გერმანიას ათ წელიწადზე მეტი დასჭირდა ტესტების შედეგების გასაუმჯობესებლად და უთანასწორობის დასაძლევად. მათი განათლების რეფორმა, ფაქტობრივად, გაკვეთილია სხვა ქვეყნებისთვის.
?? დიდი შემობრუნება
2000 წელს გერმანიისთვის სამწუხარო რეალობა გამოვლინდა – ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევის მიხედვით, სკოლებში, მოსწრებაც შემაშფოთებელი იყო და არც თანაბარი პირობები ჰქონდათ სწავლისთვის. შეფასების საერთაშორისო პროგრამის (Pisa) მოხსენების თანახმად, ქვეყანას საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი აღენიშნებოდა მათემატიკაში, წიგნიერებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში; გარდა ამისა, დადასტურდა, 23 ქვეყანას შორის, გერმანიაში ყველაზე უთანასწორო პირობები იყო სწავლისთვის.
ეს შედეგები გამაოგნებელი აღმოჩნდა ქვეყნისთვის, რომელიც მძლავრი ლიტერატურული ტრადიციითა და სოციალური თანასწორობის რწმენით ამაყობს. „გერმანიის სასკოლო სისტემა და მთელი ერი თავზარდაცემული დარჩა 2000 წლის Pisa-ს შედეგებით, – ამბობს კრისტიან ფიულერი, გერმანელი ჟურნალისტი და განათლების საკითხების კომენტატორი, – გამოჩნდა, რომ ქვეყანაში ბევრ მოსწავლეს წესიერად კითხვაც არ შეუძლია და მათ „ფუნქციურად უწიგნურები“ დაერქვათ. ამან თითქოს დაანგრია წარმოდგენა გოეთესა და თომას მანის კულტურული ერის – მოაზროვნეთა და პოეტთა ერის თაობაზე.“
მაგრამ სულ რაღაც 10 წლის შემდეგ, იმავე კვლევის მიხედვით, გერმანიამ დიდ წარმატებას მიაღწია. 2012 წელს, OECD-ს მიმოხილვის თანახმად, გერმანია ერთ-ერთი იყო იმ სამი ქვეყნიდან, რომლებმაც შეამცირეს უთანასწორობა და გააუმჯობესეს მათემატიკის ქულები. „Pisa-ს თავზარდაცემას“ მოჰყვა ის, რასაც ახლა ეძახიან „დიდ შემობრუნებას“ გერმანულ განათლებაში. შეიძლება თუ არა სხვა ქვეყნებს გაკვეთილად გამოადგეთ ეს გამოცდილება?
?? სტრუქტურის ცვლილება
მართალია, წარმატებისთვის ზუსტი რეცეპტის გაცემა ძნელია, მაგრამ OECD-ს Pisa-ს ჯგუფის უფროსი ანალიტიკოსი მიაკო იკედა მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივი ცვლილება იყო სტრუქტურული რეფორმა საშუალო სკოლების სისტემაში. 2000 წლის კვლევების შედეგებმა აჩვენა, თუ რა მჭიდროდაა დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური ფონი მოსწრებასთან და დაადასტურა, რომ 10 წლის ასაკის ბავშვების სკოლებში გადანაწილების სისტემა არ ამართლებს. გაცხადდა, რომ უთანასწორობას ამკვიდრებდა ძველი სისტემა, სადაც ბავშვები გადადიოდნენ ან გიმნაზიაში – Gymnasium (აკადემიური სწავლისთვის), ან რეალურ სასწავლებელში – Realschule (შუალედური სწავლისთვის), ან სახალხო სკოლებში – Hauptschule (ნაკლებად აკადემიური სწავლისთვის).
განხორციელდა რამდენიმე ცვლილება – გადაიწია ასაკი, როცა ბავშვებს ანაწილებენ სხვადასხვაგვარ საშუალო სკოლებში, გაერთიანდა Realschule და Hauptschule, გაიზარდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რაოდენობა. ამ ცვლილებებმა დაამსხვრია სეგრეგაცია აკადემიურ ან პროფესიულ გზაზე დამდგარ ბავშვებს შორის, სასწავლო პროცესს მოქნილობა შესძინა და ბევრი სტიგმა გააქრო.
?? მეტი მხარდაჭერა მიგრანტებს
პრიორიტეტი მიენიჭა ყველაზე დაბალი მოსწრების ბავშვების დახმარებას. მიაკო იკედას აზრით, წიგნიერებისა და მათემატიკის გაუმჯობესება, დიდწილად, ამ ჯგუფში ცვლილებებს უკავშირდება.
დაბალი მოსწრების მოსწავლეთა უმეტესობა მიგრანტები იყვნენ და სიტუაციის შეცვლის ძირითადი მიზეზი მათი ენობრივი უნარების გაუმჯობესება იყო. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უცხოელი მოსწავლეების დიდ ნაწილს Hauptschule-ში გერმანული ენის არასრულყოფილი ცოდნის გამო აგზავნიდნენ. მათი თქმით, სუბსიდირებული სკოლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების შემოღებით, რომლებიც მოსწავლეებს უნარების მიხედვით არ ჰყოფენ, უზრუნველყოფილია როგორც ენის კარგად შესწავლა, ასევე ინტეგრაციის შესაძლებლობები.
გარდა ამისა, მიგრანტ ოჯახებს ხელს უწყობდნენ, რომ შვილები საბავშვო ბაღში მიეყვანათ. გერმანიაში საბავშვო ბაღი იყო ადგილი, სადაც ბავშვები მხოლოდ თამაშობდნენ, მაგრამ Pisa-ს შედეგებმა დაადასტურა, რომ ეს მნიშვნელოვანი რგოლია განათლების ჯაჭვში.
ექსპერტების აზრით, Pisa-ს შემაშფოთებელ შედეგებს პედაგოგიური რეფორმები და მასწავლებელთა შესაძლებლობების განვითარება მოჰყვა.
??დანაწევრებული სისტემის გაერთიანება
„ძნელია გერმანულ საგანმანათლებლო სისტემაზე ლაპარაკი, რადგან ქვეყნის ყოველ მხარეს საკუთარი სისტემა აქვს,“ – ამბობს სკოლის მასწავლებელი ჯულია დოლერი. იგი აღწერს პოლიტიკისა და რეფორმების სიჭრელეს გერმანიის დეცენტრალიზებულ სტრუქტურაში. Pisa-ს შემდგომი რეფორმებიდან ერთ-ერთი ძირითადი სასწავლო პროგრამების სტანდარტიზაცია და ეროვნული ტესტების შემოღებაა. სკოლის სახელმძღვანელოები, სასწავლო პროგრამა და სწავლება მთლიანად შეიცვალა.
გარდა ამისა, სწავლება უფრო ინტერაქტიური გახდა – გაკვეთილებზე მოიშალა დაზეპირება, რაც დამკვიდრებული იყო დოლერის მოწაფეობისას, 1990-იან წლებში, ბავარიაში. „2000 წლიდან (Pisa-ს შემდეგ) მეტი ყურადღება ეთმობა კომუნიკაციასა და გუნდურ მუშაობას, – ამბობს ის, – სწავლება უფრო ცოცხალია, მეტადაა ორიენტირებული მოსწავლეებსა და მათ ცხოვრებაზე, ციფრული ტექნოლოგიების გავლენასა და გამოყენებაზე.“ მიაკო იკედა კი ამბობს, რომ სწორედ სწავლების ხარისხმა განაპირობა გერმანიის საგანმანათლებლო სისტემის შემობრუნება.
?? ზომიერი მონიტორინგი
მონიტორინგის ზომიერად განხორციელებას, შეიძლება, დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება ბრიტანულ და გერმანულ სასკოლო განათლებას შორის სწორედ მონიტორინგის დონეა. მართალია, ეროვნეული სასწავლო პროგრამები და ტესტები 2000 წელს შემოიღეს, მაგრამ შედეგები არ ქვეყნდება, არ არის სარეიტინგო ცხრილები, ამიტომ სკოლებშიც არ არის განუწყვეტელი შფოთვა რეპუტაციის გამო.
გერმანული გამოცდილების ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ მონიტორინგი არ იყოს მოჭარბებული და არ თრგუნავდეს მასწავლებლების შემოქმედებით უნარებს. გერმანიაში მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლის წარდგენაზე ნაკლებად ზრუნავენ, უფრო განათლების პროცესზე ამახვილებენ ყურადღებას.
?? განსხვავებული ფილოსოფია
არსებითად, ბევრი მიიჩნევს, რომ გერმანიის საგანმანათლებლო სისტემაში შემობრუნება წარმატებული აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია, რომ აქ სწავლება უფასოა და ხარისხიანი. „გერმანიაში სწავლის ფულის გადახდა არ გჭირდება; ამდენად, სტუდენტებს კლიენტებად არ აღიქვამენ, – ამბობს ნოთინგემის უნივერსიტეტის ლექტორი და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის წარმომადგენელი საშა სტოლჰანსი, – ბრიტანულ სკოლებში სწორედ ამგვარი ბიზნესდამოკიდებულებაა.“
ანია ებნიმ განათლება გერმანიაში მიიღო, და ახლა აშშ-ს საგანმანათლებლო სისტემას იკვლევს. მისი აზრით, სხვა ქვეყნებისთვის საინტერესო უნდა იყოს ის, რომ გერმანული სწავლება ფილოსოფიას ემყარება. „გერმანიაში იციან, რომ ბავშვებს უნდა ვაცალოთ ბავშვობა, სანამ ისინი სწავლობენ, – ამბობს ებნი, – მთავარია, ადამიანად ჩამოაყალიბო, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც გერმანიაში ვაკეთებთ.“
მოამზადა ნინო მეტრეველმა
„The Gardian“-ში დაბეჭდილი მასალის მიხედვით