21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

მარკუს გაბრიელი: ჩვენ გვჭირდება ახალი მეტაფიზიკური პანდემია

spot_img

მსოფლიო წესრიგი შერყეულია. უნივერსუმის შკალაზე ვრცელდება ვირუსი, რომელიც თვალისთვის უხილავია და რომლის მოცულობა ჩვენ არ ვიცით. არავინ იცის ის, თუ უკვე რამდენი ადამიანი დაავადდა კორონათი, რამდენი ადამიანი მოკვდება, როდის შევქმნით ვაქცინას და ასე შემდეგ. ყველაფერთან ერთად, ჯერ კიდევ გაურკვეველია რა ფორმის გავლენას მოახდენს, პანევროპული უკიდურესად შეზღუდული საგანგებო მდგომარეობა, მრეწველობასა და დემოკრატიაზე.

კორონავირუსი არა მხოლოდ ჩვეულებრივი ინფექციური დაავადებაა, ვირუსოლოგიური პანდემიაა. „პან-დემია“ ძველი ბერძნული სიტყვაა და ერთიან ერს ნიშნავს. მართლაც ეს მთელ ერს ეხება და თანაბრად ყველა ადამიანს. თუმცა, ჯერ კიდევ კარგად ვერ გავრკვეულვართ, რამდენად  აზრიანია ადამიანები საზღვრებს შიგნით ჩავკეტოთ. რატომ უნდა იცოდეს ვირუსმა, რომ საზღვრები გერმანიასა და საფრანგეთს შორის ჩაკეტილია? რატომ არის ესპანეთი ის ერთობა, რომელიც სხვა ქვეყნებისგან უნდა იყოს გამიჯნული, რათა ვირუსის შეკავება შეძლოს. დღესდღეობით პასუხი ასეთია: რადგან ჯანმრთელობის სისტემები ნაციონალურია, სახელმწიფომ თავისი საზღვრების ფარგლებში უნდა იზრუნოს დაავადებულებზე. და ეს სწორია, თუმცა, ამავდროულად, პრობლემაა. რადგან ეპიდემია ყველა ადამიანს ეხება, იგი გვიჩვენებს, რომ თითოეული ჩვენგანი უხილავი, ადამიანად ყოფნის ჯაჭვებით ვართ დაკავშირებულები. ვირუსის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია, დიახ, ვირუსის წინაშე ყველა ადამიანი ადამიანია. ეს ნიშავს: ჩვენ ვართ გარკვეული სახეობის ცხოველები, რომლებიც ვირუსს საკუთარ თავს მომაკვდინებელი გავრცელების მასპინძლად სთავაზობს.

ვირუსები, ზოგადად, მოუგვარებელი მეტაფიზიკური პრობლემაა. უცნობია, არიან თუ არა ისინი ცოცხალი ორგანიზმები; ამის მიზეზი კი, ჩვენი არცოდნაა სიცოცხლის ერთმნიშვნელოვან დეფინიციაზე. სინამდვილეში, ზუსტად არავინ იცის თუ სად იწყება სიცოცხლე. საკმარისია DNA ან RNA , თუ გვჭირდება უჯრედები, რომლებიც თავისით მრავლდებიან? ჩვენ ეს არ ვიცით და ზუსტად ასევე, ნაკლებად ვიცით, რამდენად შესაძლებელია, რომ მცენარეებს, მწერებს და შეიძლება ღვიძლსაც კი ჰქონდეს ცნობიერება? შესაძლებელია კი, რომ მიწის ეკოსისტემა გიგანტური ცოცხალი ორგანიზმი იყოს? არის კი კორონავირუსი პლანეტების იმუნორეაქცია ადამიანის ამპარტავნობის (ქედმაღლობის) წინააღმდეგ, რომელიც, თავისი მოგების წყურვილის გამო, უთვალავ ცოცხალ არსებას ანადგურებს?

კორონავირუსი ააშკარავებს ოცდამეერთე საუკუნეში გაბატონებული იდეოლოგიების სისტემურ სისუსტეს, რასაც განეკუთვნება, მაგალითად, ის ცრურწმენა, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერების-ტექნოლოგიური წინსვლის საფუძველზე უკვე შესაძლებელია ადამიანური და მორალური განვითარების დაჩქარება. ეს ცრურწმენა გვაცდუნებს დავიჯეროთ, თითქოს საბუნებისმეტყველო მეცნიერების ექსპერტებს საყოველთაო სოციალური პრობლემების გადაწყვეტა შეუძლიათ. კორონავირუსმა ეს უნდა გამოააშკარავოს, როგორც საშიში უვიცობა. დიახ, ჩვენ კონსულტაციები ვირუსოლოგებისგან უნდა მივიღოთ, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ, ვირუსს გაუგონ და შეაკავონ, რათა ადამიანთა სიცოცხლე გადაარჩინონ. მაგრამ ვინ უსმენს მათ მაშინ, როდესაც ისინი გვეუბნებიან, რომ ყოველწლიურად ორასი ათასზე მეტი ბავშვი ვირუსის მიერ გამოწვეული ფაღარათით კვდება, რადგან მათ სუფთა წყალი არ აქვთ? რატომ არავინ ინტერესდება ამ ბავშვებით? რადგან ისინი არ ცხოვრობენ გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში ან იტალიაში? არც ესაა მიზეზი. პასუხი, სამწუხაროდ, ერთმნიშვნელოვანია: ისინი ცხოვრობენ ევროპის ლტოლვილთა ბანაკებში, რადგან გამოექცნენ უსამართლო მდგომარეობას, რომელიც ჩვენ, ჩვენივე სამომხმარებლო სისტემით, შევუქმენით მათ.

თუ წინ გადადგმული ნაბიჯი მორალური ხასიათის არ იქნება, ვერ ჩაითვლება ჭეშმარიტად წინ გადადგმულ ნაბიჯად. პანდემია გვაჩვენებს და გვასწავლის, რომ ნებისმიერი რასისტული სტერეოტიპული ფორმები, როგორც არ უნდა დავმალოთ, ყოველთვის ცხადი გახდება. ტრამპს უნდა, რომ ვირუსს უცილობლად ჩინური პრობლემის კლასიფიკაცია მიანიჭოს; ბორის ჯონსონის აზრით კი, ბრიტანელებს შეუძლიათ სოციალ-დარვინისტურად გადაჭრან პრობლემა და ევგენიკური ჯოგური იმუნიტეტი გამოიმუშავონ. ბევრ გერმანელს სწამს, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იტალიურზე უპირატესია და გერმანელები უკეთ შევძლებთ  კრიზისის აღმოფხვრას. – ეს მხოლოდ საშიში სტერეოტიპები და სულელური ცრურწმენებია.

ყველანი ერთი და იმავე ნავში ვსხედვართ, მაგრამ ამაში ახალი არაფერია. ოცდამეერთე საუკუნეა პანდემია, გლობალიზაციის შედეგი. ვირუსი ასაჯაროვებს მხოლოდ იმას, რაც უკვე დიდი ხანია კაზუსია. ვირუსს სააშკარაოზე გამოაქვს სრულიად ახალი იდეის საჭიროება, გლობალური განმანათლებლობის სახით. ამ მოსაზრებას, შეგვიძლია, პიტერ სლოტერდაიკის აზრი მივაშველოთ და განვავრცოთ მოსაზრება: ჩვენ კომუნიზმი კი არ გვჭირდება, არამედ კო-იმუნიზმი ( Ko-imunismus); ამის გამო, ჩვენ უნდა ავიცრათ სულიერი შხამის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ ნაციონალურ კულტურებად, რასებად, ასაკობრივ ჯგუფებად და კლასებად გვანაწილებს, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ კონკურენციაში შედიან.

ჩვენ ახლა ვიცავთ, სოლიდარობის არნახული აქტით, ევროპაში ჩვენს ავადმყოფებსა და მოხუცებს. სწორედ ამიტომ ვამყოფებთ ბავშვებს სახლებში, ვხურავთ ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ვაცხადებთ სამედიცინო საგანგებო მდგომარეობას; ამისათვის მილიარდობით ევროს ინვესტირება ხდება, რათა კრიზისის დაძლევის შემდეგ, ეკონომიკა ისევ ამოიქოქოს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კრიზისის დაძლევის შემდეგ, კვლავ ისე მოვიქცევით, როგორც ადრე, ბევრი სხვა უარესი კრიზისის მომსწრენი გავხდებით, უარესი ვირუსების, რომელთა წარმოქმნას ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგებით. ასევე კრიზისის გამომწვევი იქნება სამრეწველო ომის გაგრძელება შეერთებულ შტატებთან, რომელშიც ახლა იმყოფება ევროპა; დიდი კრიზისი გამომწვევია, ასევე, რასიზმისა და ნაციონალიზმის, რომელიც ებრძვის მიგრანტებს, რომლებიც ჩვენკენ მორბიან და რომელთა ჯალათ მტანჯველებს იარაღი და სამეცნიერო ცოდნა მივეცით, ქიმიური იარაღი რომ ეწარმოებინათ.

რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია და არ უნდა დავივიწყოთ, ეს კლიმატის კრიზისია, რომელიც  ნებისმიერ ვირუსზე გაცილებით სახიფათოა, რადგან იგი ნელი სვლით იწვევს ადამიანის თვითგანადგურებას; კორონას მეშვეობით კი, ეს მხოლოდ დროებითაა დამუხრუჭებული. კორონამდე მსოფლიო წესრიგი არ იყო ნორმალური, არამედ – ლეტალური. რატომ არ შეგვიძლია მილიარდების ინვესტირება, ჩვენივე მობილურობა რომ შევცვალოთ? რატომ არ შეგვიძლია ჩვენი თავების „გაციფრულება“, რათა თავიდან ავიცილოთ ის დიდი ხარჯი, რასაც მსხვილი ბიზნესბოსები, უაზრო ბიზნეს შეხვედრებისთვის, ხარჯავენ, როცა დაფრინავენ კერძო თვითმფრინავებით? არ შეუძლიათ მიმოწერით, ციფრული ტექნოლოგიებით შეათანხმონ თავიანთი ბიზნესგეგმები? როდის შევიგნებთ, ბოლოს და ბოლოს, რომ ეს ძალიან საშიში კორონავირუსიც არ გავაიგივოთ ჩვენს ცრურწმენასთან, რომ მეცნიერებას და ტენოლოგიას ყველა თანამედროვე პრობლემის მოგვარება შეუძლია, ეს გულუბრყვილობაა! ეს არის გამაფრთხილებელი ძახილი ყველა ჩვენგანის, ყველა ადამიანის და არა მხოლოდ ევროპელების მიმართ. ჩვენ ახალი განმანათლებლობა გვჭირდება, თითოეული ადამიანი, ეთიკურად განათლებული უნდა იყოს, რათა გიგანტური საშიშროებების საფრთხე ამოვიცნოთ; ეს დილემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ბრმად მივყვებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებას და ტექნიკას. ის, რომ ვირუსს ყველა საშუალებებით ვებრძვით, ჩვენი მხრიდან სწორი საქციელია. ერთჯერადად, ვახერხებთ სოლიდარობას და მორალურობას, და ეს კარგია. მაგრამ, იმავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ, რამდენიმე კვირის განმავლობაში, სამეცნიერო ექსპერტიზის უპატივცემულობიდან საგანგებო მდგომარეობაში გადავედით, რაც ჩემმა ნიუ-იორკელმა მეგობარმა მოსწრებულად შეაფასა, როგორც „სამეცნიერო მორწმუნეობის ჩრდილო კორეა“. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გლობალური კაპიტალიზმის ინფექციური ბორკილები, რომელიც ჩვენს ბუნებას ანადგურებს და ეროვნული სახელმწიფოების მოქალაქეებს აბრიყვებს და ამით, ძირითადი პროფესიით, ჩვენ ტურისტები და პროდუქციის მომხმარებლები ვხდებით და რომ ეს ყველაფერი, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, უფრო მეტი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს, ვიდრე ყველა ვირუსი ერთად აღებული. რატომ აღძრავს სამედიცინო ვირუსოლოგიური შემეცნება სოლიდარობას, ფილოსოფიური შეხედულება კი – არა, რომ სუიციდალური გლობალიზაციიდან ერთადერთი გამოსავალია მსოფლიო წესრიგი, ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლი ნაციონალური სახელმწიფოების მოზღვავების მიღმა, რაც განპირობებულია სულელური კვანტიტატიური ეკონომიკის ლოგიკით. ვირუსოლოგიური პანდემიის დასრულების შემდეგ, გვჭირდება მეტაფიზიკური პანდემია, ყველა ერების ერთი ცის ქვეშ შეკრება, საიდანაც არასოდეს გამოვალთ. ჩვენ ვართ და ვრჩებით მიწაზე, ვართ მოკვდავი და მსხვრევადი არსებები, ამრიგად ჩვენ ვიქნებით დედამიწის მოქალაქეები, მეტაფიზიკური პანდემიის მსოფლიო მოქალაქეები. სხვა ყველაფერი გაგვანადგურებს და ვერც ერთი ვირუსოლოგი ვერ გადაგვარჩენს.

თარგმნა გიორგი ბერიაშვილმა

? პროფესორი მარკუს გაბრიელი ბონის უნივერსიტეტის შემეცნების თეორიის, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიის კათედრის გამგეა; ხელმძღვანელობს ფილოსოფიის ინტერნაციონალურ ცენტრს. იგი ცნობილი გახდა, როგორც ახალი რეალიზმის დამფუძნებელი, მისი წიგნები – „რატომ არ არის სამყარო“, „მე არ არის ტვინი“ და „აზროვნების საწყისი“ – წარმოადგენს მის მიერ დაფუძნებულ ახალ ფილოსოფიურ მიმართულებას.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები