ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში, მასწავებელთა IV რაიონულ სასწავლო-მეთოდურ კონფერენციაზე — „წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკა“, პედაგოგებს გავაცანი ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი „კუბი, სააზროვნო დონეების მეთოდით“. სკოლაში მუშაობის დაწყების დღიდან ვფიქრობდი, როგორ შემეფასებინა მოსწავლის პროგრესი ობიექტურად. შემდგომ, ტაქსონომიის სააზროვნო დონეების გაცნობის შედეგად, ეს მეთოდი ჩემს სასკოლო პრაქტიკას მოვარგე — შეფასების სქემა გავაცანი მოსწავლეებს, დავგეგმე გაკვეთილები სააზროვნო დონეების შესაბამისი კითხვარებით.
მასწავლებლობა ხელოვნებაა, რომელსაც დიდი ოსტატობა სჭირდება — ყოველი მეთოდის დანერგვა პედაგოგისგან მოითხოვს როგორც ცოდნას, ასევე ენთუზიაზმსა და დიდ შრომას.
ბლუმის ტაქსონომიის მოდელი სასწავლო მიზნების სწავლებისა და სწავლის შედეგების გაზომვის ეფექტური საშუალებაა.
ტაქსონომიის სააზროვნო დონეების მიხედვით შედგენილი კითხვებისა და შესაბამისი ტიპური ზმნების გამოყენებით, პედაგოგი აფასებს სწავლა-სწავლების ეფექტურობასა და ესგ-ს მიღწევის დონეს. ასევე მიმაჩნია, რომ ამ რესურსის გამოყენება შეიძლება დიფერენცირებული სწავლებისას, იგი პასუხობს მესამე თაობის ესგ-ს მოთხოვნებს. ამ რესურსით შეიძლება შევაფასოთ კომპლექსური დავალება და დავადგინოთ, რამდენად დაეუფლა მოსწავლე თემის ფარგლებში ასათვისებელ ცოდნა-უნართა ერთობლიობას და რამდენად ახერხებს მათ ფუნქციურად გამოყენებას. სოლო ტაქსონომიისა და სააზროვნო დონეების შესაბამისად, მოსწავლე შეიძლება შევაფასოთ როგორც განმსაზღვრელი შეფასებით, ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეფასდეს იდეები შემაჯამებელი კომპლექსური დავალებისთვის, განმავითარებელი კომენტარით.
ვფიქრობ, სააზროვნო დონეების მიხედვით მოსწავლეთა პროგრესი თვალსაჩინოა, ასევე, შეფასებაც არ არის რთული.
შესაბამისობა სოლო ტაქსონომიასა და სააზროვნო დონეებს შორის და მისი გამოყენება მასწავლებლის შემოქმედებით უნარზეა დამოკიდებული, რამდენად შესწევს უნარი, საინტერესო გახადოს სასწავლო პროცესი და მოსწავლე ცოდნის სამყაროს აზიაროს. თითოეული ნაბიჯი, სააზროვნო დონეების შესაბამისად, მიმართულია მარტივიდან რთული აზროვნებისკენ.
სწავლების პროცესი ხომ თანამშრომლობაა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს ცოდნის კონსტრუირებაში.
სოლო ტაქსონომიის ხუთი დონე:
⇒ პრესტრუქტურული დონე — მოსწავლეს არ ესმის ინფორმაცია, ამიტომ ვერ ახერხებს გაგებას. ამ დონეზე არაფერია ცნობილი დავალების შესახებ;
შეესაბამება: ტაქსონომიის I დონეს — ცოდნის დონეს.
⇒ უნისტრუქტურული დონე — მოსწავლეს, ამ დონეზე, აქვს მხოლოდ ძირითადი კონცეფცია საგნის ან დავალების შესახებ; მას შეუძლია მარტივი და აშკარა კავშირის დამყარება, მაგრამ ინფორმაციის ფართო მნიშვნელობა არ არის გაგებული;
შეესაბამება: ტაქსონომიის II დონეს — გაგების დონეს.
⇒ მულტისტრუქტურული დონე — მოსწავლეს, ამ დონეზე, შეუძლია გააცნობიეროს საგნის ან დავალების რამდენიმე ასპექტი, მაგრამ თემის გარშემო იდეებსა და ცნებებს არ აქვთ ურთიერთკავშირი. მოსწავლეს შეუძლია მთელი რიგი კავშირების დამყარება, კლასიფიცირება, მაგრამ მთლიანობის მნიშვნელობა არ არის გასაგები. ცნობილია რამდენიმე შესაბამისი დამოუკიდებელი ასპექტი. მოსწავლეს შეუძლია ჩამოთვალოს, განსაზღვროს, აღწეროს, დააკავშიროს, შეუსაბამოს ან გააკეთოს ალგორითმები. ამ დონის შეფასება, პირველ რიგში, რაოდენობრივია.
შეესაბამება: III დონეს — გამოყენების დონეს.
⇒ მიმართებადი დონე — მოსწავლეს ამ დონეზე შეუძლია გააცნობიეროს ნაწილების მნიშვნელობა მთლიანთან მიმართებაში. იდეები და კონცეფციები უკავშირდება ერთმანეთს და ისინი ქმნიან მთლიანობის თანმიმდევრულ გაგებას. მოსწავლეთა სწავლის შედეგები აჩვენებს შედარების, მიზეზ-შედეგობრივი აზროვნების, თანმიმდევრულობის, ანალიზის, მთლიანი აზროვნების, ანალოგიის, გამოყენებისა და კითხვების ფორმულირების მტკიცებულებებს. ეს ის დონეა, რომელიც საგნის ადეკვატურ გაგებას გულისხმობს.
შეესაბამება: IV და V დონეებს — ანალიზისა და სინთეზის დონეებს.
⇒ გაფართოებული აბსტრაქტული — ამ დონეზე მოსწავლეს შეუძლია შეასრულოს კავშირები არა მარტო მოცემულ საგნობრივ ჭრილში, არამედ ასევე შეუძლია კავშირი დაამყაროს მის მიღმა. მას შეუძლია განაზოგადოს და გადაიტანოს პრინციპები და კონცეფციები ახალ განსხვავებულ კონტექსტში; შექმნას ახალი იდეები და კონცეფციები, იდეების გადატანა ახალ სფეროში, შეუძლია პროგნოზირება, განზოგადება, შეფასება, თეორიზაცია, ჰიპოთეზირება, მოდელის ან ელექტრონული რესურსის შექმნა.
შეესაბამება: VI დონეს — სინთეზის დონეს.
მეთოდმა — „კუბი, სააზროვნო დონეების მიხედვით“ — პედაგოგების დაინტერესება გამოიწვია და მათ აღნიშნული მეთოდის სასკოლო პრაქტიკაში გამოყენების სურვილი გამოთქვეს.
რესურსის შექმნა, დიფერენცირებული სწავლების დანერგვის დროს, მოსწავლეთა თვითშფასების უნარის საჭიროებამ განაპირობა, ასევე საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის აუცილებლობამ.
სწავლების კონსტრუქტივისტული მოდელი, იგივე ხარაჩოს მოდელი კარგად უკავშირდება სააზროვნო დონეების მიხედვით მოსწავლეთა წინსვლას. თითოეულ დონეზე პროგრესს, განმსაზღვრელი შეფასების 10-ქულიანი სისტემა შევუსაბამე.
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
გეომეტრიული ფიგურა კუბი, რომელიც ხისგან არის დამზადებული, გადანომრილია 1-დან 6-მდე.
თაბახის ფურცელზე ვამზადებ თვალსაჩინოებას, რომელზედაც გამოვსახავ ბლუმის ტაქსონომიის დონეებს. დონეები განლაგებულია იერარქიულად — მარტივიდან რთულისაკენ.
თვალსაჩინოებას ასევე ახლავს ექვსი ჯიბაკი, გადანომრილი 1-დან 6-მდე, წარწერით: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება. დონეების შესაბამისი კითხვები და ამოცანები მოთავსებულია ჯიბაკებში, ასევე შეიძლება ავტვირთოდ საპრეზენტაციო პროგრამაში, კლასების შესაბამისად.
მასწავლებელმა შეიძლება თვალსაჩინოება თემის ახსნის დროს გამოიყენოს, ასევე შეჯამებისას. ჯიბაკებში დონეების მიხედვით კითხვარების განთავსებით, მოსწავლეები, ჯგუფური მუშაობის ან ინდივიდუალური გამოკითხვის დროს, რიგითობის მიხედვით, აგდებენ კუბს და შესაბამის კითხვარს იღებენ ჯიბაკიდან შესაბამისი ნომრით ან კითხულობენ სლაიდის შესაბამისი ნომრის კითხვარს; ასევე, მასალას ეცნობიან სლაიდზე, სწორი პასუხები კი შეფასებულია ბლუმის სააზროვნო დონეების მიხედვით, შემდეგი ქულებით: ცოდნა ფასდება მაქსიმალური 5 ქულით, გაგება (შინაარსი) — 6, გამოყენება — 7, ანალიზი — 8, შეფასება — 9 და სინთეზი — 10 ქულით.
ასევე, კუბი შეიძლება გამოვიყენოთ მოსწავლის ინდივიდუალური შეფასებისა და თვითშეფასების დროს, მაგალითად, მოსწავლე აგდებს კუბს და აფასებს საკუთარ თავს, ქულას კი ჩაწერს როგორც სპეციალურად შედგენილ ცხრილში, ასევე რვეულში. ეს პროცესი გრძელდება 5-10 ან 10-15 წუთი, ვინც მეტ კითხვას უპასუხებს, შესაბამისად, მეტ ქულას დააგროვებს და მიენიჭება ტიტული დღის „წარმატებული“. თუ ამოცანები ვერ ამოხსნეს, მასწავლებელი აძლევს მითითებებს და საშინაო დავალებას დაემატება მოცემული ამოცანა.
ბლუმის ტაქსონომიის მოდელი სასწავლო მიზნების სწავლებისა და სწავლის შედეგების გაზომვის ეფექტური საშუალებაა. განვითარების დონეები განლაგებულია მარტივიდან რთულისაკენ, ყოველ კატეგორიაზე გადასვლა შესაძლებელია წინა კატეგორიის ჩვევების დაუფლების შედეგად. მოდიფიცირების შემთხვევაში, მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნეს დაწყებით საფეხურზე.
თითოეულ დონეზე გამოყენებული ზმნებია:
ცოდნა: ჩამოთვლა, ჩაწერა, აღწერე ცდა, მოყოლა, დასახელება.
გაგება: დააკავშირე, ახსენი, გაიმეორე ცდა, განმარტე, დამტკიცება, დახარისხება, დაჯგუფება, გაშინაარსება.
გამოყენება: გამოთვალე, დააკავშირე, ჩვენება, მიგნება, პოვნა, აღმოჩენა, გადამუშავება.
ანალიზი: განასხვავე, დაყავი, დაახარისხე, დედუქციის მეთოდის გამოყენება, ანალიზირება, რეზიუმირება, შეპირისპირება, ზოგადიდან კერძო დასკვნების გაკეთება, ვენის დიაგრამა, T სქემა.
სინთეზი: შემოწმება, დაგეგმვა, მოხაზვა, განვითარება, მიგნება, განზოგადება, ინდუქციის მეთოდი/კერძო დასკვნიდან ზოგადი დასკვნის გაკეთება/, გამოგონება, დაწერე პროექტი, ამოხსენი ამოცანა.
შეფასება: იმსჯელე, გააკეთე დასკვნა, გააკრიტიკე, დაწერე რეცენზია, ამოხსენი ამოცანა, დაწერე პროექტი, შეაფასე, დაადგინე, შემოწმება, გადამოწმება, გადაწყვეტილების მიღება.
აღნიშნული რესურსი ინტერაქტიურია და ვიყენებთ თამაშის ფორმით. მოსწავლეები ჩართული არიან, თითოეული სააზროვნო დონის მიხედვით, კითხვების შედგენის პროცესში. ის, ვინც დაძლევს უმაღლეს დონეს, დღის „წარმატებულის“ ტიტულს იღებს, იმარჯვებს და 10 ქულით ფასდება. შეიძლება, ასევე, გამოვავლინოთ 6-ვე დონეში უმეტესი ქულებით გამარჯვებული მოსწავლე. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით, იზრდება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია; მოსწავლეები აფასებენ როგორც საკუთარ თავს, ასევე ერთმანეთს, ყალიბდებიან როგორც ექსპერტები, განიმტკიცებენ მიღებულ ცოდნას და გაკვეთილის ახსნის პროცესში, თემის წინასწარი განხილვის შედეგად, ძველ ცოდნაზე აგებენ ახალ ცოდნას, აჯამებენ ნასწავლ მასალას, ადგენენ კითხვებს დონეების შესაბამისად. რესურსი დიფერენცირებული სწავლების შესაძლებლობას იძლევა.
აღნიშნული რესურსი მეხმარება ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნებისა და შედეგების განხორციელებაში. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მთავარი მიზანია, აზიარო მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს და განუვითარო მას კვლევითი უნარ-ჩვევები, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეს, შეიცნოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.