„1959 წლიდან ამ სასწავლებელში ვარ, რამდენიმე დღეში სასწავლო პროცესი გვეწყება, მაგრამ ჯერაც არ ვიცი, სად დავიწყებთ მას“ – ეს შემაშფოთებელი სიტყვები, 11 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯემალ ძაგანიამ წარმოთქვა და ხელისუფლებისგან დახმარება ითხოვა. ეს მრავალტანჯული უნივერსიტეტი ამ პროფილის ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია ქვეყანაში, რომელიც უნდა ზრუნავდეს სამოყვარულო თუ მაღალი მიღწევების სპორტის მეცნიერულად განვითარებაზე და ყველაფერ იმაზე, რაც სპორტს უკავშირდება – მენეჯმენტი, სპორტული მედიცინა, მწვრთნელები, სპორტის მასწავლებლები, ახალი თაობისა თუ, ზოგადად, საზოგადოების ყველა ფენის სწორი ფიზიკური აღზრდა და სხვა. წესით, ასეთ ინსტიტუციას ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ, მაგრამ ამას ვინ დაეძებს, უმაღლესი სპორტული განათლების ეს ერთადერთი კერა მართლაც საკუთარი ჭერის გარეშეა დარჩენილი – საკუთარი ბაზა არ გააჩნია და სასწავლებლიდან სასწავლებელში მოგზაურობს. ვაკეში მდებარე ძველი შენობა ავარიულია, საკუთარი შენობის აშენებას კი ჰპირდებიან და ამბობენ, რომ მისთვის ბიუჯეტში თანხაც გათვალისწინებულია, მაგრამ წელს სხვათა იმედად არიან. მორიგ ნავსაყუდელად სოხუმის უნივესიტეტია შერჩეული, სადაც მათთვის რემონტი ტარდება, და ბატონი ჯემალი ხუმრობს, მდგმურების მდგმურები ვიქნებითო. თუმცა, საქმე სახუმაროდ რომ არაა, კარგად ესმის და მასთან ინტერვიუს რომ წაიკითხავთ, თავადაც დარწმუნდებით.
— რა მდგომარეობაა უნივერსიტეტის შენობასთან დაკავშირებით, აგრძელებთ სწავლას ძველ მისამართზე?
— კატასტროფული მდგომარეობაა. ფაქტობრივად, შენობის გარეშე ვართ დარჩენილები, არსად არ გვიშვებენ. ახლა ერთადერთი გამოსავალი ის მონახეს, რომ სოხუმის უნივერსიტეტში არემონტებენ ერთ სართულს, მერე, ალბათ, მეორესაც დაგვიმატებენ და იქ უნდა გადაგვიყვანონ. სოხუმელები თვითონ მდგმურები არიან და ჩვენ მდგმურების მდგმურები გამოვდივართ, სანამ ახალ კორპუსს აგვიშენებენ.
— სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მაინც თუ განაახლეთ?
— კი, 28 სექტემბერს ჩვენც დავიწყეთ დისტანციურად სასწავლო პროცესი. კვირაში ორი დღე აკადემიური მეცადინეობა გვექნება სპორტულ ბაზებზე, სამი დღე კი — თეორიული მეცადინეობა დისტანციურად. პრაქტიკული მეცადინეობები მძლეოსნობაში, ტანვარჯიშში ჩვენსავე სპორტულ ბაზებზე ჩატარდება — მანდ გვიშვებენ, პრობლემა არ არის. ეს დარბაზები ჩვენი საკუთრებაა. სულ ოთხი დარბაზი გვაქვს — ფრენბურთის, კალათბურთის და ორი ტანვარჯიშის. ისინი მიშენებულია ცენტრალურ კორპუსს, რომელიც ავარიულია და სწორედ ისაა პრობლემური. გვაქვს ჭიდაობის დარბაზი, სადაც ლეიბებია დაგებული, ტირი, ჩოგბურთის ოთხი კორტი, სტადიონი და მინი-ფეხბურთის მოედანი. ასევე, გვაქვს სპორტის სახეობების სხვადასხვა სპეციალიზაციები და, ხუთშაბათ-პარასკევს, სწორედ ამ ბაზებზე გვექნება პრაქტიკული მეცადინეობები. როგორც გითხარით, დანარჩენი სამი დღე თეორიულ მეცადინეობებს დაეთმობა, ოღონდ — ონლაინ-რეჟიმში, ვიდრე ნებას დაგვრთავენ, რომ პირისპირ ვესაუბროთ სტუდენტებს.
— რამდენადაც ვიცი, ეს შენობა განსაკუთრებით მას შემდეგ შეილახა, რაც წინა ხელისუფლებამ გააუქმა თქვენი უნივერსიტეტის წინამორბედი სპორტის აკადემია და შენობა დაცალეს…
— მართლაც მაშინ დაზიანდა განსაკუთრებით. ჩვენ 2007 წელს გამოგვასახლეს და მას შემდეგ, საძირკველში წყალი მიუშვეს, შენობის დანგრევა უნდოდათ. მაშინაც ამ აზრზე ვიყავი და ახლაც ასე ვფიქრობ — ადგილი უნდათ, ეს ტერიტორია აინტერესებთ, რადგან მიმზიდველი სამშენებლო ადგილია. წარმოიდგინეთ — ვაკე, ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი. როცა ეს უნივერსიტეტი ააშენეს — 1954 წელს, მაშინ ქალაქის გარეუბანი იყო. მისი მშენებლობა 1950 წელს დაიწყეს და 1954-ში დაასრულეს, მე კი 1959 წლიდან ვარ — 5 წლის შესული იყო ექსპლუატაციაში. მისი აშენებიდან 66 წელიწადია გასული და კაციშვილს არ მოსვლია აზრად, რომ კაპიტალურად გაერემონტებინათ, მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტს თუ ჩაუტარებდნენ, ლამაზად რომ ყოფილიყო შეღებილი. ვინ იცის, ამ 66 წლის განმავლობაში რამდენი მიწისძვრა იყო, რამდენჯერ შეირყა შენობა. ამას მშენებლობებიც ემატება — ჩვენ წინ უკვე სამი სახლია აშენებული, სამშენებლო სამუშაოები კი არყევს შენობას. ახლა ისეთი მდგომარეობაა, მეოთხე სართულზე ვერც ახვალ. ცენტრალური კორპუსი შედარებით უფრო მყარად დგას, მაგრამ კიბეებია ცუდ დღეში — ისინი ცალფა აგურითაა მოშენებული და მართლაც არ შეიძლება აუდიტორიებში შესვლა.
— და მაშინ წინა წლებში როგორ გაძლევდნენ იქ მუშაობის უფლებას?
— წინააღმდეგობები მაშინაც იყო. 2018 წელს მე თვითონ მოვიყვანე ექსპერტები სამხარაულის ბიუროდან, რათა საბუთი მქონოდა, თუ რის საფუძველზე ვითხოვდი ახალ შენობას. მათ დაასკვნეს, რომ შენობა ნამდვილად ავარიულია და სასწრაფოდ ესაჭიროება გამაგრება. ბიუჯეტში უკვე დევს ახალი უნივერსიტეტის ასაშენებლად საჭირო თანხა — 8 მილიონია გათვლილი, გამაგრებას კი 2 მილიონამდე დასჭირდება. მე მიმაჩნია, რომ ეს შენობა უნდა გაარემონტონ.
— ახალი შენობა არ გირჩევნიათ?
— მის აშენებას გვპირდებიან დიღმის მასივში, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ, უკანა მხარეს — ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენებული „ოლიმპიური პარკის“ ტერიტორიაზე. ოღონდ იქ მარტო კორპუსს გვიშენებენ და გვპირდებიან, რომ იქ რაც ბაზებია, თქვენი იქნებაო. როგორ იქნება ჩვენი, როცა ის ბაზები უკვე სხვებს აქვთ განაწილებული?
გემახსოვრებათ, 2015 წელს, ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი რომ ჩავატარეთ, მისი საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე იყო ალეკო ახვლედიანი. იმ ფესტივალისთვის 280 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი და ამ კაცმა ყველაფერი იღონა და გააკეთა მძლეოსნობისა და ფეხბურთის კომბინირებული მოედანი. საქართველოში მძლეოსნობის ბილიკები აღარ გვაქვს, მკვდარია მძლეოსნობა, მაგრამ გავიდა ცოტა დრო და ის მძლეოსნობის მოედანი ვიღაცამ წაიღო, მძლეოსნებს კი, მგონი შიგნით არც უშვებენ.
ამ ბაზებთან დაკავშირებით ერთი გამოსავალი ვნახეთ: 49-წლიანი იჯარით ჩვენი საფეხბურთო მოედანი ფეხბურთის ფედერაციას გადავეცით, სადაც ახლა გამალებული სარემონტო სამუშაოებია. მათ ხელშეკრულებაში ჩავუწერეთ, რომ უნდა გააკეთონ მძლეოსნური ბილიკები, სახტომი და ბირთვის კვრის სექტორი. სახტომ სექტორში იქნება სიმაღლეზე, სიგრძეზე, ჭოკით და სამმაგი ხტომები. ამ ეტაპზე, შუბის კვრა, უროს ტყორცნა და სხვა დისციპლინები არ გვექნება. გვინდოდა, 4 სარბენი ბილიკი ყოფილიყო, მაგრამ ტრიბუნა დადგეს და 3 ბილიკი გამოვიდა. თუმცა, სავარჯიშოდ ერთიც საკმარისია და სასწავლო პროცესისთვის თავისუფლად გვყოფნის. მით უფრო, სუფთა წრე 400 მეტრი იქნება. ვიდრე ჩვენსას აგვიშენებენ ან თუნდაც სოხუმის უნივერსიტეტში როცა გადავალთ, პრაქტიკულ მეცადინეობებს მაინც აქ ჩავატარებთ, ვაკეში, ახლანდელი უნივერსიტეტის ბაზებზე, რადგან სოხუმის უნივერსიტეტში მხოლოდ აუდიტორიები გვექნება ორ სართულზე და არა ბაზები, აუდიტორიებში კი პრაქტიკულ მეცადინეობებს ვერ ჩავატარებთ.
სამწუხაროდ, ვერ გავაგებინე ვერავის, რომ ეს სპეციალიზირებული უმაღლესი სპორტული სასწავლებელია, რომელსაც ისევე სჭირდება სპორტული ბაზები, როგორც, მაგალითად, კონსერვატორიას სჭირდება როიალი, ვიოლინო, სამხატვრო აკადემიას — საღებავები, ტილო, ფუნჯები და სხვა. კომუნისტების დროს, ერთი სტუდენტის მომზადება ყველაზე ძვირი სამხატვრო აკადემიაში ჯდებოდა — 5 ათასი მანეთი. მაშინ ფულს სტუდენტები არ იხდიდნენ, მაგრამ სახელმწიფოს ამდენი უჯდებოდა მათი მომზადება, მეორე ადგილზე ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტები იყვნენ — 4950 მანეთი, ანუ 50 მანეთით ნაკლები. ადრე, ხელოვნების და სპორტის უმაღლესი სასწავლებლების შეკრებაზე, რომელსაც კონსერვატორიის, სამხატვრო აკადემიის, თეატრისა და ამ სფეროს სხვა უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, კონსერვატორიის რექტორმა თქვა, ჩვენი ინვენტარი ძალიან ძვირი ღირს, მაგალითად, როიალს 50-60 ათასი დოლარი უნდაო. კი, გეთანხმებით, ვუთხარი მე, მაგრამ ის როიალი 50 წელიც კი გემსახურებათ და დაუკრავს, მაგრამ მე ბურთს რომ ვყიდულობ, რომელიც, ვთქვათ, 50 დოლარი ღირს და ასეთი, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, წელიწადში, 500-1000 ცალი მინდა, აბა, გადაიანგარიშეთ, რომელია უფრო ძვირი. ამასთანავე, შეიძლება, ბურთში დღეს 100 დოლარი მივცე და ხვალ გაფუჭდეს. თან აქ მხოლოდ ფეხბურთის ბურთებზე არაა საუბარი — ყველა სახეობას თავისი ინვენტარი უნდა და აბა, მითხარით, რა ღირს მოთხილამურეების, ველოსიპედისტების თუ სხვათა ეკიპირება?! მაინც ვერ გავაგებინე ეს ვერავის.
— ისევ წინა შეკითხვას დავუბრუნდები: თუ მაშინ გაძლევდნენ მუშაობის უფლებას, ახლა რატომაა წინააღმდეგობა?
— როგორც გითხარით, 2018 წელს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მოყვანილმა ექსპერტმა დადო დასკვნა, რომ შენობა ავარიულია და ესაჭიროება გამაგრება. მოგეხსენებათ, ყოველ 6 წელიწადში, ავტორიზაცია უნდა გავიაროთ და რაკი დასკვნაში ასეთი ჩანაწერი ნახეს, არ მოგვცეს ავტორიზაცია. საბედნიეროდ, დაგვეხმარა მეგობარი — სეუ-ს რექტორი გიორგი კავთელიშვილი, რომელმაც ავლაბარში, თავის ახალ შენობაში, სამი სართული დაგვითმო და 6-წლიანი ხელშეკრულება გაგვიფორმა, რომ ავტორიზაცია გაგვევლო, რაც შევძელით კიდეც. მის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, დიდებული ადამიანია, მაგრამ ახლა ეს ხელშეკრულება დავარღვიეთ, რადგან წლეულს სეუ-ს აქვს ავტორიზაცია გასავლელი და ჩვენ რომ იქ ვყოფილიყავით, თავად ვერ გაივლიდა.
— სოხუმის უნივერსიტეტში როდის გადახვალთ?
— ველოდებით, იქ რემონტი როდის დამთავრდება, მაგრამ წელს მისი დასრულება მეეჭვება. ალბათ, პირველ სემეტრს ვაკეში გავატარებთ. მეც და ჩემი მოადგილეებიც ჯერ იქ ვართ, კანცელარია, კადრები, ბიბლიოთეკა, დაცვა — ყველანი პირველ სართულზე ვართ, დანარჩენ სართულებზე ვერ ავდივართ. რემონტი რომ დამთავრდება, გადაბარგებასაც ხომ დრო უნდა და ამიტომ ვამბობ, რომ პირველ სემესტრს აქ ჩავამთავრებთ და მეორედან გადავალთ. გვეუბნებიან, ახალი შენობის ასაშენებელი ფული საგაისო ბიუჯეტში უკვე დევს და ახალი პარლამენტი თუ დაგვიმტკიცებს, ერთ წელიწადში ავაშენებთო. ვნახოთ…
— როგორც ვიცი, იმ წლებში, როცა მაშინდელი ფიზკულტურის ინსტიტუტი გააუქმეს, საკმაოდ მდიდარი ლაბორატორიებიც განადგურდა…
— აბსოლუტურად ყველაფერი განადგურდა. ანატომიის უნიკალური მუზეუმი გვქონდა, რომელიც სულ დალეწეს. იმ შენობაში დევნილები შემოუშვეს — პარკეტი აყარეს და შეშად გამოიყენეს. მერე, როცა დავბრუნდით, ახალი რემონტი ჩავატარეთ.
— წელს რამდენი სტუდენტი მიიღეთ, რამდენ ფაკულტეტსა და სპეციალობაზე?
— 200-ზე მეტი სტუდენტი მივიღეთ და ოთხივე კურსზე 800 სტუდენტი გვყავს. რაც აღვადგინეთ ეს სასწავლებელი, უკვე სამი გამოშვება გვყავდა, ასევე 800-მა კაცმა დაამთავრა ჩვენი უნივერსიტეტი.
ფაკულტეტი ორია, თუმცა, ჯერჯერობით, მესამე მეორესთანაა გაერთიანებული: ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, მწვრთნელთა ფაკულტეტი და მენეჯმენტი. გარდა ამისა, ორი პროგრამა გვაქვს. მათ შორის ერთი ფიზიკური აღზრდის მასწავლებელთა მომზადების ერთწლიანი პროგრამაა, სადაც ამ დღეებში გვქონდა გამოცდა და 37 კაცი მივიღეთ. ეს ის კონტინგენტია, რომელთაც სხვა უმაღლესი სასწავლებელი აქვთ დამთავრებული, მაგრამ სკოლებში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებად მუშაობა სურთ. ბუნებრივია, ეს არაა დიდი ციფრი. ისინი ჯერ მასწავლებელთა სახლში აბარებენ გამოცდას და წარმატების შემთხვევაში, მოდიან ჩვენთან. ადრე გვქონდა მასწავლებელთა მომზადების აკრედიტაციაგავლილი პროგრამა — ბაკალავრიატი, მაგრამ მეორე კურსამდე მივედით და მერე მოხსნეს. მიზეზს ვერ გეტყვით, სამინისტრომ გააუქმა და ახლა მასწავლებელს ბაკალავრიატის პროგრამით არავინ ამზადებს. არსებობს მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა, რომელიც ორი წლის წინ დავიწყეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რაიონი მოვიცავით — 1700-ზე მეტი მასწავლებელი გადავამზადეთ. დასავლეთში მხოლოდ ბათუმში ვიყავით, მეტს კი დაფინანსება უნდა. ბათუმშიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოისურვა თანამშრომლობა და მათვე დააფინანსეს, რაც გავაკეთეთ, მაშინაც მიკროავტობუსებს ვქირაობდით და ჩვენი პროფესორები ადგილზე ატარებდნენ მეცადინეობებს.
— მწვრთნელთა ფაკულტეტზე წელს რამდენი კაცი მიიღეთ?
— 17 სპეციალობაზე 101 კაცი მივიღეთ. არც ეს არაა საკმარისი — 100-ს კი არა, 200-300 კაცს უნდა ვიღებდეთ. არადა, თავიდან 53 კაცი მივიღეთ, მაგრამ მერე თანდათან გვემატებოდნენ სტუდენტები — მერე 130 მივიღეთ, შემდეგ — 200, შარშან — 235, წელს — 207.
— თუმცა მწვრთნელების, ფიზიკური აღზრდის პედაგოგების მაინც დიდი დეფიციტია. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად?
— ამ ეტაპზე გარკვეული პრობლემები წყდება, მაგრამ თავიდან ძალიან მიზერული ხელფასები იყო და არავის ჰქონდა მასწავლებლად წასვლის მოტივაცია, ახლა კი სხვა სპეციალობის ხალხი მოდის — ჩვენს სერტიფიკატს რომ აიღებენ, უფროსი მასწავლებლის წოდებას აძლევენ და 1000 ლარამდეა ხელფასი. თუმცა, უნდა დააბრუნონ მასწავლებელთა მომზადების ის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს. ხელფასი არაა ამ პრობლემის ერთადერთი მიზეზი, მაგრამ დიდი მოტივაცია ნამდვილად არის, თუმცა ეს ასეა ცხოვრების ყველა სფეროში.