პირველ შთაბეჭდილებას, რომელიც მთელი ცხოვრება გამახსოვრდება, თითოეული ადამიანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სკოლის დამთავრების შემდეგ, ახალი ეტაპი, დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისი სტუდენტობას უკავშირდება. პირველკურსელებს, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ ლექციების დაწყებას, პანდემიის გამო, საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა ისევ სახლის პირობებში მოუწიათ, რის გამოც, სტუდენტობასთან დაკავშირებული ყველა გეგმა ერთბაშად ჩაეშალათ. როგორ დაიწყო ახალი საუნივერსიტეტო სასწავლო წელი, რამდენადაა შესაძლებელი სამუშაო გარემოს შექმნა სახლის პირობებში, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული დისტანციური სწავლება, რა სურვილები და მოლოდინები აქვთ სტუდენტებს — ამის შესახებ თავად გვიამბობენ.
⇒ ანანო ორმოცაძე,
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლა
იქიდან გამომდინარე, რომ მე-11 კლასის ბოლოს სკოლაც ონლაინ გვქონდა, აბიტურიენტობისას, სწავლის ასეთი ფორმა უჩვეულო არ იყო, თუმცა ტექნიკური საგნების დისტანციურად გავლა უფრო რთული აღმოჩნდა. მაგალითად, მათემატიკის მასწავლებელს უწევდა, სახლში დაფა ჰქონოდა, გეომეტრიული ნახაზები მასზე აეგო და ისე აეხსნა მასალა. დავალებების ჩაბარებისა და შემოწმებისას კი, ორმაგი დრო გვეხარჯებოდა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, ვფიქრობ, ცოდნის გამოსავლენად, აბიტურიენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო იყო შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ პირბადეები გვეკეთა, პირადად ჩემთვის, ამას პრობლემა არ შეუქმნია. საერთო ჯამში, ჩემთვის აბიტურიენტობა უფრო სტრესული იყო, ვიდრე საგამოცდო პროცესი.
ახალი საუნივერსიტეტო სასწავლო წლის პირველი 3 კვირის გავლა დისტანციურად მოგვიწია. დისტანციური სწავლებისას თითქოს ზედმეტი წვალებაა მიკროფონის ჩართვა, აზრის გამოთქმა. ამიტომაც, როგორც შევამჩნიე, სტუდენტების/მოსწავლეების უმრავლესობა თავს იკავებს აქტიურობისგან. ონლაინ ლექციებსა და სემინარებში ნაკლებად არიან ჩართული, ვიდრე აუდიტორიებში. ძირითადად ზუმის პლატფორმას ვიყენებთ, ხოლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან საკომუნიკაციოდ — ელექტრონულ ფოსტას. პრობლემები არ შეგვქმნია. სახლის პირობებში, ზოგჯერ რთულია ჩუმი სივრცის მონახვა, სადაც არავინ შეგაწუხებს. მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის სხვა წევრიც დისტანციურ რეჟიმში სწავლობს. მე და ჩემი და წინასწარ ვათანხმებდით ონლაინ გაკვეთილების განრიგს, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ შეგვეშალა.ამასთანავე, ინტერნეტის პრობლემაც რამდენჯერმე შემქმნია, რადგან ფართო მოხმარების გამო სერვერები გადატვირთული იყო.
4 ოქტომბრიდან კამპუსში დავიწყეთ სიარული და მიხარია, რომ კურსელების პირადად გაცნობის შესაძლებლობა მომეცა. შარშან დროის უმეტეს ნაწილს სახლში, კომპიუტერის ეკრანთან ვატარებდი და ასეთი ურთიერთობები ნამდვილად დამაკლდა. უნივერსიტეტი სკოლისგან ბევრად განსხვავდება. ახალ გამოწვევებს სიხარულით ველოდები. მომწონს სტუდენტობა. პირისპირ სწავლებისას ლექტორებთან კომუნიკაციაც უფრო მარტივია, უნივერსიტეტის გარემოც თავისას შვრება, მეტად გინდება, რომ პროცესში ჩაერთო.
ძალიან მიხარია კამპუსში მისვლა. იმედი მაქვს ეპიდვითარება სწავლის ასე გაგრძელების საშუალებას მოგვცემს. ჩვენი უნივერსიტეტი საკმაოდ აქტიური სტუდენტური ცხოვრებით გამოირჩევა. ყოველ წელს პირველკურსელებს წვეულებას უწყობენ. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ეს ვერ მოხერხდა, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ გაზაფხულზე საველე პრაქტიკაზე წავალთ. ამას მოუთმენლად ველოდები.
⇒ ლიზა მამუკაძე,
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ციფრული მედიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტი
პანდემიამ საკმაოდ დიდი და უარყოფითი გავლენა იქონია ჩემს სააბიტურიენტო პერიოდზე. მართალია, დღეს ტექნოლოგიები უმაღლეს დონეზეა განვითარებული, თუმცა დისტანციური სწავლება ბევრად დამღლელი და არაეფექტურია, ვიდრე პირისპირ. განწყობაზეც ძალიან უარყოფითად მოქმედებდა ჩაკეტილობა. ამ ყველაფერმა კი, რა თქმა უნდა, წინასაგამოცდო ნერვიულობა კიდევ უფრო გაამძაფრა.
ჩემი საუნივერსიტეტო სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო და ეს სემესტრი ონლაინ მექნება. მიუხედავად ამისა, ჩემი განწყობა დადებითია. ლექტორები და ლექციები იმდენად საინტერესოა, რომ სიხარულით ველოდები თითოეულ ლექციას. გავიცანი კურსელები და ერთმანეთს უკვე 2-ჯერ შევხვდით კიდეც.
ონლაინ სწავლებისას ZOOM-ის და Google classroom-ის პლატფორმას ვიყენებ. ორივე კარგად მუშაობს, შეფერხების გარეშე. როგორც ჩემი მეგობრებისგან ვიცი, ამ მხრივ, მათთანაც ყველაფერი წესრიგშია. რა თქმა უნდა, ძნელია, როდესაც სწავლების დროს დამოკიდებული ხარ ინტერნეტზე, ტექნიკურ მოწყობილობაზე, შეიძლება გაუთვალისწინებელი პრობლემები წარმოიშვას. მაგალითად, თუ შუქი გაითიშა, ან მობილური გაფუჭდა, ან თუნდაც ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს, ვერ შეხვალ ლექციაზე, რაც პრობლემას ქნის, რის გამოც ნერვიულობ. ასევე, შუა ლექციის დროს შეიძლება ხელი შეგეშალოს იმის გამო, რომ ოჯახის წევრმა ყურადღება გაგიფანტოს ან თუნდაც მოულოდნელად სტუმარი გესტუმროს. ბუნებრივია, პირისპირ სწავლისას მსგავს პრობლემებს არ ვხვდებით.
ვისურვებდი პირისპირ სწავლას, უნივერსიტეტში სიარულს, მოკლედ, „ჩვეულებრივ სტუდენტობას“. ვფიქრობ, ბევრად დასამახსოვრებელი და გრძელვადიანია აუდიტორიაში პირისპირ ჩატარებული ლექცია თუ გაკვეთილი. სტუდენტი უფრო ჩართულია სასწავლო პროცესში, მეტად მობილიზებული და ყურადღებიანია, ვიდრე ონლაინ სწავლებისას.
GIPA მუდმივად ვითარდება და ძალიან მომწონს. სასურველი სტუდენტობა, პირველ რიგში, უნივერსიტეტში, აუდიტორიებში ლექციებზე პირისპირ დასწრებაა. ეს იქნება ჩემთვის იდეალური სწავლება და სასურველი სტუდენტური ცხოვრება. ასევე, ვისურვებდი მრავალფეროვან, განვითარებულ, თანამედროვე საუნივერსიტეტო გარემოს, რომელიც არის კიდეც GIPA-ში, უბრალოდ, ამ ყველაფერს, ჩვენი აუდიტორიებში ყოფნა აკლია.
⇒ გიორგი ჯოხაძე,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
აბიტურიენტობის პერიოდში დისტანციურმა რეჟიმმა ჩემი გეგმები უარყოფითად შეცვალა, რადგან სამოქმედო გეგმა შემიცვალა. ონლაინ მოგვიწია გაკვეთილებზე დასწრებაც და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაც.
ჩემი საუნივერსიტეტო სასწავლო წელი დაიწყო იმედით, რომ სწავლას დასწრებულ რეჟიმში დავიწყებდი, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ჩემი აზრით, პირისპირ სწავლის მთავარი უპირატესობა მაინც ატმოსფეროა, რადგან მონიტორი უფრო ნეგატიურ განწყობას აღძრავს, ვიდრე აუდიტორია.
რაც შეეხება სასწავლო პლატფორმებს, სწავლის დაწყების პირველ კვირაში, იყო მცირე ხარვეზები, ახლა ყველაფერი შეუფერხებლად მუშაობს. დისტანციური სწავლებისას ყველაზე რთულია პრეზენტაციის მომზადება, რომელიც ჯგუფურადაა გასაკეთებელი, რადგანაც უნივერსიტეტში შეხვედრა, ამ ეტაპზე, არ ხერხდება. ყველასთვის კონკრეტული დროის შერჩევა რთულია, თითოეულ სტუდენტს, ონლაინ სწავლებიდან გამომდინარე, სხვა აქტივობებისთვის, დღის რეჟიმი თავად აქვს გაწერილი. საოცნებო სტუდენტობად აუდიტორიაში, დასწრებულ რეჟიმში სწავლა მიმაჩნია, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
⇒ ნინო ლომთაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „დიპლომირებული მედიკოსი PBL“
ჩემმა სააბიტურიენტო წელმა ნაყოფიერად ჩაიარა. რა თქმა უნდა, სტრესული აღმოჩნდა ეს პერიოდი, რადგან არ მინდოდა ონლაინ სწავლაზე გადავსულიყავი და ახალი რეგულაციების გამოცხადებისას ყოველთვის დაძაბული ვიყავი, თუმცა, მიუხედავად მკაცრი რეგულაციებისა, საბოლოოდ კარგ შედეგზე გავედი.
სამწუხაროდ, ახალი სასწავლო წელი ჩემს უნივერსიტეტშიც ონლაინ დაიწყო. შესაბამისად, არ მომეცა შესაძლებლობა, რომ პირველი ნაბიჯები, რომლებსაც მომავლისაკენ მივყავარ, იმ უნივერსიტეტში გადამედგა, სადაც ჩემს არჩეულ პროფესიას საფუძველი უნდა ჩაეყაროს. პირველი გასაოცარი შთაბეჭდილებები იმ დღეს უკავშირდება, როდესაც ლექტორებსა და თანაკურსელებს აუდიტორიებში შევხვდი, მიკროსკოპების გასაცნობად…
ვფიქრობ, მედიცინის პირისპირ სწავლება მნიშვნელოვანია. დისტანციურად ჩატარებული პრაქტიკულები არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ იმ ყველაფერს დავეუფლოთ, რაც საუკეთესო ექიმად ჩამოყალიბების გარანტი იქნება, რადგან დისტანციურად სწავლებისას პრაქტიკულები მხოლოდ თეორიული ინფორმაციის გამოკითხვას მოიცავს, ეს საკმარისი არ არის.
ჩვენი საუნივერსიტეტო პლატფორმა თიმსია და ვფიქრობ, ის ნამდვილად გამართულია, შესაბამისად, ლექციებსა და პრაქტიკულებს ყოველგვარი პრობლემის გარეშე ვესწრები.
დისტანციურ სწავლებას თავისი სირთულეებიც ახლავს. ხშირია ინტერნეტის გაუმართაობის პრობლემა, ასევე რთულია სახლში ისეთი პირობები შეიქმნა, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია მოიპოვო. პანდემიასთან ერთად ცხოვრება ჩვენი ახალი ცხოვრების სტილია. თუ არის შესაძლებელი, რომ საუნივერსიტეტო წლები უნივერსიტეტში გავატაროთ, ყოველგვარი რეგულაციების დაცვით, უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება ვირტუალურ პაციენტებთან შეხვედრის შესაძლებლობას გვაძლევს პირველივე კურსიდან. ეს ის გამოწვევაა, რომლის მისაღებადაც აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი უნდა აირჩიო. როდესაც ჩემს სასურველ სტუდენტობას წარმოვიდგენ, ყოველთვის იქ ვარ და იმას ვაკეთებ, რაც საუკეთესო ექიმად ჩამოყალიბების წინაპირობაა.
⇒ ანი ხვიჩია
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი
გასული წელი ჩემთვის, როგორც აბიტურიენტისთვის, გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა. ონლაინ რეჟიმში მზადება ისეთი საპასუხისმგებლო მოვლენისთვის, როგორიც ერთიანი ეროვნული გამოცდებია, მარტივი არ იყო, მით უფრო, როცა მსგავსი მეთოდით სწავლების ნაკლები გამოცდილება ჰქონდა ჩვენს ქვეყანას. ამ რთულ მოსამზადებელ პერიოდთან ერთად, ეროვნული გამოცდების ჩაბარებაც რეგულაციების დაცვით მოგვიწია, რაც ადვილი ნამდვილად არ აღმოჩნდა. მიუხედავად სირთულეებისა შევძელი და დღეს სამედიცინოს სტუდენტი ვარ.
იმ მომენტიდან, როცა პირველად შევაღე უნივერსიტეტის კარი, ჩემი ცხოვრების წიგნის სრულიად ახალი თავი დაიწყო, ჯერ ცარიელი ფურცლებით, რომელიც დროთა განმავლობაში შეივსება. პირველი შთაბეჭდილება, როცა გავიაზრე რომ სტუდენტი გავხდი, ალბათ, სიამაყე იყო. იყო სტუდენტი ესაა გრძნობა, რომელიც, ფაზლის დაკარგული ნაწილის მსგავსად, არ შეგიძლია სხვა რამით შეავსო და მის გამოსახატად მართებული სიტყვაც არ მოიძებნება.
ნებისმიერ მოვლენაში, დადებითის გვერდით, ყოველთვის გვხვდება უარყოფითიც. არც დისტანციური სწავლებაა გამონაკლისი, რომლის ამა თუ იმ ფორმით გამოყენება ჩვენს განათლების სისტემაში, დღეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლება დღეს არსებული რეალობიდან ერთადერთი გამოსავალია, ის მაინც ვერ იძლევა პირისპირ სწავლების მსგავს შედეგს. რთულია ეკონტაქტო ლექტორს და კურსელებს ეკრანიდან, იგრძნო რას ნიშნავს იყო სტუდენტი და რაც მთავარია, მიიღო ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება. ვფიქრობ, პირისპირ სწავლება აუცილებელია მოსწავლეებისთვის, მით უფრო ჩვენთვის, PBL-ის სტუდენტებისთვის, ვინაიდან ჩვენ პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას ვეუფლებით, რისი ათვისებაც დისტანციურად შეუძლებელია.
ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა პლატფორმა „თიმსი“. მიუხედავად ოლაინ ფორმატში მუშაობისა, სტუდენტებს არ გვიგრძვნია დანაკლისი ლექტორებისგან, ვინაიდან ისინი ყველანაირად ცდილობენ, თიმსის პროგრამის მეშვეობით, თვალსაჩინო მასალებითა და მუხლჩაუხრელი შრომით აგვინაზღაურონ პირისპირ სწავლების დანაკლისი.
ვფიქრობ, დისტანციური სწავლების დროს სტუდენტის მოტივაცია და პასუხისმგებლობა უფრო ნაკლებია, ვიდრე პირისპირ სწავლების დროს იქნებოდა. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ სირთულე არა თუ სამუშაო გარემოს შექმნაში, არამედ ასეთი სწავლისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებაშია. ვიმედოვნებ, ეპიდსიტუაცია საშუალებას მოგვცემს სრულად გადავერთოთ პირისპირ სწავლებაზე და ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო მეტი დრო გავატაროთ. ამის შემდეგ ჩემი სტუდენტობაც უფრო ნათელი ფერებით შეიღებება.
⇒ თათია გიგოლაშვილი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
რეგულაციებით სავსე თვეები ჩემთვისაც, ისე როგორც ჩემი მეგობრებისთვის, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. იყო ხანგრძლივი პერიოდები, როცა გამოცდებისთვის მზადება დისტანციურად გვიწევდა, რაც იმდენად ეფექტური არ არის, რამდენადაც პირისპირ სწავლება.
მეგონა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა ცოტათი მაინც გამიჭირდებოდა, თუმცა, ჩემდა საბედნიეროდ, ეს აზრი მცდარი ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა დისტანციურად დავიწყეთ, მარტივად შევეგუე ახალ გრაფიკს, „გარემოს“, სწავლების მეთოდებსა და ზოგადად, უნივერსიტეტისთვის დამახასიათებელ სპეციფიკას. გავიცანი უამრავი სასიამოვნო ადამიანი — ლექტორები, კურსელები, რომლებთან ერთადაც ყოველ დღე სასიამოვნოდ ვატარებ დროს.
პირისპირ სწავლება, პირველ რიგში, საშუალებას გვაძლევს, ცოდნა ეფექტურად და უფრო მარტივად მივიღოთ. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ განათლების მიღების ასეთი გზა ახალი ურთიერთობების აღმოცენების შესაძლებლობაცაა.
ამ ეტაპზე, პირველკურსელები ვსარგებლობთ როგორც ზუმის, ასევე მუდლის პლატფორმითაც. მუდლი ნამდვილად გამართულად და მარტივად მუშაობს, ზუმს კი გარკვეული ხარვეზები აქვს, რაც ხშირად ლექციის ჩატარებას აფერხებს.
დისტანციური სწავლება, ტელეფონის ინტერნეტზე ან ვაიფაიზეა დამოკიდებული, რომლის არარსებობის შემთხვევაც პირდაპირ გამორიცხავს იმ დღეს ლექციაზე დასწრებას. ხშირად, ონლაინ მეცადინეობას, უმნიშვნელო, მაგრამ მაინც გარკვეული ხმაურიც ახლავს (რაც, ვფიქრობ, ყველა ოჯახშია), რაც გარკვეულ სირთულეებს ქმნის.
ჩემთვის სტუდენტობა განსაკუთრებული 4 წელია, სურვილის შემთხვევაში კი — 6, რომელიც მინდა, განსხვავებული გამოწვევებითა და უამრავი სასიამოვნო დღით გამოირჩეოდეს. დარწმუნებული ვარ, ჩემი უნივერსიტეტი მომცემს საშუალებას, ცხოვრების ახალი ეტაპი მრავალფეროვანი, გასაოცარი და რაც მთავარია, უამრავი ახალი ინფორმაციითა და კომპეტენციით დატვირთული გავხადო. სასურველი საუნივერსიტეტო გარემო ეს არის სასწავლებელი მეგობრული, განსაკუთრებული ლექტორებითა და მყუდრო გარემოთი, სადაც მისვლა მუდამ გიხარია.