როგორც ცნობილია, 2020-2021 სასწავლო წელს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული გახდნენ, დაიწყონ ელექტრონული ჟურნალის წარმოება, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, პარალელურად, მათ შეუძლიათ, ტრადიციული საკლასო ჟურნალიც აწარმოონ. მომავალი სასწავლო წლიდან კი, სასკოლო ჟურნალს სრულად ჩაანაცვლებს ელექტრონული ჟურნალი, რომლის წარმოებას სკოლები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი სპეციალური პლატფორმით შეძლებენ.
აპლიკაცია „ონლაინ სკოლა“, ანუ ელექტრონული ჟურნალი გულისხმობს მასწავლებლების მიერ სკოლის მოსწავლეების დასწრებისა და შეფასების ელექტრონულად აღრიცხვას. აპლიკაცია, ასევე, საშუალებას აძლევს სკოლას, მყისიერად მიაწოდოს ინფორმაცია მშობელს მოსწავლის შესახებ და აწარმოოს სრული სტატისტიკური აღრიცხვა როგორც ინდივიდუალური მოსწავლის, ისე კლასის/კლასების შესახებ.
რა შესაძლებლობებს იძლევა ელექტრონული ჟურნალის დანერგვა და როგორ უნდა მოიხმარონ მშობლებმა და მასწავლებლებმა აპლიკაცია – ამ დეტალების შესახებ საუბრობს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნინო ეფხოშვილი.
რა შესაძლებლობებს ქმნის ელექტრონული ჟურნალი
ელექტრონული ჟურნალი ზოგადი განათლების რეფორმის, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში შეიქმნა. მისი მიზანია, ტექნოლოგიების მიწოდებით, მასწავლებლებს მივცეთ შესაძლებლობა, უფრო მარტივად შეაფასონ მოსწავლე და აღრიცხონ დასწრება, ხოლო მშობლებს, აღნიშნული პლატფორმით, შესაძლებლობა ეძლევათ, მყისიერი ინფორმაციის მიწოდებით, უფრო აქტიურად ჩაერთონ შვილის მოსწრებისა და დასწრების საკითხებში.
აკადემიური მოსწრების აღრიცხვა-შეფასებები ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელსაც ვნერგავთ, მაგრამ გარდა ამისა, მასწავლებლებს შეუძლიათ, მოსწავლეებს გაუგზავნონ დავალება, ასევე, შეტყობინება როგორც მშობელს, ისევე მოსწავლეს. შესაბამისად, ეს ნაწილი უფრო კომპლექსურია.
აპლიკაცია გაშვებულია და მასწავლებლების პირველი საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა უკვე გაიმართა. მათ მივაწოდეთ ინფორმაცია და მივიღეთ უკუკავშირიც. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, საქართველოს მასშტაბით, პლატფორმა უკვე დანერგილია 166 სკოლაში და, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, მასწავლებლები აპლიკაციას უკვე იყენებდნენ. შესაბამისად, გარკვეული უკუკავშირი მათგანაც გვაქვს. ამიტომ, შეიძლება იქვას, რომ მათთვის ეს ახალი პროდუქტი არ არის.
შექმნილია როგორც ვებ, ისე მობაილ აპლიკაცია და მშობელსაც და მასწავლებელსაც ძალიან მარტივად შეუძლია მისი გადმოწერა. აპლიკაციის სახელია — Online School. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს მხოლოდ ანდროიდსა და აიოსში უნდა აპლიკაციის ჩამოტვირთვა, აუცილებლად უნდა მიაწერონ — emis, რადგან ბევრი მსგავსი აპლიკაციაა და ამით უფრო მარტივად იპოვიან მათთვის სასურველს მშობლებიც და მასწავლებლებიც.
დამეთანხმებით, რომ მხოლოდ აპლიკაციის შექმნა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სასწავლო პროცესში ძალიან აქტიურად გამოვიყენოთ პლატფორმა, ამიტომ, როგორც გითხარით, ვაწყობთ საინფორმაციო შეხვედრებს და მომხმარებელს აპლიკაციის ფუნქციონალს დეტალურად ვუხსნით. ამის გარდა, მათ შესაძლებლობა აქვთ, იქვე დასვან კითხვები, ჩვენ მზად ვართ, ყველა კითხვას ვუპასუხოთ და კონკრეტულად იმ თემებზე ვისუბროთ, რაც მათ აინტერესებთ. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელმა, სასწავლო პროცესის დროს, ვერ შეძლო რაიმე კონკრეტული მოქმედების განხორციელება და გარკვეული კითხვები აქვს, შეუძლია ცხელ ხაზზეც დარეკოს ან სოციალურ ქსელში დასვას კითხვები (სათანადო სახელმძღვანელოებიც არსებობს) — ჩვენი საინფორმაციო მართვის სისტემის თანამშრომლები ძალიან აქტიურად არიან ჩაბმული პროცესში და აუცილებლად გაუწევენ დახმარებას. ეს არის გარდამავალი ეტაპი და იმედია, დანერგვის პროცესს სკოლები კარგად გაართმევენ თავს.
შეძლებს თუ არა მოსწავლე მასწავლებლის შეფასებას
საკმაოდ მოქნილი პლატფორმაა, თუმცა, სამომავლოდ, შესაძლოა დამატებითი ფუქნციონალის შემუშავებაც. აქტიურად ვგეგმავთ გამოკითხვას იმის გასაგებად, რა მოსწონთ ან არ მოსწონთ როგორც მასწავლებლებს, ისე მშობლებსა და მოსწავლეებს. შესაბამისად, თუ რაიმე საკითხი გახდება აქტუალური, აუცილებლად გავითვალისწინებთ, მათ შორის, მოსწავლის მიერ მასწავლებლის შეფასებასაც.
გრძელვადიან პერსპექტივაში, რას შეცვლის კონკრეტული სიახლე არსებულ განათლების სისტემაში
ელექტრონული ჟურნალი საკმაოდ აქტიურად არის დანერგილი მთელ მსოფლიოში. როდესაც ფუქნციონალის შექმნაზე ვმუშაობდით, ყველაზე კრიტიკულ ნაწილად პროცესში მშობლის ჩართულობა გამოიკვეთა იმიტომ, რომ ვინც მუშაობს და არ შეუძლია სკოლაში აქტიურად იაროს, თვალს ვერ ადევნებს პროცესებს და ვერც დროულად იღებს ინფორმაციას საკუთარი შვილის მოსწრებისა თუ სხვადასხვა აქტივობის შესახებ, ონლაინ რეჟიმში მყისიერად შეუძლია მიიღოს ინფორმაცია. ეს თავისთავად გაზრდის მშობლის ჩართულობას და ინფორმირებულობას.
სკოლებში, სადაც მანდატურის სამსახურია შესული, მოსწავლეთა მშობლებს საკუთარი შვილის დარღვევების შესახებაც (თუ ასეთი მოხდება) მიუვათ შეტყობინება, ამიტომ სკოლას აღარ მოუწევს დაელოდოს მშობლებს, სამსახურის დასრულების შემდეგ, შვილის შესახებ რომ მიაწოდონ გარკვეული ინფორმაცია. ჩემი აზრით (და არა მხოლოდ ჩემი აზრით), ეს აპლიკაცია ბევრად გაუიოლებს ურთიერთობებს როგორც მასწავლებელს, ისე მშობელს. როდესაც ჩვენი მომხმარებელი გამოვკითხეთ, პლატფორმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად სწორედ ეს დასახელდა. გარდა ამისა, თავისთავად, მასწავლებლებს გაუადვილდებათ მოსწავლის აღიცხვაც და შეფასებაც.
საერთაშორისო გამოცდილების რომელი ანალოგია ონლაინ სკოლა
ეს სრულად ქართული პროდუქტია, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ავიღებდით და ვერ გამოვიყენებდით ვერც ერთ საერთაშორისო პლატფორმას. აუცილებლად ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უნდა შეგვედგინა პლატფორმა, შესაბამისად, ალგორითმები, ნიშნის დათვლა განმსაზღვრელი შეფასებისას და ა.შ. ყველაფერი მორგებული უნდა ყოფილიყო ქართულ რეალობას და, რასაკვირველია, ეს ასეც არის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არსებული კრიტიკული ინფორმაცია, მოსწავლეებისა და მათი მშობლების შესახებ, ინახება საქართველოში და მასზე წვდომა ვერც ერთ სხვა, არაქართულ ორგანიზაციას ვერ ექნება.
მოამზადა ლალი ჯელაძემ