2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

მოზარდები და რისკის შემცველი ქცევა

spot_img

როგორ დავუჭიროთ მხარი თინეიჯერებს და ამავდროულად დავიცვათ ისინი საფრთხისგან

ახალი გამოცდილებებისადმი მოზარდების ინტერესი ბუნებრივია და ეს მათ ზრდას უწყობს ხელს. საზღვრების გადალახვით მოზარდები იძენენ დამოუკიდებლობას და უფრო თვითმყოფადები ხდებიან. მაგრამ ზოგჯერ თინეიჯერები ისეთ რისკებზეც მიდიან, რაც მათ ან მათ გარშემომყოფებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

მათი ასეთი ქცევა მშობლებს ძალიან გვანერვიულებს, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მოზარდების სწრაფვა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ მათი ჯანსაღი განვითარების ნიშანია.

ჩვენ ვესაუბრეთ მოზარდთა ფსიქოლოგს, დოქტორ ლიზა დამურს, იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მშობლებს ამ პერიოდის ისე გავლა, რომ ერთი მხრივ, შვილებს მისცენ შესაძლებლობა გაიზარდონ და მიიღონ ახალ გამოცდილებები, და ამავდროულად, დაიცვან მათი უსაფრთხოება.

მოზარდებში ჯერ მძაფრი ემოციებისკენ ლტოლვა ჩნდება, პირველადი იმპულსების მოთოკვის უნარი კი მოგვიანებით ვითარდება. თინეიჯერებში სარისკო ქცევის ზრდა შეიძლება ნაწილობრივ აიხსნას იმით, რომ ნევროლოგიის ენაზე რომ ვთქვათ, მოზარდებს აქვთ გაზის პედალი, მაგრამ არ აქვთ მუხრუჭი“.

დოქტორი ლიზა დამური

რატომ იზიდავთ მოზარდებს რისკის შემცველი ქცევა?

მოზარდები მიისწრაფვიან ახალი და საინტერესო გამოცდილებებისკენ. ეს ნაწილობრივ აიხსნება ნევროლოგით – მათი ტვინი ძალიან მგრძნობიარეა იმ სასიამოვნო მღელვარების მიმართ, რომელიც ახალ გამოცდილებებს ახლავს და ამიტომაც თინეიჯერებში ამ მღელვარების ძიება უფრო ხშირია, ვიდრე ბავშვებში და ზრდასრულებში.

თინეიჯერების სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ იმასაც ნიშნავს, რომ ისინი არღვევენ უფროსების მიერ დაწესებულ საზღვრებს, რაც შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს მშობლებისთვის. თუმცა, ეს მოზარდის ჯანსაღი განვითარების ნიშანია.

რისკზე წასვლა და საფრთხის შემცველი ქცევა უფრო ხშირია იმ მოზარდებში, რომლებსაც ემოციური სირთულეების გადალახვა უწევთ. მათ შეიძლება უჭირდეთ რთულ გრძნობებთან ან შფოთვასთან გამკლავება. ის მოზარდები, რომლებიც მძიმე სტრესის ქვეშ არიან ან თავს იზოლირებულად გრძნობენ, ყველაზე ხშირად ჩადიან სარისკო ქმედებებს.

როგორც აღზრდის ყველა ეტაპზე, თინეიჯერებიც დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რა ქცევის მოდელს ქმნიან მათ გარშემო მყოფი უფროსები. კვლევები აჩვენებს, რომ მშობლებს, რომლებიც ბოროტად მოიხმარენ ალკოჰოლს ან არ ავლენენ სირთულეების დაძლევის ჯანსაღ სტრატეგიებს, უფრო ხშირად ჰყავთ მოზარდი შვილები სარისკო ქცევით, ბავშვები, რომელთაც უჭირთ საკუთარ თავზე ზრუნვა.

როგორ ფიქრობენ მოზარდები საფრთხეებზე?

მოზარდების დამოკიდებულება საფრთხის მიმართ კონტექსტის მიხედვით იცვლება. უფროსებთან ერთად ან ემოციურად გაწონასწორებულ სიტუაციებში მოზარდები საკმაოდ ფრთხილები არიან. მაგრამ როცა მეგობრებთან ერთად აღმოჩნდებიან სოციალურად ან ემოციურად რთულ სიტუაციაში, ნაკლებად იყენებენ ცივ გონებას და დიდი შანსია, იმპულსურად იმოქმედონ.

რისკების ტიპი, რომელზეც მოზარდი მიდის, მეტწილად ნაკარნახევია საზოგადოებრივი ნორმებით, სადაც ის ცხოვრობს, ასევე იმით, თუ რამდენად ახლო ზედამხედველობის ქვეშ არის ის მშობლების მხრიდან და რამდენად ადვილად მიუწვდება ხელი საფრთხის შემცველ ქმედებებზე.

ბიჭები, როგორც წესი, უფრო ხშირად მიდიან სარისკო ქცევაზე, ვიდრე გოგონები. მაგრამ მოზარდების საფრთხის შემცველი ქცევა ბევრად უფრო მეტად არის დამოკიდებული მათ გარშემო არსებულ კონტექსტზე, ვიდრე ინდივიდუალურ ფაქტორებზე, როგორიცაა სქესი ან ასაკი.

როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ მოზარდებს საფრთხეებისგან თავის დაცვაში?

პირველი, რისი გაკეთებაც მშობლებსა და აღმზრდელებს შეუძლიათ მოზარდების უსაფრთხოებისთვის, არის გონივრული ზედამხედველობის დაწესება, რადგან ვიცით, რომ ეს ამცირებს მოზარდებში საშიშ რისკებზე წასვლის ალბათობას.

მეორე, რაც მშობლებმა უნდა გააკეთონ, არის შესთავაზონ მოზარდს საკუთარი თავი, როგორც მოკავშირე საფრთხეებისგან დაცვაში. ჩვენს თინეიჯერ შვილთან შეთანხმებით უსაფრთხოება პრიორიტეტად უნდა დავაწესოთ  – განვიხილოთ გონივრული არჩევანის მნიშვნელობა განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, როცა ჩვენ მათ გვერდით არ ვართ ხოლმე, დავარწმუნოთ, რომ ჩვენი დახმარების იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეს.

მშობლებმა მაღალი მოლოდინები უნდა დააწესონ  მოზარდის ქცევის მიმართ და ეს მოლოდინები უსაფრთხოებას უნდა ეფუძნებოდეს. როგორც წესი, ყველაზე ეფექტიანია თინეიჯერებთან საუბარი მათ უსაფრთხოებაზე და არა წესების, მორალისა თუ კანონების დაცვაზე, რაც მოზარდებს ხშირად არალოგიკურად და თავსმოხვეულად მიაჩნიათ.

ასევე მნიშვნელოვანია, ნათლად განვუმარტოთ მოზარდს, რომ ხანდახან შესაძლოა ის სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდეს და უფროსის დახმარება დასჭირდეს. მშობლებს შეუძლიათ მას უთხრან: „ჩვენ შენგან მოველით, რომ სწორ არჩევანს გააკეთებ და თავს მიხედავ, მაგრამ თუ მაინც აღმოჩნდები სიტუაციაში, სადაც შენ ან შენს მეგობარს საფრთხე ემუქრება, გვინდა რომ მაშინვე მოგვმართო დასახმარებლად. გპირდებით, რომ არასოდეს ინანებ, რომ დახმარება გვთხოვე.”

ჩვენ ვიცით, რომ თინეიჯერები საუკეთესო არჩევანს არ აკეთებენ ხოლმე, როდესაც ისინი მეგობრებთან ერთად არიან. შესაბამისად, კარგია თუ მათთან ერთად წინასწარ დაგეგმავთ, როგორ მოიქცევიან, თუ რისკის წინაშე აღმოჩნდებიან. მაგალითად: „მიხარია, რომ ვთანხმდებით, რომ მეგობრებთან ერთად გარეთ ყოფნისას ალკოჰოლის დალევა უსაფრთხო არ არის და არ აპირებ ამის გაკეთებას. მოდი, მოვიფიქროთ, რას იზამ, თუ შენი მეგობრები მაინც გადაწყვეტენ დალევას. რას იტყვი, ან რას გააკეთებ იმისთვის, რომ შენს გეგმას არ გადაუხვიო”.

წინასწარი დაგეგმვა არ იძლევა გარანტიას, რომ მოზარდი უსაფრთხო არჩევანს გააკეთებს, როცა მეგობრებთან ერთად იქნება, მაგრამ სიტუაციის წინასწარ განჭვრეტა ძალიან ეხმარება, რადგან სარისკო სიტუაციაში ჩავარდისას მას არ მოუწევს პრობლემის სპონტანურად, ნაჩქარევად გადაჭრა.

მიეცით მოზარდს უფლება, რომ კარგი საქციელი თქვენ დაგაბრალოთ. არც ერთ თინეიჯერს სურს უხერხულად იგრძნოს თავი მეგობრების წინაშე და ზოგჯერ ამის თავიდან აცილების კარგი ხერხია იმის თქმა, რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა სარისკო საქციელში, მაგრამ ვერ იზამს, რადგან მშობლებთან პრობლემები შეექმნება.

როდის უნდა ინერვიულონ მშობლებმა მოზარდის რისკის შემცველ ქცევაზე?

რისკის შემცველი ქმედება სანერვიულოა, თუ მას შესაძლოა გრძელვადიანი შედეგები მოჰყვეს. ასეთია მაგალითად ნარკოტიკების, ალკოჰოლის, ნიკოტინის მოხმარება, დაუცველი სექსი ან საფრთხის შემცველი ექსპერიმენტები.

დროა ინერვიულოთ, თუ თქვენი მოზარდის ქცევა ზიანს აყენებს მას, ან სხვებს. ასევე შემაშფოთებელია, თუ მოზარდი არ სწავლობს საკუთარ შეცდომებზე. მაგალითად, ზოგიერთი თინეიჯერი წვეულებაზე ძალიან თვრება და მხოლოდ იღბლის დამსახურებით გამოდის სიტუაციიდან უვნებელი. შეშფოთების დროა, თუ იგივე მოზარდი კვლავ აგრძელებს ალკოჰოლის უკონტროლო მოხმარებას.

რა გავაკეთო, თუ ვფიქრობ, რომ ჩემი მოზარდი შვილი საფრთხეში იგდებს თავს?

მშობლებმა და აღმზრდელებმა, რომლებიც ღელავენ თავიანთი მოზარდების სარისკო ქცევის გამო, პირველ რიგში მოზარდს უნდა გაუზიარონ თავიანთი შეშფოთება. შეგიძლიათ უთხრათ: „შენი უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ თავად არ შეგიძლია რისკებისგან თავის დაცვა, მაშინ შენი დაცვა ჩემი მოვალეობა ხდება, რაც შეიძლება შენთვის ნაკლებ თავისუფლებას ნიშნავდეს“.

შემდეგ გაესაუბრეთ მოზარდს თავისი გეგმების შესახებ, თუ როგორ აპირებს ის საფრთხეების თავიდან აცილებას, რამ შეუშალა წარსულში ამაში ხელი და ერთად შეაფასეთ, რამდენად გაიზარდოს თქვენი ზედამხედველობა მის საქციელზე, თუნდაც დროებით.

სარისკო ქცევის ნებისმიერი შედეგი უნდა განვიხილოთ უსაფრთხოების კონტექსტში. მიზანი, საბოლოო ჯამში, ის არის, რომ ახალგაზრდამ შეძლოს დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საკუთარი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება.

მოზარდებთან რისკების შესახებ საუბრისას, არ ავყვეთ არასასურველ ქცევაში გამოჭერის შემთხვევაში სასჯელით დამუქრების იმპულსს. ასეთი მუქარით ჩვენ ვქმნით სიტუაციას, როცა თინეიჯერი ფოკუსირდება იმაზე, რას დამალავს წარმატებით, და არა იმაზე, თუ როგორ აიცილებს საფრთხეებს.

როგორც ალტერნატივა, უფროსებს შეუძლიათ მოზარდს უთხრან: “მნიშვნელოვანი ის კი არ არის, გამოგიჭერ თუ არა – დიდი ალბათობით, თუ რამეს დამალავ, ვერ გავიგებ – მთავარი საკითხია, რაიმე არ დაგიშავდეს. შენ უნდა იზრუნო შენს თავზე და ამას თუ კარგად ვერ გააკეთებ, მომიწევს, რომ ჩავერიო და დაგეხმარო ამის გაკეთებაში.”

როდის უნდა მიმართონ მშობლებმა დასახმარებლად პროფესიონალს?

დროა მიმართოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალს, თუ მოზარდი რეგულარულად მიმართავს შემაშფოთებელ ან სახიფათო ქცევას – როგორიცაა მაღალი რისკის შემცველი ნივთიერებების მოხმარება, თვითდაზიანება ან ძალადობა სხვების მიმართ – და თუ ძალისხმევა, რომელსაც მიმართავთ მის დასახმარებლად, არ მუშაობს.

მოზარდი დიდად მოხარული არ იქნება უფროსების ზედამხედველობის გაზრდით ან თავისუფლების შეზღუდვით.  ასეთ დროს შეგიძლიათ უთხრათ: „ჩვენც გვინდა, რომ შენ მეტად თავისუფალი იყო. როგორც კი გვეცოდინება, რომ შეგიძლია საკუთარ თავზე ზრუნვა, ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით დამოუკიდებლობის მოპოვებაში“.

⇑⇓ დოქტორი ლიზა დამური არის ფსიქოლოგი, წიგნების ავტორი, New York Times-ის მწერალი და ორი შვილის დედა.

UNICEF.ORG

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები