25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ისევ „მზეები“, ანუ შელამაზებული რეალობა

spot_img

ნინო ომანაძე

მშობელი, მასწავლებელი

 

 

„ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ – ესაა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ და ჩვენც, დედები, წლებია ვცდილობთ, შევცვალოთ შეზღუდული შესაძლებლობის აღქმის მოძველებული მოდელი, შეხედულება, რის მიხედვითაც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ქველმოქმედებისა და მოწყალების, თანაგრძნობისა და შეცოდების ობიექტებად მოიაზრებენ.

ცოდვა გამხელილი ჯობიაო და გავამხელ, წლების წინ, სტრესის ფაზაში მყოფი, მეც ვთვლიდი, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი „მზის შვილია“. ეს დისკრიმინაციული ტერმინი ძალიან მოსწონდათ ადამიანებს და მეგონა, ალამაზებდა კიდეც ჩემი შვილის განსხვავებულ მდგომარეობას. წლებმა მოიტანა მეტი ცოდნა, გამოცდილება, შემახვედრა ადამიანებს, რომლებმაც შეცვალეს ჩემი აზროვნება და შეხედულებები შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ. დღეს ვიცი, რომ შეზღუდულობა ხშირად გარემოშია და არა ინდივიდში, თუკი გარემო პირობები პიროვნების საჭიროებაზე იქნება მორგებული, მაშინ ცხოვრება გაცილებით იოლი გახდება ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის.

რა შეიცვალა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ამ ერთი წლის განმავლობაში? არც არაფერი, ადრეული განვითარების პროგრამები ისევ 7 წლამდე ბავშვებისთვისაა ხელმისაწვდომი, 7 წლის შემდგომ კი, მხოლოდ დღის ცენტრების და ერთეული სარეაბილიტაციო პროგრამის და საქვეყნოდ აღიარებული ინკლუზიური განათლების იმედზე ვართ. ინკლუზიური განათლება ვიღაცის კეთილი ნება კი არა, ვალდებულებაა, რომელიც ზოგადი განათლების განვითარების პროცესის განუყოფელ ნაწილადაა მიჩნეული მსოფლიოს განვითარებული სახელმწიფოების მიერ და ამ ვალდებულებას, წლების წინ, საქართველოც მიუერთდა.

მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ღიად და მკაფიოდ გაცხადებული ხედვისა, რომ სკოლის კარი ნებისმიერი ბავშვისთვის ღიაა და ყველა მოსწავლის საჭიროებაზეა მორგებული, დღემდე პრობლემად რჩება არაადაპტირებული სასკოლო გარემო, მწირი რესურსი, განსხვავებულის მიმღებლობის შიში, საგნის მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაცია, შაბლონად ქცეული, გადაკოპირებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმები, უნივერსალურ სასწავლო დიზაინზე კი ჯერ მხოლოდ ტრენინგებიდან ვიცით/იციან მასწავლებლებმა.

ინკლუზიური სწავლების დანერგვას და პროცესის წარმატებას ის განსაზღვრავს, თუ რამდენად აქტიურად ჩაერთვება მასში სკოლა, მშობელი, ბავშვი, სახელმწიფო, მთელი საზოგადოება; რამდენად ერთსულოვანი იქნება ჩვენი სურვილი, ჩავრთოთ ყველა ბავშვი თანაბარი განვითარებისა და მონაწილეობის პროცესში. ბავშვის სკოლაში შეუფერხებელი ჩართვა განათლების ხელმისაწვდომობის ერთადერთი ინდიკატორი არ არის. ხელმისაწვდომობა გულისხმობს როგორც სკოლის ფიზიკურ გარემოში ბარიერების მინიმუმამდე შემცირებას, ისე სასწავლო რესურსების, სასწავლო სტრატეგიების, მეთოდების, აქტივობების ყველასთვის ხელმისაწვდომობას.

სკოლა მხოლოდ მასწავლებელი არ არის, ისაა მოსწავლე, რომელიც ხედავს მის გვერდით განსხვავებულ თანატოლს, ამჩნევს მის „უცნაურ“, განსხვავებულ ქცევას, უჩნდება უამრავი შეკითხვა და მნიშვნელოვანია ამ შეკითხვებზე პასუხი კომპეტენტური ადამიანისაგან მიიღოს, შესაბამისად, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ცოდნა სხვადასხვა მდგომარეობისა და საჭიროების შესახებ. მასწავლებელმა უნდა იმუშაოს როგორც მოსწავლეთა აკადემიური უნარების გაუმჯობესებაზე, ასევე მოსწავლეთა შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარებაზე.

საზოგადოებასა და სასწავლო დაწესებულებებში ხშირად ვხვდებით მცდარ დამოკიდებულებებსა და შეხედულებებს, სტიგმებსა და უარყოფით წინასწარ განწყობებს ინკლუზიურ განათლებასა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლების პროცესთან დაკავშირებით. ამის მიზეზს მრავალი ფაქტორი აქვს, მათ შორის ინფორმაციის ნაკლებობა.

მგონია, რომ ცნობიერების ამაღლებაზე ჯერაც ბევრია სამუშაო და ამ საქმეში ჩვენი მოკავშირე უნდა იყოს სახელმწიფო. ასეთი თანამშრომლობა აუცილებლად შექმნის ინკლუზიური განათლების შესახებ სწორ ხედვას, ჩამოაყალიბებს ტოლერანტულობასა და ემპათიას. ტოლერანტული, განსხვავებულის პატივისცემით განმსჭვალული მომავალი თაობა აუცილებლად შექმნის ღია, თავისუფალ, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ საზოგადოებას, სადაც ყველა ადამიანის პიროვნული ღირსება იქნება მთავარი და განსხვავებულობა ნორმად აღიქმება და არა გადახრად, სირცხვილად, სასჯელად და ა.შ.

სამწუხაროდ, 21 მარტი ისევ „მზეების“ დღეა. საზოგადოება ვერ შეეგუა შეულამაზებელ რეალობას, რომ მათ გვერდით ცხოვრობენ განსხვავებული ადამიანები იმავე უფლებებით, როგორც ისინი და მათი შვილები. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ მათგანს, ვინც ჩემს შვილს „მზეს“ ეძახის, არც აინტერესებს რას გრძნობს, განიცდის, რა საჭიროების და გამოწვევის წინაშეა დაუნის სინდრომის მქონე მოზარდი და მისი მშობელი. უმეტესობა, საკუთარი კეთილშობილების ხაზგასასმელად წამოიცვამს ხელზე წინდას და გადაიღებს „მზიან“ სურათებს. ჩვენ კი… ჩვენ მეცამეტედ შევხვდით 21 მარტს იმავე პრობლემებით და მაინც მომავლის იმედით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები