სადოქტორო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარებასთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებზე გვესაუბრება ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე ქეთევან ინანაშვილი.
საუბრის დასაწყისში მან ყურადღება გაამახვილა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პრიორიტეტებზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ჰარმონიზაციას ევროპულ უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებთან. ქეთევან ინანაშვილმა ასევე ისაუბრა ცენტრის მიდგომებზე, რაც გულისხმობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით გარემოს გაძლიერებას და სიახლეების დაგეგმვას დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით. 2023 წლისთვის ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მიზანია საქართველოში სადოქტორო განათლების შეფასების მექანიზმების განვითარება და მისი მეტად დაახლოება ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან.
♦ რა სიახლეები იგეგმება ცენტრის მიერ სადოქტორო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით?
◊ პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო უმაღლესი განათლების სფეროში თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგად ამოქმედებული ცვლილებები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. 2021-2022 წლებში მნიშვნელოვანი სიახლეები დაიგეგმა და გატარდა უმაღლესი განათლების გარე ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პროცესების განვითარებისათვის. შეიქმნა კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები, რაც გულისხმობს ერთი სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ფარგლებში შეფასებას კლასტერში დაჯგუფებული სახით. ასევე, შეიქმნა ჰუმანიტარული მიმართულებების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლები, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია. კლასტერული აკრედიტაცია ამჟამად მიმდინარე პროცესია და ვიმედოვნებთ, რომ იგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
ზემოაღნიშნული სიახლის პარალელურად, ცენტრმა მიზნად დაისახა სადოქტორო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების გადახედვა და შესაფასებლად რელევანტური შეფასების კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავება ევროპული სადოქტორო განათლების მიდგომების შესაბამისად. დამეთანხმებით, სადოქტორო განათლების ხარისხის განვითარების დონე მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყნის უმაღლესი განათლების ხარისხის ნიშნულს და მისი განვითარება ხელს უწყობს განათლების ხარისხის განვითარებას საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განათლების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, სტრატეგიული მიზნის შესასრულებლად დაგეგმილი ერთ-ერთი აქტივობაა – სადოქტორო პროგრამების და კვლევის კომპონენტის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, სტანდარტების და პროცედურების განახლება.
ევროპული უმაღლესი განათლების სისტემის პრაქტიკის შესაბამისად, ევროპული სახელწიფოების უმრავლესობა ესწრაფვის სადოქტორო საფეხურის პროგრამების შეფასების პროცესში იმგვარი კრიტერიუმების გამოყენებას, რომელიც თანხვედრაში იქნება ზალცბურგის სახელმძღვანელო პრინციპებთან. შესაბამისად, ზოგიერთ ქვეყანას, ცალკე დოკუმენტის სახითაც კი აქვს შემუშავებული სადოქტორო პროგრამების სტანდარტი. ცალკეულ ქვეყნებში, სადოქტორო პროგრამის სტანდარტს აქვს დარგობრივი მახასიათებელი დოკუმენტის დატვირთვა და შეფასების პროცესში მისი გამოყენება ხდება აკრედიტაციის ზოგად სტანდარტებთან ერთად.
ამ მიზნით, ცენტრმა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, ასევე სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის არსებული ადგილობრივი პრაქტიკის გათვალისწინების შედეგად, 2022 წელს შეიმუშავა სადოქტორო საფეხურის განათლების ჩარჩო დოკუმენტი (სადოქტორო საფეხურის დარგობრივი მახასიათებელი), რომელიც ადგენს სადოქტორო სწავლების დამატებით, სპეციფიკურ მოთხოვნებს და გამოყენებული იქნება სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების დროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან ერთად.
შემუშავებული დოკუმენტი განსაზღვრავს სადოქტორო განათლებისადმი არსებული მოთხოვნების ერთობლიობას, ითვალისწინებს საქართველოში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში გამოვლენილ საუკეთესო პრაქტიკასა და განსავითარებელ მხარეებს. დოკუმენტი ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, „ზალცბურგი II რეკომენდაციები – სახელმძღვანელო პრინციპები სადოქტორო პროგრამებისა და სკოლების მრავალფეროვნებისა და განვითარებისთვის“. დარგობრივი დოკუმენტის მიზანია, ხელი შეუწყოს სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის ამაღლებასა და განვითარებას, დოქტორანტის საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო და კვლევითი გარემოს შექმნას, საუკეთესო ადილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სიღრმისეულ და სრულყოფილ შეფასებას, სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პროცესში გამჭვირვალე, ობიექტური, სამართლიანი და თანმიმდევრული მიდგომების დამკვიდრებას.
ამ ეტაპზე, დოკუმენტის პროექტი გაზიარებულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლებმაც გაგვიზიარეს თავისი მოსაზრებები, უკუკავშირები მივიღეთ ასევე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებიდან. შედეგად, დოკუმენტი გადამუშავდა და 2023 წელს ცენტრი გეგმავს პილოტირებას ახალი ჩარჩო დოკუმენტის მოთხოვნების პირობებში. ახალი სტანდარტების დანერგვა გარკვეულ დროს მოითხოვს; ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მზაობას სიახლეების გაზიარებისთვის, გვიჩვენებს პილოტირების შედეგების ანალიზი. აღნიშნულ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობა და მათთან დოკუმენტის დეტალური განხილვა. შესაბამისად, პილოტირების პროცესის დასრულების შემდგომ, სამინიტროსთან ერთად მოხდება ყველა უკუკავშირისა და პილოტირების შედეგების გაანალიზება და განხილვა.
რა გზა გავიარეთ და როგორ ვიმუშავეთ? ალბათ საინტერესო იქნება ამ მიდგომების გაზიარებაც. თავად ზალცბურგის რეკომენდაციები გვაძლევს მზა მიდგომებს სტანდარტების მოთხოვნების ფარგლების ჩამოყალიბებისათვის, თუმცა მოთხოვნების ფორმულირებისთვის, მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკების შესწავლა. სიახლეების შემოტანისას და დანერგვისას, გამოცდილებების გაზიარებასთან ერთად, უნდა იყოს გათვალისწინებული ქვეყნის სისტემის კონტექსტი. ამიტომ, ცენტრი ვერ გაიზიარებდა პირდაპირ რომელიმე ქვეყნის სადოქტორო საფეხურის სტანდარტს. ბევრი კარგი პრაქტიკა განვიხილეთ, სხვადასხვა სტანდარტებიდან, სხვადასხვა ნიშნულები გავიაზრეთ და, საბოლოოდ, შევჯერდით ისეთ დოკუმენტზე, როგორიც ამჯერად არსებობს პროექტის სახით. ვიმედოვნებთ, რომ სადოქტორო საფეხურის მახასიათებლის დანერგვა, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებულ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვას სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის.
♦ როგორც აღნიშნეთ, ზალცბურგის პრინციპების და რეკომენდაციების შესაბამისად უნდა მოხდეს შეფასების სტანდარტების განვითარება. რას გვეტყვით სადოქტორო განათლების ძირითად მახასიათებლებზე, რომელსაც განსაზღვრავს ეს დოკუმენტი?
◊ სანამ უშუალოდ პასუხზე გადავალ, მსურს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის განვითარებაზე მოკლე ისტორიული ექსკურსი შემოგთავაზოთ. ბოლონიის პროცესის საწყის ეტაპზე, ბოლონიის დეკლარაციის შესაბამისად, თავდაპირველად, დაგეგმილი იყო პირველი და მეორე საფეხურის პროგრამების განვითარება და შეთანხმდა სახელმძღვანელო პრინციპები. ხოლო ბერლინის მინისტერიალის შემდგომ (ჩატარდა 2003 წელს), სადოქტორო განათლება გახდა ბოლონიის პროცესის ნაწილი და 2005, 2010 და 2015 წლებში ეტაპობრივად შემუშავდა ზალცბურგის სადოქტორო განათლების რეფორმირების პრინციპები და რეკომენდაციები, რომელმაც მიზნად დაისახა სადოქტორო სკოლების განვითარება, საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია და ევროპული სადოქტორო განათლების როლის გაძლიერება.
ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის განვითარების პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კვლევისა და სწავლის ერთიანი სივრცის ჩამოყალიბებას, კვლევაში ჩართული პერსონალის კომპლექსური კომპეტენციების განვითარებას, დოქტორანტთათვის ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზაციისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას. სადოქტორო პროგრამების განხორციელებისათვის, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში კვლევითი გარემოს და სადოქტორო სტრუქტურების შექმნა, რომლის დოქტორანტები იქნებიან მიმდინარე კვლევების აქტიური მონაწილეები.
ზალცბურგის სახელმძღვანელო პრინციპები და რეკომენდაციები აღწერს სადოქტორო განათლების განვითარების ძირითად ტენდენციებსა და პრიორიტეტებს.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველო არის უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის (EHEA) წევრი სახელმწიფო და უმაღლესი განათლების სისტემისა და სადოქტორო საფეხურის პროგრამების განვითარების გზაზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ევროპული ღირებულებების და მიდგომების გათვალისწინება.
ზალცბურგის პრინციპების შესაბამისად, სადოქტორო განათლების მთავარი კომპონენტი არის ცოდნის განვითარება ორიგინალური კვლევის საშუალებით.
აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, წარმატებული სადოქტორო განათლების მნიშვნელოვანი ასპექტებია:
სადოქტორო განათლების მიღების საფუძველია ხარისხიანი კვლევითი გარემო. უნივერსიტეტებმა უნდა უზრუნველყონ ხარისხიანი კვლევების განხორციელება და დოქტორტანტის აქტიური მონაწილეობა მიმდინარე კვლევაში.
სამეცნიერო ხელმძღვანელობა საკვანძო როლს ასრულებს დოქტორანტის მიერ ორიგინალური კვლევითი პროექტის მომზადებისათვის. დოქტორანტის ხელმძღვანელი არის შესაბამისი სფეროს აქტიური მკვლევარი, რომელიც დოქტორანტს უნდა უწევდეს სათანადო და რეგულარულ ხელმძღვანელობას.
უნივერსიტეტს ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს დოქტორანტთა მიღების გამჭვირვალე პოლიტიკა და მასში აქტიურად ჩართული იყოს სამეცნიერო პერსონალი. ხარისხის უზრუნველყოფა უნდა ითვალისწინებდეს მესამე საფეხურის მოთხოვნებს. სადოქტორო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა დაკავშირებულია კვლევითი გარემოს შეფასებასთან, რომელიც სადოქტორო განათლების ძირითადი ასპექტია.
უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული კვლევის პრიორიტეტები, სტრატეგია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს უნივერსიტეტის ზოგად სტრატეგიას და მიზნებს.
ზალცბურგის პრინციპები ხაზს უსვამს სადოქტორო განათლების მდგრადი დაფინანსების მნიშვნელობას. მაღალი ხარისხის სადოქტორო განათლება მოითხოვს ადეკვატურ, მდგრად და დოქტორანტურის შესაბამისი დაფინანსების შესაძლებლობებს.
უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია უნდა იყოს სადოქტორო განათლების ხარისხის გაუმჯობესების და ინსტიტუციური კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების ინსტრუმენტი. ბოლონიის პროცესის მიზანია, რომ სტუდენტთა, მათ შორის დოქტორანტთა დაბალანსებულმა საერთაშორისო მობილობამ მნიშვნელოვან მაჩვენებელს მიაღწიოს (აღნიშნული კიდევ ერთხელ გაჟღერდა რომის 2020 წლის კომუნიკეში – საერთაშორისო მობილობის სასურველი მაჩვენებლის ნიშნული – 20%).
შესაბამისად, უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამის შექმნის მიზანი, პირველ რიგში, უნდა შეესაბამებოდეს დაწესებულებაში არსებულ კვლევით პოტენციალს, შექმნილ კვლევით გარემოს (დაწესებულების სტრატეგია, კვლევითი მიმართულებების განსაზღვრა, სათანადო დაფინანსება, წახალისების სქემები, საერთაშორისო თანამშრომლობა, ერთობლივი კვლევები, სამეცნიერო პერსონალი და სხვა). სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მომზადდეს დაწესებულებაში არსებული კვლევითი გარემოს საფუძველზე და იყოს უნივერსიტეტის ნების დადასტურება, რომ სწავლება განხორციელდეს სამეცნიერო-კვლევების საშუალებით, რომ დაწესებულებას სურს ინსტიტუციაში მიმდინარე კვლევით პროცესში, წარმატებულ მეცნიერებთან ერთად, ახალგაზრდა მეცნიერების ჩართვა.
♦ რა გამოწვევები ახლავს სადოქტორო პროგრამების ხარისხის განვითარების დანერგვას და როგორია ინსტიტუციების მზაობა ცვლილებებთან დაკავშირებით?
◊ გამოწვევები ყველა სიახლის დანერგვას ახლავს. შემუშავებული დარგობრივი მახასიათებლის დოკუმენტის თანახმად, მიზანშეწონილია უნივერსიტეტების მიერ კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს სამეცნიერო საქმიანობის პრიორიტეტების, ძლიერი და გასავითარებელი მხარეების სწორად შეფასებასა და განსაზღვრას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სამეცნიერო კვლევის შედეგების დისემინაცია, რომლის მიხედვითაც, სამეცნიერო საქმიანობის შედეგი უნდა იყოს ღირებული დარგის განვითარებისათვის. ამასთან, კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის მექანიზმები და აკადემიური ეთიკის სწავლება. ეს გამოწვევები დაწესებულებებისგან მოითხოვს მიდგომების, სახელმძღვანელო პრინციპებისა და რეკომენდაციების ადაპტაციას და ამ მიმართულებით აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცენტრი გეგმავს ახალი ჩარჩო დოკუმენტის პილოტირებას. პილოტირების შედეგების ანალიზი უფრო ნათლად დაგვანახვებს გამოწვევებს და დაწესებულებების მზაობას.
♦ საინტერესოა, მიმდინარე ეტაპზე, როგორ ფასდება აკრედიტაციის დროს სადოქტორო პროგრამები და რა სპეციფიკური მახასიათებლები არსებობს სტანდარტების მოთხოვნებში?
◊ აღსანიშნავია, რომ ზალცბურგის პრინციპები, გარკვეულწილად, ასახულია აკრედიტაციის მოქმედ სტანდარტებში. ზოგიერთი კომპონენტი პირდაპირ მიემართება სადოქტორო საფეხურის პროგრამის შეფასებას, ხოლო ზოგ შემთხვევაში სტანდარტი განზოგადებული სახით არის წარმოდგენილი და შემფასებლის მიერ ყურადღება გადაიტანება სადოქტორო პროგრამის თავისებურებებზე. შეფასების დროს აკრედიტაციის ექსპერტი, სტანდარტებზე დაყრდნობით, ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამის მნიშვნელოვან ასპექტებს, ასევე კონცენტრირებას ახდენს ინდივიდუალური პროგრამის მიზნებსა და შედეგებზე სფეროს განვითარების ტენდენციებისა და კვალიფიკაციის თავისებურებების გათვალისწინებით.
მიმდინარე ეტაპზე, ცენტრი, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებას ახდენს აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად, რომელიც არსებითად განახლდა 2018 წელს და ბოლო ცვლილებები, კლასტერული აკრედიტაციის ამოქმედების გათვალისწინებით, შევიდა 2022 წელს. აღნიშნული სახით სტანდარტების შემუშავების საფუძველი გახდა „უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები ESG-2015“. სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებით შეფასებისას, აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, ყურადღების ქვეშ ექცევა დოქტორანტთა დაშვებისათვის სათანადო წინაპირობების განსაზღვრა, სტუდენტის სამეცნიერო-კვლევითი და ტრანსფერული უნარების განვითარება, დოქტორანტთა საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობები და სხვადასხვა სერვისებით მხარდაჭერა, კვლევითი კომპონენტის დაგეგმვის/განხორცილების პროცედურები, სამეცნიერო ხელმძღვანელთა კვალიფიკაცია და სხვა.
ზოგადი ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია აღინიშნოს, რომ ზოგადი ჩარჩო-სტანდარტების პირობებში, საფეხურის თავისებურებების გათვალისწინებაზე აქცენტის გადატანა რთულია, ძირითადი დატვირთვა გადადის ექსპერტის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განვითარდეს სადოქტორო პროგრამისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური კრიტერიუმები და მოთხოვნები.
♦ ვინ განახორციელებს ამ ახალი ჩარჩო დოკუმენტით პროგრამების შეფასებას და როგორია ცენტრის ექსპერტთა კორპუსის მზაობა?
◊ ამ კითხვაზე საპასუხოდ, უნდა აღვნიშნო, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ინიცირებული სიახლეების ფარგლებში, ყველა სახისა და საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია სავალდებულო გახდა პროგრამების აკრედიტაციის პროცესში, მათ შორის, სადოქტორო პროგრამების შეფასების პროცესში, თავმჯდომარის სტატუსით, ჩართულია სათანადო კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტი. ცენტრი საერთაშორისო ექსპერტის მოძიების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს უცხოეთში მოღვაწე აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან, რომლებსაც ექსპერტის სტატუსით აქვთ მონაწილეობა მიღებული ENQA-ს წევრი ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების მიერ განხორციელებულ შეფასებებში. რაც შეეხება ადგილობრივ ექსპერტთა კორპუსს, ცენტრი მუდმივად ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებაზე და უფრო აქტიურად გეგმავს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისთვის ერთობლივ ტრენინგებს. ამასთან, ცენტრი 2023 წელსაც განახორციელებს ადგილობრივი ექსპერტების ბაზის განახლებასა და სრულყოფას.
♦ გარდა სადოქტორო საფეხურის პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი მექანიზმებისა, როგორია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილი სამომავლო ძირითადი აქტივობები?
◊ აკრედიტაციის ფარგლებში, სადოქტორო პროგრამების შეფასებების განვითარების თანმდევად, ცენტრს ასევე დაგეგმილი აქვს ავტორიზაციის სტანდარტების გადახედვა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის ინდიკატორების განვითარება. სადოქტორო საფეხურის ჩარჩო დოკუმენტი, კონცეპტუალურად ბმაში უნდა იყოს ინსტიტუციის დონეზე არსებულ სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის ზოგადი პოლიტიკების განსაზღვრასთან. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების გადამუშავება იმისათვის, რომ განახლდეს მე-3 (საგანმანათლებლო პროგრამები) და მე-6 (კვლევა, განვითარება ან/და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა) სტანდარტის მოთხოვნები.
ვიმედოვნებთ, რომ სადოქტორო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხის განვითარების პროცესში.
განათლების ხარისხის, ამ შემთხვევაში, სადოქტორო საფეხურის ხარისხის უზრუნველყოფის განვითარება, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ბევრი ქვეყნის მაგალითი შეგვიძლია მოვიტანოთ, რომლის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, მათ შორის, განათლების ხარისხზე დგას. მიმზიდველი განათლების სისტემა და გარემო, ხელს უწყობს საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვას სხვადასხვა სფეროებში. სადოქტორო საფეხურზე ერთობლივი და გაცვლითი პროექტები და პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოს და უცხო ქვეყნის ინსტიტუციების თანამშრომლობას, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ინტერნაციონალიზაციის ხარისხს. ბოლოს კი მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, რომ სადოქტორო პროგრამების განათლების ხარისხის განვითარების პროცესში აქტიურად ვითანამშრომლებთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი