მანანა რატიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
განათლების ახალი კონცეფცია, რომელმაც ოქტომბრის შუა რიცხვებში იხილა დღის სინათლე, შედგენილია სამთავრობო კომისიის მიერ, რომელშიც არ ჩანს მის შექმნაში პროფესიონალებიდან ვინ იღებდნენ მონაწილეობას. დოკუმენტი დაიწერა დახურულ კარს მიღმა, საზოგადოებისა და პროფესიული წრეების ჩართულობის გარეშე – ისე, როგორც საიდუმლო ოპერაცია შეიძლება დაიგეგმოს და არა ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი დოკუმენტი.
არ ჩანს, თუ რა კვლევებს და შეფასებებს დაეყრდნო, როგორ განისაზღვრა უმაღლესი განათლების წინაშე მდგარი პრობლემები (რომელთა ნაწილი, მართლაც, აქტუალურია, მაგალითად, რესურსების ირაციონალური განაწილება, რეგიონული უთანასწორობა თუ კვლევისა და სწავლების დაუკავშირებლობა), თუმცა შემდგომში მათი გადაჭრის გზები არის საგანგაშო. ისინი არათუ პრობლემებს ვერ აგვარებენ, არამედ კიდევ უფრო აღრმავებენ და ხშირ შემთხვევაში, ახლებს წარმოქმნიან. სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტების შინაარსობრივ და ინსტიტუციურ კონტროლზე გადაყვანა არღვევს უნივერსიტეტების ავტონომიას, აკადემიურ თავისუფლებას და განათლებაზე თანასწორ ხელმისაწვდომობას.
მოდით, განვიხილოთ რეფორმა რამდენიმე ჭრილში:
 როგორ ხდება განათლება პრივილეგია
როგორ ხდება განათლება პრივილეგია
განათლებაზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლების საყოველთაო დეკლარაციით, მდგრადი განვითარების მიზნებითა და სხვა მაღალი იერარქიის მქონე დოკუმენტებით არის აღიარებული, ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. კონცეფციაში შეთავაზებული პრინციპი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ რადიკალურად ზღუდავს სტუდენტების არჩევანის თავისუფლებას. ამ მოდელით, რეგიონული უნივერსიტეტები, პედაგოგიური და აგრო მიმართულების გარდა, სტუდენტებს ვერ მიიღებენ. სტუდენტი იძულებულია, იმ ქალაქში დარჩეს, სადაც მხოლოდ ერთი ფაკულტეტია წარმოდგენილი – ან სხვაგან გადავიდეს, რაც მოითხოვს საცხოვრებლისა და ტრანსპორტის დამატებით ხარჯებს. განათლებაზე ხელმისაწვდომობა იზღუდება, ხდება პრივილეგია. უმაღლესი განათლების მიღება მხოლოდ მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ოჯახებისთვის თუ იქნება შესაძლებელი, ხოლო დაბალშემოსავლიანი ოჯახების შვილები რეალურად კარგავენ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ეს მიდგომა არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას განათლებაზე თანასწორად ხელმისაწვდომობის შესახებ და ქმნის ორპოლუსიან სისტემას – პრივილეგირებულთათვის და დანარჩენთათვის.
იგივენაირად ხლეჩს საზოგადოებას მდიდრებად და დანარჩენებად 11-წლიანი განათლება, რადგან უფრო მაღალ საფეხურზე განათლების მიღების შესაძლებლობა ძვირდება, გეოგრაფიულად იზღუდება და შესაბამისად, მცირდება. ასევე მხოლოდ კერძო სკოლების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სკოლების, კურსდამთავრებულები შეძლებენ ბარიერების გარეშე უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას.
 კონსტიტუციით განსაზღვრული გარანტიების უგულებელყოფა
კონსტიტუციით განსაზღვრული გარანტიების უგულებელყოფა
უნივერსიტეტებისთვის აკადემიური თავისუფლებისა და ავტონომიურობის იდეა საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. ამ კონცეფციით ავტონომიურობა კნინდება და მას ანაცვლებს ადმინისტრაციული კონტროლი.
დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული, რომ სახელმწიფო შექმნის უნივერსიტეტებისთვის სავალდებულო სახელმძღვანელოებს. უნივერსიტეტები ვეღარ განსაზღვრავენ საკუთარ სასწავლო გეგმებს, რადგან სახელმწიფო თავად გადაწყვეტს, რა უნდა ისწავლებოდეს და ვინ ასწავლოს. ამავდროულად, სახელმწიფო თავად გადაწყვეტს, თუ სად რომელი ფაკულტეტები დატოვოს. სახელმწიფო კი თავად შექმნის სახელმძღვანელოებს, რომლითაც უნივერსიტეტები ასწავლიან სტუდენტებს. ეს ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რისი სპეციალისტი ხარ, რა გიკვლევია, უნდა ასწავლო მხოლოდ ის, რაც ამ სახელმძღვანელოში ჩაიწერება. ეს პრაქტიკა უნივერსიტეტებთან ერთად ახალი ცოდნის შექმნის შესაძლებლობის მკვეთრად შეზღუდვას ნიშნავს. როდესაც აკადემიური შინაარსი პოლიტიკურად რეგულირდება, ფსევდომეცნიერული გარემოს ჩამოყალიბების საფრთხე იქმნება, რაც ისტორიაშიც კარგად არის ცნობილი. მაგალითად, ლისენკოიზმად მოიხსენიებენ, სსრკ-ში ტროფიმ ლისენკოს მაგალითს, რომელმაც ათწლეულებით უკან დახია სოფლის მეურნეობაში გენეტიკური კვლევების გამოყენება. მისი კვლევები სახელმწიფო იდეოლოგიით იყო ნაკარნახევი, გენეტიკა „ბურჟუაზიულ ცრუ მეცნიერებად“ გამოცხადდა და ამ მიმართულების მეცნიერები დევნას დაექვემდებარნენ. ათასობით ნიჭიერი მეცნიერი რეპრესირებული იყო მხოლოდ იმიტომ, რომ მათი კვლევები არ ემთხვეოდა პარტიის ხაზს. შედეგად, საბჭოთა მეცნიერება ათწლეულებით ჩამორჩა მსოფლიოს. ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ ჩინეთის მაგალითი, სადაც შიმშილთან საბრძოლველად, 1953 წელს, ჩინეთის ლიდერმა მაო ძედუნმა ბეღურების განადგურების ბრძანება გამოსცა, ბიოლოგი ჩჟოუ ცზიანის ინიციატივაზე დაყრდნობით. მოსავალი, ჩიტების ნაცვლად, მწერებმა გაანადგურეს, რასაც უარესი შიმშილობა მოჰყვა.
ისტორიული მაგალითები ნათლად უჩვენებს, რა სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს სახელმწიფოს მიერ ნაკარნახევ კვლევის მიმართულებებსა და აკადემიურ შინაარსს – მეცნიერება დაკარგავს თავისუფლებას და გადაიქცევა იდეოლოგიურ ინსტრუმენტად. ახალი ცოდნა აღარ შეიქმნება. თუ შეიქმნება მხოლოდ სახელმწიფო დაკვეთით, იმ მიმართულებებით, რომელსაც შრომის ბაზარი განსაზღვრავს. აღნიშნული განსაკუთრებით დაარტყამს სოციალურ მეცნიერებებს, წააქეზებს ფსევდომეცნიერულ კვლევებს.
თუ საქართველო აიღებს მსგავს კურსს, კვლევა და ინოვაცია მხოლოდ ფორმალურად იარსებებს, ხოლო ნიჭიერი მეცნიერები და პროფესორები ან ქვეყნიდან წავლენ, ან საერთოდ დატოვებენ აკადემიას. შედეგად, ქვეყანა დაკარგავს ცოდნის მთავარ წყაროს – დამოუკიდებელ აზროვნებას და კრიტიკულ ინტელექტს.
 რეგიონების დაცლა
რეგიონების დაცლა
ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი ნიშნავს, რომ სტუდენტებს ქალაქის ფარგლებში არჩევანი ეზღუდებათ, ამით კი მათი კონსტიტუციური უფლებაც იზღუდება განათლების ხელმისაწვდომობაზე. რეგიონული უნივერსიტეტების – ბათუმის, გორის, თელავის, ახალციხის, ზუგდიდის უნივერსიტეტების პროფილური შეზღუდვა, მხოლოდ აგრარული და პედაგოგიური ფაკულტეტების დატოვება, რეგიონებიდან ახალგაზრდების მასობრივ გადინებას გამოიწვევს. ის ახალგაზრდები, ვისაც სხვა მიმართულებით სწავლა მოუნდებათ, იძულებულნი გახდებიან, დატოვონ საკუთარი ქალაქები, გადავიდნენ თბილისში ან ქუთაისში, სადაც კონცენტრირდება საუნივერსიტეტო განათლება. შედეგად, რეგიონები ახალგაზრდობისგან დაიცლება, შესუსტდება მათი სიცოცხლისუნარიანობა, რადგან სახლიდან მოშორებით სტუდენტების განათლება ოჯახებს უფრო ძვირი დაუჯდება. თბილისში ცხოვრების ხარჯი, საშუალოდ, 10 ათას ლარს შეადგენს.
ფორმალურად დეკონცენტრაციის იდეის ჩანაწერი რეალურად საუნივერსიტეტო ქალაქების ასაკობრივ სტრუქტურას შეცვლის, სტუდენტებთან ერთად უმუშევრად დარჩენილი პროფესურაც დატოვებს მათ. ქალაქები ინტელექტუალურად განიძარცვება.
 ახალგაზრდებისთვის ფორმალურ განათლებაში გატარებული წლების მოკლება
ახალგაზრდებისთვის ფორმალურ განათლებაში გატარებული წლების მოკლება
რეფორმის ლოგიკა, რომელიც უნივერსიტეტებში სწავლის ხანგრძლივობის შემცირებას გულისხმობს, ახდენს გავლენას ზოგად განათლებაზეც.
ახალი სტრუქტურა 11+3+1 ფორმატით (11 წელი – ზოგად განათლებაში, 3 – ბაკალავრიატი, 1 – მაგისტრატურა) ნიშნავს, რომ ახალგაზრდები, საერთო ჯამში, სამი წლით ნაკლებ დროს ატარებენ ფორმალურ განათლებაში, ვიდრე ეს საერთაშორისო სტანდარტებშია მიღებული.
ეს დროის შემცირება პირდაპირ აისახება მათ აკადემიურ მომწიფებაზე: ისინი ტოვებენ უნივერსიტეტს არასაკმარისი კვლევითი და თეორიული მომზადებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათ კონკურენტუნარიანობას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. კურსდამთავრებულებს შეეზღუდებათ სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა როგორც ადგილზე, ისე უცხოეთის უნივერსიტეტებში, რადგან მათი აკადემიური მომზადების დონე საკმარისი არ იქნება სწავლის გასაგრძელებლად.
საათების შემცირება ახალგაზრდებში ცოდნის ზედაპირულობას აჩენს. საგნობრივ სიღრმეებთან ერთად, ნაკლებად განვითარდება ის კომპეტენციები, რაც ჩვენს ახალგაზრდებს მაღალკონკურენტულ გარემოში კონკურენტუნარიანებს ხდის. კონცეფციაში არის დათქმა, რომ განათლების სისტემა მთლიანად მიმართული იქნება არა 21-ე საუკუნისთვის მნიშვნელოვანი კომპეტენციების განვითარებისკენ, არამედ შრომის ბაზრისთვის „სწრაფად მომზადებისკენ“, რაც უფრო პროფესიული განათლების საფეხურის ამოცანას ჰგავს.
ფორმალურ განათლებაში წლების მოკლება აუცილებლად გამოიწვევს მასწავლებლებისა და პროფესორების დატვირთვის საგრძნობ შემცირებას, რაც მათ კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება. მხოლოდ სკოლებში ეს შეეხება საბაზო-საშუალო საფეხურის 30 ათას მასწავლებელს, მათი ანაზღაურება, საშუალოდ, 15%-ით შემცირდება.
 ქვეყნის განვითარების პერსპექტივის შეფერხება
ქვეყნის განვითარების პერსპექტივის შეფერხება
რეფორმის ლოგიკა ეწინააღმდეგება ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს. როცა განათლება კარგავს დამოუკიდებლობას, მეცნიერება კი – კვლევის თავისუფლებას, ქვეყანა კარგავს განვითარების მთავარ რესურსს.
სისტემა, რომელიც ემსახურება მხოლოდ შრომის ბაზრის მოკლევადიან საჭიროებებს, ვერ ქმნის იმ სიღრმისეულ ცოდნას, რომელიც სახელმწიფოს წინსვლისა და დემოკრატიული საზოგადოების შენებისთვისაა საჭირო. შედეგად, საქართველოს ემუქრება ინტელექტუალური სტაგნაცია – უნივერსიტეტები გადაიქცევიან ადმინისტრაციულ დაწესებულებებად, მეცნიერება კი პოლიტიკურად გაკონტროლებულ პროცესად.
ასეთი გარემო არა პროგრესს, არამედ სოციალურ და კულტურულ რეცესიას ნიშნავს. განათლება, რომელიც უნდა იყოს თავისუფლებისა და ინოვაციის სივრცე, გადაიქცევა მორჩილების ინსტრუმენტად – ხოლო ქვეყანა, რომელიც საკუთარ უნივერსიტეტებს დამოუკიდებლობას ართმევს, უარს ამბობს საკუთარ მომავალზე.
 დასკვნა
დასკვნა
ეს რეფორმა არ არის ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული. ის არ ეფუძნება კვლევას, დიალოგს და პროფესიული წრეების ჩართულობას. ცდილობს კონტროლს დაუქვემდებაროს აკადემიური საზოგადოება, პროფესურა, მკვლევრები თუ სტუდენტები. დაზოგოს თანხები განათლებაზე და ქვეყნის მომავალზე.
როცა უნივერსიტეტი კარგავს თავისუფლებას, ქვეყანა კარგავს მომავალს. ეს არის არა განათლების რეფორმა – არამედ სისტემის დემონტაჟი.

