2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებელთა მომზადების პროგრამაში დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის ინტეგრირების მიზნით უნივერსიტეტებისთვის ტრენინგები ტარდება

spot_img

განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და მოზარდების სასკოლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები სპეციალურად შემუშავებული დაჩქარებული სწავლების კურიკულუმით სწავლობენ, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. კურიკულუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბულგარეთის საელჩოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში შემუშავდა.

პროგრამის განხორციელების შემდგომ ეტაპზე გათვალისწინებულია აღნიშნული კურიკულუმის უმაღლესი განათლების საფეხურზე, კერძოდ, მასწავლებლის მომზადების პროგრამებში ინტეგრირება. ამ მიზნით, პროფესორ-მასწავლებლებისთვის, 7 ოქტომბერს, ინტენსიური ტრენინგი დაიწყო, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ გახსნა.

2021 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში, საქართველოში ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხრა სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, ტრენინგების სერიას ჩაატარებს, დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის, სწავლების უნივერსალური დიზაინის, უსაფრთხო სასწავლო გარემოს, CK 12 პლატფორმისა და პოზიტიურ მშობლობასთან დაკავშირებული საკითხების გაცნობის მიზნით. კურსის მიზანია აღნიშნული და ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების ინტეგრირება სხვადასხვა საგნობრივი მიმართულების სილაბუსებში.

ტრენინგი, რომელიც იუნისეფის ორგანიზებით 18 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება, მომავალ მასწავლებლებს შესაძლებლობას მისცემს, გააცნობიერონ განათლების მიღმა დარჩენილი და სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების საჭიროებები, რაც შემდგომ მათ საგაკვეთილო პროცესის სწორად დაგეგმვაში დაეხმარება.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენლებს პროდუქტიული თანამშრომლობისა და განათლების განვითარების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანი მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად, დღეს, სამინისტროს შემუშავებული აქვს ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც სკოლის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების იდენტიფიცირებისა და მათი საგანმანათლებლო პროცესში დროულად ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია უმაღლესი განათლების საფეხურზე იმ სიახლეების დანერგვა, რომელიც მომავალ მასწავლებლებს საშუალებას მისცემს, მოემზადონ მომავალი პროფესიისთვის და ინკლუზიური განათლების განვითარებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ, რაც, პირველ რიგში, მოსწავლეებისთვის ჯანსაღი გარემოსა და სწავლის თანაბარი პირობების უზრუნველყოფაზე ზრუნვას გულისხმობს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები