ლევან მრელაშვილი
ქალაქ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი
⇑⇓ რესურსცენტრის როლი ზოგადი განათლების რეფორმაში
ზოგადი განათლების რეფორმის ძირითადი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება, უსაფრთხო და შედეგზე ორიენტირებული გარემოს შექმნა სკოლებში. რესურსცენტრი, როგორც განათლების რეფორმის ერთ-ერთი განმახორციელებელი რგოლი, აქტიურადაა ჩართული მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში, აქვს მხარდამჭერი როლი და თითოეული სკოლის წარმატებას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ყველა სკოლას უზიარებს. სწორედ რესურსცენტრის ფუნქციაა რეფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეების დანახვა, გამოკვეთა და ანალიზი. რესურსცენტრია შუამავალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სკოლებს შორის, ის უწყობს ხელს სიახლეების დანერგვასა და რეფორმების გატარებას.
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, ყველა რგოლს თავისი ფუნქცია და შესაძლებლობა აქვს, გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს და თავისი წვლილი შეიტანოს რეფორმის წარმატებულად განხორციელებაში.
⇑⇓ რესურსცენტრის სკოლებთან მუშაობის მიმართულებები
რესურსცენტრის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. მისი ძირითადი საქმიანობა მიმართულია სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისკენ — უსაფრთხო და წამახალისებელი გარემოს ჩამოყალიბება, სკოლების მხარდაჭერა, სკოლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული სასკოლო კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მხარდაჭერა და სხვა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სკოლების განვითარების ხელშეწყობაა, მათ შორის გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერის გზით. იგი ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს სასკოლო საზოგადოების თითოეულ რგოლს ურთიერთთანამშრომლობაში.
რესურსცენტრი ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ზედამხედველობას. საჭიროების შემთხვევაში, კონტროლს უწევს სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტებისა და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებას, ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის ინკლუზიური სწავლების მეთოდების დანერგვას.
⇑⇓ მუშაობის პროცესში ხელის შემშლელი ფაქტორები
ხელის შემშლელი ფაქტორები, ხშირად, ტექნიკური ხასიათისაა — მოძველებული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი და სხვა.
ყველაზე მეტად სკოლებს აწუხებთ ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელთა მოგვარება დაწყებულია და ეტაპობრივად აღმოიფხვრება. დაგეგმილია რამდენიმე სკოლის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლების ზოგად მდგომარეობას.
⇑⇓ რის გაუმჯობესებას ისურვებდით
ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია საგანმანათლებლო რესურსცენტრების ფუნქციური განვითარება და სკოლის მხარდამჭერი როლის გაძლიერება. განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის საგანმანათლებლო რესურსცენტრების გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღსანიშნავია, ამ მიმართულებით, ცოდნისა და უნარების განვითარება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სკოლაში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და სასწავლო შედეგების გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო რესურსცენტრების შესაძლებლობების გაძლიერება.
⇑⇓ რესურსცენტრის როლი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით
პროფესიული განვითარება მუდმივად წარმოებს, მოიცავს ტრენინგს, პრაქტიკასა და უკუკავშირს. მას საკმარისი დრო ეთმობა და ითვალისწინებს, ასევე, ტრენინგის შემდგომი პრაქტიკის მხარდაჭერას. პროფესიული განვითარება შეიძლება წარმატებული იყოს მხოლოდ ისეთ გარემოში, სადაც მას სათანადო მხარდაჭერა აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ადგილობრივი რგოლიდან, ვინაიდან ნებისმიერი პროფესიული განვითარების შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ ინიციატივას ადმინისტრაცია. ამდენად, რესურსცენტრი უდიდეს როლს თამაშობს წარმატებული პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებაში.
⇑⇓ ძირითადად, რა საჭიროებები იკვეთება სკოლების მხრიდან
სკოლებს ყოველდღიურ მუშაობაში ექმნებათ სხვადასხვა სახის პრობლემები, რომლებიც უარყოფითად აისახება მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე. რესურსცენტრი, სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები ბევრს მუშაობენ ამ გამოწვევების დასაძლევად. ეს შეიძლება იყოს მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია, მშობლების ნაკლები ჩართულობა, რესურსების ნაკლებობა, მოძველებული ტექნიკა და ლაბორატორიები და სხვა. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სკოლა და რესურსცენტრი ერთობლივად ვცდილობთ პრობლემების გადაჭრას.
⇑⇓ ყველაზე ეფექტურად განხორციელებული აქტივობის ერთი მაგალითი
განვმეორდები და ვიტყვი, რომ რესურსცენტრის ძირითად ფუნქციას, ბევრ სხვასთან ერთად, წარმოადგენს განათლების რეფორმის მხარდაჭერა. ამ მიმართულებით გამოვყოფ ორ აქტივობას. შარშან, 23 ივნისს, ქალაქ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით და ზოგადი განათლების რეფორმის გუნდის მხარდაჭერით, ჩატარდა რაიონული კონფერენცია, სადაც მონაწილეობდა 48 პედაგოგი. ისინი განაწილებული იყვნენ 7 სექციაში, ხოლო 18 მომხსენებელი წარმატებით წარდგა რესპუბლიკურ კონფერენციაზე; სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის საჯარო სკოლამ უმასპინძლა მდგრადი განვითარების ფესტივალს, სადაც კახეთის 16 სკოლის მოსწავლეებმა, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად განხორციელებული აქტივობები წარმოადგინეს.
⇑⇓ რას დაამატებდით რესურსცენტრისთვის დებულებით მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს
მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო რესურსცენტრების ფუნქციური გაძლიერება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის. სასურველია კადრების მატება (საგნობრივი მიმართულებით), არსებული კადრების ცოდნისა და უნარების განვითარება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სკოლაში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და სასწავლო შედეგების გაუმჯობესებას