4 ნოემბერი, სამშაბათი, 2025

რეფორმის შესახებ

რეფორმა თუ დეკორაცია? უმაღლესი განათლების კონცეფციის ანატომია

                                                                                   (აკადემიური ანალიზი)

 დათო ფერაძე პედაგოგი, განათლების ხარისხის ექსპერტი

სიმართლე, რომელიც მტრად მაქცევდა

პრემიერის მიერ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციაში დეტალურად არის აღწერილი ქართული უნივერსიტეტების სავალალო მდგომარეობა: ცოდნის თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამობა, რესურსების ირაციონალური გამოყენება და შრომის ბაზართან სუსტი კავშირი.

ამ ყველაფრის მოსმენა უმაღლესი პირისგან, ჩემთვის, როგორც ამ სფეროს ანალიტიკოსისთვის, არის ერთგვარი აღიარება, რაზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობდი, ანუ აღიარება განათლების სისტემაში გაბატონებული ნეპოტიზმისა, განათლების დეფიციტისა და ..და რის გამოც ხშირად მტრად მაცხადებდნენ. დღეს კი, ეს კრიტიკა ოფიციალურ დოკუმენტშია ასახული. კეთილი და პატიოსანი. მაგრამ მთავარი კითხვაა – არის თუ არა შემოთავაზებული რეფორმის მექანიზმები იმის გარანტი, რომ სისტემაში კვლავ გაბატონებული ბიუროკრატია და ნეპოტიზმი ამ დადებით მიზნებს არ შთანთქავს?

რეფორმის სტრუქტურული ანალიზი: მიზანი, რისკი და გამოსავალი

 კონცეფცია მიმართულია შვიდი ძირითადი გამოწვევის გადაწყვეტისკენ. თუმცა, თითოეული პოზიტიური ნაბიჯის უკან დგას უზარმაზარი რისკი, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერებულია მართვის არსებული არაჯანსაღი კულტურით.

 1. დეკონცენტრაციის იდეანეპოტისტური ინვესტიციები

 დადებითი მხარე: ქუთაისის მეორე საუნივერსიტეტო ცენტრად ჩამოყალიბება და რეგიონული უნივერსიტეტების პროფილური გაძლიერება არის სწორი სტრატეგია რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის და დედაქალაქის განტვირთვისთვის.

 პოტენციური რისკი: ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა არის ფართო ველი კორუფციისა და ნეპოტიზმისთვის სამშენებლო ტენდერების კუთხით. გარდა ამისა, თუ რეგიონებში ვერ მოხერხდა მაღალი ანაზღაურების მქონე, კვალიფიციური კადრების მოზიდვა, ახალი შენობები მხოლოდ დეკორაციად დარჩება.

გამოსავალი: ინფრასტრუქტურული პროექტების საერთაშორისო აუდიტი და რეგიონული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისთვის სპეციალური, გაზრდილი და საჯარო ფონდების შექმნა, რათა დაძლიონ დედაქალაქში მუშაობის მოტივაციის დეფიციტი.

  1. რესურსების ოპტიმიზაცია – ავტონომიის შეზღუდვა

 დადებითი ხარე: „ერთი ქალაქიერთი ფაკულტეტი“ პრინციპი თბილისში ფაკულტეტების დუბლირების აღმოსაფხვრელად, არის რესურსების ირაციონალური გამოყენების დასასრული და ხარისხის კონცენტრირების საშუალება.

 პოტენციური რისკი: ამ პრინციპის  ბიუროკრატიული და ცენტრალიზებული დანერგვა პრაქტიკულად გააუქმებს უნივერსიტეტების ავტონომიას. არსებობს რისკი, რომ ფაკულტეტების გადანაწილება მოხდეს არა აკადემიური ლოგიკით, არამედ პოლიტიკური მითითებით, რაც ქაოსს და უკმაყოფილებას გამოიწვევს.

 გამოსავალი: გადანაწილების გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს დამოუკიდებელი აკადემიური აუდიტის დასკვნებს და არა მხოლოდ ცენტრალური ადმინისტრაციის ნებას.

  1. საკადრო პოლიტიკანეპოტიზმის პრემია

 დადებითი ხარე: სრულ განაკვეთზე დასაქმებული, მაღალანაზღაურებადი აკადემიური ბირთვის შექმნა გადამწყვეტია კვლევის ხარისხის ასამაღლებლად და ლექტორების მოტივაციისთვის.

 პოტენციური რისკი: ეს არის კონცეფციის ყველაზე დაუცველი მხარე ნეპოტიზმის წინაშე. მაღალანაზღაურებადი, სრულ განაკვეთზე პოზიციები შეიძლება გამოყენებულ იქნას პირადი კავშირების (პოლიტიკური თუ ოჯახური) დაჯილდოებისათვის, რაც სისტემაში არაკვალიფიციურ კადრებს დააბეტონებს.

 გამოსავალი: სრულ განაკვეთზე პროფესორების შერჩევის კონკურსები უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო დონეზე რეფერირებულ პუბლიკაციებს და არა ადგილობრივ სტაჟსა თუ ტიტულებს. კონკურსის კომისიებში კი უცხოელი, დამოუკიდებელი პროფესორების სავალდებულო მონაწილეობამ უნდა უზრუნველყოს ობიექტურობა. 

  1. დაფინანსება და შრომის ბაზარიბიუროკრატიული დიქტატი

 დადებითი ხარე: საგრანტო სისტემის ჩანაცვლება შრომის ბაზრის ანალიზზე დაფუძნებული სახელმწიფო დაკვეთით უზრუნველყოფს კვოტების რაოდენობრივ შესაბამისობას რეალურ საჭიროებებთან.

 პოტენციური რისკი: დაფინანსების სისტემაში სრული გადასვლა სახელმწიფო დაკვეთაზე უკიდურესად ზრდის ბიუროკრატიულ რისკს. მთავრობა მიიღებს დომინანტურ როლს უნივერსიტეტების სტრატეგიის განსაზღვრაში, რაც კერძო სექტორთან თანამშრომლობის ნაცვლად, სახელმწიფო აპარატის დიქტატში გადაიზრდება.

 გამოსავალი: ნაცვლად სრული ჩანაცვლებისა, კარგი იქნება დაინერგოს დაფინანსების ჰიბრიდული მოდელი: ნაწილისახელმწიფო დაკვეთით და ნაწილისტუდენტზე მიბმული დაფინანსებით (ვაუჩერით). შრომის ბაზრის ანალიზი კი უნდა ჩატარდეს სახელმწიფო ინსტიტუტებისგან დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრების მიერ.

რეალური რეფორმა ნეპოტიზმის გარეშე

პრემიერის კონცეფცია სტრატეგიულად სწორიაის ურტყამს იმ შვიდ მთავარ პრობლემას, რომელზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით. თუმცა, რეფორმის წარმატება დამოკიდებულია არა დოკუმენტის შინაარსზე, არამედ პოლიტიკურ ნებაზე, რომ გაანადგურონ ის ბიუროკრატიული და ნეპოტისტური ქსელები, რომლებიც დღეს განათლების სისტემაშია გაბატონებული და რომლის ერთერთი მსხვერპლი, წლებია, მეც ვარ.

 თუ რეფორმა მხოლოდ ფასადური ცვლილება იქნება, რომელიც მაღალანაზღაურებად სრულ განაკვეთს ნეპოტიზმის ახალ წყაროდ აქცევს და სახელმწიფო დაკვეთას პოლიტიკური კონტროლის იარაღად გამოიყენებს, მაშინ ეს კონცეფცია დარჩება მხოლოდ ლამაზ ფურცლად, რომელიც ვერ უშველის ვერც ქართველ სტუდენტებს და ვერც ქვეყნის მომავალს. რეალური რეფორმა იწყება არა ინფრასტრუქტურის აშენებით, არამედ ნეპოტიზმზე უარის თქმით, რასაც ლამის 25 წელია, სტუდენტობიდან მოყოლებული, ვაპროტესტებ.

♦♦♦

ციალა ჭანტურია – ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი

მე, როგორც პრაქტიკოსი მასწავლებელი, ვთვლი, რომ მე-12 კლასის ნებაყოფლობითობის იდეა შეიძლება განიხილებოდეს როგორც კომპრომისული ვარიანტი, თუმცა მას სჭირდება სიღრმისეული ანალიზი და მკაფიო სტრუქტურა.

თუ მე-12 კლასი გახდება არჩევითი, მნიშვნელოვანია, რომ მას შეენარჩუნოს საგნობრივი და აკადემიური მნიშვნელობა, განსაკუთრებით იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც გეგმავენ სწავლას ევროპულ ან საერთაშორისო უნივერსიტეტებში. ევროპული საგანმანათლებლო სისტემა ეფუძნება 12-წლიან ზოგად განათლებას, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ მოდელის შესაბამისი მოსწავლეები შეძლებენ სრულფასოვნად გააგრძელონ სწავლა საზღვარგარეთ, ქულისა და აკადემიური კრედიტების გათვალისწინებით.

ამგვარი ნებაყოფლობითი მოდელი საშუალებას მისცემს მოტივირებულ მოსწავლეებს გააღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო საგნებში, მოემზადონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და განივითარონ კრიტიკული, კვლევითი და კომუნიკაციური უნარები. ამასთან, სკოლა შეძლებს შეთავაზოს მე-12 კლასის არჩევითი ფორმატი — მაგალითად, აკადემიური, პროფესიული ან საერთაშორისო მიმართულებები, რომლებიც მოერგება მოსწავლის ინდივიდუალურ მიზნებსა და საჭიროებებს.

თუმცა, აუცილებელია, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ უზრუნველყოს თანაბარი ხელმისაწვდომობა – განსაკუთრებით რეგიონულ სკოლებში, სადაც შესაძლოა არ იყოს საჭირო რესურსები მე-12 კლასის არჩევითი პროგრამის გასატარებლად.

ამრიგად, მე-12 კლასის ნებაყოფლობითი დატოვება მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ იგი იქნება კარგად ორგანიზებული, სამართლიანად ხელმისაწვდომი და ხარისხზე ორიენტირებული. ეს ნაბიჯი შეუწყობს ხელს ევროპულ საგანმანათლებლო სისტემასთან შესაბამისობას და თითოეულ მოსწავლეს მისცემს თავისუფლებას, აირჩიოს საკუთარი სასწავლო გზა – იყოს ეს ადგილობრივი, პროფესიული თუ ევროპული აკადემიური მიმართულება.

მსგავსი სიახლეები

აქტუალური თემები

რეფორმის შესახებ

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

პროფესიული განათლება