პროფესიული განათლების გერმანული სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო და ეფექტურ სისტემადაა აღიარებული. აქ შერწყმულია სწავლება და ბიზნესი, თეორია და პრაქტიკა, სწავლება და მუშაობა. ეს ორმაგი სისტემა მყარად დამკვიდრდა გერმანულ საგანმანათლებლო სისტემაში და მისი ფესვები შუასაუკუნეებამდე აღწევს.
ორმაგი სისტემის მთავარი მახასიათებელია კერძო კომპანიებისა და სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლობა, რომელიც კანონით რეგულირდება. ტერმინი „ორმაგი“ აღნიშნავს გერმანიის განსაკუთრებულ საკონსტიტუციო სისტემას, სადაც გერმანიის ხელისუფლება პასუხისმგებელია კომპანიებში პროფესიულ სწავლებაზე, ფედერალური მიწები კი (Lლnder) — პროფესიულ სასწავლებლებზე. ამგვარად, გერმანული პროფესიული განათლება მოიცავს თეორიას და პრაქტიკას, ცოდნას და უნარებს, სწავლას და მუშაობას.
გერმანიაში ამჟამად, დახლოებით, 350 აღიარებული პროფესიული პროგრამაა. ეს პროგრამები სისტემის მთავარი ელემენტია. მართალია, ისინი სახელმწიფო კანონმდებლობაშია ასახული, მაგრამ მათ ჩამოყალიბებაში ვაჭრობა და წარმოება გადამწყვეტ როლს თამაშობს.
გერმანიაში, კოლეჯის დამთავრების შემდეგ, სტუდენტების 50% სწავლას უნივერსიტეტებში კი არა, პროფესიულ სასწავლებლებში აგრძელებს, მათ სწავლებაში უამრავი კომპანია მონაწილეობს. კომპანიები, საკუთარი სურვილით, ასწავლიან და ხშირად სწავლების ხარჯსაც კისრულობენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა მათივე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კვალიფიციური პერსონალის შერჩევისას. დაწყებითი პროფესიული სწავლების ხარჯის 2/3-ს კერძო კომპანიები ფარავენ. ერთი სტუდენტის მომზადება, წელიწადში, 15 300 ევრო ჯდება. პრაქტიკაში მონაწილე კომპანიები ახალ თანამშრომლებს თავად ამზადებენ და თავიდან იცილებენ უვარგისი თანამშრომლის მიღების რისკს. სტუდენტებისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ისინი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად სწავლობენ, რაც ზრდის დასაქმების შესაძლებლობას, ამავდროულად, ახალგაზრდები სოციალურ უნარებს იძენენ და პიროვნულად ვითარდებიან. სახელმწიფოც სარგებელშია ამ ორმაგი სისტემით — სახელმწიფო ბიუჯეტს შეღავათი აქვს საწარმოების მონაწილეობის ხარჯზე და მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსების მომზადებით.
ორმაგი სწავლების პროფესიული პროგრამები 1 აგვისტოს ან 1 სექტემბერს იწყება და 2 – 3,5 წელიწადს გრძელდება. სასწავლებელში, ხელობასთან ერთად, სწავლობენ გერმანულს, ინგლისურს და საზოგადოებრივ მეცნიერებებს. მეცადინეობის 2/3 ეთმობა იმ საგნებს, რომლებიც მნიშვნელოვანია მომავალი პროფესიის ასათვისებლად. სტუდენტებს უფლება აქვთ, წელიწადში ერთხელ, 24-დღიანი შვებულება აიღონ იმ კომპანიაში, სადაც მუშაობენ, ოღონდ ეს მხოლოდ სასწავლებელში არდადეგების პერიოდში უნდა მოხდეს.
პროგრამის ნახევარი რომ დასრულდება, სტუდენტები გამოცდას აბარებენ – იმის გასარკვევად, თუ რა ისწავლეს სასწავლებელში და როგორ შეძლეს ამ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება. პროგრამის დასრულებისას გამოსაშვები გამოცდები ბარდება.
კვირაში 1-2 დღეს მოსწავლეები სასწავლებელში ატარებენ, თეორიული ცოდნის მისაღებად, დანარჩენ დღეებს კი კომპანიაში, სადაც მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ. გარდა ამისა, ეცნობიან კომპანიის მუშაობას და შესაძლებლობა აქვთ, მოიფიქრონ, მომავალში მოისურვებენ თუ არა ამ კონკრეტულ კომპანიაში მუშაობას.
სწავლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს პრაქტიკული მუშაობის კარგი გამოცდილება აქვთ. ამ პროგრამების კურსდათავრებულები იოლად პოულობენ სამსახურს. ესეც განაპირობებს ახალგაზრდა გერმანელებს შორის პროფესიული განათლების პოპულარობას.
პროფესიული სწავლებისას სტუდენტები ყოველთვიურ ხელფასს იღებენ იმ კომპანიაში, სადაც პრაქტიკას გადიან. ხელფასი, საშუალოდ, 960 ევროა. პროფესიისა და რეგიონის მიხედვით, ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. საყურადღებოა, რომ ანაზღაურება ყოველწლიურად იზრდება
დემოგრაფიული განვითარება, ბაზრების გლობალიზაცია, ახალი ტექნოლოგიები და ორგანიზაციის ახალი მოდელები მოითხოვს საგანმანათლებლო პოლიტიკის ახლებურ სტრუქტურებს კვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
გერმანიას ძლიერი საერთაშორისო, კონკურენტუნარიანი ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური პოტენციალი აქვს და დაინტერესებულია კვალიფიკაციის საუკეთესო კონცეფციებით. განათლებას და პროფესიულ მომზადებას ამ ქვეყანაში ეკონომიკურ და სოციალურ მოთხოვნებს უსადაგებენ და, ძირითადად, ყურადღება ეთმობა დასაქმების კომპეტენციებსა და შესაძლებლობებს, ასევე, კარიერული ზრდისთვის საუკეთესო პირობების შექმნას.
მოამზადა ნინო მეტრეველმა Raabits-ის მასალის მიხედვით