29 მარტი, პარასკევი, 2024

ხათუნა რაზმაძის საქველმოქმედო ტრენინგები მათემატიკური ხიბლით და სიჭრელეებით

spot_img

📢🔴 გიწვევთ 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულის, ხათუნა რაზმაძის საქველმოქმედო ტრენინგებზე. ტრენინგების თემატიკა უკავშირდება მათემატიკის სწავლა-სწავლების პროცესის გამოწვევებს, სასწავლო პროცესის და რესურსების გამრავალფეროვნებას, მოსწავლეების საგნით დაინტერესებასა და მრავალფეეროვანი მეთოდებისა და რესურსების ეფექტურ გამოყენებას საკლასო ოთახში.

📌 ტრენინგებიდან შემოსული თანხა გადაირიცხება 27 წლის მარტოხელა დედის მხარდასაჭერ ფონდში, რომესაც ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია. თითოეული დღის ღირებულებაა 5 ლარი, ხოლო სრული კურსის 35 ლარი.

ტრენინგები გაიმართება ონლაინ რეჟიმში 2021 წლის 1 – 7 ნოემბერს, 21:00 საათზე პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.

ტრენინგების თემატიკა:

1 ნოემბერი – 📌მათემატიკა, როგორც ტვინის ჩირაღდანი;
2 ნოემბერი – 📌მათემატიკური თავგადასავლები;
3 ნოემბერი – 📌მათემატიკა და პოეტური მუზები;
4 ნოემბერი – 📌მათემატიკა და სამყაროს შეცნობა;
5 ნოემბერი – 📌მათემატიკა და საგანთა ინტეგრირება;
6 ნოემბერი – 📌ონლაინ სწავლება და მათემატიკა;
7 ნოემბერი – 📌მოსწავლე, როგორც პატარა მათემატიკოსი.

ტრენინგში მონაწილეობის საფასური უნდა გადარიცხოთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე:

📌ანგარიშის ნომერი GE35TB7733145061100070 – მიმღები: ხათუნა რაზმაძე

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.tprize@gmail.com

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს https://rb.gy/7gsxob

დიდი მადლობა ტრენინგში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის‼️

♦ ♦ ♦

 

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2021-ის გამარჯვებული მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე, ხუთი შვილის დედა, თავისი 22-წლიანი გამოცდილებით, სხვების დასახმარებლად, სკოლის გარეთ საქმიანობას აგრძელებს. საქველმოქმედო ტრენინგები მისთვის ჯილდოს მიღებამდეც და შემდეგაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სკოლაში გაკვეთილების ჩატარება. რეალურად, მისი კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იყო – ჯილდოს თანხით, სმენადაქვეითებული იმპლანტირებული ბავშვებისთვის ცენტრის გახსნა. „ვაპირებ, გავხსნა დღის ცენტრი, სადაც სკოლის შემდეგ მოვლენ იმპლანტირებული ბავშვები, საკუთარ თავს იპოვიან და სხვადასხვა მიმართულებით შეძლებენ რეალიზებას. მინდა, რომ ყველა გაკვეთილზე გვყავდეს ჟესტური ენის თარჯიმანი, ბავშვებს წიგნიერების უნარები განუვითაროთ, ფილმები ვაჩვენოთ, კულინარია და ხელნაკეთი ნივთების დამზადება ვასწავლოთ. მიხარია, რომ ჩემი სურვილი ახდა და ეროვნულმა ჯილდომ ამის შესაძლებლობა მომცა.“

5 ოქტომბრის შემდეგ, პირველი საქველმოქმედო ერთკვირიანი ტრენინგები, მათემატიკის მასწავლებლებისთვის უკვე დაგეგმა. თუმცა, ამბობს, რომ დასახელებაზე ჯერ კიდევ ფიქრობს, პირობითად, 7-დღიან ტრენინგებს დაარქმევსმათემატიკური ხიბლი და სიჭრელეებიდა 7 თემას გააერთიანებს: 1. მათემატიკა, როგორც ტვინის ჩირაღდანი; 2. მათემატიკური თავგადასავლები; 3. მათემატიკა და პოეტური მუზები; 4. მათემატიკა და სამყაროს შეცნობა; 5. მათემატიკა და საგანთა ინტეგრირება; 6. ონლაინ სწავლება და მათემატიკა; 7. მოსწავლე, როგორც პატარა მათემატიკოსი.

ეს ყველაფერი კი, 27 წლის მარტოხელა დედის, თამუნას დასახმარებლად დაგეგმა, რომელიც 8 ნოემბერს ოპერაციას იკეთებს, რომლის ღირებულება 3900 ლარია. სამწუხაროდ, თუ მისთვის თანხა ვერ შეგროვდა, გადაუდებელი ოპერაციის თარიღის გადაწევა გახდება საჭირო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ხათუნა რაზმაძემ 7-დღიანი ტრენინგების ჩატარება, შემოსულ თანხას მთლიანად ქველმოქმედებას მოახმარს. ამბობს, რომ პირადად აქვს იმის გამოცდილება, თუ რა მნიშვნელოვანია ასეთ დროს ადამიანების თანადგომა. „მე როცა დამჭირდა ჩემი მეხუთე შვილისთვის, იმპლანტირებული ბარბარესთვის, საკმაოდ სერიოზული თანხის – 5 ათასი ევროსმობილიზება, მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა ძალა აქვს ადამიანების თანადგომას. თანხა სასწრაფოდ უნდა შემეგროვებინა იმიტომ, რომ თუ ორი კვირის განმავლობაში ბარბარეს აპარატი არ ექნებოდა, კოორდინაციის პრობლემები დაეწყებოდა. სახელმწიფო ვერ გვეხმარებოდა, რადგან თავის დროზე, ათი წლის წინ, სახელმწიფოს დახმარებით, ერთხელ უკვე გაუკეთდა ჩემს შვილს ოპერაცია. წლების შემდეგ აპარატი დაზიანდა და სასწრაფოდ უნდა გამოგვეცვალა. ბარბარესთვის თანხა სრულიად უცხო ადამიანებმა გაიღეს. ძალიან დიდი სითბო და თანადგომა მივიღეთ მათგან – თანხა ორ კვირაში შეგროვდა. მას შემდეგ, სულ ვამბობ, რომ სამყაროს წინაშე ვარ ვალდებული, ვაკეთო სიკეთე, თუკი რამით შემიძლია დავეხმარო გაჭირვებაში მყოფ სრულიად უცნობ ადამიანებს. ცხადია, საქველმოქმედო აქტივობებს მხოლოდ ამის გამო არ ვატარებ ხოლმე, მაგრამ ერთერთი ფაქტორი ესეც არისმინდა ამით მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ, ვინც ჩემი განსაცდელი გულთან ახლოს მიიტანა.

მთელი წლის განმავლობაში მაქვს ხოლმე მსგავსი საქველმოქმედო ტრენინგები, რომლებიც კონკრეტული ადამიანის დასახმარებლად კეთდება. დედების ფონდშიც ვარ გაერთიანებული და როცა ვეცნობი ვიღაცის ისტორიას და აღმოვაჩენ, რომ მას აუცილებლად სჭირდება საზოგადოების თანადგომა, ვიწყებ ხოლმე ფიქრს იმაზე, როგორ დავეხმარო. ასეთ ადამიანებს სოციალურ ქსელშიც ვპოულობ. იყო შემთხვევები, როცა კონკრეტული ადამიანისთვის დამიგეგმავს საქველმოქმედო ტრენინგების ჩატარება, მაგრამ მისთვის თანხა შეგროვილა, ასეთ დროს, ვარჩევ შემდეგი ვინ იყოს, ეს თანხა ვის უფრო სჭირდება, ვისთვის უფრო სასწრაფო და მნიშვნელოვანია.

ეს კონკრეტული შემთხვევაც სწორედ სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე. ვნახე, რომ ახალგაზრდა ქალს ოპერაციისთვის საჭირო თანხა არ აქვს, ამიტომ გადავწყვიტე, როგორც შევძლებ, დავეხმარო. მცირე თანხით უკვე დავეხმარე, განათლების კოალიციასთან ერთად, 700 ლარი გადავურიცხეთ. იმედია, ოპერაციამდე, ტრენინგების ჩატარებასაც მოვასწრებ და შემოსულ თანხას გადავურიცხავ. 27 წლის მარტოხელა დედა დავაიმედე – ნუ გეშინია, მანამდე ჯერ კიდევ არის დრო და აუცილებლად გამოჩნდებიან მხარდამჭერი ადამიანები. იმედია, მართლა გამოჩნდებიან, ამ შემთხვევაში – მასწავლებლები, რომლებიც დარეგისტრირდებიან ჩემს ტრენინგებზე და ერთად შევძლებთ ახალგაზრდა ქალის თანადგომას.“

ხათუნა რაზმაძე ამბობს, რომ 7-დღიანი ტრენინგის საფასური მინიმალური იქნება, რადგან მასწავლებლების შესაძლებლობებიც ხომ უნდა გაითვალისწინოს – 35 ლარი, ერთი ტრენინგის საფასური, რეალურად, 5 ლარია. თავის მხრივ, ესეც ქველმოქმედებაა, რადგან მსურველ მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, სიმბოლური თანხის საფასურად, დაესწრონ მდიდარი გამოცდილების მქონე მასწავლებლის საათ-ნახევრიან, აქტივობებით დახუნძლულ ტრენინგებს.

მზად ვარ, ნებისმიერი ადამიანის თანადგომისთვის, მზად ვარ ვასწავლო, განვავითარო, მივცე სწავლის საშუალება. რაც მთავარია, აუცილებლად ვითვალისწინებ იმას, რომ ეს მათთვის ხელმისაწვდომი იყოს. ტრენინგების შემდეგ, ყველა მასწავლებელს ვუგზავნი პრეზენტაციებს, პატარა დავალებებსაც ვაძლევ და უკუკავშირიც მაქვს ხოლმე მათთან. ვფიქრობ, ეს საქმე მნიშვნელოვანია როგორც პიროვნული, ისე პროფესიული ზრდაგანვითარების თვალსაზრისითაც. როგორც გითხარით, საქველმოქმედო ტრენინგებს ხშირად ვაწყობ ხოლმე, თუმცა, ზოგჯერ, ნაწილობრივ საქველმოქმედოა. ამ ზაფხულს საქველმოქმედო ტრენინგები ერლომ ახვლედიანის შვილისთვის ჩავატარე, ასევე, 24 წლის გოგოს გადავურიცხე ტრენინგებზე შემოსული თანხა. ასეთ შემთხვევებს შირად არც ვახმოვანებ ხოლმე, თუმცა, იმისთვის, რომ მხარდამჭერები მოვიზიდო და ინტერესი გავაჩინო, ზოგჯერ ამის თქმაც საჭიროა. ჩაერთეთმადლიან განათლებაში“ – ასე ვამბობ ხოლმე, როცა საქველმოქმედო ტრენინგებს ვიწყებ, მინდა ახლაც ვუთხრა კოლეგებს – შემოუერთდით ჩემსმათემატიკურ სიჭრელეებს“, თან ისწავლეთ და თან კეთილი საქმე აკეთეთ კონკრეტული ადამიანების დასახმარებლად.“

ხათუნა რაზმაძის საქველმოქმედო ტრენინგების კვირეული თვის დასაწყისში იგეგმება, რადგან, როგორც თავად ამბობს, 8 ნოემბრამდე, ზუსტად მოასწრებს 7-დღიანი ტრენინგების ჩატარებას და შემოსულ თანხას მთლიანად 27 წლის მარტოხელა დედას გადაურიცხავს. თუმცა, თუ მანამდე მისთვის თანხა შეგროვდება, ქველმოქმედების ობიექტიც შეიცვლება, ამის შესახებ ტრენინგის მონაწილეებს თავად შეატყობინებს.

ლალი ჯელაძე 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები