საატესტატო გამოცდების გაუქმება, ერთიანი ეროვნული გამოცდების მინიმალიზაცია, პროფესიული უნარების გამოცდის სავალდებულო ნუსხიდან ამოღება და უნივერსიტეტების გაზრდილი ავტონომია — როგორ აფასებენ განათლების ექსპერტები და სპეციალისტები დაანონსებულ ცვლილებებს და არის თუ არა წარმოდგენილი მოდელი არსებულზე უკეთესი საშუალება განათლების ხარისხის ასამაღლებლად.
რეზო აფხაზავა
„კოალიცია — განათლება ყველასთვის“, განათლების სპეციალისტი
მოკლედ, გამოცდა არ არის განათლების მოტივატორი და მისი ორიენტირების განმსაზღვრელი! უპირველეს ყოვლისა, უნდა შევთანხმდეთ, რომ დღეს საქართველოს სკოლების დიდი ნაწილი თავის ფუნქციას მარჯვედ ვერ ასრულებს და არ უნდა გვეგონოს, რომ გამოცდებით ან მათი გაუქმებით, სკოლას გავაძლიერებთ.
ახლა ცოტა უფრო ვრცლად: ზოგიერთს გამოცდა განათლების მამოძრავებელ ძალად მიაჩნია და ამიტომ უნდა განიმარტოს, რომ იგი აჩენს არა განათლების მიღების, არამედ მხოლოდ გამოცდის ჩაბარების მოტივაციას, ხოლო გამოცდისთვის მზადების პროცესი კი არ არის განათლება, მისი საუკეთესო გაგებით. გამოცდას აქვს (უნდა ჰქონდეს) კონკრეტული მიზანი და დანიშნულება. ჩვენ შემთხვევაში, საატესტატო გამოცდების მიზანი მთლიანად დაკარგულია, ხოლო ზოგადი უნარების გამოცდის კი — მიუღწეველი.
- საატესტატო გამოცდები
სულ ცოტა ხნის, მაგრამ მრავალი რეფორმის წინ, საატესტატო გამოცდების მიზანი იყო ეროვნული გამოცდების სიმძიმის სკოლებზე გადმოტანა და ამით სასკოლო განათლების მნიშვნელობის გაზრდა (მისი მიღწევადობაც ცალკე საკითხია). ეს მიზანი განათლების პოლიტიკის სწრაფ-ხშირი ცვლილებების ფონზე საერთოდ დაიკარგა. სამაგიეროდ მივიღეთ ზოგადი განათლების მინიმალური კომპეტენციის დაძლევის შემაფასებელი კვაზი-სისტემა. განათლების მიზნები ძალიანაც მშვენიერი გვაქვს, თუმცა ეს გამოცდები მათი მიღწევის შესამოწმებლად არ გამოდგება.
საატესტატო გამოცდები, მეტწილად, ამოწმებს ახსოვს თუ არა მეთერთმეტეკლასელ ვანოს, 2018 წლის 24 მაისის დილის ათის ნახევარზე, რომ კუთხის ორ ტოლ ნაწილად გამყოფ სწორ ხაზს ეწოდება ბისექტრისა და არა დირექტრისა. შეუძლია თუ არა ვანოს ამის გამოყენება ცხოვრებაში, ეს ჩვენთვის ბოლომდე უცნობი დარჩება. ამით უნდა გავიგოთ ჩვენი სკოლები თავის ფუნქციას კარგად ასრულებენ თუ არა? ამით უნდა შევაფასოთ მიაღწია თუ არა ვანომ ეროვნული განათლების მართლაც მნიშვნელოვან მიზნებს? ამით ერთობოდა კომენსკი? მოკლედ, ამ გამოცდებმა აზრი კი დაკარგა, მაგრამ, სამაგიეროდ, მეორე სუნთქვა გაუხსნა რეპეტიტორობის ინსტიტუტს და გაჭირვებული ოჯახის შვილები კიდევ უფრო არათანაბარ პირობებში ჩააყენა. სახელმწიფომ იცის (ეროვნული და საერთაშორისო შეფასებებით), რომ ბავშვებმა ბევრი რამ არ იციან, მაგრამ მაინც უწესებს მათ გამოცდას. გამოდის რომ, ამით სახელმწიფო აიძულებს მოსწავლეებს და მათ ოჯახებს სხვაგან ეძებონ გამოსავალი, დახარჯონ ფული და მოაჩვენონ ისევ სახელმწიფოს, თითქოს მან თავისი საქმე კარგად გააკეთა. ასე რომ, ინსტრუმენტი, რომელმაც ფუნქცია დაკარგა და კონტრპროდუქტიული გახდა, გასაუქმებელია!
- ზოგადი უნარების გამოცდა
უნარების გამოცდის მიზანია, ცენტრალიზებულად შეურჩიოს უნივერსიტეტებს აბიტურიენტების საერთო რაოდენობიდან ვინ არის უფრო კარგად მომზადებული და ვინ იმსახურებს უმაღლესი განათლების მიღებას. ანუ, თუ ნიკო მაღალი ქულებით ჩააბარებს ზოგადი უნარების ტესტს, შეიძლება ითქვას, რომ ნიკო მზადაა და კარგად ისწავლის უნივერსიტეტში. თუმცა, კვლევებმა გვაჩვენა, რომ წინასწარმეტყველების ეს „ბროლის ბურთი“ ცუდად მუშაობს და კრებსითი ნიკო სულაც არ არის იმაზე უკეთესი სტუდენტი, ვიდრე კრებსითი ვანო, რომელსაც ნაკლები ქულები ჰქონდა უნარებში. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ინსტრუმენტი არ მუშაობს. გარდა ამისა, კვლევებმა აქაც აჩვენეს, რომ ეს გამოცდაც რეპეტიტორობის გავრცელების ყველაზე ხელსაყრელი ნიადაგია და მნიშვნელოვნად აღრმავებს სოციალურ ნაპრალს. ხოდა, თუ თქვენი ინსტრუმენტი არ ერგება ჭანჭიკებს, თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და ამასთანავე თითებს გტკენთ, მაინც გააგრძელებთ მის გამოყენებას?
მე აღარ შევაჯამებ და თუ სკოლამ ან რეპეტიტორმა ტექსტის წაკითხვისა და გააზრების უნარები გაგივითარათ, დასკვნები თავად გააკეთეთ.
P.S. ასეთი პერიფერიული სისტემების ცვლილებებით გარკვეული არასასურველი ტვირთი კი მოიხსნება, მაგრამ განათლების ხარისხის განვითარებაზე არსებითი ზემოქმედება ვერ მოხდება. ხარისხის განვითარების მთავარი სამიზნე დღეს სკოლა და მასწავლებელია! ასე რომ, ამაზე კი ნუ ინერვიულებთ, გემს მიხედეთ, გემს!
სიმონ ჯანაშია
განათლების სისტემის მკვლევარი
როგორც გამოსაშვები, ისე მისაღები გამოცდების სისტემა, რომელიც აქამდე საქართველოში მოქმედებდა, იყო:
ა) უსამართლო — დამატებით უპირატესობას აძლევდა იმ ადამიანებს, რომლებიც ისედაც უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ იმით, რომ უკეთეს სკოლაში სწავლობდნენ, უფრო შეძლებული მშობლები ჰყავდათ და უფრო მდიდარ გარემოში იყვნენ დაბადებული;
ბ) საშინლად არახარჯთეფექტური — მრავალი მილიონი ლარი ყოველწლიურად იხარჯებოდა რეპეტიტორობაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს გადაელახათ ისეთი ბარიერი, რაც მათ განათლებასთან კავშირში არ იყო. დღემდე იხარჯება ფული კონკურსის მოწყობაზე იქ, სადაც კონკურსი არ არის (მაგ. 100 ადგილზე რომ 50 აბიტურიენტია იმ პროგრამებზეც სისტემა ცდილობს დაადგინოს, ვინ უკეთესად ჩააბარებს 4 გამოცდას);
გ) შემაფერხებელი სკოლების განვითარებისთვის — კარგ სკოლებს ფოკუსს უცვლიდა და მრავალმხრივი საგანმანათლებლო გამოცდილების ნაცვლად მოსწავლეები დაკავებული იყვნენ მხოლოდ იმის დასწავლით, რაც გამოცდაზე ბარდებოდა. მარტივი მაგალითი: ერთ პრესტიჟულ კერძო სკოლას ვთავაზობდი მუზეუმებში წავიყვან ბავშვებს და კლუბების დაარსებაში დავეხმარები-თქო და არა, გამოცდებისთვის ემზადებიან და ამისთვის დრო არ აქვთო;
დ) საზიანო უნივერსიტეტების განვითარებისთვის — აბიტურიენტები არჩევენ უნივერსიტეტებს, მაგრამ უნივერსიტეტები აბიტურიენტებს — ვერ. ეს საშუალებას არ აძლევს უნივერსიტეტს, რომ შეიმუშაოს შედარებით რთული პროგრამა, რადგან არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ შესაბამისი კომპეტენციების მქონე აბიტურიენტებს მიიღებს. ასევე, უნივერსიტეტს არ აქვს შესაძლებლობა შეიმუშაოს საკუთარი პროგრამული პრიორიტეტები და შესაბამისი სტუდენტები შეარჩიოს;
ე) მიზნების შეუსაბამო — უზარმაზარი თანხა იხარჯება შემოწმების ბიუროკრატიაზე და ნაკლები განათლების მხარდაჭერაზე. ყოველწლიურად ბაკალავრიატში პირველკურსელების საგრანტო დაფინანსებაზე ნაკლები თანხაა გამოყოფილი ვიდრე მაგ. გამოცდებისა და შეფასების ცენტრის ბიუჯეტია.
აქედან გამომდინარე, რაც ნაკლები ცენტრალიზებული გამოცდა იქნება, მით უფრო სამართლიანი, ხარჯთეფექტური, განვითარებადი სისტემის შექმნის შესაძლებლობა გვექნება. ეს ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ რაღაც გაუმჯობესდეს. საჭიროა განათლების ხარისხის მოთხოვნის ზრდის წახალისება; უფრო დიფერენცირებული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენება; მნიშვნელოვანია სკოლებში პროგრამების მრავალფეროვნების წახალისება და ა.შ.
ზაზა ფირალიშვილი
ფილოსოფოსი
გამოცდებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, ჯერ ზოგადი უნარების გამოცდასთან დაკავშირებით. ამ გამოცდის მიზანია (ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს) არა რაიმე ცოდნის შემოწმება, არამედ იმის გარკვევა, თუ რამდენად აქვს აბიტურიენტს უელემენტარულესი მათემატიკური განათლება და ალღო, შეუძლია თუ არა მარტივი ლოგიკური ოპერაციების ჩატარება და იაზრებს თუ არა წაკითხულ ტექსტს. ძირითადად ლაპარაკი სწორედ უნარებზეა და არა ცოდნაზე. ელემენტარული მათემატიკური განათლებაც რომ სასიცოცხლო უნარია, ალბათ დამეთანხმებით. სხვისი არ ვიცი და მე ვერ წარმომიდგენია ისეთი უმაღლესი სასწავლებელი, რომლის სტუდენტმაც შეიძლება არ იცოდეს რიცხვების შეკრება, პროცენტის გამოთვლა, ოთახის ფართობის გაგება, არ შეეძლოს ტექსტის გააზრება და ა.შ. ყველაფერი ეს უნდა ვითარდებოდეს ძირითადი საგნების სწავლებასთან ერთად და შეუძლებელია ისწავლებოდეს ცალკე. თუ მოსწავლეს ეს უნარები არ აქვს, ან სკოლას შეუცოდავს, ან — თავად, ან სკოლამ და ოჯახმა ვერ აღძრეს მასში აზროვნებისა და განათლების მიღების ნება, ან თავად არის ყველაფერი ამისაგან შორს. ეს არ არის ცალკე სასწავლო დისციპლინა. ეს უფრო იმის შემოწმებაა (უნდა იყოს მაინც), აბიტურიენტი ინტელექტუალურად რამდენად არის მომწიფებული საიმისოდ, რომ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძოს სწავლა. მართალია, ტესტების ამოცანების ნახევარი მათემატიკიდანაა, მაგრამ არა მგონია, გახსენებას საჭიროებდეს, რომ თუკი რაიმე ავითარებს გონების დისციპლინას, სწორედ მათემატიკაა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდნენ ძველი ბერძნებიცა და მათი გავლენით — მთელი ევროპული სამყარო.
ამგვარ შემოწმებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმართავენ. გაიხსენეთ GMAT-ის ტესტები, ფსიქომეტრული ტესტები და ა.შ. როდესაც ჩვენთან ამ გამოცდაზე მუშაობდნენ, ანალოგიური პრაქტიკით სარგებლობდნენ. განსაკუთრებით საყურადღებოა ისრაელის კოლეჯების გამოცდილება.
ჰქონდა თუ არა ამ გამოცდას პოზიტიური შედეგები? ნამდვილად ჰქონდა.
- მათემატიკური უნარები. 2005 წელს, როდესაც პირველი აბიტურიენტები მოვიდნენ ჩემთან (არ დავმალავ, უკვე მეთოთხმეტე წელია, ამ საქმეს ვეწევი), მათმა დიდმა ნაწილმა ქვეშმიწერით შეკრება არ იცოდა. წილადებზე და ათწილადებზე არითმეტიკული ოპერაციების ჩატარება ხშირად გადაულახავი წინააღმდეგობა იყო. რამდენიმე წელიწადში სიტუაცია შეიცვალა. მშობლების და მოსწავლეების უდიდესმა ნაწილმა დაინახა, რომ მათემატიკის უგულვებელყოფა არ შეიძლებოდა — თუნდაც ზოგადი უნარების გამოცდის გამო. დღეს, ძირითადად, უკვე იგულისხმება, რომ მოსწავლემ მათემატიკის ელემენტები იცის;
- ელემენტარული ლოგიკური ოპერაციების ჩატარების უნარი. რასაც ჩვენს გარშემო ვუცქერთ, არა მგონია, ვინმეს ეჭვს უჩენდეს ამ უნარის აუცილებლობაში;
- ტექსტის გააზრება. წიგნის სიყვარული და ტექსტის გაგების სურვილი შორსაა იმისგან, რასაც ბავშვს ხშირად სკოლაში სთავაზობენ.
ამ გამოცდის არსებობა მოსწავლეს არწმუნებდა რაციოზე ორიენტაციის აუცილებლობაში. ახლა თავად განსაჯეთ, სჭირდებათ თუ არა ჩვენს მოსწავლეებსაც და, ზოგადად, საზოგადოების წევრებს ეს. ამ გამოცდის წინააღმდეგ მიმართული ყველაზე ხშირი არგუმენტი ისაა, რომ ის სკოლაში არ ისწავლება და რომ აბიტურიენტებს მომზადება სჭირდებათ. ვიმეორებ, ეს არ არის სასწავლო დისციპლინა. სკოლა რომ თავის საქმეს აკეთებდეს, აბიტურიენტს რეპეტიტორი არ დასჭირდებოდა. მისთვის საკმარისი იქნებოდა, მეთორმეტე კლასში, ტესტთან მუშაობის გამოცდილება მიეღო. ცხადია, ერთ წელიწადში შეუძლებელია, მან აინაზღაუროს ის, რაც დააკლდა თორმეტი წლის განმავლობაში, მაგრამ რაღაც ელემენტარულ ინტელექტუალურ გამოცდილებას მაინც იძენს და რაღაც ხარისხით მაინც არის მზად უმაღლესი სასწავლებლისათვის.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ტესტებში მოცემული ამოცანები ზოგჯერ საეჭვო ღირსებისაა, მაგრამ ეს უფრო შემდგენთა მიზეზითაა და არა გამოცდისა.
ნებისმიერ საგანში და, მათ შორის, ზოგად უნარებშიც, რეპეტიტორის აუცილებლობას აჩენს არა გამოცდის არსებობა, არამედ ის, რომ სკოლამ, მშობლებმა და მოსწავლემ დააკლეს რაღაც. ეს ინსტიტუტი ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა.
რაც შეეხება სასკოლო გამოცდებს. ძალიან მოკლედ და ზოგადად ვიტყვი: გამოცდების გაუქმება გულისხმობს, რომ ჩვენ გვყავს კრიტიკული ოდენობა ისეთი პედაგოგებისა, ვინც სწავლების ყოველდღიურ პროცესს ისე პატრონობს, როგორც საჭიროა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს ბავშვი არა რაღაც ალგორითმების ათვისებისაკენ, არამედ, როგორც მაქს შელერი იტყოდა, სულის ახალი მდგომარეობისაკენ. ამ შემთხვევაში, ცხადია, გამოცდა ზედმეტი ტვირთია. ახლა, თავად განსაჯეთ, გვყავს თუ არა. თუ გვყავს, გამოცდების გაუქმებას აზრი აქვს. თუ არ გვყავს, ხომ არ შემობრუნდება ავადსახსენებელი 70-იანი წლები, როდესაც მისაღებ გამოცდაზე ატესტატების კონკურსი იქნა შემოღებული და ამან სკოლებში არნახული კორუფცია გააჩინა? სულო ცოდვილო და თუ ასეთი პედაგოგები არ გვყავს, გამოცდების გაუქმება, უმალ, ვალების ჩამოწერას ემსგავსება და უფრო პოლიტიკური აქტია, ვიდრე საგანმანათლებლო.
და კიდევ: ის რომ სადღაც რაღაცნაირადაა, არ ნიშნავს, რომ მოდელი, რომელიც უნიკალურ კულტურულ და ისტორიულ გარემოში შემუშავდა, ერთი ერთზე შეიძლება იქნას გადმოტანილი ასეთივე უნიკალურ გარემოში. არ იმუშავებს, რადგან სხვა ადამიანური „მასალაა“, განათლებისადმი და სოციალური პასუხისმგებლობისადმი სხვა დამოკიდებულებაა.
მკვდრადშობილი „სტრუქტურული ცვლილებების“ პროექტები კარგს ვერაფერს მოგვცემს, თუ ძირეულად არ შეიცვალა ჩვენი დამოკიდებულება განათლების, როგორც ფენომენის მიმართ. ეს რთული და დიდი თემაა და მას აქ არ შევეხები. სამწუხაროდ, ეს სფერო ვერ გამოთავისუფლდა მიმდინარე პოლიტიკის გავლენისაგან. პოლიტიკურად არასტაბილურ ვითარებაში შეუძლებელია 10-15 წელზე გათვლილი სტრატეგიის შემუშავება.
P.S. ამ რამდენიმე ხნის წინ ერთმა ორი დიპლომის მქონე ადამიანმა (მართლა ორი დიპლომი აქვს!) თავისი ოთახის ფართობი ვერ იანგარიშა და მეზობელს მიმართა თხოვნით, გამომითვალეო.