📌 მარიამ ჩაჩანიძე
სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე
ბავშვების თანასწორუფლებიან, კარგ მოქალაქეებად აღზრდისა და ჩამოყალიბების მთავარი გარანტიაა ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომელიც გაეროს მიერაა შემუშავებული და აერთიანებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს. ჩვენი ქვეყანა ბავშვის უფლებათა კონვენციას 1994 წელს შეუერთდა და იკისრა ვალდებულება, დაიცვას კონვენციით გათვალისწინებული უფლებები. რა თქმა უნდა, მისი დანერგვა და გათვალისწინება მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოში, რადგან უზრუნველყოფს ბავშვთა უფლებების ხარისხიან დაცვას.
საზოგადოება თეორიულად თანხმდება, რომ ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უფლებების სრულყოფილად დაცვა სირთულეს წარმოადგენს. ჩვენ, მოსწავლეები, გარკვეულწილად, ინფორმირებულები ვართ ჩვენი უფლებების შესახებ. თუმცა, ფაქტია, რომ ინფორმაციის ეს ოდენობა საკმარისი არაა. იდეალურ ქვეყანაში, პრიორიტეტად ქცეულია მომავალი თაობის სწორად აღზრდა და მათში სწორი ინფორმაციის „კოდირება“. რა ვიცით ჩვენი უფლებების შესახებ? არც ისე მარტივია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ადამიანებს შინაგანად გვაქვს კომფორტის ზონაში ყოფნის მოთხოვნილება. ამიტომაც ვცდილობთ, ყველაფერი ჩვენს კომფორტს მოვარგოთ. უფლება პირდაპირ კავშირშია მოვალეობასთან. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი უფლებების დაცვისას არ უნდა დავარღვიოთ სხვისი. თვალნათლივ ჩანს და ფაქტებით მტკიცდება, რომ უფლებებთან დაკავშირებული ინფორმაციის ძალიან მცირე ნაწილს ვფლობთ. ამიტომაც რთულია ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენადაა დაცული ჩვენი უფლებები. უფლებების დაცვა აბსტრაქტულად გამოიხატება. პიროვნებამ უნდა იგრძნოს, რომ არ განიცდის ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ზემოქმედებას საზოგადოებისგან. ამ დროს ადამიანს შინაგანი სრულყოფილების გრძნობა ეუფლება და ხვდება, რომ დაცულია. უფლებების დაცვა აუცილებელია ყველანაირ (განსაკუთრებით სასკოლო) გარემოში. ვინაიდან პიროვნული ხედვებისა და ფასეულობების ჩამოყალიბება-განვითარება, სწორედ სასკოლო გარემოდან იწყება. სკოლა ზრდის მოქალაქეს, რომელმაც იცის თავისი უფლებები და მოვალეობები. შესაბამისად, არგუმენტირებულად და კანონიერად ითხოვს მათ დაცვას, ყველანაირ გარემოსა და სოციუმში. ჩემთვის ბედნიერებაა სასკოლო გარემო, სადაც მაქსიმალურად დაცულია ჩემი უფლებები. ამის შემდეგ, როგორც მოსწავლეს, მიჩნდება პასუხისმგებლობა და შინაგანი მოთხოვნილება – შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს სწორად განვითარებული სასწავლო გარემო.
📌 ზურაბ კურდღელაშვილი
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის ტინისხიდის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე
როგორც ვიცით, ადამიანებს აქვთ თანასწორი უფლებები, რისი დაცვა მათი მოვალეობაა. თუმცა, ამასთან ერთად, ერთ-ერთი მწვავე პრობლემა საკუთარი უფლებების უცოდინრობაა. ქუჩაში გამვლელი რომ გააჩერო, მათი დიდი ნაწილი ვერ გაგცემს კითხვაზე პასუხს, თუ რა უფლებები აქვთ, რაც საზოგდოების თვითშემეცნების დაბალ დონეზე მიუთითებს.
მაინც რა ვიცით ჩვენი უფლებების შესახებ? ჩვენ გვაქვს სახელის და გვარის ტარების, მშობლებისგან ზრუნვის მიღების, დასვენების, განათლების მიღების, კვების და სხვა მრავალი უფლება. თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ოჯახში ეს უფლებები დარღვეულია, რაც, ჩემი აზრით, გამოწვეულია 2 მიზეზით. ეს მიზეზებია: ოჯახის სიდუხჭირე ან ოჯახური ძალადობა. მოდი, განვმარტოთ თითოეული მათგანი.
ოჯახის სიდუხჭირე შესაძლოა გამოწვეული იყოს განათლების დაბალი დონით, რასაც მოჰყვება სამსახურის არქონა, რის შედეგადაც მშობლები ვერ ახერხებენ შვილებზე ზრუნვას. ამით კი ირღვევა ჩვენი უფლებები.
ოჯახური ძალადობა, უფლებების დარღვევის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა მთელ მსოფლიოში. გამომწვევი მიზეზები კი მრავალია: გაუნათლებლობა, ნარკოტიკების მოხმარება, ოჯახის სიდუხჭირე, რაზეც უკვე ვისაუბრე და სხვ.
დღესდღეობით მრავალი ორგანიზაცია არსებებობს, რომლებიც ცდილობენ ჩვენი უფლებების დაცვას, რასაც საზოგადოების თვითშემეცნების დონის ამაღლებით ახერხებენ. სწორედ ამ მიზნით ტარდება მრავალი ღონისძიება, ტრენინგი და სხვა. არ უნდა დავივიწყოთ სახელმწიფოს როლიც ამ საქმეში. არსებობს ცხელი ხაზი, სადაც პირადი უფლებების დარღვევის შემთხვევაში უნდა დავრეკოთ. ამ დროს ისინი იზრუნებენ ჩვენს კეთილდღეობაზე. პირადი უფლებების დარღვევის თავიდან ასარიდებლად ეს საუკეთესო პრევენციაა.
ხაზგასმით მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ სახელმწიფოს როლი განუზომელია ამ საქმეში, მაგრამ ჩვენი უფლებების დაცვა, დიდწილად, დამოკიდებულია ისევ ჩვენზე — თუ თავის დროზე მოვახდენთ რეაგირებას, ყველაფრის აღმოფხვრაა შესაძლებელი.
📌 კესო ახვლედიანი
სსიპ თბილისის ილია ჭავჭავაძის სახ. №23 საჯარო სკოლის Xბ კლასის მოსწავლე
ყველა ადამიანი თანასწორი და სრულუფლებიანი იბადება, ყველას აქვს იმის უფლება, რომ იცხოვროს ისე, როგორც მას სურს; იცხოვროს მშვიდობიანად, დაცულად, თავისუფლად.
სამოქალაქო განათლების სწავლა 11-12 წლიდან დავიწყე და ამ ასაკიდან ვსწავლობ ჩემი უფლებების შესახებაც. კარგად მაქვს გააზრებული, რომ სხვების მსგავსად ვარ თავისუფალი და ყველას მსგავსად მაქვს უფლებები.
ზოგ ადამიანს თავისუფლება არასწორად, თავისებურად ესმის. ისინი ფიქრობენ, რომ თავისუფლება ყველაფრის უფლებას ნიშნავს. რეალურად, ის საკუთარი თავის უფალს ნიშნავს. მარტივად რომ ვთქვა, ადამიანი ამ დროს განკარგავს თავის არჩევანს და გამოხატულებას.
რა თქმა უნდა, ვიცი ჩემი ზოგადი უფლებების შესახებაც. როგორც ყველას, მეც მაქვს ცხოვრების უფლება, თვითგამოხატვის თავისუფლება, განათლების მიღების, ჯანმრთელობის, თავისუფლად ცხოვრების, არჩევნის გაკეთების უფლება და ა.შ. ზემოთ ჩამოთვლილ ყველა უფლებას კარგად ვიაზრებ და არავის ვაძლევ საშუალებას, რომ ისინი შეზღუდოს.
მე, როგორც მოსწავლესაც, მაქვს უფლება-მოვალეობები. თუმცა, დარწმუნებით ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაშიც ვიაზრებ მათ მნიშვნელობას.
ვიცი, რომ ჩემი უფლებების ხელყოფის შემთხვევაში უფლება მაქვს მისი გაპროტესტების, გასაჩივრების.
ვფიქრობ, იმ გარემოში, სადაც ყოველდღიურად მიწევს ცხოვრება, ასე თუ ისე, დაცულია ჩემი უფლებები. თუმცა, ყოველდღიურობაში, არსებობს მომენტები, როდესაც ჩემი უფლებები ირღვევა და ამაზე არაერთი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი.
საერთო ჯამში, ჩემი უფლებების შესახებ მაქვს სწორი ინფორმაცია, უფლებები სწორად გააზრებული და არ ვიყენებ მათ არასწორი მისამართით, გაუაზრებლად. გარემოცვაში კი, დაცულია ჩემი სიტყვისა და არჩევნის თავისუფლება. ადამიანები პატივს სცემენ ჩემს შეხედულებებს, აზრს, არჩევანს, თვითგამოხატულებას, საჭიროებებს.
📌 ლუკა მერებაშვილი
სსიპ გორის №12 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე
ადამიანი უფლებებს დაბადებიდან იძენს, ის გვიცავს ჩვენი ინტერესების, ღირსების და თავისუფლების შელახვისგან. უფლებების დაკარგვა შეუძლებელია. ისინი არ შექმნილა კონკრეტული ჯგუფებისთვის, უფლებები არსებობს ყველა ინდივიდისთვის. აუცილებელია გავითვალისწინოთ ისიც, რომ ადამიანს, უფლებებთან ერთად, არაერთი პასუხისმგებლობა და მოვალეობა აქვს.
უფლებები თავისუფლების ცნებაზეა დაყრდნობილი და არ გულისხმობს სხვისის შელახვას და არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ეთიკის ნორმების დარღვევას. საუკუნეების განმავლობაში იზღუდებოდა ადამიანის უფლებები, განსაკუთრებული ზიანი ეთნიკური უმცირესობისა და განსხვავებული რასის წარმომადგენლებს ადგებოდათ. ხალხი დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა და ვფიქრობ, წარმატებასაც მიაღწია. ჩატარდა არაერთი კამპანია ცნობიერების ასამაღლებლად და ახლაც აქტიურად ტარდება, ამან საზოგადოება დააფიქრა თანასწორობის მთავარ პრინციპებზე, მისცა საშუალება, რომ შესძლებოდათ ყველა ადამიანის მიღება განურჩევლად ყველაფრისა. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეზე მეტი საბჭოთა კავშირის ხელში ვიყავით, იქ, სადაც ყველანაირად დაგმობილი იყო ადამიანის უფლებები, მაინც შევძელით და დროის უმცირეს მონაკვეთში შევქმენით კონსტიტუცია, რომელიც ადამიანს სახელმწიფოს თავში აქცევს და მის უფლებებს მაქსიმალურად იცავს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად (მუხლი 5:2): „სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე“. დღევანდელ რეალობაში დიდი ყურადღება ენიჭება ქვეყნის დემოკრატიისა და თავისუფლების ხარისხს. შეიძლება თამამად ითქვას, სახელმწიფოში, რომელიც თავისუფალია, ადამიანის უფლებებიც დაცულია, რასაც, რაღა თქმა უნდა, ტოტალიტარული მმართველობის დროს ვერ მიაღწევ. სამწუხაროდ, დღესაც შევხვდებით ადამიანებს, რომლებსაც თავისუფლებისა და თავისი უფლებების მნიშვნელობა არასწორად აქვთ გააზრებული, ორივე ცნება ნიშანია იმისა, რომ უფლებები საყოველთაოა და ეკუთვნის ყველას. შესაბამისად, არ შეგვიძლია შევლახოთ სხვისი უფლებები, რაც დანაშაულია კანონის, საკუთარი თავის და ღვთის წინაშე. განათლება მნიშვნელოვანია ამ საკითხშიც, იგი საშუალებას გვაძლევს შევიცნოთ ის გზა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისთვის კაცობრიობამ გაიარა. აუცილებელია ადამიანმა იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია თანასწორობა. განათლებული ახალგაზრდა აუცილებლად დაანგრევს კაკოტოპიის საზღვრებს და გათავისუფლდება მისგან.
მაშასადამე, სახელმწიფოში, რომელშიც დემოკრატია სუფევს, ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დაცულია. არ არსებობს არანაირი დანაწილება და ხალხი თანასწორია, ამასთანავე გააზრებული აქვთ საკუთარი მოვალეობებიც, აქვთ უნარი, აღიარონ როგორც თავიანთი ასევე სხვისი უფლებები და მოეპყრან მათ ისე, როგორც ექცევიან თავისას.