„მოგეხსენებათ, რა ძნელია პოემის წერა;
არა ერთი და ორი გახდა ამ საქმის წერა.
ეს, არცთუ ისე იოლი საქმე, –
როგორ დავიწყო,
სით მივუდგე,
მირჩიეთ *
რა ვქნა!“
დასაწყისი ყველა ნაწარმოებისთვის უმნიშვნელოვანესია. დიდწილად მასზეა დამოკიდებული, როგორ განეწყობა მკითხველი და წაიკითხავს თუ არა ნაშრომს ბოლომდე. ასევე, ეფექტური დაწყება ნაშრომის წარმატებით დასრულების ერთ-ერთი საწინდარია. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია თუ მხატვრულ ნაწარმოებზე ვსაუბრობთ. აქ ხომ, შინაარსთან ერთად, მხატვრულ სახეებსაც ენიჭება უდიდესი ყურადღება. მაგალითად შეგვიძლია მოვიხმოთ ქართული ხალხური ზღაპრების დასაწყისისა და დასასრულის ფორმულები. ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია, აუცილებლად ემახსოვრება: „იყო და არა იყო“ რა ან „ჭირი იქა, ლხინი აქა…“
დასაწყისის ეს შაბლონური ფრაზა ერთგვარი შემზადებაა სრულიად სხვა, ჯადოსნურ სამყაროში გადასასვლელად, ხოლო დასასრული კი გვეხმარება, დავუბრუნდეთ ჩვეულ რეალობას.
მიუხედავად იმისა, რომ ჰაგიოგრაფია ემიჯნებოდა მხატვრულ გამონაგონს, იგი მაინც არ იყო აბსოლუტურად დაცლილი მხატვრულობისგან. ამას ადასტურებს თუნდაც ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებთა დასაწყისები. ამ სტატიაში მე სამ მათგანს მიმოვიხილავ და შევეცდები, მათ მაგალითზე გაჩვენოთ, როგორი ძვირფასი იყო თითოეული ავტორისთვის „სიტყვა კაზმული“.
პირველი ნაწარმოები, რომელსაც ამ კუთხით განვიხილავ, არის იოანე საბანისძის „წამებაი ჰაბოისი“. იგი ასე იწყება: „მე, სამოელ, ქრისტეის მიერ კათალიკოზი, უფალსა იოვანე საბანის-ძესა, სულიერად შვილსა წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა და საყვარელსა ჩვენსა, ლოცვით უფლისა მიერ მოგიკითხავ; მშვიდობა იყავნ შენ ზედა და ყოველთა სახლისა შენისა კრებულთა ქრისტეის მიერ!“ („ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები“, გვ.57).
როგორც ხედავთ, ნაწარმოები იოანე საბანისძისა და სამოელ ქართლის კათალიკოსის მიმოწერით იწყება. ავტორი პირველივე წინადადებიდან ცდილობს წარმოგვიჩინოს ამ ნაშრომის მნიშვნელობა და განგვაწყოს ამბის ყურადღებით წასაკითხად თუ მოსასმენად. იგი ქვეტექსტუალურად მიგვანიშნებს, რომ აღნიშნული ნაწარმოების დაწერა მისი თვითნებური გადაწყვეტილება ყოფილა და ეპოქისა და მრევლის საჭიროებებით იყო განპირობებული.
შემდეგი ნაწარმოები, რომლის განხილვაც მსურს, არის გიორგი მერჩულის „შრომა და მოღვაწეობა ღირსად ცხოვრებისა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა გრიგოლისი“: „მოცემულ არს სიბრძნე ღირსი კეთილისა მიზეზისა ქრისტეს მიერ, ღმრთისა ყოველთაისა, ბუნებასა ჭეშმარიტთა ბრძენთასა, ვინაიცა ითხოვდე ბრძენთაგან სრულთა კრძალულებით სიბრძნის მეტყველებასა და სულთაგან [ხ…]ლ-ის მეცნიერთა დუმილით ბრძენთა სმენ[ასა]. აწ სულელნი სიბრძნის-მეტყველებენ, ხოლო თვის[სა] და ბრძენთა […]ნეს დუმ[ილი]. მ-[თ] ვერ გულისხმა ყვეს, ვითარმედ: „ბრძნად მეტყველება ვეცხლი არს წმიდა, ხოლო დუმილი * ოქრო რჩეული“, ვითარცა თქვა სოლომონ“ („ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები“, გვ.125).
სოლომონ ბრძენის ციტატის მოშველიებით, გიორგი მერჩულე ოსტატურად გვიხატავს კონტრასტს დუმილსა და ბრძნულ მეტყველებას შორის და ამბობს, რომ სიამოვნებით აირჩევდა პირველს, აუცილებელი საჭიროება რომ არა ღირსი მოწამის ღვაწლის აღწერისა.
ბოლო ნაწარმოები, რომლის შესახებაც ამ სტატიაში ვისაუბრებთ, არის ?იბრძნე ბალაჰვარისი. იგი ასე იწყება: „მივიწიე ოდესმე იოპედ და მუნ ვპოვე წიგნი ესე ჰინდოთა საწიგნესა, რომელსა შინა სწერიან საქმენი ამის სოფლისანი, ფრიად სარგებელნი სული[სანი]“ („ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები“, გვ.397).
როგორც ვიცით, ეს თხზულება ინდური წარმოშობისაა. იგი უნდა იყოს გადმოკეთებული არაბული ენიდან. ავტორიც დასაწყისშივე გვაფრთხილებს, რომ თხზულება ორიგინალური არ არის. იმასაც გვეუბნება, რომ წიგნში ამ სოფლის საქმეებზე გვიყვება, თუმცა გვეუბნება, რომ აქ აღწერილი საქმეები სულისთვის სასარგებლოა. ვფიქრობთ, ყველაზე მეტად ეს დასაწყისი ჰგავს ქართული ხალხური ზღაპრის დასაწყისს. ავტორს ერთგვარი ინტრიგა შემოაქვს დასაწყისში, შემდეგ კი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა გველოდება შემდგომში.
როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, დასაწყისი, როგორც მხატვრული სამკაული, ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლებისთვისაა დამახასიათებელი. იგი, მიუხედავად იმისა, რომ მას სხვა მიზანდასახულება აქვს, ბოლომდე არ და ვერ ამბობს უარს მხატვრულობაზე. ქართული შემოქმედებითი სულიდან გამომდინარე ეს გასაკვირიც არაა.
ლალი კუკავა
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი