დოდო ხაჩიძე
ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა მასწავლებელთა მასშტაბური ეროვნული კონფერენცია, რომელიც 2023 წლის 3 ივნისს ჩატარდა ტურისტულ „მწვანე ქალაქ“ წყალტუბოში, სახელწოდებით – „დაიცავი შენი ქვეყნის მომავალი“!
კონფერენცია, რომლის მიზანი იყო ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული ზრდა და სწავლების ხარისხის ამაღლება, ჩატარდა საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის (გენერალური დირექტორი – მარი გეთიაშვილი) და წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის პირველი საჯარო სკოლის (დირექტორი – ფაქიზო ფანჩულიძე) ორგანიზებით.
სიამოვნებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კონფერენციის მუშაობაში 150-ზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი ტრენერები და პედაგოგები, საპატიო სტუმარი, პუბლიცისტი, საბავშვო წიგნებისა და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევების ავტორი, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ორგზის ლაურეატი, მწერალი გივი ჩიღვინაძე.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში მასწავლებლის მთავარ როლზე ისაუბრა მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ.
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტ „პატრიოტი დიასპორელის“ შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია გააცნო პროექტის ხელმძღვანელმა, საგანმანათლებლო ფონდ „საქართველოს ემიგრანტების“ წარმომადგენელმა საქართველოში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქეთევან კინწურაშვილმა.
მწერალმა გივი ჩიღვინაძემ, რომელიც აპრილში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში სტუმრობდა წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლას, საბავშვო მწერალ ლელა ცუცქირიძესთან ერთად, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელ დოდო ხაჩიძის ინიციატივით, მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორებს, ისაუბრა საბავშვო ნაწარმოებების როლზე გააზრებული და დამოუკიდებელი კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებისა და კარგ მკითხველად ჩამოყალიბების საქმეში, პედაგოგებს დაჰპირდა, რომ თავის კოლეგა ლელა ცუცქირიძესთან ერთად აქტიურად ითანამშრომლებდა მათთან მომავალი თაობის კარგ მკითხველად ჩამოყალიბებისათვის.
წარმატებულმა პედაგოგებმა საინტერესო პრეზენტაციებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს სწავლების თანამედროვე მეთოდების, პროგრამებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა წარჩინებული მოსწავლე, პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი მარიამ ჩაჩანიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მასწავლებლებთან ერთად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებაზე ზრუნვისათვის, მოსწავლეების მიზნობრივი ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია. მარიამმა მადლობა გადაუხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს, გენადი ბალანჩივაძეს, რომელმაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სახელით გადაწყვიტა, ფულადი ჯილდო, 500 ლარი, გადაეცა მისთვის. ასევე მადლობა გადაუხადა ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ აღმასრულებელ დირექტორს, ნათია კილაძეს ანაზღაურებადი სამსახურის შეთავაზებისთვის. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოთქვა სურვილი, რომ მარიამი მათი სტუდენტი გამხდარიყო.
ბოლოს ქალბატონმა მარი გეთიაშვილმა აღნიშნა, რომ 5 აგვისტოს წყალტუბო კვლავ უმასპინძლებს მასწავლებელთა ეროვნული კონფერენციის მონაწილე ხუთას პედაგოგს. ამ ინფორმაციას დიდი ოვაციით შეხვდა დარბაზი. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს კონფერენციის ორგანიზატორებს, აღნიშნეს, რომ ეს შეხვედრა საუკეთესო იყო მონაცემთა გენერირების, ანალიზისა და აზრთა გაცვლის თვალსაზრისით.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. იმავე დღეს, „მწვანე ქალაქში“ ჩამოსული პედაგოგები, წყალტუბოს მერის ხელშეწყობით, წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალს გაეცვნენ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაცია – „თეთრა მღვიმე“ დაათვალიერეს.