4 მაისი, შაბათი, 2024

რა ცვლილება შედის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონში

spot_img

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლისთვის დანამატის მიცემას, რომელიც, სრული დატვირთვის შემთხვევაში, 150 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო არასრული დატვირთვის შემთხვევაში – საათობრივი დატვირთვის პროპორციულად. ცვლილების პროექტის წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა აღნიშნა, რომ: „დღევანდელი მონაცემით, 35%-იანი დანამატი ხორციელდება სახელფასო ოდენობის, მაგრამ ახლა განისაზღვრება კონკრეტულად, ფიქსირებულად, 150 ლარის ოდენობით და ეს, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვნად არა, მაგრამ აუმჯობესებს დე ფაქტო მდგომარეობას“.

კომიტეტის სხდომაზე სკოლის ტექნიკურ პერსონალთან დაკავშირებითაც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია მათი შრომის დაფასებაც. ამ საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატმა რიმა ბერაძემ კონკრეტული შეკითხვით მიმართა მინისტრის მოადგილეს: „თქვენ ახსენეთ 35%-იანი დანამატი, რომელიც პედაგოგებზე ამ წუთას მოქმედებს, განსაზღვრული სპეციფიკური კანონის შესაბამისად. მესმის, რომ იქ არა აქვს ანალოგიურად, 35%-იანი, დანამატი საბავშვო ბაღების პედაგოგებს (მათი ანაზღაურება თვითმმართველობიდან მიდის, პედაგოგების ანაზღაურება კი – ცენტრალური ბიუჯეტიდან), მაგრამ იქვე გვერდით მუშაობს საქმის მწარმოებელი, იგივე დამლაგებელი და ა.შ.  მათზე ეს დანამატები არ მოქმედებს. ამ კუთხით ხომ არ გაქვთ რაიმე გათვალისწინებული?“

ნოდარ პაპუკაშვილმა აღნიშნა, რომ ძირითადი საქმიანობის განსახორციელებლად ძალიან მნიშვნელოვანია მხარდამჭერი პროფესიები: „მინდა მოგახსენოთ, რომ თითქმის ყველა მიმართულებით ვმუშაობთ სკოლაში, ე.წ. ზოგადი განათლების მიმართულებით, რათა გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან ბევრჯერ გვიფიქრია და გვისაუბრია არა მარტო ამ სექტორზე, სხვა ძალიან მნიშვნლოვანი პრობლემები არსებობს, ამ ტიპის საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სამინისტრო, თავისი შესაძლებლობებიდან და იმ არსებული პარამეტრებიდან გამომდინარე, რაც წელს ბიუჯეტით გაგვაჩნია, ასეთი მოცემულობაა. თუმცა, ვნახოთ, 6 თვის შემდეგ, რა მდგომარეობაში ვიქნებით, ამ კუთხით“.

მინისტრის მოადგილე დაპირდა დეპუტატებს, რომ ამ მიმართულებითაც იქნება მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებები. იმედი გამოთქვა, რომ მინისტრის საათზე მისული გიორგი ამილახვარი ამ საკითხებზეც დეტალურად ისაუბრებს.

რიმა ბერაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტში დაწყებულია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა და ამზადებენ პროექტს, რომელსაც უახლოეს პერიოდში დააინიცირებენ კომიტეტის სხდომაზე, რომ „ამ კუთხით დადებითი ნაბიჯი იქნეს გადადგმული და იმ ადამიანებზეც, რომლებიც პედაგოგების გვერდით მუშაობენ და თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ძალიან მაღალ დონეზე ასრულებენ, იქნეს ეს 35%-იანი დანამატი გათვალისწინებული“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები