17 მაისი, პარასკევი, 2024

„პანდემიას ასრულებ შენ!“ – სტუდენტი „MED-იატორები“ ვაქცინაციის კამპანიაში ჩაერთვებიან

spot_img

საქართველოს სამი უნივერსიტეტის მედიკოსი სტუდენტები, გაეროს ბავშვთა ფონდისა და იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის  (AIVA) მიერ USAID-ის მხარდაჭერით, ორგანიზებულ 6-თვიან კამპანიაში ჩაერთვებიან, რომელიც საზოგადოების კოვიდ-19-ის ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებას ისახავს მიზნად.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში,  კოვიდ-19-ის ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, აღნიშნული უნივერსიტეტების სტუდენტებთან შედგება თანამშრომლობა.

კამპანია წარიმართება დევიზით: „პანდემიას ასრულებ შენ!“ სამიზნე აუდიტორიად შერჩეული არიან რეგიონების ახალგაზრდები, რომლებსაც გააცნობენ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას კოვიდ-19-ის, მისი პოტენციური გართულებებისა და პრევენციული ზომების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ვაქცინაციას დაეთმობა.

ამ მიზნით, დაარსდება მედიკოს სტუდენტთა ქსელი – სტუდენტური ლიგა. თავდაპირველად, ლიგის წევრები, ე.წ. „MED-იატორები“ გაივლიან ერთდღიან ტრენინგს ვაქცინაციის მიმდინარე პროცესისა და ხელმისაწვდომი ვაქცინების შესახებ. ტრენერებს შორის არიან ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მაია გოთუა, ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია და მეიოს კლინიკის ვაქცინების კვლევის ჯგუფის წევრი, ექიმი თამარ რატიშვილი.

საწყისი ტრენინგის გავლის შემდეგ, სტუდენტური ლიგა, ვაქცინების შესახებ განახლებული ინფორმაციის საფუძველზე, ადგილობრივ თემებში დაიწყებს ინფორმაციის გავრცელებას. სტუდენტები საველე გასვლებს მოაწყობენ მთიანი აჭარის ძნელად მისასვლელ სოფლებში, ასევე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის, რეგიონებში. ვიზიტებისას ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, უახლეს სანდო ინფორმაციას მიიღებს კოვიდ-19-ის ვაქცინაციის შესახებ. სტუდენტები, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციაზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან და გაავრცელებენ დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე გათვლილ  საინფორმაციო მასალებს.

გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად ეხმარება მთავრობას საქართველოში კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირების გაზრდაში. 2021 წლის მაისიდან იუნისეფმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 50-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა  ადგილობრივ თემის ლიდერებისთვის, მათ შორის მასწავლებლებისთვის, ექთნებისთვის, ექიმებისთვის, რელიგიური ლიდერებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვისმათი ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში ჩართვის მიზნით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები