4 მაისი, შაბათი, 2024

რა სიახლეებს გეგმავს სამინისტრო უმაღლესი განათლების მიმართულებით

spot_img

საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და შესაბამისი დარგის ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე, სტუდენტების საუკეთესო ინტერესების დაცვით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვრის გადაწყვეტილებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უკვე არსებულ პროგრამებთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ.

სამინისტროს განმარტებით, 180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამების არსებობა ევროპის უმაღლესი განათლების სფეროში გავრცელებული პრაქტიკაა, რაც ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზონ სტუდენტებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამწლიანი პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი ერთობლივი საერთაშორისო პროგრამის განხორციელებას საქართველოში.

უწყებაში განმარტავენ, რომ აქტიურად გრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით, რის შედეგადაც, ყველა უნივერსიტეტის ჩართულობით, ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება, სხვა პროგრამებსაც შეეხოს ცვლილება და საქართველოში კიდევ უფრო მეტი 180-კრედიტიანი პროგრამა განხორციელდეს.

გიორგი ამილახვრის განცხადებით, ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და სიახლე ამაში არაფერია. „პირიქით, ამის არ გაკეთება, პრაქტიკულად, აცდენაში გვამყოფებს ქართულ უმაღლეს განათლებას. ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ, ყველა უნივერსიტეტის რექტორები გვყავს ჩართული ამ პროცესში და ყველა გადაწყვეტილებას ინკლუზიურად ვიღებთ, –  აღნიშნა მინისტრმა, – ჩვენ შევჯერდით 3-წლიან საბაკალავრო პროგრამაზე, არსებულ 4-წლიანთან ერთად. საუნივერსიტეტო, ზოგადად, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს თავად უნივერსიტეტის გადასაწყვეტი იქნება, მას შეუძლია, ორივე პროგრამა განახორციელოს ან ერთ-ერთი, როგორც მოისურვებს. აქ არ იზღუდება არც 4-წლიანი, მაგრამ შესაძლებლობას ვხსნით, ფანჯარას, კარს, რომ 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა, პირველ ეტაპზე, მხოლოდ ბიზნესის მიმართულების პროგრამებისთვის განხორციელდეს, თუმცა, აქვე ვაანონსებ, რომ ამაზე არ გავჩერდებით, სხვა მიმართულებებზეც გავაგრძელებთ მუშაობას, სადაც ეს შესაძლებელი იქნება.“

უახლოეს მომავალში მიღებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც უნივერსიტეტებს მისცემს საშუალებას, განახორციელონ 1-წლიანი (60-კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამები. მინისტრის განმარტებით, იგეგმება  ძალიან მოქნილი ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამების შემოტანა, რომელსაც, ბუნებრივია, თავისი გარკვეული შეზღუდვებიც ექნება. მაგალითად, ერთწლიანი პროგრამით არ იქნება შესაძლებელი სადოქტორო საფეხურის გაგრძელება და ა.შ. როგორც ცნობილია, ამ ეტაპისთვის, დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებებისთვის, თუმცა, მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ახლავე (მიმდინარეობს ექსპერტებთან მსჯელობა) სხვა მიმართულებებიც გაიხსნას.

გიორგი ამილახვარმა წინსწრებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაასაჯაროვა – „60-კრედიტიან, ანუ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე – შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება, მაგრამ თუ აბიტურიენტს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა. რეალურად, ძალიან მოქნილია როგორც ადგილობრივი სტუდენტებისთვის, ასევე საერთაშორისო სტუდენტებისთვის, ვინაიდან, ორივე პროგრამის განხორციელების შესაძლებლობას ჩვენ როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე მივცემთ უნივერსიტეტებს. ეს, ასევე, არის ძალიან მოქნილი ინსტრუმენტი საერთაშორისო პროგრამების და ერთობლივი პროგრამების განსახორციელებლად, ვინაიდან სრულად არის თანხვედრაში გნებავთ ევროპულ თუ გნებავთ ამერიკულ პრაქტიკასთან.“

მინისტრმა კიდევ ერთი სიახლე დაანონსა, რომელიც დისტანციურ განათლებას შეეხება. მისივე განცხადებით, მომავალი კვირიდან, მთავრობას წარედგინება კანონპროექტი დისტანციური/ონლაინ განათლების შესახებ. „დღეს, მოგეხსენებათ, გარკვეული კომპონენტები საქართველოში შეზღუდულია და ამ ბაზარსაც ვხსნით და რეალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, უკვე მივდივართ იქით, რომ საქართველო ყალიბდება და ჩამოყალიბდება ნამდვილ, უმაღლესი განათლების მიმართულებით, საგანმანათლებლო ჰაბად. წლიდან წლამდე, საერთაშორისო სტუდენტების მოთხოვნა იზრდება და ბუნებრივია, ჩვენ უნდა ავუბათ ამას მხარი და მივცეთ უფრო მეტი შესაძლებლობა ამ ბაზარს და არ ვიყოთ მხოლოდ ერთ ან ორ ქვეყანაზე დამოკიდებული. ასევე უნდა გავაკეთოთ დივერსიფიცირება, ვთქვათ, არ იყოს მარტო სამედიცინო მიმართულება, არამედ იყოს ბიზნესი, ინჟინერია და ა.შ.“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები