როცა პროფესიას ვირჩევდი, უკვე ვიცოდი, რომ რთულ გზას ვადექი. მით უმეტეს, რომ ქართულის მასწავლებელი მართლა ძალიან ბევრი გვყავს. მაინც გულს მივენდე. ასე აღმოვჩნდი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართული ფილოლოგიის მიმართულებით. ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი ჩემი არჩევანის სისწორეში. მეორე პროფესიად განგებ არ ავირჩიე პედაგოგიკა და გადავწყვიტე ცალკე გამევლო 60-კრედიტიანი პროგრამის სახით. ვიფიქრე, ასე უფრო პროდუქტიული იქნება-მეთქი. მახსოვს, როგორ ვინერვიულე საგნის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე. საბედნიეროდ, ამ გამოცდამ 10 კრედიტ ქულა და სანუკვარ 60-კრედიტიან პროგრამაზე მოსახვედრი საგზური მომიტანა. ეს ხომ საერთოდ ცალკე სამყარო იყო. თავიდან შემიყვარდა ჩემი პროფესია. შემდეგ იყო ბევრი გასაუბრება, ბევრიც – თავაზიანი უარი გამოცდილების არქონის გამო. არადა, სულ რაღაც ერთი წლის წინ დავამთავრე სწავლა. არ ვიცი, მარტო მე მეჩვენა დაუძლეველ მისიად საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება, რომელსაც ბევრი სკოლა ითხოვს, თუ სხვა მასწავლებლებისთვისაც რთულია ამ ყველაფრის კეთება მოსწავლეების გარეშე. გაკვეთილი ხომ მოსწავლეებისათვისაა?! თან, მე ორმაგად რთული მისია ავიღე: ბებოსთან, სოფელში მოვინდომე დაბრუნება და იქ დამკვიდრება. შესაბამისად, გეოგრაფიული არეალი ზუგდიდამდე და მის რაიონებამდე დავივიწროვე. ზოგან საერთოდ არ ჰქონდათ ვაკანსია, ზოგან კი – არ ამიყვანეს. მიზეზი უკვე დავასახელე. ცოტა არ იყოს და, ჩაკეტილიცაა სოფლის სკოლები. რადგანაც მასწავლებლობა შემოსავლის სტაბილური წყაროა სოფლის მოსახლეობისთვის, ძალიან რთულად ელევიან ადგილს და მაქსიმალურად აგვიანებენ დამსახურებულ პენსიაზე გასვლას. შესაბამისად, ვაკანსიები ხშირი არაა. ერთი პირობა მაღალმთიან რეგიონში მოხალისე მასწავლებლობაც მინდოდა, მაგრამ პანდემიის გამო დროებით შეჩერებულიაო მითხრეს. თავი რომ არ მოგაბეზროთ, ბოლოს ერთმა ადამიანმა გაბედა, მომცა შანსი და მანდო თავისი შვილები. მათ სხვები მოჰყვნენ და ასე დაიწყო ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა. ახლა ექვსი მოსწავლე მყავს, რომელთაც კერძოდ ვამეცადინებ.
ახლა, ორიოდე სიტყვას სქემაზეც გეტყვით. თავისთავად, მიზანი, რომელსაც იგი ისახავს, მისასალმებელი და იმედისმომცემია. სწორედ მან უნდა მოხსნას ის ჩაკეტილობა, ზემოთ რომ ვახსენე. თუმცა, ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ, კარგად გვეხერხება სხვადასხვა სიტუაციიდან მარტივად გამოძრომა. ამიტომ, მგონი, სქემას საკმარისი ბერკეტი არ აქვს, ყველა სკოლა, ყველა მასწავლებელი შეამოწმოს და დიდი წილი მასწავლებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. „ენდე, მაგრამ შეამოწმე“ – რუსული ანდაზის ეს ქართული თარგმანი კარგად ერგება ამ სიტუაციას.
რომ შევაჯამო, განათლების სამინისტრომ, პედაგოგთა განვითარების პროფესიული სქემის დანერგვით, კარგი საქმე გააკეთა. მან ნათლად დაგვანახა, რომ სჭირდება ახალი კადრები, რომ მასწავლებელი მუდმივად უნდა ზრუნავდეს განვითარებაზე. თუმცა, ამ მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.
და კიდევ, არ შეგეშინდეთ, თუ ხუთწლიანი შრომის შემდეგ, როცა გგონიათ ოცნება უნდა ამიხდესო, მიწაზე დაენარცხებით; თუ რაღაც ძალიან გინდა, მთელი სამყარო გეხმარებაო, ხომ გაგიგონიათ? მოთმინებაა საჭირო და გზა თავად გამოჩნდება.