31 ოქტომბერი, პარასკევი, 2025

რეფორმის შესახებ

სიმონ ჯანაშია, განათლების მკვლევარი

5 ცუდი ამბავი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის

თუ ხართ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ან მათი მშობელი, თქვენთვის მაქვს 5 ცუდი ამბავი, სამწუხაროდ. ყველა ეს ამბავი უკავშირდება იმ ვითომ განათლების რეფორმას, რაც ქართულმა ოცნებამ განიზრახა. ამ 5 ამბიდან ყველაზე ნაკლებად პრობლემურიდან დავიწყებ და მე-5 იქნება ყველაზე პრობლემური, რაც შეიძლება თქვენ შეგეხოთ და რამაც შეიძლება ძალიან გაგირთულოთ მომავალი განათლების საკითხი.

პირველი ცუდი ამბავი არის ის, რომ 11-წლიან სწავლებაზე აპირებს გადასვლას ხელისუფლება. ეს ყველაზე ნაკლებად პრობლემურია, მაგრამ მაინც პრობლემაა ის, რომ სინამდვილეში ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო  3 წლით ნაკლებს დაგიფინანსებთ – ერთი წლით ნაკლები იქნება სკოლა, ერთი წლით ნაკლები – ბაკალავრიატი და ერთი წლით ნაკლები – მაგისტრატურა, თუ გადაწყვეტთ, რომ მაგისტრატურაში ისწავლოთ.

მეორე ცუდი ამბავი არის ის, რომ პრემიერმა თქვა, რომ პოლიტიკური ნიშნით იქნება გადარჩევა საჭირო პროფესორების, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოში ჩააბარებთ უნივერსიტეტებში, შეიძლება, აქ საუკეთესო პროფესორები კი არ გასწავლიდნენ, არამედ ის პროფესორები, რომლებსაც ქართული ოცნება შეარჩევს.

მესამე ცუდი ამბავი არის ის, რომ შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ საზღვარგარეთ წახვიდეთ, მაგრამ საზღვარგარეთ წასვლას ხელს შეუშლის ის 11-კლასიანი განათლება იმიტომ, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში შეიძლება მეთორმეტე კლასის დამატება დაგჭირდეთ ან უნივერსიტეტში ჩაბარება და მერე გადასვლა, ერთი წლის მერე ან ზოგიერთ ქვეყანაში – ორი წლის მერე, მაგალითად, გერმანიაში რომ გადახვიდეთ სასწავლებლად ჯერ ორი წელი მოგიწევთ სწავლა უნივერსიტეტში, რაც უფრო რთულს გახდის, რომ ევროპული განათლება მიიღოთ.

მეოთხე ცუდი ამბავი არის ის, რომ, ვთქვათ, არ გინდათ ევროპაში წასვლა და აპირებთ, საქართველოში ისწავლოთ. საქართველოში კი აპირებენ, რომ შეამცირონ სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამები და ეს ნიშნავს იმას, რომ, ერთი მხრივ, ადგილები შემცირდება თვითონ უნივერსიტეტებში და მეორე მხრივ, შემცირდება არჩევანი უნივერსიტეტების. მაგალითად, დღეს თუ შეგიძლიათ, სამართალი ისწავლოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში ან ილიას უნივერსიტეტში, მარტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეგეძლებათ, რომ ეს სპეციალობა შეისწავლოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსი გაიზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ასევე, თუ მოგინდებათ, რომ წახვიდეთ კერძოში და სახელმწიფოში არის იგივე სპეციალობა, დაფინანსება აღარ იქნება კერძო უნივერსიტეტებში და რეალურად, უფრო გაგიძვირდებათ სწავლა საქართველოშიც კი.

მეხუთე ცუდი ამბავი, რაც მინდა, რომ გითხრათ, არის ის, რომ გადასვლის პროცესში, ეხლა თუ დამამთავრებელ კლასებში ხართ, რაღაც მომენტში, იქნება წელი, როდესაც მეთერთმეტეკლასელებიც დაამთავრებენ სკოლას და მეთორმეტეკლასელებიც, რაც ნიშნავს იმას, რომ წელს თუ, დაახლოებით, 40 ათასი ადამიანი იყო რეგისტრირებული ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და სადღაც 31 ათასმა ჩააბარა, იმ წელს იქნება, დაახლოებით, სავარაუდოდ, დარეგისტრირებული ორჯერ მეტი, 80 ათას ადამიანამდე. შეიძლება და დიდი ალბათობით, მაგ დროისთვის, 30-31 ათასზე ნაკლები ადგილიც კი იყოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრად უფრო რთული იქნება ჩაბარება უმაღლესში, ვიდრე არის დღეს. ეს პრობლემა – აბიტურიენტების რაოდენობა რომ გაორმაგდება იმ წელს – მხოლოდ იმ ერთი წლის პრობლემა არ იქნება, შემდეგ წელსაც დაემატებიან აბიტურიენტები, ვინც ვერ ჩააბარებს. ნახევარი თუ ვერ ჩააბარებს უმაღლესში, იმ ხალხის დიდი ნაწილი, თუ არ გაიქცა საქართველოდან (რაც ცალკე პრობლემაა), მეორე წელსაც ცდის უმაღლესში ჩაბარებას თუ ხელი არ ჩაიქნია უმაღლესზე, ან უცხოეთში არ წავიდა, ან თუ ჯარში არ გაიწვიეს. ასე რომ, ეს პრობლემა ერთი წელი კი არ იქნება, კიდევ გაგრძელდება.

ასე რომ, მე მგონია, კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, საერთოდ გვინდა თუ არა ასეთი განათლების რეფორმა.

 

გიორგი ჭაუჭიძე, მასწავლებელი

ხელისუფლების წარმომადგენელთავე აღიარებით, 11-წლიანი სკოლა საქმეს ურთულებს დასავლური უმაღლესი განათლების მიღების მსურველებს. რაც ამ რეფორმის უარყოფითი მხარეა. მეორე მხრივ, რაც უფრო მალე დაასრულებენ ახალგაზრდები მთავრობის მიერ შეთავაზებულ სავალდებულო განათლებას, მით უკეთესი მათთვის. სამწუხარო და საგანგაშო ისაა, რომ ისეთივე არაადეკვატურია სწავლება დანარჩენ 11 კლასშიც, როგორიც არსებულ მე-12-ში. ამას მრავალი ეროვნული და საერთაშორისო კვლევა ადასტურებს. კვლევებს რომ თავი დავანებოთ, საკუთარი თვალებითაც ხომ ვხედავთ არსებულ რეალობას?! რომ სკოლების ინფრასტრუქტურა არ ვარგა, რომ წარმოუდგენლად შეუსაბამო კურიკულუმები გვაქვს, რომ მასობრივი არაპროფესიონალიზმია მასწავლებელთა რიგებში, რომ წარმოუდგენლად ჩახშულია სკოლების დემოკრატიული მოწყობა-მმართველობა, რომ უვარგისი სახელმძღვანელოები გვაქვს და ისინიც დაძველებული?! რომ… რომ… ამ მოცემულობაში გასაგებია იმ ახალგაზრდების შფოთვა, რომლებიც დასავლურ უნივერსიტეტებში აპირებენ სწავლის გაგრძელებას. მათ უნდა მიეცეთ საშუალება აიღონ 12-წლიანი სასწავლებლის საბუთი. რაც შეეხება უმაღლესი სასწავლებლების რეფორმას, აქ აუცილებელია კერძო უნივერსიტეტების რეგულირებაზე მაინც აიღოს ხელი მთავრობამ და ნება დართოს სასწავლებლებს, ისეთი და იმდენწლიანი პროგრამები შეიმუშაონ, როგორსაც თავად ჩათვლიან საჭიროდ. ისინი და იმგვარად მიიღოს სასწავლებლად, როგორც თავად გადაწყვეტს.

მსგავსი სიახლეები

აქტუალური თემები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

პროფესიული განათლება