17 მაისი, პარასკევი, 2024

მცდარია თუ ჭეშმარიტი

spot_img
ნინო კვიტაშვილი
სსიპ იუნკერთა სახელობის თბილისის 52-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

 

 

 

 

დაწყებითი კლასის მოსწავლეები სკოლაში იმ ასაკობრივ კატეგორიას წარმოადგენენ, რომლებიც მარტივად იღლებიან და ჰბეზრდებათ ერთფეროვნება, განსაკუთრებით კი ეს სწავლა-სწავლების მეთოდს ეხება.

– საინტერესოა, რა სურთ მათ?

– რა თქმა უნდა, პასუხია გართობა, ხალისი და თამაში. დაწყებით კლასებში ანონიმურად გამოკითხული 83 მოსწავლის პასუხმა, კიდევ ერთხელ, დამარწმუნა, რომ მოსწავლეებს სჭირდებათ თანამედროვე, მრავალფეროვანი, სახალისო გაკვეთილები, შესაბამისი რესურსებით, მასწავლებლის ამაღლებული განწყობითა და მიზნის საჭიროებისამებრ შერჩეული ინსტრუმენტებით. მიუხედავად სურვილისა, იციან, რომ საგაკვეთილო პროცესზე ხალისი არ შეიძლება.

– რატომაც არა?

გართობით, ხალისითა და თამაშით სწავლება ასაკობრივ თავისებურებებს ითვალისწინებს, ახლავს მაღალი ჩართულობა და მოტივაცია. ამას ზრდასრულებიც ვადასტურებთ, როდესაც საკუთარი ბავშვობიდან მსგავსი აქტივობებით ნასწავლ საკითხებს ვიხსენებთ.

„მცდარია თუ ჭეშმარიტი?“ – დაწყებით კლასებში, ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე როდესაც ამ რუბრიკის დრო მოდის, მოსწავლეების სახეებზე სიხარული, მოლოდინი და სწავლებით გართობა იკითხება. ამ რუბრიკის ქვეშ იმალება შეკითხვები, რომლებიც უკავშირდება ამა თუ იმ ტოპონიმს, ფაქტს, პროცესს, მოვლენას ან პრობლემური საკითხის გადაჭრის გზას. ,,გამოსაძახებელი ჩხირებით“ შერჩეული მოსწავლე ირგებს მასწავლებლის როლს და დებულებას უზიარებს მეორე მოსწავლეს, რომელსაც ევალება გამოიცნოს მცდარია თუ ჭეშმარიტი მოცემული მოსაზრება. მოპასუხეს „გადაეცემა მასწავლებლის როლი“ და შემდეგ თავად მოუწევს მომდევნო თანაკლასელისთვის დებულების მოფიქრება, ასე გაგრძელდება, ვიდრე ყველა მოსწავლე არ მოირგებს ჯერ მოსწავლისა და შემდეგ მასწავლებლის როლს.

დებულების მოფიქრება და დებულებაზე პასუხი უზრუნველყოფს მოსწავლეთა შესახებ ინფორმაციას, თუ როგორ აქვთ გააზრებული ესა თუ ის საკითხი.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ პატარებს „მასწავლებლის როლის მორგება“, „მასწავლებლობანას“ თამაში ძალიან მოსწონთ და ბუნებრივია, რომ ამ აქტივობის დროს გაკვეთილზე ხალისია, მოსწავლეები სრულად არიან ჩართული, დიდი ინტერესით ისმენენ ერთმანეთის მიერ მოფიქრებულ დებულებებსა და პასუხებს. თუკი საკითხი პრობლემის გადაჭრის გზებზეა, ისინი მართავენ დისკუსიას და არგუმენტირებულად იცავენ საკუთარ მოსაზრებებს.

ბუნებრივია, რომ ყველა მოსწავლის პასუხი, რუბრიკაში ,,მცდარია თუ ჭეშმარიტი?“, ჭეშმარიტი ვერ იქნება და მცდარი პასუხებიც შეგვხვდება. სწორედ ესაა მასწავლებლის მიზანიც, ეს აქტივობა გამოიყენოს ერთგვარ სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტად, დაადგინოს უფრო დეტალურად, კვლავ განსახილველი თემები, რომლებიც ამ აქტივობამ გამოავლინა, თემის შესაბამისად მოსწავლეთა საჭიროებები და ყოველივე ამის მიხედვით, ეფექტურად დაგეგმოს მომდევნო გაკვეთილები.

მასწავლებელი, აქტივობის დროს, ავსებს წინასწარ მომზადებულ კითხვარს თითოეულ მოსწავლეზე, მაგალითად, რა სირთულის იყო დებულება? როგორ გამოავლინა მოსწავლემ ცოდნა მოცემულ საკითხზე? როგორ უსმენდა თანაკლასელებს? თავისუფლად შეუძლია მოსმენილის და წაკითხულის გააზრება? მკაფიოდ აფიქსირებს საკუთარ აზრს და შეუძლია მისი დაცვა? ხალისობს თუ დაძაბულია ამ აქტივობის დროს? და ა.შ.

კითხვარის ანალიზი მასწავლებელს ეხმარება, მოსწავლეების ცოდნასთან, მაღალ სააზროვნო უნარებთან ერთად, სასწავლო პროცესის მიმდინარეობაც შეაფასოს, აქტივობის რეფლექსიით გამოკვეთოს დადებითი და გასაუმჯობესებელი მხარეები. ცოდნის შეძენასა და გაღრმავებასთან ერთად, მასწავლებლის მიზანია დააკვირდეს მოსწავლეთა ურთიერთობებს და საკლასო ატმოსფეროს აქტივობის დროს.

პასუხი შეკითხვაზე – „შეიძლება თუ არა, გაკვეთილზე ხალისი და გართობა?“

– დიახ, დაწყებით კლასებში, გაკვეთილისთვის სწორად შერჩეული აქტივობებით – გართობით, ხალისითა და თამაშით მოსწავლეს საკითხი უფრო მკაფიოდ ამახსოვრდება და კარგად იაზრებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი – განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება (სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის), სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2018.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები