სასკოლო პროგრამაში დიდი ადგილი არ ეთმობა პირადი დღიურების თემატიკას, მხოლოდ გაკვრითაა მინიშნებული მე-7 კლასის სახელმძღვანელოში, არადა, აღმოჩნდა, რომ მოზარდებს, გარდატეხის ასაკში, ის განსაკუთრებით აინტერესებთ. ამ მიზნით, გავეცანით მარო მაყაშვილისა და ანე ფრანკის დღიურებს, სამომავლოდ, ოლია ოკუჯავას დღიურის შესახებაც ვგეგმავ აქტივობებს. ანასტასია ძალიან წიგნიერი გოგონაა, მან გულწრფელად გაგვიმხილა საკუთარი აზრები დღიურთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ამ წერილით ბევრი თანატოლის სათქმელსაც იტყვის…
მაია გვიჩია
სსიპ ქალაქ ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის მეხუთე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
„რისთვის ვწერთ დღიურებს?“
ანასტასია ქოიავა
მე-7ა კლასის მოსწავლე
ეს ხშირად დასმული კითხვაა, რომელიც სხვადასხვაგვარ პასუხს მოიცავს.დღიურებს ადამიანები გასართობად ან მნიშვნელოვანი დღეების დასამახსოვრებლად წერენ, თუმცა მე, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემი აზრი მაქვს.
დღიურებს წერენ ადამიანები, რომლებსაც გვერდით არ ჰყავთ ვინმე მომსმენი. სიმათლეა, რომ ცხოვრება ისე მიდის, ვერც კი იცლით შვილებისთვის, არ იცით, რა აწუხებთ. შვილები ხშირად თავს მარტო ვგრძნობთ, დამლაპარაკებელიც არა გვყავს… ამ ყველაფრისაგან გათავისუფლებაში კი გვეხმარება დღიურები. დღიური არ დაგზარდებათ მოსასმენად, ყოველთვის მზადაა, თქვენი პრობლემები გაიზიაროს, არ წუწუნებს და არ ბეზრდები. დღიურში შეგიძლიათ ისაუბროთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც გაწუხებთ და იცით, რომ არასდროს გაგთქვამთ. დღიური მეგობარია, რომელიც გვერდში გიდგათ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ადამიანი ხარ, ყველა იმსახურებს გვერდით ისეთ მეგობარს, როგორიც დღიურია. შეიძლება სასაცილოდაც მოგეჩვენოთ, რომ დღიურს მეგობარს ვუწოდებ, მაგრამ შემიძლია ეს დავამტკიცო, რომ ე.წ. მეგობარს დღიური სჯობს. დღიური გისმენს, ზურგს უკან არ საუბრობს, საიდუმლოებს ინახავს და არ განგსჯის, შენი ხასიათების მიუხედავად. დღიური ყველა ადამიანს სჭირდება ცხოვრებაში, მაგრამ ჩემთვის არსებობს ის, ვინც ჩემთვის დღიურის ფუნქციას ასრულებს.
მოდი, ჩავთვალოთ ეს არგუმენტად, ამ შემთხვევაში,მე ორი დღიური მაქვს, თუ მყავს ცხოვრებაში. პირველი დავიწყოთ იმ ნივთით, რომელიც პატარაობიდან თან მაქვს. რამდენად სასაცილოდაც უნდა მოგეჩვენოთ, ეს ჩემი დათუნიაა. ბავშვობიდან მას ვუყვები ამბებს, ვიცი, არც ესმის და ვერც ლაპარაკობს, მაგრამ ჩემთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი ეს თვისებები, მთავარია, გვერდით მაქვს ის ნივთი, რომელსაც ჩემი ესმის, არა ყურით, არამედ გულით. ეს დათუნია ინახავს იმ ყველაფერს, რაც კი მისთვის მითქვამს, რაც მტკიოდა, მიხაროდა, მაწუხებდა ან არ მასვენებდა შინაგანად წლების მანძილზე, ასეც ხდება მაშინ, როცა გულის გადაშლა მოგინდება ბავშვურად და არავინაა სიახლოვეს. ბევრჯერ მიტირია მასთან ერთად, გამცინებია, დამძინებია კიდეც. ამას წინ, გაკვეთილზე, თხზულებას რომ ვკითხულობდი, ჩემს მასწავლებელს ეჭირა ხელში, აქაც მამხნევებდა და მაგულიანებდა ჩემი უტყვი და უპრეტენზიო მეგობარი.
ახლა კი მინდა ვისაუბრო იმ ერთ ადამიანზე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემს ცხოვრებაში. მართალია, ზუსტად ისე მიყვარს როგორც დედა, მაგრამ ერთი რაღაც გამორჩეულია მასში, ეს ხომ სიყვარულის გამოხატვაა. შეიძლება უკვე მიხვდით, ვინც იქნება, დიახ, დიახ ეს სწორედაც რომ მამაჩემია. მამა არის ადამიანი, რომელიც მუდამ ჩემ გვერდითაა, არასდროს მიმატოვებს და მგონია, სულ ასე იქნება. ზოგჯერ ვკინკლაობთ ხოლმე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბოლოს ვეხუტებით ერთმანეთს. არის რაღაცები, რაც ძალიან მტკენს გულს, ფიქრობს, რომ არ ვენდობი, თუმცა ეს ასე არ არის. მამა ერთადერთი ადამიანია, ვისთვისაც თუნდაც უმნიშვნელო რაღაც არ დამიმალავს, არასოდეს მომიტყუებია, ის ამას არ იმსახურებს. ვცდილობ, ყველაფერი ვუამბო, თუმცა ის დაკავებულია. მამაჩემი უდიდესი დღიურია, რომელშიც მოთავსებულია ყველაფერი – მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო მომენტები. მთავარია, მე ის მყავს. მართალია, სიყვარულს სხვანაირად გამოხატავს, მაგალითად, ხუმრობებით (რომელიც ხშირ შემთხვევაში მწყინს) ან თუნდაც გაწვალებით, მაგრამ მე ის მიყვარს ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც მინდა რომ იყოს. ტყუილად როდი ამბობენ, თითქოს გოგონების უმეტესობა მამის მხარდაჭერასა და მეგობრობას უფრო გრძნობენო, ჩემ შემთხვევაშიც ასეა. მამა ის სარკეა, რომ ჩავიხედავ და არასოდეს მიმტყუნებს. კარგი იქნებოდა, მეტი დრო ჰქონდეთ მამებს შვილებისთვის… როგორც ხედავთ, არც მე ვარ გამონაკლისი, ყოველთვის მენატრება მამა.
მოკლედ მე გესაუბრეთ ჩემს „დღიურებზე“, ახლა კი მინდა ვისაუბრო იმ ერთ ადამიანზე, რომელიც სიტყვა „დღიურის“ ხსენებაზე მახსენდება. ეს არის ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე, მარო მაყაშვილი, რომლის დღიურებში შეგიძლიათ მთელი მისი ცხოვრება ამოიკითხოთ, ყველა გაგვაოცა მისმა აზრებმა, სურვილებმა – როგორ უნდოდა მოგზაურობა ევროპაში, სურდა დამოუკიდებელი ყოფილიყო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გათხოვდებოდა, როგორ სწორად აფასებდა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას… აღფრთოვანებული დავრჩი მისი ნაწერებით, მსურს, რომ ახალმა თაობამაც გაიცნოს ის ჩემსავით. არც ანე ფრანკის, ამ მამაცი ადამიანის, დღიური დამვიწყნია, გოგონასი, რომელმაც ფაშისტურ რეჟიმსა და სამყაროს დაუმტკიცა, რომ თავისუფლება ყველაზე ძვირფასი რამ არის, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ამ ცხოვრებაში, ეს ყველაფერი კი თავის უძვირფასეს მეგობარს, დღიურს გაანდო ოდესღაც, ამავე დღიურით კი ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო და შეიყვარა.
მასწავლებელმა როცა ეს თხზულება შინ დავალებად გაგვატანა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როგორ მინდოდა, მოესმინათ კლასელებს, მათი გამეგო, აღმოჩნდა, რომ ბევრი არ წერს, თუმცა განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი, რომელმაც გვიამბო, რომ დღიურებს წლებია წერს, მერე მალავს, მაგრამ სულ პოულობენო. თურმე, როცა უგროვდება, წვავს, მე გული დამწყდა. როცა მასწავლებელმა იკითხა, მე ხომ არ მოვხვდი შენი დღიურის ამბებშიო, მან თავი დაუქნია, დიახო… გული აუჩუყდა მასწავლებელს, კარგი დღე იყო, ბევრი ვისაუბრეთ დღიურებზე…
ახლა კი დროა გავცეთ კითხვას პასუხი – „რისთვის ვწერთ დღიურებს?“. დღიურებს ვწერთ იმიტომ, რომ გავთავისუფლდეთ ტკივილისა და დარდისგან. არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს დღიურის მნიშვნელობა, რადგან ის მხოლოდ საგანი არ არის, შესაძლებელია, დღიური იყოს ადამიანი, რომელიც გაგიგებთ და დაგეხმარებათ. გირჩევთ იპოვოთ ადამიანი, რომელსაც, დღიურის მსგავსად, ენდობით ან თუ უკვე იპოვეთ, არ დაკარგოთ. ასევე არასდროს დაკარგოთ მატერიალური დღიურიც, რადგან ის დაგეხმარებათ ყველა პრობლემის გადალახვაში. მგონია, რომ ეს წერილიც დღიურის ერთი ფურცელი იყო, რომელიც დღეს სამალავიდან გამოვიტანე და გაბედულად ხმამაღლა დავწერე…