ლიტერატურა ცხოვრებაა – ნამდვილი, სისხლსავსე ცხოვრება: გმირებით, ანტიგმირებით, მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟებით.
ვეთანხმები მაია მენაბდის აზრს, რომ ლიტერატურაში ყველაზე კარგად არის გამოკვეთილი მეორეხარისხოვანი პერსონაჟის როლი.
ამ სტატიაში ჩემი მიზანია ილია ჭავჭავაძის 3 მოთხრობიდან აღებული 3 მეორეხარისხოვანი პერსონაჟის საშუალებით, ზოგადი სურათის სახით, წარმოვადგინო რა ფუნქცია აქვთ მათ, რა მიზანდასახულებით იყენებს ავტორი და რა მხატვრული საშუალებებით ხატავს მათ.
პირველი პერსონაჟი, რომელსაც ამ კონტექსტში განვიხილავ, სოსია მეწისქვილე იქნება მოთხრობიდან „ოთარაანთ ქვრივი“. იგი მხოლოდ 2 თავში („უკანასკნელი განდობა“ და „ჩატეხილი ხიდი“) გამოჩნდება, მაგრამ უმნიშვნელოვანესი პერსონაჟია ნაწარმოების მთავარი სათქმელის სწორად გასაგებად. პირველ ეპიზოდში ოთარაანთ ქვრივი ვერც კი იხსენებს და თავისებური მწარე სიტყვით თავიდან იშორებს მას. მეორედ გამოჩენისას უფრო წვრილად ვიგებთ იმ ერთადერთი ადამიანის ამბავს, ვისაც „მოუკვდა ოთარაანთ ქვრივი“. „ათი წელიწადია მაგ დედაკაცზედ გული შევარდნილი ჰქონია. ჯერ გასათხოვარი ყოფილა, უთხოვნია და დაუწუნიათ. ის დღეა და ეს დღე, სხვა აღარავინ უნდომნია, გული აღარავისზედ მისვლია. როცა ოთარაანთ ქვრივი დაქვრივდა, მაშინ ერთხელ კიდევ გაუარა თურმე გუნებაში იმისმა შერთვამ, მაგრამ თავის გულში სთქვა:
– მაგას ასეთი ქმარი მოუკვდა, რომ მე ფეხის ჩლიქადაც არ ვეკადრებოდი… ვეღარ შევბედავ, ვეღარა!..
სთქვა და ახლოც თურმე აღარ გაუარა ოთარაანთ ქვრივსა რიდისა და კრძალვისგან“ (ჭავჭავაძე, 450-451).
სწორედ აქ იკვეთება მთავარი აზრი: პრობლემა მარტო კლასობრივი დაპირისპირება კი არაა, ერთი კლასის წარმომადგენელთა შორისაც კი დგას ხიდჩატეხილობის პრობლემა. სოსია მეწისქვილე ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს გიორგის. ისიც უპასუხო სიყვარულს დაატარებს გულით. ეს დიალოგიდანაც ჩანს და ავტორისეული აღწერიდანაც. იქნებ ილიამ სწორედ იმიტომ დაასრულა ასე ტრაგიკულად გიორგის სიცოცხლე, რომ სოსია მეწისქვილის მდგომარეობაში არ გვეხილა ბოლოს. ვინ იცის?
მთლიანი მოთხრობის საზრისია განსხეულებული ლელთ ღუნიაში, ნაწარმოებიდან „მგზავრის წერილები“.
იგი ნაწარმოების ბოლო თავებში (VI, VII, VII) ჩნდება.
მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ ილია სპეციალურ შესავალს უკეთებს შემოყვანამდე. „კარგია გაღვიძებული ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს ქვეყნის უბედურებით გულაღტყინებულსა. ჩემო ლამაზო ქვეყანავ, არიან ამისთანანი შენში? მე მოვნახავ და თუ ვიპოვე, ვეთაყვანები“ (ილია 1985, გვ.179). კითხულობ და ვიღაცის მოლოდინით აგიძგერდება გული. მალე მიხვდები, რომ მოხევე ის ადამიანია, იდეალად რომ დაგისახა ავტორმა. მისი კუთხური მეტყველება კიდევ უფრო კოლორიტულსა და დასამახსოვრებელს ხდის ამ პერსონაჟს. თავიდან ამან შეიძლება ცერად შეგვახედინოს მოხევისთვის, მაგრამ დიალოგში ნათლად გამოჩნდება მისი სახელმწიფოებრივი აზროვნება. ამასთანავე, ერთგვარი ნამდვილობისა და სიახლოვის შეგრძნება გვიჩნდება. თითქოს ვიღაც ძალიან ახლობელი გვესაუბრება, გონებაში ღრმად რომ დაგვლექია.
ტექსტის მთავარი სათქმელიც მისი პირიდან ჟღერდება: „ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ. ადრიდა ერი ერობდის, გული გულობდის, ქალაი ქალაბდის“
სწორედ იგი შობს კომპოზიციურად დასასრულის მთავარ ინტრიგას, ილიასეულ გამოსაფხიზლებელ კითხვას: „მიგიხვდი, ჩემო მოხევევ, რა ნესტრითა ხარ ნაჩხვლეტი. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“ სთქვი შენ და მე გავიგონე. მაგრამ გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდამ გულამდე ჩამირბინა, იქ გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა. როდემდის დამრჩეს ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის?…ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი!..“ (ილია 1985, გვ.185).
ყველაზე ეპიზოდური, მაგრამ დასამახსოვრებელი ჩემ მიერ განხილულ პერსონაჟთაგან გახლავთ ლამაზისეული მოთხრობიდან „კაცია-ადამიანი?!“. ვფიქრობ, ავტორს ეს ჰიპერბოლიზებული სახე ცხოველის დონემდე დაცემული ადამიანისა დასჭირდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაემკვეთრებინა ლუარსაბისა და დარეჯანის ნაკლი. დიახ, მათაც ბევრი არაფერი აკლიათ ამ მდგომარეობამდე! „სასაცილო რამ იყო ეს ლამაზისეული: ერთი რაღაც უშნოდ ჩასუქებული, ჯმუხი, ჭუჭყიანი, ტანზედ ეცვა ხამის ჩითის კაბა, ჭუჭყისგან ვერ გაირჩეოდა-რა ფერისა იყო; კალთები აქა-იქ გამომწვარი ჰქონდა ზამთარში ცეცხლში გდებისგან, ბოლოები სულ მომპალი და შემოფხრეწილი ჰქონდა; დახეულებიდან გამოჩანდა ერთი რაღაც დამპალის საბნის ნაგლეჯი, კაბის ქვეშა გარშემო ჩამოკიდებული, მითომ და იუბკაა. აი, მეხი კი დაგეცა! ამასაც კი სდომებია იუბკა! თავზედ ეკრა შიგა-და-შიგ ამოფლეთილი ჩითმერდინი, ქალბატონის გამონაცვალი. იმ ამოფლეთილებში მუთაქის მატყლსავით დასორსვლილი შავი-უკაცრაოდ არ ვიყო- წილიანი და დაუვარცხნელი თმა მუჭა-მუჭად ამოშვეროდა. ქუსლებდახეთქილი, მუგუზალსავით შავი ფეხები, წენგოსგან შეღებილი ხელები, ცხვირ-პირი ქვაბების მურით მოთხუპნული – აი, ამ-გვარი იყო ის ცხოველი, რომელსაც დარეჯანი „ლამაზისეულს“ ეძახდა და რომელიც გულ-ხელ-დაკრებილი დაჰყურებდა ბალანგაცვივნულ ხალიჩასა“ (ჭავჭავაძე 185, გვ.293). კითხულობ ამ მონაკვეთს და ორი ძალიან მძაფრი, ურთიერთსაპირისპირო განცდა გეუფლება: სიბრალულისა და შვების. თავდაპირველად აღგაშფოთებს ის ფაქტი, რომ ადამიანს ამ დონემდე შეუძლია გადაგვარდეს. მერე კი, გახსენდება, რომ ეს პერსონაჟია და თითქოს მსუბუქდები, კვლავ რეალობას უბრუნდები.
დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ილია ჭავჭავაძის მოთხრობებში დიდი ადგილი უჭირავს ზნეობრივ-დიდაქტიკურ მოტივს. ეს ეპოქის საჭიროებებითაც იყო გამოწვეული. იგი, მთავარ პერსონაჟებთან ერთად, მეორეხარისხოვან პერსონაჟებსაც აქტიურად იყენებს მთავარი სათქმელის მკითხველამდე მისატანად. მათი ხატვისას კი აქტიურად იყენებს დიალოგს, აღწერას, სატირას.
ლალი კუკავა
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი