთილი დიდხანს დაგვამახსოვრდება.
ჩვენს სკოლას დაუვიწყარ მოგონებად დარჩება პანდემიამდე ჩატარებული გაკვეთილები, ექსკურსია-გაკვეთლები, ტრენინგები, სპორტულ-კულტურული ღონისძიებები: მუზეუმებში, სახლ-მუზეუმებში, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, საქართველოს წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოების მიერ ჩატარებული ღონისძიებები (საქველმოქმედო აქცია, სიმულაციური ვარჯიშები, ტრენინგები).
მადლობა სკოლის ადმინისტრაციას ამ დღის ორგანიზებისა და თანამშრომლობისთვის. გასართობ ცენტრში ჩვენს უსაფრთხოებასა და ეკიპირებაზე იზრუნა ინსტრუქტორმა, კონსტანტინე ბაღათურიამ, ხოლო უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობაზე – სკოლის ავტობუსის მძღოლმა, ემზარ გოგიამ.
იმედია, მომავალშიც ჩატარდება გასვლითი სასწავლო შემეცნებით-კულტურული ღონისძიებები როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივი მიმართულების საგნებში.
გიორგი ძაძამია, სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფ. ლეძაძამეს საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე