ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარებას თავისი ეტაპები აქვს. ადამიანს კომუნიკაციის დამყარებისათვის სხვადასხვა საშუალება აქვს, იქნება ეს ვერბალური, არავერბალური თუ აუგმენტური. მოდი, განვმარტოთ ეს საინტერესო ტერმინები.
ვერბალური კომუნიკაცია გულისხმობს ენის სიტყვების, ფრაზებისა და წინადადებების გამოყენებას, ინფორმაციის მიღების და გაცემის მიზნით.
არავერბალური კომუნიკაცია მოიცავს ყველა იმ საშუალებას, რომელიც ანაცვლებს მეტყველებას სხვადასხვა კომუნიკაციის ფორმებით: სახის გამომეტყველება, ჟესტები, სხეულის ენა, ბარათები, დასურათებული წიგნი, სიმბოლოები და ა.შ.
რაც შეეხება აუგმენტურ კომუნიკაციას, არავერბალური კომუნიკაცია მოიცავს აუგმენტურსაც. ის ასევე გულისხმობს კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას მეტყველების განსავითარებლად და გასაძლიერებლად.
დაბადებიდან პირველ თვეებში ბავშვი სამყაროსთან კომუნიკაციას, ძირითადად, არავერბალურად ამყარებს – გაღიმება, ტირილი, თვალის გაყოლება მოსაუბრისთვის, საგნებისთვის. დაახლოებით, 0-6 თვემდე ბავშვი იწყებს ღუღუნს, გამოსცემს სხვადასხვა ხმოვნებს.
6-12 თვემდე ბავშვი უკვე ტიტინს იწყებს, ხმოვნებთან ერთად, თანხმოვნის წართქმასაც ცდილობს, მაგ.: და-და-და, ბა-ბა და ა.შ.
1-2 წლამდე კი, ჩნდება პირველი სიტყვები, რომელიც თავიდან, შესაძლოა, საკუთარი სიტყვები იყოს (მაგ.: ბა-ბა იყოს ბურთი), შემდგომ დამახინჯებულად წარმოთქმული სიტყვები, ხოლო ბოლოს, ბავშვი ცდილობს, სწორად წარმოთქვას ცალკეული სიტყვები.
ჩვენი დღევანდელი სტატია, სწორედ რომ, პირველი სიტყვების წარმოთქმასთანაა დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, ბავშვს მეტყველებისათვის ხელშემწყობი, მასტიმულირებელი და მრავალფეროვანი გარემო ჰქონდეს. ყოველდღიური საგნებისა და ქმედებების გახმოვანებით იწყება სიტყვების გაგება და შემდგომ მათი გამოყენება.
საგნების დასახელება და გახმოვანება იმ ყოველდღიური საგნების/ადამიანების დასახელებით უნდა დაიწყოთ, რასთანაც ბავშვს აქვს შეხება: ოჯახის წევრები, სათამაშოები, საკვები, ტანსაცმელი, ცხოველები და ა.შ.
დღეს რამდენიმე საინტერესო სტრატეგიას შემოგთავაზებთ, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის ექსპრესიული მეტყველების განვითარებას, ამ შემთხვევაში, ცალკეული სიტყვების წარმოთქმას.
⇒ თამაში „გულმავიწყობა“
ბავშვები ძალიან ხალისობენ, როცა უფროსებს გარკვეული სიტყვები ავიწყდებათ და ცდილობენ მათ დახმარებას. შეგიძლიათ, ნებისმიერი თამაშის დროს, პროცესში ჩართოთ „გულმავიწყობა“, მაგალითად, ცხოველებით თამაშისას, ხელში აიღოთ სათამაშო ლომი და დაფიქრდეთ „მმმ, ვინ არის?“ ან უბრალოდ, დაიწყოთ რამდენიმე ცხოველის დასახელება და რომელიმეზე შეყოვდნეთ და მისცეთ ბავშვს დრო, თვითონ დაასახელოს.
გულმავიწყობის გამოყენება სხვადასხვა რუტინული სიტუაციის დროსაც შეგიძლიათ. მაგალითად, კვების დროს, როცა სუფრას შლით, დაგავიწყდეთ თეფშის დადება ან კოვზის/ჩანგლის განთავსება და იკითხეთ: „უი, რა უნდა დავდოთ კიდევ?“, „კოვზი, ჭიქა და კიდევ..?“
გარეთ გასვლის დროს, როცა ბავშვმა ქურთუკი უნდა ჩაიცვას, დაგავიწყდეთ ქუდი ან ფეხსაცმლის გამოცვლა. დასვით კითხვა, „უი, თავზე ახლა რა უნდა დავიფაროთ?“, „ფეხზე რა ჩავიცვათ?“
⇒ თამაში „ვერ ვხვდები“
მოათავსეთ ბავშვისთვის სასურველი და საინტერესო სათამაშოები ოდნავ შემაღლებულ ადგილას ისე, რომ ბავშვი თან ხედავს რა დევს თაროზე და თან არ შეეძლოს, თქვენგან დამოუკიდებლად, მისწვდეს და აიღოს.
როცა ბავშვს რომელიმე სათამაშო მოუნდება, ხელს მოგკიდებთ და მიგიყვანთ სათამაშოებამდე. ეცადეთ, მიუხედავად იმისა, რომ მიხვდით რომელი სათამაშო უნდა, პირდაპირ მას არ დაადოთ ხელი. მაგალითად: თუ ბავშვს მანქანა უნდა, მიდით თაროსთან და სხვადასხვა სათამაშოები დაასახელეთ, „კუბიკები გინდა? ფაზლები გინდა?“ მიეცით დრო, თვითონ წარმოთქვას შესაბამისი სათამაშოს სახელი.
დაიმახსოვრეთ, ყველა ბავშვს ინდივიდუალური დრო სჭირდება სიტყვების გახსენებისთვის და წარმოთქმისთვის.
⇒ თამაში „შეცდომით თქმა“
კიდევ ერთი ძალიან სახალისო თამაშია საგნების სპეციალურად შეცდომით დასახელება. ბავშვებს გულიანად ეცინებათ, როცა უფროსი იღებს სათამაშო ფორთოხალს და ამბობს, აი, პომიდორი. მიეცით დრო, თვითონ გითხრას რომელი ციტრუსი გიჭირავთ ხელში.
შეგიძლიათ გააგრძელოთ შეცდომით თქმა: „აი, მარწყვი! ააა, არა? მაშინ, აი, კიტრი! უი, არც კიტრია.“ მოკლედ, სახალისო იქნება მისი რეაქცია და დახმარების მცდელობა, დაასახელოს სწორად საგანი.
იგივე შეგიძლიათ გაიმეოროთ ფერებზეც, კუბიკებით თამაშის დროს ან ნებისმიერი სხვა თამაშისას, სადაც სხვადასხვა ფერებია. მაგალითად, ხატვის დროს, აიღეთ შავი ფერი და თქვით „აი, წითელი“.
მიეცით ბავშვს საშუალება, დაგეხმაროთ და იგრძნოს თავი კომპეტენტურად.
⇒ თამაში „გააგრძელე…“
ამ თამაშის დროს თქვენ უნდა დააწყოთ, მწკრივში ან ერთ სივრცეში, რაიმე საგნები, დაიწყოთ ჩამოთვლა და დასახელება. რომელიმე საგანზე გაჩერდით, მაგრამ ხელი დაადეთ. მაგალითად: რა გვიდევს დღეს სუფრაზე? ჩამოთვალეთ და თითოეულ საგანს ხელი დაადეთ. „დღეს გვიდევს სუფრაზე თეფში, კოვზი, ჩანგალი…“ და ხელი დაადეთ ჭიქას და არ თქვათ, ბავშვს დაელოდეთ.
წადით მაღაზიაში, იყიდეთ სხვადასხვა ნივთები, რომელიც ბავშვს ძალიან უყვარს და სახლში დაბრუნებულმა აჩვენეთ ვინმეს რა იყიდეთ, მაგალითად: დღეს ვიყიდეთ შოკოლადი, რძე, პური, ხელი დაადეთ კოკა-კოლას და დაელოდეთ, მან თქვას.
ამ თამაშის ხიბლი იმაშია, რომ რომელიმე საგნის გამოტოვებით ბავშვი გრძნობს, რომ მის გარშემო წესრიგი დაირღვა და ცდილობს, სიტყვა აუცილებლად დაამატოს, რომ ყველაფერი სწორად იყოს.
⇒ თამაში „კონტეინერები“
შეგიძლიათ შეიძინოთ გამჭვირვალე კონტეინერები და მათში სხვადასხვა ნივთები შეინახოთ. ერთ კონტეინერში ერთი ნივთი ან მასალა უნდა იყოს. შეგიძლიათ, კონტეინერების გახსნამდე, ჯერ დაასახელოთ რა არის მოთავსებული შიგნით და შემდგომ გახსნათ, მაგალითად: აქ ქვიშაა, აქ ბრინჯია, აქ ლობიოა, აქ წყალია, აქ ფანქრებია, აქ მანქანებია.
გამჭვირვალე კონტეინერები ბავშვს საშუალებას აძლევს, თან დაინახოს რა არის შიგნით მოთავსებული და თან თამაშის დაწყებასაც შეუწყობს ხელს.
⇒ თამაში „ჩავაგდოთ და დავასახელოთ“
თითქმის ყველა ბავშვს უყვარს ცოცხალი და მოძრავი თამაშები. ძალიან სახალისოა ბავშვებისთვის რაიმე საგნის რაიმეში ჩაგდება და, ამავე დროს ,შეგიძლიათ გაახმოვანოთ ეს საგანი.
მოაგროვეთ სხვადასხვა საგანი, ბავშვისთვის ნაცნობი, მაგალითად: სათამაშო ძაღლი, ბავშვის ფეხსაცმელი, ბურთი, ფანქარი, სათამაშო ვაშლი, კუბიკი, პირამიდის რგოლი… დადეთ წინ, ოდნავ მოშორებით, რაიმე ყუთი და დაიწყეთ – აიღეთ საგანი, დაასახელეთ ემოციით, მხიარულად, თეატრალურად და ჩააგდეთ ყუთში. შემდეგ მიეცით დრო ბავშვს, რომ იგივე გაიმეოროს.
ამ თამაშის განხორციელება შეიძლება არა მხოლოდ განსხვავებული საგნების ჩაგდებით და დასახელებით, არამედ მხოლოდ ცხოველების, ფერადი ბურთების ფერების დასასწავლად, ასევე სათამაშო ხილის/ბოსტნეულის დასახელებისთვისაც.
დაიმახსოვრეთ, ბავშვები უკეთ სწავლობენ, როცა თამაშობენ და მეტყველებაც სპონტანურად ვითარდება. არ დააძალოთ მათ სიტყვების დასახელება, თქვენ, უბრალოდ, მოტივაცია და ბიძგი უნდა მისცეთ თამაშებით და გარემოს მოწყობის საშუალებით.