3 მაისი, პარასკევი, 2024

როგორია საქართველოში ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა – გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა

spot_img

გაეროს ბავშვთა ფონდმა, საქართველოს შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში, 18-24 წლის ახალგაზრდებს შორის კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებიც 10 აპრილს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხების კომიტეტის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე წარადგინა.

ყოველი მეოთხე ახალგაზრდა განიცდის საშუალო ან ძლიერი შფოთვის სიმპტომებს, ყოველ მესამეს აწუხებს დეპრესიის ნიშნები და სტუდენტების მესამედს, ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც, უფიქრია სუიციდზე

–  ნათქვამია კვლევაში, რომლის მიხედვით, ახალგაზრდები, ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია.

კვლევა, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი ბავშვთა უფლებების ცენტრებმა განახორციელეს. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით, ქუთაისის, ბათუმის გორის, სამცხე-ჯავახეთის, თელავის, ზუგდიდის და სოხუმის უნივერსიტეტების 2995 სტუდენტი გამოიკითხა. სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკანონმდებლო პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულ პირებთან, ადგილობრივი ხელისუფლების ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებთან.

სტუდენტების 72 პროცენტი ამბობს, რომ მათთვის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხელისშემშლელი იყო ყოველდღიური აქტივობებისა და ურთიერთობებისთვის, ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული სტუდენტების 97 პროცენტს სმენია ტერმინი „ფსიქიკური ჯანმრთელობა“, მათი მესამედი აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვს და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გრძნობებსა და გამოცდილებებზე არავისთან უსაუბრია.  სტუდენტების უმრავლესობა ამბობს, თუ მიხვდება, რომ სჭირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის დახმარება, არავის მიმართავს დახმარებისთვის და ეცდება პრობლემა თავად მოაგვაროს (44%). ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების მიღების ბარიერებს შორის,  ინფორმაციის ნაკლებობასთან ერთად, დასახელდა სპეციალისტთან ვიზიტის და მედიკამენტების მაღალი ფასები, სპეციალისტების ცოდნისა და კვალიფიკაციის მიმართ უნდობლობა და შიში, რომ მომსახურების მიღებისას არ იქნება დაცული კონფიდენციალობა.

გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობა საუბრობს იმაზეც, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტების უმრავლესობა ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტიდან გეგმავს სხვადასხვა ვებგვერდის, იუთუბ არხების, ინფლუენსერების ბლოგების, სოციალური ქსელების და საძიებო სისტემების დახმარებით. თუმცა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების აზრით, ინტერნეტით მიღებული ინფორმაცია არ არის სანდო, რადგან ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს ინფორმაცია სამედიცინო წყაროებს ეყრდნობოდეს.

დარგის ექსპერტებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების შეფასებით, ახალგაზრდებისთვის არ არის ხელმისაწვდომი მხარდამჭერი, პრევენციული ან სარეაბილიტაციო სერვისები. სპეციალისტებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის და სარეაბილიტაციო პროგრამების, მათ შორის ფსიქიკური აშლილობებისა თუ ადიქციის მკურნალობის შემდეგ ახალგაზრდების გარემოსთან რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამების განვითარება. ასევე მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის დასახელდა სუიციდის პრევენციის პროგრამის შექმნა, ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა; სოციალური მუშაკების მომსახურების და მობილური ჯგუფების მეტად განვითარება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს ახალგაზრდები   ყველაზე ხშირად დეპრესიით, შფოთვითი აშლილობებით ან პანიკური შეტევებით მიმართავენ. ახალგაზრდებში მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევა ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება და მათგან გამოწვეული ფსიქიკური პრობლემებიც – პარანოია, ჰალუცინაციები, ძილის დარღვევები.

თითოეული ახალგაზრდა იმსახურებს შესაძლებლობას იცხოვროს ჯანსაღი და სრულფასოვანი ცხოვრებით და ეს მოიცავს კარგ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ამ კვლევის შედეგები ხაზს უსვამს ფსიქიკური ჯანმრთელობის ინფორმირებულობის გაზრდისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის გადაუდებელ საჭიროებას. ფსიქიკური ჯანმრთელობის გაძლიერებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მომავალ თაობას, ჰქონდეს ნათელი მომავალი,“

აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა  საქართველოში, ღასან ხალილმა.

კვლევაზე დაყრდნობით, გაეროს ბავშვთა ფონდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შესაბამისი სახელმწიფო სერვისების განვითარებას, რომელიც ახალგაზრდებისთვის უფასო და სტაბილური იქნება. ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისა და პროგრამების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება, იმისთვის, რომ ეს მომსახურება იყოს მათთვის საინტერესო და მიმზიდველი. იმისათვის, რომ შემცირდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებების მიღების ბარიერები, აუცილებელია საზოგადოებაში და მათ შორის, ახალგაზრდებში,  გაიზარდოს ცნობიერება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები