ლალი ჯელაძე
„მშობელთა კრება“ – უმეტესი მშობლისთვის არც თუ ისე მიმზიდველი „აქტივობა“ სკოლის ცხოვრებიდან, გარკვეული საფრთხეებისა და რისკების შემცველია, იმ შემთხვევაში, თუ დამრიგებელი გადაწყვეტს, ინდივიდუალური მოსწავლის ყოფაქცევა ან მისი აკადემიური მოსწრება საჯაროდ, სხვა მშობლების თვალწინ, გამოიტანოს (როგორც ეს წლების წინ ხდებოდა), მიუხედავად იმისა, ეს ინფორმაცია დადებითია თუ უარყოფითი. ორივე შემთხვევას აქვს თავისი უარყოფითი მხარე – პირველ რიგში, ბავშვის პერსონალური ინფორმაციის გაცემაა. თუმცა, წლებია, რაც „მშობელთა კრების“ ჩატარების წესებში სამინისტრომ ცვლილება განახორციელა და ეს სწორედ მოსწავლეთა უფლებების დაცვის სასარგებლოდ მოხდა. ესგ-ს მე-9 მუხლში – დამრიგებლის ქვეთავში – მითითებულია, რომ დამრიგებელმა – „რეგულარულად (მინიმუმ, თვეში ერთხელ) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა მოსწავლის/მშობლის თანდასწრებით საუბარი; საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია.“
ცხადია, თანამედროვე მშობელთა კრების ორგანიზება სწორედ ამ ოფიციალური ჩანაწერების წესის დაცვით უნდა განხორციელდეს და ისიც ცხადია, რომ ნებისმიერი ბავშვის სწავლა-აღზრდის პროცესში შექმნილი სირთულეების დაძლევა მშობლის გვერდის ავლით ვერ მოგვარდება. სწორედ მათთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ყველაზე დამკვიდრებულ ფორმად მშობელთა კრება გამოიყენება. აქედან გამომდინარე, მისი ფუნქცია და ამოცანაც სწორედ სკოლის (მასწავლებლის, დამრიგებლის) და მშობლის თანამშრომლობაა. გარკვეულწილად, მშობლის როლის და პასუხისმგებლობის გასაძლიერებლად, შვილის სწავლა-აღზრდის საქმეში, „მშობელთა კრება“ საუკეთესო ინსტრუმენტად შეიძლება იქცეს.
როგორც უკვე გითხარით, მავნე პრაქტიკა, რომელიც მშობელთა კრებებს ახლდა თან და ათეულობით მშობლის წინაშე განიხილავდნენ თითოეული ბავშვის ყოფაქცევის ან აკადემიური მოსწრების საკითხებს, წარსულს ჩაბარდა, სავარაუდოდ, იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როცა მოძველებული ყაიდის დამრიგებელი/მასწავლებელი, საფრთხეების გაუცნობიერებლად, აქებს ან აძაგებს კონკრეტული მოსწავლის ყოფაქცევას ან აკადემიურ მიღწევებს. თუმცა, მშობელთა ნაწილს დღესაც აქვს კითხვა: რატომ აღარ აცხადებენ საერთო კრებაზე მათი შვილების მიღწევებს, განსაკუთრებით იმ მშობელთა ნაწილს, ვისი შვილიც, ასე ვთქვათ, „წარჩინებულია“. როგორც ჩანს, ნაკლებად ფიქრობენ იმ მშობლებზე, ვისაც, მათგან განსხვავებით, საყვედურების მოსმენა მოუწევთ. სწორედ იმისთვის, რომ ერთიცა და მეორეც გამოირიცხოს, სასურველია, მშობლებმა, ქება-დიდებისა და საყვედურების ნაცვლად, მასწავლებლისგან კონკრეტული რეკომენდაციები მოისმინონ იმის თაობაზე, რას მიაქციონ უფრო მეტად ყურადღება, შვილების სწავლა-სწავლების შედეგების ან ყოფაქცევის გასაუმჯობესებლად. რეალურად, მშობელთა კრების მთავარი ამოცანაც ხომ ეს არის – მშობლებთან თანამშრომლობით მიღწეული შედეგები ბავშვის სწავლა-აღზრდის პროცესში. ეფექტურად ჩატარებული მშობელთა კრება კი, მშობლების ჩართულობას და პასუხისმგებლობას აუცილებლად გაზრდის შვილის სასკოლო ცხოვრებაში.
✅ მაინც რა არის ეს საფრთხეები და რა რისკები შეიძლება წარმოშვას ბავშვის პირადი ინფორმაციის გასაჯაროებამ? ამ კითხვით მივმართეთ პერსონალური ინფორმაციის დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, ლონდა თოლორაიას, რომელმაც აღნიშნა, რომ, რასაკვირველია, ყოფილა შემთხვევები, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შესულა მშობლის განცხადება, რომელიც მიუთითებდა მშობელთა კრებაზე მისი შვილის მონაცემების სხვა ბავშვების მშობლებისთვის გაზიარების ფაქტზე, რამაც ძალიან დააზიანა ბავშვის ფსიქიკა.
ლონდა თოლორაია: „ბავშვის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. სკოლა ბავშვის შესახებ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და ფაქიზ მონაცემს ფლობს, რომელთა დაცვა აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის, სიმშვიდისთვის, საზოგადოებაში მისი ინტეგრაციისთვის და მის ირგვლივ კეთილგანწყობილი გარემოს უზრუნველსაყოფად. ინფორმაცია ბავშვის ყოფაქცევის, აკადემიური მოსწრების შესახებ მისი პერსონალური მონაცემებია და დაცული უნდა იყოს ყველა იმ პირისგან, ვინც, ნებსით თუ უნებლიედ, ბავშვის საზიანოდ შეიძლება გამოიყენოს. მშობელთა კრებაზე ბავშვის ყოფაქცევის ან/და მისი აკადემიური მოსწრების განხილვა ყოველთვის დიდი პრობლემა იყო, ვინაიდან ეს ბევრ თანამდევ პრობლემასთანაა დაკავშირებული. რატომ? იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია არასოდეს რჩება მშობელთა კრებაზე და კრების შემდეგ ყოველთვის ხდება მშობლებს, მშობლებსა და ბავშვებს, ასევე, თავად ბავშვებს შორის განხილვის საგანი. ბავშვებს, მშობელთა კრების შემდეგ, სხვადასხვა სტატუსს („კარგი ბავშვი“, „ცუდი ბავშვი“, „კარგი მოსწავლე“, „ცუდი მოსწავლე“) ანიჭებენ და ამ სტატუსების მიხედვით ხდება მათი დაყოფა. ეს ხშირად იწვევს დისკრიმინაციას, სტიგმატიზაციას, კლასელებისგან გარიყვას, მეგობრობაზე უარის თქმას და ა.შ. ასეთი ცვლილებები, ყველანი ვთანხმდებით, ბავშვს გამოუსწორებელ ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს, რაც აფერხებს მის განვითარებას და მძიმე წარუშლელ კვალს ტოვებს ფსიქიკაზე. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გასცა რეკომენდაცია, რომ მშობელთა კრებაზე ამ საკითხების განხილვა არ უნდა მომხდარიყო.“
✅ როგორ ორგანიზდება თანამედროვე მშობელთა კრება კანონის მიხედვით და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს დამრიგებელმა/მასწავლებელმა კრების ჩატარებისას? სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი ეკატერინე ხუციშვილი ამბობს, რომ ასე ერთმნიშვნელოვნად ჩანაწერი მშობელთა კრების თაობაზე არც ერთ ნორმატიულ თუ ინდივიდუალურ აქტში არ არსებობს, მაგრამ მთავარი ჩანაწერი, რომელზეც მიგვითითებს, ეროვნული სასწავლო გეგმაა, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ დაუშვებელია მასწავლებელმა ან დამრიგებელმა, მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მოსწრების შესახებ, სხვა მშობლების თანდასწრებით ისაუბროს. დამრიგებელი ვალდებულია, ეს ინფორმაცია ინდივიდუალურად მიაწოდოს თითოეულ მოსწავლეს ან მშობელს, ურჩიოს, გაუწიოს რეკომენდაციები, იყოს შუამავალი, ამ შემთხვევაში, მშობელსა და საგნის მასწავლებელს შორის როგორც სასწავლო პროცესში არსებული სირთულეების მოგვარების, ასევე რეკომენდაციების შემუშავების კუთხით. „დაუშვებელია ბავშვის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, რასაც უკვე კანონი არეგულირებს, გარდა ამისა, ბავშვის უფლებათა კოდექსშიც გვიწერია ეს ყველაფერი ხაზგასმით. სხვა ჩანაწერი მშობელთა კრებასთან დაკავშირებით არ მახსენდება, – ამბობს ქალბატონი ეკა, – მშობელთა კრება, ოდითგან მოყოლებული დღემდე, მშობლებთან კომუნიკაციის, სასკოლო საზოგადოებასა და მშობლებს შორის ურთიერთობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და ამ გავრცელებულ პრაქტიკას სკოლები სხვადასხვაგვარად ახორციელებენ.
ამ ბოლო დროს, აღარ გვაქვს ისეთი ფაქტების სიმრავლე, როცა საერთო კრებაზე ხდება, ბავშვის ან სხვა რომელიმე ბავშვის მშობლების თანდასწრებით, ინფორმაციის მიწოდება აკადემიურ მოსწრებაზე ან თუნდაც დისციპლინურ გადაცდომებზე. მსგავსი ფაქტები უკვე იშვიათია და შეიძლება თვეში ერთხელ შემოვიდეს სამინისტროში განცხადება ან საჩივარი.
მშობელთა კრების ძირითადი ამოცანა, როგორც გითხარით, პედაგოგსა და მშობელს შორის თანამშრომლობაა ბავშვის სწავლებასა და აღზრდაში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის მიზნით, მათ აღმოსაფხვრელად გზების მოსაძიებლად, შესათანხმებლად, რომ მასწავლებელმა და მშობელმა ერთობლივად დაგეგმონ პრობლემების მოგვარების გზები.
თანამედროვე მშობელთა კრება შეიძლება უფრო აქტიურად გამოიყენოს სკოლამ მშობლებისთვის პედაგოგიური და ფსიქოლოგიური ცოდნის, კულტურის დონის ასამაღლებლად. მაგალითად, კლასის ცხოვრებაში რაიმე ღირსშესანიშნავი აქტივობის შესათანხმებლად. შეიძლება იყოს ასეთი მიზანიც – მშობელი, რომელიც კრებაზე დასასწრებად მოდის, ზოგადად ისურვებდა, საკუთარ შვილზე დადებითი და კარგი ინფორმაციის მოსმენას. ესეც კარგი პრაქტიკაა მასწავლებლებისთვის, როგორ მიაწოდონ ეფექტური უკუკავშირი მშობლებს, როგორ დაიწყონ მათთან კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებაზე მუშაობა. ასეთი ეფექტური უკუკავშირის პრაქტიკა მასწავლებლებისთვის, უმეტესად, სწორედ აქ ყალიბდება. მშობლისთვის ინფორმაციის მიწოდება შეიძლება დადებითით დაიწყონ, ბავშვის შესახებ წარმატებების ხაზგასმით და შემდეგ გადავიდნენ ე.წ. სენდვიჩის მეთოდზე – სხვა ინფორმაციის შეფარულად მიწოდება, რომ მშობელი არ გააღიზიანონ. მოგეხსენებათ, მშობელი ათასგვარია, ადამიანებს ზოგადად სხვადასხვა ემოციური ფონი გვაქვს. მშობელთან კონფლიქტი და დაძაბულობა რომ აიცილონ, უმჯობესია, ასეთი ფორმით მიაწოდონ რეკომენდაციები და საბოლოოდ, ისევ დადებითს გაუსვან ხაზი, დადებითით დაამთავრონ. ეს ყველაფერი, თავისთავად, ხელს უწყობს მშობლის, ასე ვთქვათ, შემოტრიალებას სკოლისკენ.“
ზოგადი სამმართველოს უფროსი ხაზს უსვამს ბავშვთა პერსონალური ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობას და ამბობს, რომ სწორედ ამიტომ ითქვა უარი ბავშვის ქცევის სხვა მშობლების თანდასწრებით, საერთო კრებაზე განხილვაზე: „თავისთავად, ეს უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, შეიძლება დადებითი ინფორმაციის გაჟღერებაც არ აღმოჩნდეს მისაღები გვერდზე მჯდომი მშობლისთვის ან შედარებით ნაკლებად წარმატებული ბავშვის მშობლისთვის. ესეც გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს და არათანაბარ მიდგომებზე გაჩნდეს ეჭვი მასწავლებლის მიმართ.“
ეკატერინე ხუციშვილი აღნიშნავს, რომ მშობელთა კრება, გარდა იმისა, რომ ეფექტური საშუალებაა მშობელსა და სკოლას შორის ნდობის ჩამოყალიბების, შვილის სასკოლო ცხოვრებაში ჩართვით დაინტერესების, იმავდროულად, საუკეთესო საშუალებაა მშობელთა ე.წ. პედაგოგიზაციისა და განვითარების ხელშეწყობისთვის, პედაგოგიკისა და ასაკობრივი ფსიქოლოგიის მიმართულებით; ასევე, ფორმალური განათლების კუთხითაც, მეთოდოლოგიის გაცნობის მიმართულებით. საბოლოო ჯამში კი, „ეფექტურად და სწორად დაგეგმილი და განხორციელებული მშობელთა კრება, მიგვიყვანს შედეგამდე, როცა აღარ გვექნება გაუცხოება მშობელსა და სკოლას შორის და გაერთიანებული ძალებით შევძლებთ მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებას და მისი პიროვნული განვითარების ხელშეწყობას.“
? რა ტიპის რეკომენდაციებს სთავაზობს სამინისტრო მასწავლებლებს, დამრიგებლებს, რომლის გათვალისწინებაც თანამედროვე მშობელთა კრების ორგანიზებას შეუწყობს ხელს.
ეკატერინე ხუციშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით არსებობს ძალიან კარგი ნაბეჭდი რესურსი, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს სადამრიგებლო საათის ჩატარების კუთხით. განათლების სამინისტროს მიერ, სადამრიგებლო საათის ფარგლებში შექმნილი რესურსი მთლიანად სასკოლო ცხოვრების პროცესში დასაგეგმ აქტივობებს მოიაზრებს როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისთვის. მათ შორის არის ეს საკითხიც — როგორ წარვმართოთ მშობელთა კრება ეფექტიანად. ამის გარდა, დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია სტატიები ჟურნალ „მასწავლებელში“, მათ შორის, ქეთევან ოსიაშვილის ავტორობით, რომელიც სწორედ ამ წიგნზეა დაფუძნებული.
✅ რა ამოძრავებს მშობელს, როცა ის სკოლაში მშობელთა კრებაზე მიდის და რა არის მისი მთავარი მოტივატორი, რისი მოსმენა სურს? ამ კითხვით მივმართეთ ერთ-ერთ მშობელს, მარიამ საკანდელიძეს. მისი აზრით, მშობელთა კრებაზე მისვლის მიზეზები, მოცემულ სიტუაციაში, სხვადასხვაგვარია და სამ ძირითად ეტაპად შეიძლება დაიყოს – ონლაინ სწავლებამდე, ონლაინ სწავლების დროს და როგორი უნდა იყოს სკოლისა და მშობლის ურთიერთობა მომავალში. მარიამი ამბობს, რომ: „ონლაინ სწავლამდე, მშობელთა კრებაზე, ძირითადად, მშობლებს ორგანიზაციულ საკითხებზე სასაუბროდ გვიბარებდნენ, ექსკურსიების ან ზეიმების თემებზე და ა.შ., რის მოგვარებასაც ითხოვდნენ მშობლისგან. ასევე, მიმოიხილავდნენ ხოლმე, ზოგადად, როგორი ბავშვები არიან კლასში. ამის შემდეგ, თუ რომელიმე მშობელს გაუჩნდებოდა სურვილი, გასაუბრებოდა მასწავლებელს, შეეძლო, გარკვეულ საათებში ან დღეებში, მისულიყო და ინდივიდუალურად მოესმინა მისი შვილის შესახებ ინფორმაცია. პრინციპში, აქ ვერაფერ ცუდს ან განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, ნორმალური პროცესია.
ონლაინ სწავლის დროს, როცა უკვე კრებებიც ონლაინ ტარდებოდა, საუბრის თემა შეიცვალა და, ძირითადად, მოსწავლეთა დასწრება განიხილებოდა დისტანციურ გაკვეთილებზე – რომ ბავშვები არ ესწრებიან გაკვეთილებს, კამერებს რთავენ, მაგრამ არ შემოდიან ან მასწავლებელი სვამს კითხვას და ისინი არ პასუხობენ. ამის გარდა, იმაზეც საუბრობდნენ მასწავლებლები, რომ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება გაუარესდა. ძირითადად, მშობლებისგან ითხოვდნენ, მეტად გვეკონტროლებინა სიტუაცია. ალბათ, იმ პერიოდში, სხვა თემების განხილვა ვერც მოხდებოდა. თავისთავად, ვმსჯელობდით იმ პრობლემების მოგვარების გზებზე, რომელიც, უმეტესწილად, დამოკიდებული გახდა მშობელზე. ბუნებრივიცაა, რადგან მასწავლებელი ვერ მოაგვარებდა, მაგალითად, იმას, რომ ბავშვი გაკვეთილზე შესულიყო. რეალურად, უფრო მეტი აქცენტი მშობლის ჩართულობაზე კეთდებოდა.“
რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით სურს მას სკოლასთან ურთიერთობა, ამბობს, რომ პერიოდულად, ორ თვეში ერთხელ მაინც, დამრიგებელს ან მასწავლებელს ჩანიშნული უნდა ჰქონდეს კონკრეტულ მშობელთან შეხვედრის საათები. „მინდა, წინასწარ დაგეგმილ დროს მივდიოდე სკოლაში და ვხვდებოდე დამრიგებელს ან რომელიმე საგნის მასწავლებელს. ამ შეხვედრაზე ვიგებდე ინფორმაციას თითოეულ საგანში ჩემი შვილის აკადემიური მოსწრებისა და მისი ყოფაქცევის შესახებ; რა ხარვეზები ჰქონდა და როგორ შეძლო გამოსწორება, გარკვეული პერიოდის შემდეგ; ან პირიქით, ხარვეზი სულაც არ არის და პროგრამას ძალიან ადვილად სძლევს, ამიტომ მისთვის რაღაც დამატებითია საჭირო. მქონდა მსგავსი შემთხვევა, როცა ჩემს ერთ-ერთ შვილს მათემატიკის გაკვეთილზე იმის გამო არ უნდოდა მისვლა, რომ მისთვის მასალა მარტივი იყო. უფრო მეტის გაკეთება შეეძლო, ვიდრე კლასში აკეთებდა, რის გამოც გაკვეთილზე დასწრების სურვილი დაკარგა. ასეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერ მშობელს მოუნდება, რომ მასწავლებელმაც დაინახოს ეს პრობლემა. შეიძლება ხედავს, მაგრამ რეაგირება უნდა მოახდინოს. ბავშვის ინდივიდუალური საჭიროება როცა იკვეთება, საჭიროა დამატებითი აქტივობების მოფიქრება იმისთვის, რომ მსგავსი რამ თავიდან ავიცილოთ. ასევე, ერთ-ერთ შვილთან ასეთი პრობლემა მაქვს – მას მოყოლის კომპლექსი აქვს, ეშინია გაკვეთილის მოყოლა, რაც ონლაინ სწავლების დროს კიდევ უფრო გამძაფრდა. ბევრს ვფიქრობ იმაზე, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გამოვიტანე სწორი დასკვნა. ესეც რომ შეამჩნიოს მასწავლებელმა და მხედველობიდან არ გამოეპაროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება, დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო გამძაფრდეს პრობლემა და უკვე მოზრდილობის ასაკშიც ჰქონდეს საუბრის, აზრის გამოთქმის კომპლექსი. მსგავსი პრობლემები რომ არ წარმოიშვას, ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მშობელსა და სკოლას შორის უფრო ინტენსიური თანამშრომლობა. არის რაღაც, რაშიც ბავშვს ინდივიდუალურად სჭირდება დაკვირვება და დახმარება. მშობელიც საქმის კურსში უნდა იყოს მუდმივად. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ მშობელს, იმის გამო, რომ მუშაობს, დრო არ აქვს აქტიურად იყოს ჩართული და ყველაფერი შეუმოწმოს შვილს. მე, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ვახერხებ, დავაკვირდე და ჩავერთო შვილების სასკოლო ცხოვრებაში, თორემ შეიძლება მეც ბევრი რამ გამომეპაროს. თუმცა, მშობელი და მასწავლებელი ცალ-ცალკე კი არ უნდა აკვირდებოდნენ ბავშვს, არამედ ერთმანეთში უნდა ხდებოდეს ინფორმაციის გაზიარება და თან ეს სავალდებულო იყოს – გარკვეული პერიოდულობით, მშობელმაც და მასწავლებელმაც იცოდნენ, რომ კონკრეტულ დღეს ხვდებიან ერთმანეთს, ჩანიშნულია შეხვედრა. მთავარია, ეს შეხვედრა ფორმალურ აქტივობად არ იქცეს, ყველა და ყველაფერი ბავშვების ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. გარკვეული მონიტორინგის შემდეგ, პრობლემების მოგვარების გზებიც ერთობლივად უნდა ვეძებოთ.
ცხადია, მე, როგორც მშობელი, ვაკვირდები და რაღაც დასკვნებიც გამომაქვს, მაგრამ მასწავლებელს მეტი გამოცდილება აქვს, წლების განმავლობაში, სხვადასხვა კატეგორიისა და შესაძლებლობის მქონე მოსწავლესთან უმუშავია. ამიტომ, ის უკეთეს და საინტერესო რჩევებს მომცემს. თანაც, მე ხომ არ ვიცი როგორია ჩემი შვილის ქცევა საკლასო სივრცეში. რაც უფრო ხშირი იქნება ეს კონტაქტი და ინფორმაციის გაზიარება, მით უკეთესი. ორივე მხარე უნდა ვიყოთ დაინტერესებული, ბავშვისთვის სასარგებლო საქმე ვაკეთოთ, მისი განვითარება კი არ შევაფერხოთ, პირიქით, ხელი შევუწყოთ მისი უნარების გამოვლენას. ჩემთვის ასევე საინტერესოა, როგორ ურთიერთობაშია ჩემი შვილი თანაკლასელებთან. ამის შესახებაც მუდმივად უნდა ვიგებდე ინფორმაციას სკოლიდან. ხანდახან ისეთი ტენდენცია აქვთ სკოლებს, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტური სიტუაცია თუ არის, ფიქრობენ, რომ იქვე უნდა მოგვარდეს, არ უნდა გაჟონოს… ვფიქრობ, მშობლები მეტად უნდა ჩაერთონ შვილების სასკოლო ცხოვრებაში.
ამიტომ არის ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ინდივიდუალური შეხვედრები, ზოგადი ხასიათის მშობელთა კრებები კი, როგორიც პერიოდულად, წელიწადში სამჯერ-ოთხჯერ, ტარდება და ძირითადად ორგანიზაციულ საკითხებს ეხება, მშობლისთვის საკმარისი არ არის, ინფორმირებული იყოს შვილის სასკოლო ცხოვრების შესახებ. მშობელთა მეტი დოზით ჩართულობა, საჭიროების შემთხვევაში, პრობლემის მოგვარების გზების ერთობლივად ძიება, გაცილებით უკეთეს შედეგებზე გაგვიყვანს და არა გადაბრალება — მასწავლებელმა მშობელი დაადანაშაულოს ან მშობელმა – ბავშვი. აქ მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ, მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობა კი საუკეთესო გზად ვაქციოთ ბავშვის აღზრდის პროცესში.“
სტატია მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციასთან „მშობლები განათლებისთვის“ თანამშრომლობით